საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სტეფანე – ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
cagerisa-da-lentexis-mtavarepiskoposi-stefane

მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი
ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე

ერისკაცობაში – სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი
დაიბადა: 1959 წლის 9 თებერვალს, ქ. ახალციხეში.
ანგელოზის დღე: 9 იავნარი – წმ. მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანეს ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 27. 11. 1994
ბერად აღკვეცა: 23. 10. 1996
მღვდლად კურთხევა: 10. 11. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 10. 2002
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 09. 09. 2010
მიტროპოლიტობა ებოძა: 01. 11. 2015
მისამართი: ქ. ცაგერი, რუსთაველის I შესახვევი. საკათედრო ტაძარი.
მობ.: (+995 599) 51 77 47

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები)
კათედრა და რეზიდენცია ცაგერსა და ლენტეხში. 

ვრცლად:

ეპისკოპოსი სტეფანე, ერისკაცობაში სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი, დაიბადა 1959 წლის 9 თებერვალს ქ. ახალციხეში. 1976 წელს დაამთავრა ახალციხის N2 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს. შემდეგ მუშაობდა თბილისის რადიო ქარხნის ადიგენის ფილიალში ინჟინერ-გამმართველად, 1983 წლიდან – ახალციხის ელექტროქსელებში ესპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრად, ხოლო შემდეგ – ახალციხის საქსელო რაიონის უფროსად. 1988 წლიდან არის საფარის მონასტრის მრევლი. მისი პირველი მოძღვარი იყო მღვდელ-მონაზონი სერგი (ჩეკურიშვილი). იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა XX საუკუნის 80-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში… 1989 წელს მუშაობდა მესხეთის სახელმწიფო თეატრის ინჟინრად. 1990 წელს სტეფანე კალაიჯიშვილი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1997 წელს. 1991 წლიდან პარალელურად სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1990 წლიდან მუშაობდა ახალციხის N2 საშუალო სკოლაში ისტორიისა და რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, 1993 წლიდან ახალციხის სასულიერო სემინარიაში ისტორიის ლექტორად. 1994-99 წლებში იყო გაზეთ “საფარას” რედაქტორი.

1994 წლის 27 ნოემბერს ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა სერგიმ (ჩეკურიშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად. 1994 წლიდან 1999 წლამდე მუშაობდა ახალციხის სასულიერო სემინარიის პრორექტორად. 1996 წელს აღიკვეცა ბერად საფარის მონასტერში, ხოლო შემდეგ ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსმა სერგიმ ხელი დაასხა მღვდელ-მონაზვნად. იმავე წელს დაინიშნა საფარის მონასტრის აბასთუმნის წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინამძღვრად. 1999 წელს დაადგინეს ჭულევის მონასტრის წინამძღვრად. 2002 წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის, 2002 წლის 27 ოქტომბერს ხელი დაასხეს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად. 26 ოქტომბერს არქიმანდრიტმა სტეფანემ ეპისკოპოსად წარდგინებისას სიონის საპატრიარქო ტაძარში ასე დაიწყო თავისი გამოსვლა:

“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, ყოვლადუსამღვდელონო მეუფენო, ღვთივსულიერნო მამანო, ქრისტესმიერნო ძმანო და დანო, შვილნო ივერიის წმიდა ეკლესიისა.

ამ დღეებში ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვლენები ხდება. ექვსი წლის წინათ პირველად დავდექი ამ უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე, მაშინ ვთხოვე უფალს, თუ იქნებოდა მისთვის სათნო, აერიდებინა ჩემთვის ეს მძიმე ჯვარი, მაშინ უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება”.

დღეს მღვდელმთავრის მძიმე ჯვრის ტვირთვის საკითხი კვლავ დადგა ჩემს წინაშე და სინოდის გადაწყვეტილებით ჩემი უღირსება წარსდგა თქვენს წინაშე. ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი ხშირად იმეორებს ხოლმე დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: “უფალი მეფობს”, დიახ, ეს ასეა, უფალი მეფობს და მე არ შემიძლია, მის ლოცვა-კურთხევას არ დავემორჩილო.

