საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმიდა იოანე სინელი – კლემაქსი, ანუ კიბე (XXVI – XXX თავები)

pdf

 


წიგნის შესავალი


ნაწილი I

ნაწილი II
(XXVI – XXX თავები) 

 თავი ოცდამეექვსე

მისივე, ნეტარი იოანეს თქმული დიაკრისისათვის, ანუ ცოდნისა და აზრთა, ვნებათა და სათნოებათა განსჯისათვის

1. დამწყებ მონაზონთათვის განსჯა და ცოდნა საკუთარი შესაძლებლობებისა და მოღვაწეობის სწორად შეფასებაში მდგომარეობს, საშუალოდ წარმატებულთათვის – გონიერების მოპოვებაში, რათა ჭეშმარიტ სიკეთეს, ბუნებრივ სიკეთესა და უკეთურებას სწორად განასხვავებდნენ; სრულყოფილთა გონებაში კი ღმერთი ნერგავს საღმრთო ბრწყინვალებით მოვლენილ ცოდნის ნათელს, რომელსაც თავისი ნათლით სხვათა სიბნელის განათლებაც შეუძლია. განსჯა ყველასთვის, დამწყები იქნება ეს, საშუალო თუ სრულყოფილი, ღვთის ნების სწორად წვდომას ნიშნავს, რათა ყოველთვის, ყოველგან და ყოველ საქმეში იცოდნენ, თუ როგორია ღვთის ნება, რასაც გულით, ხორცითა და პირით განწმენდილი ადამიანები ფლობენ.

2. ვინც სამ ვნებას სძლევს, მას ხუთიც დაძლეული ექნება;1 ხოლო ვინც ამ სამს ყურადღებას არ აქცევს, ის ხუთიდან ვერც ერთ ვნებას ვერ დაამარცხებს.

3. განსჯა შეურყვნელი, წმინდა ფიქრია და სინდისის მორჩილებაა. სინდისი სიკეთისა და ბოროტების მცნობელი გონებაა, რომელიც ღმერთმა ბოროტების სამხელად დანერგა ადამიანში.

4. არავინ ჩავარდეს ურწმუნოებაში უცოდინარობის გამო, რაჟამს ზებუნებრივ რამეს იხილავს ან გაიგებს. სადაც ზებუნებრივი ღმერთი მკვიდრდება, იქ საქმეთა უმეტესობაც ზებუნებრივია.

5. ეშმაკები უმთავრესად სამი მიზეზით გვებრძვიან. ესენია: დაუდევრობა, ამპარტავნება და ეშმაკთა შური. საცოდავია პირველი, უბადრუკი – მეორე, ხოლო სამგზის სანატრელი – მესამე.

6. ნებისმიერ რამეში მრჩევლად და წესად ღვთის შემდგომ სინდისი გვყავდეს, რათა ვიცოდეთ, თუ საიდან უბერავს ქარი და ჩვენც მის მიხედვით აღვმართოთ აფრები.

7. ყოველი საღმრთო საქმის აღსრულების დროს ეშმაკები სამ ორმოს გვიმზადებენ: თავდაპირველად გვებრძვიან, რომ კეთილ საქმეში დაგვაბრკოლონ; როცა ამ მხრივ მარცხს განიცდიან, შემდეგ ცდილობენ, საქმე  ღვთის სათნოდ არ აღსრულდეს; თუ მტრები ამაშიც დამარცხდებიან, მაშინ ფარულად გვესხმიან თავს და საქმის ღვთის სათნოდ აღსრულებისა გამო ქებას გვიწყებენ.  პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილზე ფიქრია, მეორისა – მორჩილება და შეურაცხყოფა, მესამისა – საკუთარი თავის მუდმივი დადანაშაულება.

