საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ექვთიმე – გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი

10 ნოემბერი
კატეგორია:
gurjaanisa-da-veliscixis-episkoposi-eqvtime

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ექვთიმე
გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი

ერისკაცობაში – თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა
დაიბადა: 1953 წლის 25 იანვარს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 26 მაისი – ღირსი ექვთიმე ათონელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 10. 03. 1990
დიაკვნად კურთხევა: 03. 02. 1991
მღვდლად კურთხევა: 24. 11. 1991
ეპისკოპოსად კურთხევა: 24. 08. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 14. 11. 2011
მისამართი:  გურჯაანი. რუსთაველის შესახვევი 1. საკათედრო ტაძარი.
მობ.: (+995 599) 19 43 03

გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია (ქ. გურჯაანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
კათედრა და რეზიდენცია გურჯაანში. 

ვრცლად: 

ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა)

ეპისკოპოსი ექვთიმე, ერისკაცობაში თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა, დაიბადა 1953 წლის 25 იანვარს ქ. თბილისში. თეიმურაზ ლეჟავამ 1969 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა. 1969-1975 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის სპეციალობით. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს “კურორტ პროექტის” საპ¬როექტო სამმართველოში და საქართველოს სამხატვრო ფონდში. 1989 წლიდან თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაშია, ბეთანიის მონასტერში სულიერი მოძღვრის მორჩილებაში. 1990 წლის მარტში მორჩილი თეიმურაზი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ექვთიმე. 1991 წელს მარტყოფის მამათა მონასტერში უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერი ექვთიმე აკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 1992 წელს – ზედაზნის მამათა მონასტერში მღვდელ-მონაზონად. 1993 წელს მღვდელმონაზონ ექვთიმეს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ექვთიმე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა სხალთის, შიომღვიმის, ზედაზნისა და დავით გარეჯის მონასტრებში.

2000 წლის 27 ივნისს არქიმანდრიტი ექვთიმე დაინიშნა თბილისის ყოვლადწმიდა სამების მშენებარე საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრად. 2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით არქიმანდრიტი ექვთიმე გამორჩეულ იქნა გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მმართველად. 23 აგვისტოს არქიმანდრიტმა ექვთიმემ ეპისკოპოსად წარდგენისას სიონის საპატრიარქო ტაძარში ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა:

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, დიდება უფალს!

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, როდესაც ვამზადებდი სიტყვას და ვფიქრობდი, თუ რა უნდა მეთქვა თქვენთვის, ვხედავდი მხოლოდ ერთს: აი, ვდგავარ, თქვენს წინაშე და ყოვლადმოწყალე და სახიერი უფლის მზერის ქვეშ და გონებაში არ მომდიოდა არანაირი სათქმელი, გარდა ფსა¬ლმუნის ამ სიტყვებისა: “რაი მივაგო უფალსა ყოველივესათვის, რომელი მოამგო მე.”

ვუყურებ განვლილ წლებს, ამ თოთხმეტიოდე წლის წინ დაწყებულთ ბეთანიის მონასტერში, დღევანდელ დღემდე, და ვმადლობ უფალს, რომ მარგუნა ხვედრი მონაზვნური ცხოვრებისა და რომ დამანახა, თუ რა არის ქრისტესმიერი სიყვარული, თანაგრძნობა, თუ თანადგომა, მოთმინება თუ ერთგულება, ან კიდევ სასოება უფლისა, უფლის მოყვარეთა სახით, მამათა თუ ძმათა, დედათა თუ დათა, ეკლესიის ყოველი წევრის თუ მთელი მრევლის სახით, და უპირველესად ყოვლისა თქვენი სახით, თქვენო უწმიდესობავ, რომელიც ჩარჩა ჩემს ხსოვნას ბეთანიაში თქვენი პირველად ხილვის შემდგომ, თქვენი იმ მანუგეშებელი სიტყვის გამოისობით, რომელმაც დაუდო დასაბამი ჩემს მონაზვნობას და იმ თბილი თანაგრძნობით გამსჭვალული თანადგომის ძალით, რომელიც დღემდე თანმდევს და წარმოადგენს ჩემთვის ქრისტეს¬მიერი თანადგომისა და მოწყალების მაგალითს. ვმადლობ უფალს, რომ მარგუნა მიახლება მის წმიდა ეკლესიასთან, რომელიც არის ერთადერთი განსასვენებელი ტვითმძიმეთა, უძლურთა, ტანჯულთა, თუ დევნილთათვის ამ საწუთროში.