სიყვარული სიხარულს ბადებს და როდესაც ესოდენ დიდ ნდობას და სიყვარულს ვგრძნობ თქვენგან, თქვენო უწმიდესობავ, თქვენგან, მეუფენო, წმიდა სინოდის წევრებო, თქვენგან, მამანო, ძმანო და დანო. ეს სიყვარული და დიდი ნდობა მე უდიდესი პასუხისმგებლობის წინაშე მაყენებს. ვგრძნობ, რაოდენ მძიმეა და საპასუხისმგებლო მღვდელმთავრის ჯვრის ტვირთვა, მაგრამ, რადგან უფალმა ასე ინება, მე ვემორჩილები მის მეუფებას და ქედს ვიხრი ამ საპატიო და საპასუხისმგებლო უღლის წინაშე. “ღმერთი სიყვარული არს” და ეს სიყვარული, რომელიც აქ სუფევს, მაძლევს იმედს, რომ თქვენი შეწევნით, თქვენო უწმიდესობავ, თქვენი შეწევნით, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, ღვთივსულიერნო მამანო, ძმანო და დანო, უფალი შემაძლებინებს ჩემზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მე დიდი იმედი მაქვს აგრეთვე ჩემი სულიერი მოძღვრის – მეუფე სერგისა, რომელიც სიწმიდის გზისაკენ წარმართავს ჩემს მერყევ, მშფოთვარე და ცოდვისაკენ მიდრეკილ სულს, აგრეთვე მეუფეებისა – თეოდორესი და საბასი, რომლებთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა და თანამსახურება გვაკავშირებდა. უკლებლივ ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი ნდობისა და სიყვარულისათვის. გმადლობთ, თქვენო უწმიდესობავ. მე ვეცდები, გავამართლო თქვენი ნდობა და მთელი ჩემი შრომა, ენერგია და შესაძლებლობები უკლებლივ შევწირო თქვენს მიერ ჩემდამი დაკისრებულ მოვალეობის პირნათლად აღსრულებას.

მადლობას გიხდით მესხეთის მკვიდრნო, ადიგენელებო, ახალციხელებო, უდელებო, აბასთუმნელებო და სხვანო და სხვანო, რომლებმაც თვალცრემლიანი სიხარულით გამომაცილეთ ამ რთულ და ეკლიან გზაზე. მადლობა მესხეთის უნივერსიტეტს, რომელიც ყოველთვის მხარში გვედგა, ახლაც გვაქვს თქვენი ერთგული თანადგომის იმედი.

მე დიდი იმედი მაქვს მსოფლიო ეკლესიის დიდი მნათობის, მაქსიმე აღმსარებლის მფარველობისა და შეწევნისა, რომლის წმიდა საფლავის მცველად დადგინების პატივი მაქვს.

მრავალტანჯული მესხეთის მკვიდრს კარგად მესმის, რაოდენ მძიმეა დღეს საქართველოს მოქალაქეთა ცხოვრება, რაოდენ უჭირთ მათ სულიერად და მატერიალურად. მაგრამ მე მტკიცედ მწამს, რომ ყველაზე მძიმე დრო ჩვენ უკვე გამოვიარეთ. საქართველო სულიერი და ეროვნული აღმავლობის გზაზე მტკიცედ მიაბიჯებს, რისი დასტურიც არის სულ ახლახანს ხელმოწერილი და დამტკიცებული ისტორიული დოკუმენტი, რომელმაც წერტილი დაუსვა ჩვენი ერის სულიერ ჩაგვრას და სულ ცოტა ხანში ნათლად გამოჩნდება ამ უდიდესი მოვლენის შედეგები.

მე მინდა მივესალმო ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მკვიდრთ და აღვუთქვა მათ, რომ არ დავიშურებ ჩემს ძალასა და შესაძლებლობებს, რათა მთელი სულითა და გულით ვემსახურო ამ მხარის სულიერ აღორძინებას. მე ვიცი ის სამწუხარო ფაქტი, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვეცდებით, რომ ლოცვითა და საქმიანობით წინ აღვუდგეთ ამ უარყოფით ტენდენციას.

კიდევ ერთხელ ყველას მადლობას მოგახსენებთ ნდობისა და სიყვარულისათვის.

შემინდეთ და მაკურთხეთ.” (68, 2002, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ 27 ოქტომბერს ახლად ნაკურთხ ეპისკოპოსს სტეფანეს მიულოცა ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და მიმართა:

“თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსო სტეფანე, ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამანო, ძმანო და დანო!

ის ადამიანი, რომელიც ღვთის გზაზე დგას და წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, უფლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება და მას ხილული თუ უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს. მასზე აღსრულდება ეს სიტყვები ფსალმუნიდან: “წყალობა უფლისა თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა”. მე ვფიქრობ, რომ მეუფე სტეფანეს ცხოვრებაც საოცარი მაგალითია უფლის წყალობისა.

მეუფევ, ღვთის განგებით, თქვენ აყვანილი ხართ ეპისკოპოსის ხარისხში. ეს არის უდიდესი მადლი მაცხოვრისა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა, ერისა და ეკლესიისა.