8. „ესე არს შრომა ჩემ წინაშე”, ვიდრემდის შევიდეს სიწმიდესა ჩვენსა ღვთიური ცეცხლი (შდრ. ფსალმ. 72. 16); მაშინ ვეღარ გვძლევს ძველი ჩვეულებები, „რამეთუ ღმერთი ჩუენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12. 29) ყოველგვარი ბოროტი განხურვებისა, სიბნელისა, ხორცთა აღძვრისა და ჩვეულებათა, შინაგანი იქნება ეს, თუ გარეგანი, ხილული თუ უხილავი.

9. ეშმაკები ყოველთვის იმის საწინააღმდეგოდ იქცევიან, რაზეც ვილაპარაკეთ. როცა ისინი სულს დაეუფლებიან  და გონების ნათელს დააბნელებენ, მაშინ ჩვენ, საცოდავებს, აღარც სიფრთხილე გვექნება, აღარც განსჯის უნარი, არც გონიერება, არც სირცხვილი, არამედ ვიქნებით ულმობელნი, უგუნურნი, განუსჯელნი და ბრმანი. ნათქვამი კარგად ესმით მათ, რომლებიც სიძვისგან მოქცეულან, კადნიერება განუგდიათ და უწესობიდან კვლავ გონივრულ საქციელს შედგომიან. მას შემდეგ, რაც გონებრივი სიბრმავისგან ფხიზლდებიან და სიბნელეს შორდებიან, ასეთებს საკუთარი თავისაც კი რცხვენიათ იმ აზრთა, სატყვათა თუ საქმეთა გამო, რასაც ამბობდნენ და აკეთებდნენ სიბნელეში ყოფნის ჟამს.

10. თუ თავდაპირველად არ დაღამდა და არ დაბნელდა,2 სულიერი დღის ჟამს ქურდები ვერც მოიპარავენ, ვერც მოკლავენ და ვერც წარწყმედენ.

11. სულის მოპარვა ბუნებრივად არსებული სიკეთის დაღუპვაა.

12. სულის მოპარვაა ის, როცა ადამიანი ბოროტ, უკეთურ საქმეს აკეთებს და სიკეთეს სჩადის, ჰგონია.

13. სულის მოპარვა შეუმჩნევლი სულიერი ტყვეობაა.

14. სულის მკვლელობა მეტყველი გონების სიკვდილია, როცა ბოროტებაში ეფლობიან.

15. სულის წარწყმედა არის იმედის სრული წარკვეთა უსჯულოების ჩადენის შემდგომ.

16. სახარების მცნებების შეუსრულებლობის მიზეზად უძლურება არავინ დაასახელოს, რადგან, ძმანო, ბევრია ისეთი, ვინც მცნებაზე მეტიც აღასრულა. ამაში ის დაგარწმუნებს, ვინც მოყვასი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა, სული თვისი მოყვასისთვის დადო, და არათუ უფლის მცნება, არამედ მცნებაზე მეტიც აღასრულა.3

17. დამშვიდდნენ და გამხნევდნენ ვნებაში მყოფნი, რომელთაც მხოლოდ თავმდაბლობა აქვთ. რანაირ ორმოშიც უნდა ჩავარდნენ, რა მახეშიც უნდა გაებნენ, როგორი სნეულებითაც უნდა დაუძლურდნენ, განკურნების შემდგომ ისინი ყველას მნათობნი, მკურნალნი, სანთელნი და წინამძღვარნი გახდებიან, რადგან სნეულებათა შესახებ სხვებს დამოძღვრავენ და საკუთარი გამოცდილებით იხნიან დასაცემად გამზადებულებს.

18. თუ ვინმეს ძველი ჩვეულება სძლევს და სხვათა სიტყვით დარიგება შეუძლია, დაე, ასწავლოს. იქნებ, საკუთარი სიტყვებისა შერცხვეს და საქმითაც სიკეთე აკეთოს; მაგრამ წინამღძვრობა არ დაიწყოს, მხოლოდ სიტყვით ასწავლოს, თუ შეუძლია. იქნებ, მასაც იგივე დაემართოს, რაც მწვირეში ყელამდე ჩაფლულებთან მინახავს, რომლებიც ყოველ გამვლელ-გამომვლელს ასწავლიდნენ, თუ როგორ ჩაცვივდნენ სიბინძურეში და ევედრებოდნენ, ამ გზით არ წასულიყვნენ და იმავე ორმოში არ ჩაცვენილიყვნენ.

19. და რადგან სხვათა ხსნაზე ზრუნავდნენ, ყოვლადძლიერმა ისინიც იხსნა თიხისგან. თუ ვნებებით შეპყრობილნი კვლავ საკუთარი ნებით მიეცემიან გულისთქმას, მაშინ დუმილით ასწავლონ სხვებს, რადგან დაწერილია: “იწყო იესო ყოფად და სწავლად” (საქმე 1. 1).

20. მონაზვნებო, მართლაც რომ სასტიკი და მშფოთვარე ზღვის გადაცურვა გვეგულება, სადაც ხშირია ქარი, გრიგალი და მოქცევა, სადაც ბევრია კლდე, მხეცი, ავაზაკი, სიფონი (ქარბორბალა – რედ.) და საშინელი ღელვა.

21. სულიერ გრიგალში ძლიერი და სწრაფი გულისწყრომა ვიგულისხმოთ, ზღვის მოქცევაში – სასოწარკვეთილება, რომელიც გონებას გარს ეხვევა და უფსკრულში დანთქმას უპირებს; კლდედ უგუნურება მივიჩნიოთ, რომელიც ბოროტებას ისე შეიტკბობს, როგორც სიკეთეს; მხეცად ტლანქი და ველური ხორცი მივიჩნიოთ, ავაზაკად – პატივმოყვარეობის ბოროტი ეშმაკნი, რომელნიც სათნოებათა ტვირთსა და ნაშრომს გვტაცებენ; ზღვის ღელვაში გამძვინვარებულსა და სავსე მუცელს ვგულისხმობთ, რომელიც თავისი გაუმაძღრობით მხეცთა საკბილოდ გვხდის. სიფონი4 კი ზეციდან გამოძევებული ამპარტავნებაა, რომელსაც ცამდე ავყავართ და უფსკრულში დაგვნთქავს.

22. ვინც წმიდა წერილს სწავლობს, მან იცის, თუ რომელი სწავლება შეეფერება დამწყებთ, რომელი – საშუალოდ წარმატებულებს და რომელი – მოძღვრებს.5

23. ყურადღებით ვიყოთ! ვაითუ, დიდიხნის სწავლის შემდგომაც ჯერ კიდევ ანბანს ვსწავლობთ. სირცხვილია, ანბანს სწავლობდეს სწავლაში დაბერებული კაცი.
მონაზონთა ანბანი არის: მორჩილება, მარხვა, მღვიძარება, ძაძით შემოსვა, ნაცარში ჯდომა, ტირილი, აღსარება, დუმილი, სიმდაბლე, მხნეობა, ყინვისა და სიცივის დათმენა, შრომა, უბადრუკება, შეურაცხყოფა, გულშემუსვრილება, სხვისი ძვირის მოუხსენებლობა, ძმათა სიყვარული, სიკეთე, უბრალო სარწმუნოება, ამა სოფელზე ჭეშმარიტი უზრუნველობა, უმანკო სიძულვილი მშობელთა, ამსოფლიურ საქმეთაგან განდგომა, უმანკოება და ნებაყოფლობითი უპოვარება.

24. მონაზვნობაში საშუალოდ წარმატებულთ მართებთ: სიამაყის უგულებელყოფა, ურისხველობა, დიდი სასოება, დაყუდება, განსჯა, სასჯელსა და სიკვდილზე მუდმივი ფიქრი, მოწყალება, უცხოთმოყვარება, ზომიერი სწავლა, ვნებებს მოკლებული ლოცვა, ქონების სიძულვილი.

