საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი

10 ნოემბერი
კატეგორია:
axalqalaqisa-da-kumurdos-mitropoliti-nikolozi

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი
საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე

ერისკაცობაში – პაატა გივის ძე ფაჩუაშვილი
დაიბადა: 1961 წლის, 10 თებერვალს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: 19 დეკმბერი და 22 მაისი – წმიდა ნიკოლოზის (მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოი) ხსენება.
დიაკვნად კურთხევა: 30. 09. 1990
მღვდლად კურთხევა: 24. 02. 1991
ბერად აღკვეცა: 25. 03. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 31. 03. 1996
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 28. 09. 2000
მიტროპოლიტობა ებოძა: 30. 09. 2006
მისამართი: საქართველო, 0700, ახალქალაქი. დარბინიანის ქ. #23.
ტელ.: (+995 32) 292 36 88
ფაქსი: (+995 32) 298 71 14
მობ.: (+995 599) 53 19 99

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქ. ახალქალაქი, ქ. ნინოწმინდა, ახალქალაქისა და ნინოწინდის მუნიციპალიტეტები).
კათედრა ახალქალაქში, რეზიდენცია ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

 ვრცლად:

მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში პაატა გივის ძე ფაჩუაშვილი, დაიბადა 1961 წლის 10 თებერვალს თბილისში. 1968-1978 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1981-1985 წლებში იგი სწავლობდა მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1987-1988 წლებში – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1988 წელს პაატა ფაჩუაშვილი ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სასულიერო აკადემიაში. როგორც მეუფე ნიკოლოზი იხსენებს: “ჩვენი უწმიდესის აღსაყდრების შემდეგ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გაჩნდა ეკლესიის მიმართ. მე და ჩემი მეუღლე ერთად დავდიდოდით სიონის ტაძარში. ეს ტაძარი ჩვენთვის მართლაც დედა ეკლესია იყო. ყველანი ვგრძნობდით პატრიარქის მამობრივ მზრუნველობას. ის ყველას სულიერი მამა იყო. ნელ-ნელა დავიწყეთ მარხვა, წირვა-ლოცვაზე სიარული, განსაკუთრებით ქადაგებები გვიზიდავდა. მაშინ წირვის მნიშვნელობას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდით. შემდეგ შევარჩიეთ მოძღვარი – სიონის იმდროინდელი მღვდელი მამა დავითი, ახლა მიტროპოლიტი დანიელი. მას შემდეგ მისი სულიერი ხელმძღვანელობით მოვედით აქამდე.”

პაატა ფაჩუაშვილი ერთხანს მუშაობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში (1986 წ.), 150-ე საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად (1987 წ.), სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ქრისტიანული რელიგიის კათედრაზე მასწავლებლად. 1990 წელს უწმიდესმა, და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი აკურთხა დიაკვნად. 1991 წელს – მღვდლად, უწოდა სახელად პავლე და დაადგინა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მოძღვრად, 1991 წელს მამა პავლე დაინიშნა თბილისის ქაშუეთის\ წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვრად, 1992 წელს – მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად, 1996 წელს თბილისის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვრად. 1991 წელს მამა პავლე დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ, 1995 წელს – საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმიდა ნინოს სახელობის მისიონერული სასწავლებლის დირექტორად. წმიდა ნინოს გზაზე ფეხით სამგზის მოგზაურობისათვის მიენიჭა წმიდა ნინოს მორჩილის წოდება. 1993 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 1996 წელს აღიკვეცა ბერად ეწოდა სახელი ნიკოლოზი, იმავე წელს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1996 წლის 29 მარტს წმიდა სინოდმა გამოარჩია ეპისკოპოსად. 30 მარტს არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა ეპისკოპოსად კურთხევაზედ შემდეგი სიტყვით მიმართა მის უწმიდესობას:

“თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო, პატიოსანნო მამანო და დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო!

“ყოველთა ვექმენ ყოვლად, რათა ყოველნი მაცხონე” (1 კორინთელთა 9.23.) მოკრძალებული სათქმელი მინდა დავიწყო ლოცვით – ყოვლად წმიდა სამების ტროპარით.

“კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლადბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა!”

პირველი და უმთავრესი დავალება, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს მისცა, იყო მოციქულება:

“წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ~. (მათე 28. 1,20).