დიდება უფალს, დიდება და მადლობა უფალს მრავალგზის, რამეთუ ვდგავარ აქ, ამ დიდებულ, მრავლისმნახველ წმიდა ტაძარში, აქ, თქვენს წინაშე წარდგინებული მღვდელმთავრის უმაღლეს წოდებაზე, ვერ დამნახველი ჩემს მოღვაწეობაში ამ პატივის საბაბისა და ამ პასუხისმგებლობის ძალმოსილებისა, მაგრამ, ვითარცა მინდობილი უფლის ნებას განცხადებულს წმიდა სინოდის ნებაში, მსასოებელი თქვენი თანადგომისა და მთხოვნელი თქვენგან ლოცვისა, ამ ძნელ და სათუთ ღვაწლში, სადიდებელად უფლისა და ეკლესიისა, და კეთილად დგომისათვის წინაშე ღვთისა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!” (68, 2003, 89).

24 აგვისტოს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების თანამწირველობით არქიმანდრიტი ექვთიმე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხა. უწმიდესმა და უნეტარესმა თავისი ქადაგება ამ სიტყვებით დაიწყო:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსო ექვთიმე, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!

“დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი”. მართლაც, დღეს მოწმენი ვართ უფლის ამ დიდი სასწაულისა და წყალობისა. ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წარსულს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ ხშირად საქართველო და ჩვენი ეკლესია თითქმის მიწასთან იყო გასწორებული; მე თვითონაც მოვესწარი იმ დროს, როცა მთელი წმიდა სინოდის შემადგენლობაში მხოლოდ 3-4 ეპისკოპოსი შედიოდა. საქართველოს სამოციქულო ეკლესია უკვე ყოფნა-არყოფნის საშიშროების წინაშე იდგა და წინა პატრიარქების თქმით, რუსეთიდან უკვე ისმოდა ასეთი წინადადებები – თქვენ უჩვენოდ მაინც აღარ შეგიძლიათ ყოფნა და შემოგვიერთდითო.

უნდა ითქვას, რომ უფალმა, მართლაც, მკვდრეთით აღადგინა ჩვენი ქვეყანა და ეკლესია და ვმადლობთ ღმერთს, რომ მოწმენი და მონაწილენი ვართ ამ დიდი წყალობისა. საქართველოს ეკლესიამ ტანჯვისა და დევნისა, შეურაცხყოფისა და წამების 200 წელი გამოიარა, დღეს კი ჩვენი წმიდა სინოდი 35 მოქმედი ეპარქიით, ათასობით ტაძრითა და მონასტრით, ასობით მღვდელმსახურით არის წარმოდგენილი. თუმცა დღესაც ურთულესი პერიოდი გვაქვს: არის დაპირისპირების მცდელობა როგორც უცხოეთიდან, ისე შიდა მტრებისაგან, მაგრამ კვლავაც უფლისა იმედი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ ღმერთი გადაარჩენს საქართველოს და განამტკიცებს ჩვენს ერსა და ეკლესიას.

საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება გამაძლიერებელი და გამაერთიანებელი ძალა ქართველი ერისა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ მას და ვიზრუნოთ მისთვის, რადგან გაძლიერება ეკლესიისა – გაძლიერებაა ქვეყნისა და ერისა.

თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა აღნიშნავს რუის-ურბნისის კრების 900 წლისთავს, სინოდის საგანგებო სხდომაზე, რომელიც ურბნისში გაიმართა, საქართველოს წმიდა სინოდმა ხუთი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატი გამოირჩია, მათ შორის არის მეუფე ექვთიმე.

