საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დავითი – ადიშელი მთავარეპისკოპოსი (ტიტულარული)

10 ნოემბერი
კატეგორია:
bodbis-mtavarepiskoposi-daviti

მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი
ადიშელი მთავარეპისკოპოსი (ტიტულარული)

ერისკაცობაში – გიორგი გურამის ძე ტიკარაძე
დაიბადა: 1963 წლის 1 მაისს, ქ. ლანჩხუთში.
ანგელოზის დღე: ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი – ღირსი დავით გარეჯელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 18. 12. 1995
დიაკვნად კურთხევა: 19. 01. 1996
მღვდლად კურთხევა: 06. 05. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 14. 10. 1998
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 01. 06. 2006

სრულად:

მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე)

მთავარეპისკოპოსი დავითი, ერისკაცობაში გიორგი ტიკარაძე, დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ლანჩხუთის რაიონ სოფელ სუფსაში. 1969-1980 წლებში სწავლობდა სუფსის საშუალო სკოლაში, 1982-1989 წლებში – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო საგზაო ფაკულტეტზე. 1983-1985 წლებში გიორგი ტიკარაძემ იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი დაბრუნდა სოფელ სუფსაში, სადაც საქმიანობდა 1994 წლამდე. 1994 წელს გიორგი ტიკარაძე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ცხოვრობდა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში. 1995 წლის 18 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა მორჩილი გიორგი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად დავითი. 1996 წლის 14 იანვარს მეუფე იობმა ბერი დავითი აკურთხა დიაკვნად. 19 იანვარს – იეროდიაკვნად, ხოლო 6 მაისს – მღვდელ-მონაზვნად და დაადგინა ბათუმის წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
1997 წლის 20 იანვრიდან მღვდელ-მონაზონი დავითი მსახურობდა ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო იმავე წლის 22 მაისს დაინიშნა ქარელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების ტაძრის წინამძღვრად, იმავე დროს ასრულებდა სამწევისის მთავარანგელოზთა სახელობის და სამწევისის ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის, სოფელ ღილევიას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრების წინამძღვრის მოვალეობას. 1997 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელ-მონაზონ დავითს მიანიჭა იღუმენის წოდება და ოქროს ჯვრის ტარების უფლება. 1998 წლის 8 ოქტომბერს იგი გამორჩეულ იქნა ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსად. 1998 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იღუმენი დავითი აკურთხა ეპისკოპოსად.

იღუმენმა დავითმა 13 ოქტომბერს სიონის საკათედრო ტაძარში შემდეგი სიტყვით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, წმიდა სინოდის წევრებს: “უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა შევწირო ყოვლადწმიდა სამებას, რომელმაც აურაცხელითა წყალობითა და მოწყალებითა თვისითა ღირსმყო მე, უღირსი მონა, ეპისკოპოსის წმიდა და საპატიო ხარისხში აყვანისა. შემდგომად ღვთისა გმადლობთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და თქვენ წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო, ესოდენ დიდი ნდობისათვის. მაცხოვარი ამბობს: უარყავ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე (მკრ. 8,34). ქრისტიანობის ერთ-ერთი მაცხოვნებელი მცნება საკუთარი ნების უარყოფა და ღვთის ნების აღსრულებაა. სინოდის გადაწყვეტილება ღვთის ნებად მიმაჩნია, ამიტომ მორჩილებით ვიღებ თქვენს გადაწყვეტილებას, გავხდე ეპისკოპოსი, თორემ მღვდელმთავრობის პატივისათვის თავი უღირსად მიმაჩნია. შეგნებული და გააზრებული მაქვს, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა და მძიმე მღვდელმთავრის ჯვარი, რადგან იგი ღვთის წინაშე პასუხს აგებს არა მარტო საკუთარი სულისათვის, არამედ მისადმი რწმუნებული სამწყსოსათვის, როგორც სამღვდელო დასის, ასევე მორწმუნე ერისათვის: “ეპისკოპოსია ის, ვისაც აბარია ერი ღვთისა და ვისაც მოეკითხება პასუხი მათი სულებისათვის” (მოც. კანონი 39). მოციქული პავლე გვმოძღვრავს “ეკრძალენით უკეთუ თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თვისითა” (საქმე. 20,28). სამწყსოზე ზრუნვა უნდა წარმოადგენდეს მღვდელმთავრის საქმიანობის ძირითად მიზანს. ეპისკოპოსი უნდა ზრუნავდეს მრევლის თითოეულ წევრზე და არ უნდა დაუშვას არცერთი ადამიანის მოწყვეტა ეკლესიისაგან. ჩვენს განსაცდელებით აღსავსე ეპარქიაში მღვდელმთავარს განსაკუთრებული სიფხიზლე მართებს, ვინაიდან ბოროტი გააფთრებით იბრძვის თითოეული სულისათვის. რამეთუ ეშმაკი ვითარცა  ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა (1. პეტრ. 5,8). დღეს ბოროტმა სახე იცვალა, ნათლის ანგელოზად მოგვევლინა, სხვადასხვა ჰუმანიტარული დახმარებით და მიმზიდველი დაპირებით ცდილობს ადამიანთა ჩამოშორებას ერთადერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოებისაგან. ეს ორგანიზაციები სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის მატერიალური სიდუხჭირით. მღვდელმთავარმა, გარდა მორწმუნე მრევლზე ზრუნვისა, ბევრი უნდა იღვაწოს გზააბნეულ, მწვალებელთაგან მოტყუებულ ადამიანთა დედა ეკლესიაში დაბრუნებისათვის. მიხარია, რომ ღვთის განგებით ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი გავხდი ეპარქიისა, სადაც სხვა სიწმინდეებთან ერთად არის წმიდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც მე კიდევ ერთხელ შემახსენებს ჩემს მოვალეობას მართლმადიდებლური სარწმუნოების მტკიცედ და შეურყევლად დაცვისა. ეს არის ეპარქია, სადაც თვით კომუნისტური დევნის დროსაც ადამიანებმა დაიცვეს და დაიფარეს ეკლესიები, მათში არსებული საეკლესიო საგანძური, უძვირფასესი ხატები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათში არის რწმენა, მაგრამ ამ რწმენის სრულყოფა ამ ადამიანების გაეკლესიურებით უნდა მოხდეს. კარგად მესმის, რომ ეპისკოპოსობა უდიდეს პატივთან ერთად სიძნელეებითა და განსაცდელებით სავსე ცხოვრებაა. ამიტომ მინდა გთხოვოთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ და წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო, ილოცეთ ჩემთვის, ჩემი გაძლიერებისათვის, იმისათვის, რომ უფალმა თქვენი ლოცვით მომანიჭოს თავმდაბლობა, მორჩილება, მოთმინება და რომ შევძლო ღვთისათვის სათანადოდ აღვასრულო ეპისკოპოსობის წმიდა და საპასუხისმგებლო მოვალეობა.” (61, 1998, 11).