25. სრულყოფილ ღვთისმოშიშ სულთა საზომი და წესი ასეთია: დაუტყვევებელი გული, სრულყოფილი სიყვარული, სიმდაბლის წყარო, გონებით უფალთან ყოფნა, სულში ქრისტეს დამკვიდრება, ლოცვის ნათლის განუძარცველობა, ღვთიური ბრწყინვალების სიმრავლე, სიკვდილის წადილი, ამა ცხოვრების სიძულვილი, ხორცისგან ლტოლვა, ამა ქვეყნის მეოხი და მისთვის ღვთის მოწყალების ძალით გამომთხოვნელი, ანგელოზთა თანამკვიდრი, გონიერების უფსკრული, საიდუმლოთა ტაძარი, ენითუთქმელთა მხილველი, კაცთა მხსნელი, ეშმაკთა ღმერთი, ვნებათა უფალი, ხორცთა მეუფე, გონების მბრძანებელი, ცოდვისთვის უცხო, უვნებობის სახლი, მსგავსი მეუფისა მეუფისავე შეწევნით.

26. დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, როცა ხორციელ უძლურებაში ვიმყოფებით; რადგან რაჟამს ეშმაკნი ხედავენ, რომ დავრდომილნი ვწევართ სარეცელზე და უძლურების გამო მათ ვეღარ ვებრძვით, უფრო გამძაფრებით გვიტევენ.

27. ავადმყოფობის ჟამს ერისკაცებს მრისხანების, ხშირად კი, გმობის ეშმაკი ებრძვის; ერიდან გამოსულთ, თუ საამისოდ რამე აქვთ, ნაყროვანებისა და სიძვის ეშმაკი ებრძვის; ხოლო უკაცრიელი და მკაცრი სამოღვაწეო ადგილის მკვიდრთ მოწყენილობისა და უმადურობის ბოროტი სტანჯავს.

28. განვიზრახე, სიძვის ეშმაკს დავკვირვებოდი და ვიხილე, რომ ის ტკივილსა და ტანჯვას უმძაფრებდა ავადმყოფებს. რაჟამს ისინი ტანჯვასა და ტკივილში იყვნენ, ხორცთა აღძვრასა და დენას შეამთხვევდა. საკვირველი იყო, რომ საშინელი ტანჯვა-ტკივილის დროს ბორგავდა და მძლავრობდა ხორცი. ვნახე სხვა სნეულებიც, რომლებიც სარეცელზე ღვთის ძალითა და ლმობიერებით იყვნენ ნუგეშცემულნი, ტკივილს აღარ განიცდიდნენ და როგორც ჩანდა, ავადმყოფობისგან გათავისუფლებაც კი აღარ ეწადათ. ვნახე სხვებიც, სნეულების წყალობით, ღვთის ამ ეპიტიმიით, რომ გათავისუფლდნენ სულიერი სენისა და ბოროტი ვნებისგან, და ვადიდე ღმერთი, რომელმაც ხორცით ხორცი განწმინდა სულთან ერთად.

29. გონიერ გონებას ცნობიერებაც გონივრული ჰმოსავს. ყოველთვის მის ძიებაში უნდა ვიყოთ, გვაქვს თუ არ გვაქვს ის. როცა იგი გამოჩნდება, მაშინ გარეშე გარემოებები აღარ იმოქმედებენ ჩვენზე. ამაზე ამბობდა ბრძენი: „მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო” (იგავნი 2. 5).

30. მონაზვნის ცხოვრებაში ყოველი საქმე, სიტყვა, ფიქრი და მოქმედება გონივრული უნდა იყოს. თუ ასე არ არის, მაშინ მისი ცხოვრება სამონაზვნო არ ყოფილა, მით უმეტეს, არც ანგელოზთა დარი.