მოციქულება გულისხმობს ეკლესიის აღშენებას და, უპირველესად კი, ქადაგებს, რაც არის ღმრთისმსახურის უმთავრესი მოვალეობა. როდესაც წინასწარმეტყველი მოსე აარონისათვის სამღვდელმთავრო შესამოსელს ამზადებდა, უფალმა უბრძანა, მასზე ოქროს ეჟვნები დაემაგრებინა:

“ჰქონდეს ეს აარონს ღმრთისმსახურების დროს, ისმოდეს მისი ხმა საწმიდარში შესვლისას უფლის წინაშე და იქიდან გამოსვლისას, რათა არ მოკვდეს~. (გამოსვლათა 28.35).

წმიდა მამების განმარტებით ეჟვანი მღვდელმთავრის შესამოსელზე სიმბოლურად ნიშნავს ქადაგებას. ღმრთისმსახური, რომელიც არ ქადაგებს, სულიერად მკვდარია.

როდესაც მოციქულებმა სასუფეველი მთელ მსოფლიო ახარეს, სულიერი ცხოვრების უმთავრესი საზრუნავი ჯერ უწყებული ჭეშმარიტების დაცვა, მისი დამოწმება გახდა, ხოლო მოგვიანებით კეთილმორწმუნე ადამიანების განვითარება სულიერი სრულყოფილებისაკენ. ასე ჩამოყალიბდა ეკლესიის ისტორიაში მოციქულთა დროის შემდგომ ჯერ მოწამეთა დიდი დასი, ხოლო შემდგომ – ბერ-მონაზვნობის ინსტიტუტი, თუმცა სამოციქულო მსახურების აუცილებლობა ყოველთვის არსებობდა.

დღეს ეკლესიაში ჩნდება აზრი, რომ მოციქულები ისტორიის კუთვნილება გახდა და რომ ღვთისმსახურმა მხოლოდ ტაძარში უნდა იქადაგოს.

მოციქულებს თავისი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. ზოგის აზრით, ასეთი მსახურება დღეს არავის ხელეწიფება, მაგრამ მოციქულება არ ნიშნავს სრულყოფილებას – ჭეშმარიტად სრულყოფილი ღმერთია (მათე, 5.48) არამედ ნიშნავს სიწმინდეს, რაც სრულყოფილებისაკენ მგზნებარე სწრაფვაში მდგომარეობს. რაც უფრო ძლიერია ეს სწრაფვა და მაღალია სიწმინდე, მით ნაკლებად ზრუნავს იგი საკუთარ ცხონებაზე. მოციქულებისათვის პირადი ცხოვრების მიზანი იჩრდილება მისი შემყურე ადამიანებისადმი ზრუნვით. მოციქულის პირადი ცხოვრება თითქოსდა შთანთქმულია ამ დიადი სიყვარულის ცეცხლით, რომელიც ყველაზე ნათლად ჩანს პავლე მოციქულის გონებამიუწვდომელ სიტყვებში, რომ თუ შესაძლებელი იყო, ღმერთს ის წარეწყმიდა და მის ნაცვლად ისრაელი ეცხონებინა:

“ვილოცევდ მე შეჩვენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესაგან ძმათა ჩემთათვის, და ნათესავთა ჩემთა ხორციელად, რომელნი იგი არიან ისრაიტელნი~ (რომაელთა 9.3).

როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს, დღესაც გვაქვს უფლება, ჩვენც გავიმეოროთ ეს საოცარი სიტყვები (საუბარი 32).

მოციქულები უაღრესად ასკეტურად ცხოვრობდნენ:

“აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, ნუ უკვე სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო” (1 კორინთელთა 9.28) – ბრძანებს მოციქული პავლე, მაგრამ ეკლესია მათ განადიდებს არათუ პირადი ღვაწლის – მარხვის, ლოცვის, უვერცხლო კურნების, ქალწულების, ან თუნდაც მოწამეობის ნიშნით, რაც მათ სხვა სულიერ მოღვაწეებზე არანაკლები გააჩნდათ, არამედ მათი საზოგადო მსახურების გამო, რომელსაც ეწოდება მოციქულება.