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მეუფე დავითს კურთხევის შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა: “სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, წმიდა მამანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო დანო და ძმანო. დღეს სამოციქულო ეკლესია სრულიად საქართველოსი დიდ ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობს – ხსენებას სვეტიცხოვლისა და ზეგარდმო მოქსოვილსა კვართისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს უდიდესი სიწმინდე – კვართი უფლისა, როგორც ნიშანი მამაზეციერის წყალობისა, როგორც საწინდარი ქართველთა ზედა მადლის სუფევისა, საქართველოში I საუკუნეში იქნა ჩამობრძანებული და აი, უკვე თითქმის ოცი საუკუნეა თაყვანს ვსცემთ. მრავალი ცრემლი დაღვრილა და მრავალი ლოცვა აღვლენილა საქართველოსათვის ამ სვეტის წინაშე. დღესაც შევსთხოვთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ სვეტიცხოვლის მადლმა გაამთლიანოს საქართველო და აამაღლოს ქართული ეკლესია. ჩვენს სადღესასწაულო განწყობილებას ისიც აძლიერებას, რომ დღეს ეპისკოპოსის კურთხევაც შედგა. ყოველი ახალი ეპისკოპოსის კურთხევა ხომ ეკლესიის ცხოვრებაში ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს. ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის ახალ მმართველს, მეუფე დავითს, უფალი მისცემს ძალას ამ საპატიო, მაგრამ მძიმე ჯვრის სატარებლად. უპირველეს ყოვლისა, მეუფეო, წმიდა სინოდის სახელით გილოცავთ ჯილდოს, რომელიც უფალმა გიბოძა. მიდიხარ ეპარქიაში, სადაც შენახულია რწმენა და საქართველოს მრავალი სიწმინდეა დაცული, მაგრამ სადაც ნაკლებია ეკლესიურობა. ღმერთმა მოგცეს ძალა და მადლი, რომლითაც უფალი მხოლოდ თავმდაბალთ აჯილდოებს. მიიღე კვერთხი როგორც ძალაუფლების სიმბოლო და დალოცე ერი სრულიად საქართველოსი.” (61, 1998, 11).

2001 წლის 12 ოქტომბერიდან ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველად. ბოდბის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ბოდბეშია ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს საფლავი. ბოდბის ეპარქია 1925 წლის 22 ოქტომბრის საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით გამოეყო ალავერდის ეპარქიას. ბოდბის ეპარქიის მეშვეობით ინარჩუნებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესია საქართველოდან ჩამოშორებულ საინგილოს ქართველებთან სულიერ კავშირს, მაგრამ ბოლშევიკური მმართველობის პირობებში ქვეყანაში ხორციელდებოდა აგრესიული ათეიზმის პოლიტიკა, ადმინისტრაციული წესით იხურებოდა ეკლესია-მონასტრები. 1936 წლის 17 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში აღწერა ბოდბის ეპარქიის მძიმე მდგომარეობა. სიღნაღის რაიონ სოფელ ანაგაში “მიუხედავად იმისა, რომ შეწერილ გადასახადს ეკლესია უკლებლივ ისტუმრებს, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები ყოველგვარ დაბრკოლებას უქმნიან მლოცველებს: ასე მოხდა მიმდინარე წლის აღდგომის დღესასწაულზე, როცა მლოცველები განდევნეს ეკლესიიდან. გთხოვთ მიიღოთ ზომები.” (6, 181).

XX საუკუნის 50-60-იან წლებში ბოდბის ეპარქია გაერთიანებული იყო ალავერდის ეპარქიასთან. ბოდბის მონასტერი გაუქმებული იყო, მისი ტერიტორია საავადმყოფოს ეკავა. ბოდბელი მღვდელმთავარი თბილისის სამების ეკლესიაში წირავდა. 1978 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამორჩეულ იქნა ბოდბელი ეპისკოპოსი ათანასე, მაგრამ ეპარქიაში რთული ვითარება იყო.

მეუფე დავითი 2001 წლიდან შეუდგა საქმიანობას. მისი ღვაწლით ბევრი რამ გაკეთდა ეპარქიაში ქრისტიანული რწმენის, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია წმიდა ნინოს საფლავის, ბოდბის დედათა მონასტრის გამშვენიერება. 2006 წლის 1 ივნისს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მეუფე დავითი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში. 2007 წლის 25 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით.