საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მელქისედეკი – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

10 ნოემბერი
კატეგორია:
dedofliswyarosa-da-heretis-episkoposi-melqisedeki

ყოვლადუსამღვდელოესი მელქისედეკი
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

ერისკაცობაში – არკადი აბესალომის ძე ხაჩიძე
დაიბადა: 1975 წლის 25 აპრილს. ქ. ხაშური
ანგელოზის დღე: 14 ოქტომბერი – წმ. მელქისედეკ კათალიკოსის ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 04. 04. 2003
მღვდლად კურთხევა: 13. 04. 2003
ბერად აღკვეცა: 31. 08. 2005
ეპისკოპოსად კურთხევა: 03. 05. 2009
მისამართი: ქ. ზესტაფონი, 9 აპრილის #38-ა.
მობ.: (+995 599) 26 25 27

მარგვეთისა და უბისის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები).
კათედრა ზესტაფონსა და უბისაში, რეზიდენცია ზესტაფონში.

 ვრცლად: 

ეპისკოპოსი მელქისედეკი, ერისკაცობაში არკადი აბესალომის ძე ხაჩიძე, დაიბადა 1975 წლის 25 აპრილს ქ. ხაშურში. 1992 წელს და¬ამთავრა ქუთაისის 32-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1995 წელს სწავლა გააგრძელა გელათის სასულიერო აკადემიაში, ხოლო პირველი კურსის დახურვის შემდეგ სასწავლებლად გადავიდა ქ. თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1998 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და, იმ დროს თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორის, ამჟამად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) შუამდგომლობით, სწავლა გააგრძელა საბერძნეთში, ქ. ათენის უნივერსიტეტში – ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს და ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

2004 წლის 3 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აკურთხეს დიაკვნად და ეწოდა სახელი-მელქისედეკი, ხოლო იმავე წლის 12 აპრილს აკურთხეს მღვდლად. ორივე ხელდასხმა საბერძნეთში, ქ. ტრიკალაში, წმ. ბესარიონის სახელობის მონასტერში, შეასრულა დიავლიის ეპისკოპოსმა დამასკინოსმა. 2005 წლის 31 აგვისტოს, თბილისში, ფერისცვალების მამათა მონასტერში, ბერად აღკვეცა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა, ხოლო იმავე წლის 11 სექტემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, აიყვანა იღუმენის ხარისხში.

2007 წელს, ქ. ათენის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ღვთისმეტყველების მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, იმავე წელს ჩაირიცხა სადოქტორო პროგრამაზე. ათენში ყოფნის პერიოდში მსახურობდა სხვადასხვა ტაძრებში.

2008 წლის თებერვლიდან – ივლისამდე, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის აბრაამის კურთხევით, მოღვაწეობა გააგრძელა ესპანეთში, ქ. არნედოს წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში. ხოლო ივლისიდან, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გადაიყვანეს თბილისში, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად.

2008 წ. 21 დეკემბერს, აიყვანეს არქიმანდრიტის ხარისხში, ხოლო 2009 წლის 30 აპრილს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა გამოარჩია ჰერეთის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ამავე წლის 3 მაისს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. 2009 წლის 2 მაისს არქიმანდრიტმა მელქისედეკმა ეპისკოპოსად წარდგენისას სამების საკათედრო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა: “თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამანო, ძმანო და დანო. წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ბრძანებს: “დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ვუკვირდები ამ სიტყვებს და ვივსები უდიდესი მადლით, მართლაც, რა დიდია განგება უფლისა, რომელმაც გამომარჩია ამ მაღალი მსახურებისათვის. როდესაც შევიტყვე წმიდა სინოდის მიერ ჩემი მღვდელმთავრად გამორჩევის შესახებ, გული ერთდროულად მოიცვა დიდმა სიხარულმა და შიშმა…, გავკადნიერდები და მივმართავ დიდ ღირს მამას გრიგოლ ხანძთელს და მისივე სიტყვებით ვიტყვი – “პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის”.

მახსენდება ჩემი პირველი ნაბიჯები ეკლესიაში და ჩემი მოსვლა თბილისის სასულიერო სემინარიაში, პირველი შეხვედრა თქვენს უწმინდესობასთან, როდესაც გასაუბრებაზე მოსული, დაბნეულობისაგან სიტყვასაც ვერ ვამბობდი, დამამშვიდეთ, თქვენთვის ჩვეული თბილი და მადლიანი სიტყვებით და აღმავსეთ იმედით, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.

უცხოობაში ყოფნის დროს, საბერძნეთში, ჩემი გული სავსე იყო სურვილით – დავბრუნებოდი და გამოვდგომოდი ჩემს სამშობლოს და ვცხოვდრობდი ერთი შემართებით: “სადაც გინდ ვიყო, ჩემო სამშობლოვ, მე ვარ მტევანი შენი ვენახის”. დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით, დედაეკლესიამ დამაკისრა, პასუხისმგებლობა ღვთისა, ეკლესიისა, ერისა და სამშობლოს წინაშე.

მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “წარუდგინენით თავნი თქვენნი, ვითარცა ღვთის მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღვიძარებითა, მარხვითა და სიწმინდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმინდითა, სიყვარულითა შეუორგულებითა, სიტყვითა ჭეშმარიტებისაYთა, ძალითა ღმრთისაითა საჭურველითა მით სიმართლისაითა მარჯვენისაითა და მარცხენისაითა, დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა, ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი, ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი, ვითარცა მოსიკვდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ, ვითარცა სწავლულნი და არასიკუდილადნი; ვითარცა მწუხარენი, და მარადის გვიხარის; ვითარცა გლახაკნი, და მრავალთა განვამდიდრებთ; ვითარცა არარაი გვაქუს, და ყოველივე გვაქუს…” (II კორინთ. 6. 4-10).

ასე ესმოდათ და ხორცს ასხამდნენ საკუთარ ცხოვრებაში მსახურებას ქრისტეს მოციქულნი, ასევე იქცეოდნენ წმიდა მამანი და სხვანი მართალნი და ღირსეულნი მწყემსნი ქრისტეს ეკლესიისანი.

ვაცნობიერებ რა ყოველივე ამას, ვგრძნობ საკუთარ უმწეობას და დრო და დრო მომდის აზრი – გავიქცე იონას მსგავსად, გავექცე ღვთის სახეს და მისგან ბოძებულ წილხვდომილებას; მაგრამ ვიცი, რომ წინასწარმეტყველი იონა დასჯილ იქნა დაუმორჩილებლობისა გამო და კურთხეულმა ღვთის მარჯვენამ მას მაინც აღასრულებინა ზეგარდამო ბოძებული მისია… აქედან გამომდინარე, წარმოვთქვამ ღვთისა და მაცხოვრის სიტყვებს: “ხოლო ნუ ნებაი ჩემი, არამედ ნებაი შენი იყავნ!”

ვიღებ რა ამ პატივს მღვდელმთავრობისას, ჩემს უმწეობას შევავედრებ მწყემსმთავარს ჩვენსას იესო ქრისტეს: “მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, რომელი დაადგნეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი” (იოანე 15,5).

თხოვნით მოგმართავთ, მღვდელმთავარნო ქრისტესნო, შეავედრეთ უფალს და შემოქმედს ჩვენსას თქვენს წმიდა ლოცვებში ჩემი უღირსება, რათა გარდამოვიდეს ჩემზე სული წმიდა, რომელმაც წმიდა ორმოცდამეათე დღეს განანათლა მოციქულნი და მიანიჭა მათ ძალა, რომ აღესრულებინათ თვისი დიდი საქმეები და მეც განმანათლოს და განმაძლიეროს ჩემს საეკლესიო მსახურებაში, რომ არავისთვის არ ვიქცე საცდურად და მართალთა წარწყმედის მიზეზად, არამედ ვთქვა: “აი, მე და შვილნი ჩემნი, რომელნიც მიბოძე მე, უფალო”.

მწამს უფლისა ღვთისა და შევთხოვ, რომ მუდამ მოწყალედ გამომიწოდოს ხელი უხილავ წინააღმდეგობათა დაძლევაში. “უკეთუ სმენით ისმინოთ ხმისა ჩემისა და ჰყოთ ყოველი, რომელთა გეტყვი თქვენ, ვემტერო მტერსა თქვენსა და წინააღმდგომთა თქვენთა, რამეთუ წარვიდეს ანგელოზი ჩემი წინამძღვრად თქვენდა” (გამოსვლათა 22. 22-23).

მე, მონა ღვთისა, ამ იმედით და უფლისმიერი სიყვარულით გამოვისახავ პირჯვარს და ვამბობ კრძალვით: სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

ამ სიტყვებით ვიწყებ და ვამთავრებ ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას, ასე იყო ჩემი მოღვაწეობისას ესპანეთში – ქალაქ არნედოში და აქაც, თქვენო უწმიდესობავ, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებისას. ამავე სიტყვებით შევუდგები შესრულებას ეპისკოპოსის მაღალი მოვალეობისას. მადლობელი ვარ ასეთი ნდობისათვის და გულანთებული შევღაღადებ უწმიდესი ტაძრის კედლებს – “რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის რომელი ესე მომაგო მე.” (68, 2009, 5).

უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ სვეტიცხოველში ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი დღესასწაული _ ხსენება მენელსაცხებლე დედათა და მათ შორის, – ხსენება დიდისა მეფისა თამარისა. ამიტომ დღეს საქართველოსთვის დიდი დღესასწაულია. და აი, ამ დღეს სვეტიცხოვლის წმიდა ტაძარში იკურთხა ახალი ეპისკოპოსი ჰერეთისა – მელქისედეკი.

ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავარო მელქისედეკ, წმიდა სინოდის სახელით, ჩვენი სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, გულითადად გილოცავთ. დღეს შენზე გადმოვიდა დიდი მადლი – “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”. დღეს ჩვენ ვლოცულობდით შენთვის, რათა პირნათლად აღასრულო შენი ვალი, რომელიც აღიღე დღეს წინაშე ღვთისა, ერისა და ეკლესიისა. რა არის ეპისკოპოსობა? წმინდა მამები ამბობენ, რომ ეპისკოპოსი არის მოწამე, მას უნდა ჰქონდეს მოწამეობრივი ცხოვრება; ეპისკოპოსი არის წინამძღოლი და მამა თავისი მრევლისა.

უკვე დიდი ხანია ჰერეთი უპატრონოდ არის დარჩენილი და დღეს ეღირსა მას მღვდელმთავარი, “დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!”

მეუფე მელქისედეკ, დღეს უფალმა გადაწყვიტა შენი კურთხევა ეპისკოპოსად ჰერეთისა. მრავალ წმიდა ადამიანს უღვაწია და უცხოვრია ჰერეთის წმიდა მიწაზე; მრავალი სიწმიდე არის იქ. მეუფეო, შენ უნდა აღადგინო სულიერება ამ მხარეში, აღადგინო ეკლესია-მონასტრები. ვფიქრობ, ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, კიდევ უფრო განმტკიცდება.

მეუფე მელქისედეკ, შენ დაამთავრე საბერძნეთის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი და რამდენიმე წელი იღვაწე საბერძნეთში. მოხარული ვარ, რომ დღეს შენს კურთხევას ესწრება საბერძნეთის ელჩი, რომელსაც მე გულითადად მივესალმები.

ღმერთმა ძალა მოგცეს, მეუფეო, ღმერთმა მაღალი სულიერება და სიბრძნე მოგანიჭოს, რათა აღასრული შენი მოვალეობა, ამინ.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე მელქისედეკ, მიიღე კვერთხი ესე, რომელიც არის სიმბოლო სულიერი ძლიერებისა და დამწყსე ცხოვარნი შენნი, მრევლი შენი და ღმერთი იქნება შენი შემწე!

მინდა დღეს კიდევ ერთი სიხარული გაუწყოთ. კვიპროსის კიკოს მონასტრიდან არქიმანდრიტმა აღათონიკმა ჩამოაბრძანა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი და წმიდა ნინოს ნაწილები. გულითადად მივესალმები მას და მადლობას ვწირავ ამ დიდი ძღვენისთვის. ჩვენი დიდი სასოებით ვლოცულობთ ამ სიწმინდეების წინაშე.

მამა აღათონიკ, გვინდა ჩვენც მოგართვათ საჩუქრად ხატი. ეს არის საქართველოში შესრულებული წმინდა თომა მოციქულის ხატი. გადმოგცემთ მას თქვენი მონასტრისთვის. ეს ხატი იქნება თქვენი მფარველი და ჩვენთვის მლოცველი.

დღეს არის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე – დალოცვა ჯოჯუების გვარისა. ბედნიერია თქვენი გვარი, რადგან მღვდელმთავარი აღიზარდა თქვენს გვარში. მრავალი გამოჩენილი ადამიანი გყოლიათ გვარში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ. გამრავლდით, მრავალი შვილი იყოლიეთ. ქართველ კაცს 7 და მეტი შვილი უნდა ჰყავდეს, – 7 შვილის ყოლა აუცილებელია.

ღმერთმა დალოცოს სოხუმში, თბილისში, რუსეთსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ჯოჯუები.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქრისტე აღდგა!

ჩვენთან არს ღმერთი! (68, 2009, 5).

დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიაში ახალი მღვდელმთავრის წარდგინება მოხდა 2009 წლის 20 აგვისტოს. უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მრევლს ახალი ეპისკოპოსის დადგინება და გამოთქვა იმედი, რომ ისინი დაეხმარებიან მას პირველ სიძნელეთა დაძლევაში. ახლადშექმნილ ეპარქიას დედოფლისწყაროში გადაეცა რეზიდენცია. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება ისტორიულ ჰერეთს (საინგილოს), აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მისმა უწმიდესობამ 2009 წლის 6 ნოემბერს დააყენა საკითხი ბაქოში მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის აშენებისა და ჰერეთის ეპარქიის რეგისტრაციაში გატარებისა, რაზედაც პრეზიდენტისაგან თანხმობა მიიღო.

  პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)