საქართველოს ეკლესიაში სამოციქულო მოღვაწეობა წმიდა ნინოს ქადაგებით არ დამთავრებულა. ჩვენ ყოველთვის გვყავდნენ დიდი მქადაგებლები და მისიონერები, რომელთაგან ორი უკანასკნელმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს წმინდანებად შერაცხა. ესენი არიან წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), რომლის ქადაგებათა კრებული დღემდე ყველა ქრისტიანის სამაგიდო წიგნია და წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), რომლის ქადაგებით მოინათლა 18 ათასი აფხაზი, რის გამოც მას აფხაზეთის მეორე მოციქული ეწოდა სვიმონ კანანელის შემდეგ.

დღეს ისე, როგორც არასდროს, ღმრთისგანდგომილების ამ ულმობელ ხანაში, როდესაც ადამიანებს ყველა ღირებულება დაემსხვრათ, საჭიროა მათი სულიერი ნუგეშინისცემა, საჭიროა მისვლა ყოველ ქალაქსა თუ სოფელში, ყოველ ქუჩაზე, ყოველ ოჯახში და ჟამთა ძნელბედობისას მიმოფანტული სულიერი სამწყსოს შეგროვება და ტაძრად მოყვანა. დღეს თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება – პირველი საუკუნეების მსგავსად აუცილებელი ხდება ეკლესიის ხელახალი აშენება და უმარტივესი საღმრთო ჭეშმარიტებების თითოეულ ადამიანთან მიტანა, მიუხედავად მისი ასაკისა, პროფესიისა თუ სოციალური წარმოშობისა. დღევანდელი მქადაგებლის დანიშნულება კარგად ჩანს უფლის სიტყვებში, რომელიც მან წინასწარმეტყველ ეზეკიელს უბრძანა:

“როცა მართალი თავისი სიმართლისაგან მიიქცევა და უკეთურებას ჩაიდენს,… თუ შენ არ გააფრთხილებ მას, თავის ცოდვაში მოკვდება და მის სისხლს შენ მოგკითხავ. თუ შენ გააფრთხილებ… და ისიც არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გააფრთხილებ. შენ კი გადარჩენილი გყავს შენი თავი… გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს” (ეზეკიელი 3. 20,21,27). მაგრამ იმისათვის, რომ გამგონემ გაიგოს, მქადაგებელმა ჭეშმარიტება მსმენელთათვის გასაგებ ენაზე, მათთვის გასაგები პირობითი ნიშნებით უნდა გამოთქვას. ამის საუკეთესო მაგალითია ისევ მოციქული პავლე, რომელმაც არეოპაგში ქადაგებისას თავისი აზრი ბერძნებისათვის რომ უფრო ნათელი გაეხადა, ელინი პოეტის არატ კილიკიელის სიტყვები მოიშველია (საქმე 17.28).

ამიტომ ჩემს, როგორც მომავალი მღვდელმთავრის, უმაღლეს მოწოდებას ვხედავ პავლე მოციქულის სიტყვებში:

“თავისუფალი ვიყავ ყოველთაგან, და ყოველთა თავი ჩემი დავამონე, რაითა უმრავლესნი შევიძინნე. ვიქმენ ჰურიათა თანა ვითარცა ჰურია, რათა ჰურიანი შევიძინნე, სჯულისა ქვეშმყოფთა თანა, ვითარცა სჯულისა ქვეშე მყოფი,… უსჯულოთა თანა ვითარცა უსჯულო, არა უსჯულო ვიყავ ღმრთისა, არამედ სჯულიერი ქრისტესი, რათა უსჯულონი შევიძინნე, ყოველთა ვექმენ ყოვლად, რათა ყოველნი ვაცხონნე” (1 კორინთელთა 9.19-23).

ამასთან ყოველთვის ვეცდები, ჩემი სიტყვები პირადი კეთილკრძალული ცხოვრებით დავადასტურო. განსაკუთრებით ვთხოვ ღმერთს, მომცეს ნიჭი თავმდაბლობისა.

როდესაც იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს მოუწოდა, მათ თავიანთი ნავები მიატოვეს ყველაზე იღბლიანი თევზაობისას – როდესაც მათი ბადეები თევზისაგან “განსქდებოდა” (ლუკა 5,6-7), და არა ხელმოცარულობის ჟამს. თევზი, რომელიც უფალმა მათ მიანიჭა, იყო დიდი სიმდიდრე ღარიბი მეთევზეებისათვის და მათი ოჯახებისათვის, მაგრამ მათ მადლიერების ნიშნად უყოყმანოდ დატოვეს ყოველივე და შეუდგენ უფალს.