შენ კარგად იცი, რომ მღვდელმთავრის წოდება არის მოციქულებრივი ღვაწლი და, როგორც ამბობენ, მღვდელმთავრის მოღვაწეობა მოწამეობრივი ცხოვრებაა. ღმერთმა მოგიწოდა შენ ამ ღვაწლისაკენ და თავად უფალი – მამა, ძე და სულიწმიდა – მოგცემს შენ სულიერ და ფიზიკურ ძალას, რათა გაუძღვე შენს სამწყსოს, შენს ეპარქიას.

როგორც იცით, მეუფე სტეფანე არჩეულია ლეჩხუმ-სვანეთის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად.

ლეჩხუმ-სვანეთში ყოველთვის დიდი ეროვნული და ეკლესიური ტრადიციები არსებობდა, თუნდაც ის, რომ იქ დაკრძალულია მსოფლიოში ცნობილი დიდი ღვთისმეტყველი მაქსიმე აღმსარებელი, რომელსაც მთელი ქრისტიანული სამყარო სცემს თაყვანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მაქსიმე აღმსარებლის შუამდგომლობით ხარ ამ ეპარქიის მმართველად დადგენილი. წყალობა ღვთისა, ძალა ღვთისა და, უპირველეს ყოვლისა, მადლი ღვთისა, რომელიც არის “უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი”, იყოს შენ თანა: გიძღოდეს ის მტკიცე რწმენა, ის სიყვარული, ის სიკეთე, რომლის მაგალითიც უფალმა მოგვცა. იგი იქნება ის სანთელი, რომელიც გაგიძღვებათ ამ მოციქულებრივი მოღვაწეობის ჟამს. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმიდა სინოდის წევრების, ჩვენი მღვდელმთავრების მფარველობა.

“დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ მართლაც, დიდია უფალი და საკვირველია საქმენნი მისნი. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია, თუ რა არის განგება ღვთისა. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ დიდია მისი წყალობა ჩვენს ქვეყანაზე. ღვთის წყალობა და მადლი რომ არ ყოფილიყო საქართველოზე, მის ეკლესიაზე, ჩვენ ვერ გავუძლებდით ამდენ შინაურ თუ გარეშე მტერს.

აი, ახლა კი მიიღე ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ეპისკოპოსის ძალაუფლებისა და მადლისა. დალოცე სრულიად საქართველო, დალოცე მრევლი, რომელიც დღეს ესწრებოდა შენს კურთხევას და დალოცე შენი სამწყსო – ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, ამინ.” (68, 2002, 11).

მეუფე სტეფანე შეუდგა ეპარქიაში მოღვაწეობას. ცაგერისა და ქვემო სვანეთის ეპარქია მაღალმთიანი რეგიონია, მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს მამა-პაპურ ფუძეს და ბარისაკენ მოეშურება, მოუწესრიგებელია გზები, არ არის სამუშაო ადგილები, მრავლად არის მეწყერსაშიში ზონები. ეპარქიის ტერიტორიაზე მოქმედი იყო 1 ეკლესია და 1 მონასტერი. მეუფე სტეფანეს ძალისხმევით ამჟამად ეპარქიაში მოქმედია 2 მამათა და 2 დედათა მონასტერი, 32 ეკლესია, სადაც ღვთისმსახურებას ეწევა 9 მოძღვარი. 2002 წლიდან ეპარქიაში გამოიცემა გაზეთი “აღმსარებელი”, ხოლო 2003 წლიდან ჟურნალი `ხვამლი“. 2003 წელს ეპარქიაში გაიხსნა ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია. 2006 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეპისკოპოსი სტეფანე. 2007 წლიდან ცენტრი ფუნქციონირებს სამების საკათედრო ტაძარში. ცენტრის მუდმივ მოქმედი პროექტებია: ყოველდღიური შემეცნებითი საუბრები სხვადასხვა თემებზე, შემოქმედებითი საღამოები, მწერალთა კავშირთან ერთობლივი ღონისძიებები, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთობლივი ღონისძიებები, სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო კონფერენციები, მეცნიერებათა აკადემიასთან თანამშრომლობა.

მეუფე სტეფანეს ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრება და მოღვაწეობაზე. ამ დიდი წმინდანის საფლავი ხომ ცაგერთან ახლოს მდებარეობს. მეუფე სტეფანეს დაუღალავი ღვაწლით და ეპარქიაში მცხოვრებ ბიზნესმენთა შეწევნით შენდება: ცაგერში წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ლენტეხში საკათედრო ტაძარი და საეპისკოპოსო რეზიდენცია. განზრახულია ცაგერში ქართულ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო დისტანციური ცენტრის გახსნა, გოგონათა და ვაჟთა სასულიერო სასწავლებლის დაარსება. 2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი სტეფანე დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.

 პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)