დღეს ამ დიდებულ სვეტიცხოველში, მეუფეო წმიდაო, თქვენზე გარდამოვიდა მადლი ყოვლადწმიდისა სულისა – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი; ის მადლი, რომელიც შეგეწევა მღვდელმთავრის ჯვრის ტარებაში; ყოველთვის უნდა გახსოვდეს სიტყვები უფლისა, რომ `ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთ მიანიჭებს მადლსა~. თავმდაბლობითა და მორჩილებით თქვენ მოიპოვეთ ის მადლი, რომელიც დღეს გარდამოვიდა თქვენს ზედა. მთელი მსოფლიო დაიღალა ამპარტავნებით, ქედმაღლობით, როგორც წარსულში, დღესაც თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულებისა, მაგალითი თავმდაბლობისა და მორჩილებისა, მაგალითი თავდადებული მსახურებისა.

ამ წმიდა ტაძარში მიიღეთ მილოცვა წმიდა სინოდის, ჩვენი სამღვდელოებისა და ჩვენი ერის სახელით. ჩვენ ყველანი დღეს ვლოცულობდით თქვენი გაძლიერებისათვის, თქვენი სიცოცხლისათვის, რათა მრავალი სიკეთე მოუტანოთ საქართველოსა და მის ეკლესიას. ნიშნად სულიერი ძლიერებისა, თქვენ დღეს გეძლევათ ეს წმიდა კვერთხი მღვდელმთავრისა. მიიღეთ იგი და დალოცეთ ერი ჩვენი, რათა მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და მთლიანობა სუფევდეს საქართველოში, ქართველ ხალხში და საქართველოს ეკლესიაში, ამინ!

ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!

ჩვენთან არს ღმერთი!“ (68, 2003, 8-9).

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე ექვთიმე ეპარქიაში წარადგინეს ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე), გორისა და სამთავისის ეპისკოპოსმა ანდრიამ (გვაზავა). გურჯაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში მრევლი, რაიონის ხელმძღვანელობა შეხვდა ახლადნაკურთხ ეპისკოპოსს. მეუფე დავით ალავერდელმა აღნიშნა: “გვიხარია ყველას, მღვდელმთავრებს, სინოდის წევრებს, რომ შეგვემატა კიდევ ერთი ახალი მეომარი, მხედარი ქრისტესი, ძმა და მეგობარი, თანამწირველი, დარწმუნებული ვარ, რომ უხარია მთელ ერს, განსაკუთრებით ამ ეპარქიის მრევლს, რადგან მათ ჰყავთ ღვთივგამორჩეული მზრუნველი და წინამძღოლი, გილოცავთ ამ დღესასწაულს და ღმერთმა ინებოს, ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო იყოს ამ ეპარქიაში.” (68, 2003,8-9).

მეუფე ანდრიამ აღნიშნა: “ეპისკოპოს ექვთიმეს ძალიან ბევრი საშრომი აქვს, სამკალი ფრიად არს და თქვენი თანადგომა აუცილებელია, ყველასი _ მამების, სამღვდელოების, მრევლის, მეუფე თავის ძალებს ნამდვილად არ დაიშურებს ამ ეპარქიისა და თქვენთვის. თქვენი თანადგომა, ერთგულება და სიყვარული იქნება ის ძალა, რომელიც მას გაამხნევებს და კიდევ უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს. მეუფე ექვთიმემ თავისი გამოსვლა ასე დაიწყო: “დიდება უფალს! პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მეუფენო, ჩვენ ყველანი, ვინც ვსასოებთ უფალს, ერთი რამისათვის ვართ მომუშავენი. ამ საწუთროში ეს არის სულის ცხონება. ეკლესია არის სხეული ღვთისა, ჩვენ მისი სხვადასხვა ნაწილები ვართ, ერთმანეთს უნდა შევეწიოთ და ამ შეწევნით უნდა ვცხონდეთ. ეს არის უმთავრესი.” (68, 2003,8-9).

მეუფე ექვთიმეს ღვაწლით ეპარქიაში მოქმედ 5 ეკლესიას (გურჯაანის, ველისციხის, ვაზისუბნის, ჩუმლაყის, კარდენახის) დაემატა გურჯაანის ყველაწმიდის მონასტერი, ვეჯინის მამათა და დედათა მონასტრები, ახალი ეკლესიები აშენდა კაჭრეთში, ვეჯინში. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე ექვთიმე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)