დღეს, როდესაც ვდგავარ ამ დიდ გზაჯვარედინზე და ვიხსენებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, რომელიც იყო ბედნიერი, ვფიქრობ, რითი გადავუხადო უფალს მადლობა.

“რა მივადო უფალსა ყოვლისავესთვის, რომელი მომაგო მე?” (ფსალმუნნი 115,4-6).

გმადლობთ თქვენ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო, ამ დიდი ნდობისა და დიდი სიყვარულისათვის, რომელიც ჩემს სულიერ წინსვლას განაპირობებდა. ვმადლობ წმიდა სინოდის მღვდელ¬მთავრებს სულიერი თანადგომისა და გამხნევებისათვის, ვმადლობ ჩემს სულიერ ძმებსა და დებს და ყველას, ვინც დამეხმარა ამ მძიმე და საპატიო ჯვრის ტვირთვაში.

ღმრთისა და თითოეული თქვენგანის წინაშე მინდა დავდო საზეიმო აღთქმა: ვეცდები მთელი ჩემი გულითა და გონებით, სულითა და ძალით – მთელი ჩემი არსებით, დავიცვა დედა-ეკლესიის ღირსება და მოვემსახურო ჩემს ხალხს და მინდა დიდი მოწიწებით გავიმეო¬რო რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერის სიტყვები:

“არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელქმნილ-ვართ, ვინათგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება.”

და, ბოლოს, მინდა დავამთავრო ისევ ლოცვით, მინდა შევთხოვო წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს, რომელმაც თავისი მფარველობის ქვეშ მიმიღო, დამიცვას და განმაძლიეროს სამღვდელმთავრო მსახურების გზაზე:

“კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის”, ამინ.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიულოცა მეუფე ნიკოლოზს ეპისკოპოსის ხარისხში ამაღლება და უსურვა წარმატება სულიერი ცხოვრების დიად და რთულ გზაზე.

1996 წლის თებერვლიდან 1998 წლის ნოემბრამდე მეუფე ნიკოლოზი იყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველი, 1998 წლის ნოემბრიდან 1999 წლის ნოემბრამდე – ახალციხის, 1999-2001 წლებში – ბოდბის, 2001-2002 წლებში – ცაგერისა და ქვემო სვანეთის, 2002 წლის 17 ოქტომბრიდან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველია. 2000 წლის 8 ნოემბერს ეპისკოპოს ნიკოლოზს ეკლესიაში ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისათვის მიენიჭა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წლის ივლისში – მიტროპოლიტის წოდება. 2007 წლის 24 დეკემბერს მიტროპოლიტი ნიკოლოზი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით.

მეუფე ნიკოლოზს ურთულეს ეპარქიაში უხდება მოღვაწეობა. ისტორიულ ჯავახეთში ქართული მოსახლეობა მცირეა, მძლავრობს მონოფიზიტური სომხობა… ეპარქიაში მოქმედია: 1. სოფელ ბარალეთის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2. ნინოწმინდის ხარების სახელობის დედათა მონასტერი, 3. სოფელ საღამოს წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი, 4. ახალციხის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული ამაღლების დედათა მონასტერი.
მეუფე ნიკოლოზს ეკუთვნის შემდეგი ნაშრომები:

ა) “რწმენა და ურწმუნოება”, პ. ფაჩუაშვილი, თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი, თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის შრომები II, საქართველოს საპატრიარქო, 1990 წ.

ბ) “წესი ქრისტიანის ცხოვრებისა”, “ბედნიერი ოჯახი”, დეკანოზი პავლე ფაჩუაშვილი, საქართველოს საეკლესიო კალენდარი, 1994 წ.

გ) “წესი ქრისტიანის ცხოვრებისა”, “დიდაქე”, ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი, გამომცემლობა “კანდელი”, 1997 წ.

დ) “ნუ მოკლავ ჯაფარას”, ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი, გაზეთი “ლიტერატურული საქართველო”, 1997 წ.

ე) “წარვედით და მოიმოწაფენით”, კონფესიათაშორისი ეთიკის არსი და მისი დარღვევის მაგალითები ჩვენს ირგვლივ, ახალციხელი ეპისკოპოსი ნიკოლოზი;

ვ) “წმინდა პატრიკისა და წმინდა გრიგოლ ტურელის კვალდაკვალ, მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი”, თარგმნა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი), 2002 წ. 

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წიგნიდან: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)