31. სხვაა ღვთის განგებულება, სხვა – სულიერი შეწევნა, სხვა – მფარველობა, სხვაა ღვთის წყალობა და სხვა – ნუგეში; პირველი ყველა ქმნილებაზე ვრცელდება, მეორე – ყველა მორწმუნეზე, მესამე – ერთგულ და ჭეშმარიტ მორწმუნეებზე, მეოთხე – მათზე, რომელნიც მონასავით შრომობენ, ხოლო მეხუთე ღვთის მოყვარულთ ეფინება.

32. ხშირად წამალი, რომელიც ერთს კურნავს, მეორეს ჰკლავს. ხშირად ერთი და იგივე წამალი ერთსა და იმავე კაცს რგებს, როცა დროულად იღებს, და ჰკლავს, როცა უდროოდ ღებულობს.

33. მინახავს უგუნური მკურნალი, რომელსაც ისედაც შეწუხებული ავადმყოფი უჯერო ყვედრებითა და შეურაცხყოფით შეუწუხებია და სასოწარკვეთილების გარდა, მისთვის არაფერი მოუტანია. მინახავს დახელოვნებული მკურნალიც, რომელსაც ამპარტავნებით გასიებული გული შეურაცხყოფითა და ყვედრებით განუპია და იგი მთელი სნეულებისა და სიმყრალისგან გაუთავისუფლებია.

34. მინახავს ავადმყოფი, ვნებათა ჭუჭყისგან განწმენდის მიზნით ზოგჯერ მორჩილების წამალს რომ სვამდა, ბოლთას სცემდა და არ იძინებდა; ზოგჯერ კი, როცა მისი სულიერი თვალი დასნეულებულა, დაყუდებულა და არაფერს ამბობდა. “რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ”.

35. რადგან სიამაყით ღვთიური ნიჭის ძიება არ მისწავლია, ხოლო საკუთარი გონებით ვერ ვხვდები, არ ვიცი, როგორ ხდება, რომ ზოგიერთს მარხვის, დაყუდების, ხორციელი სიწმინდის, მოკრძალების, სიმშვიდისა და ლმობიერების ბუნებრივი მიდრეკილება აქვს.

36. არიან ისეთებიც, რომელთა ბუნებაც, პირიქით, აღნიშნულ საქმეებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს უკანასკნელნი შეძლებისდაგვარად აიძულებენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მარცხდებიან, პირველებზე მეტად მათ ვანიჭებ უპირატესობას, როგორც საკუთარ ბუნებასთან მებრძოლთ.

37. ჰოი, ადამიანო, ნუ ამაყობ უშრომელი სიმდიდრით. ნიჭთა მომცემელმა იმთავითვე იცოდა, რამდენად ვნებული, უძლური და ადვილად დასამარცხებელი იყავი. უსასყიდლოდ იმიტომ მოგანიჭა მადლი, რომ მცირედ მაინც ეცხოვნებინე უშრომლად.

38. ბავშვობაში მიღებული აღზრდა, სწავლა და საქმიანობა სათნოების მოპოვებასა და მონაზვნურ ცხოვრებაში ან დაგვეხმარება, ან წინ აღგვიდგება.

39. მონაზონთა ნათელი ანგელოზები არიან, ხოლო კაცთა ნათელი მონაზვნები არიან. ამიტომ ყველაფერში სამაგალითო ქცევა გვმართებს, რათა არც სიტყვით, არც საქმით არავის მივცეთ დაბრკოლების მიზეზი. თუ ნათელი ბნელი იქნება, მაშინ რამდენად დაბნელდება ბნელი, ანუ ერის ადამიანები?!

40. თუ მომისმენთ და დამიჯერებთ, მაშინ იცოდეთ: სჯობს, რომ ჩვენ, უბადრუკებმა, ათასთა, ათასჯერ ათასთა და უთვალავ მტერთან სხვადასხვაგვარ ბრძოლაში არ დავხარჯოთ თავი, რადგან მათ უამრავ ხრიკსა და მზაკვრობას მაინც ვერ გამოვიცნობთ და ვერ მივაგნებთ.

41. წმიდა სამებით, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა სამგვარად აღვიჭურვოთ სამი ვნების წინააღმდეგ.6 თუ არა და, დიდ შრომას შევამთხვევთ თავს.

42. ჭეშმარიტად, თუ ჩვენთანაც მოვა ის, „რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად” (შდრ. ფსალმ. 65. 6), მაშინ ჩვენი „ისრაილიც”, ანუ ღვთისმხედველი გონებაც უსაფრთხოდ გადალახავს ვნებათა ზღვას, და ეგვიპტელებსაც, ანუ ვნებებს ცრემლთა წყალში დანთქმულს იხილავს. მაგრამ თუ ის ჩვენთან არ მოვა, მაშინ „ოხრასა ღელვათა მისთასა (ანუ ხორცს) ვინ დაუთმოს?!” (ფსალმ. 64. 8).

43. თუ ღმერთი ჩვენში საქმით „აღსდგება” – მაშინ „განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი”; თუ ჭვრეტით მივილტვით მისკენ – მაშინ გაუჩინარდნენ და “ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან” და ჩვენგან (შდრ. ფსალმ. 67. 2).

44. ძმებო, ვეცადოთ, საღმრთო საქმე შრომით, და არა ცარიელი სიტყვებით ვისწავლოთ, რადგან სიკვდილის ჟამს საქმეების, და არა სიტყვების ჩვენება მოგვიხდება.

45. როცა დამალული განძის შესახებ იგებენ, დიდი შრომის ფასად ეძიებენ   მას, და როცა პოულობენ,  ყოველნაირად ცდილობენ მის დაცვას. ვინც უშრომლად მდიდრდება, ის ადვილადაც აბნევს.

46. ძნელია ძველ ჩვეულებათა სრული აღკვეთა. ვინც მათ ახალსაც ურთავს და უმატებს, ასეთს ან ცხონების იმედი აქვს წარკვეთილი, ან მონაზვნობისგან არანაირი სარგებელი მიუღია. თუმცა, ვიცი, ღმერთს ყოველივე ძალ-უცს და შეუძლებელ არა რაჲ არს მის მიერ (შდრ. იობი 42. 2).

47. ზოგიერთმა მეტად რთული, ჩემს ცოდნას აღმატებული ისეთი კითხვა დამისვა, არც ერთ წიგნში რომ არ წამეკითხა. მკითხეს: „რას შობს რვა ზრახვა?რომელი მთავარი სამი ზრახვაა დანარჩენი ხუთის მშობელი?”8 მათ კითხვაზე საქებარი უცოდინარობით ვუპასუხე და ვთხოვე, ესწავლებინათ. ნეტარმა მამებმაც ამგვარად მასწავლეს: „სიძვის დედა ნაყროვანებაა, მოწყენილობისა – სიამაყე, დარდისა – სამივე: ნაყროვანება, ვერცხლიმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. მრისხანებაც ამ სამის ნაშიერია. ხოლო ამპარტავნების დედა პატივმოყვარეობაა”.

ნეტარ მამებს ვთხოვე: „ესეც მითხარით, რას შობს რვა ზრახვა და რომელი რომლის შვილია?” მათ, უვნებლებმა, ტკბილად მიპასუხეს და მასწავლეს: „ამ უკეთურებში არ არსებობს წესრიგი და გონიერება, არამედ სრულიად მოუწესრიგებელნი და არეულნი არიან”. ამაში ბრძენმა მამებმა ვრცელი მაგალითებით დამარწმუნეს, რომელთაგან მცირედი აქაც დავწერეთ, რათა მათი დახმარებით დანარჩენებზეც წარმოდგენა შეგვქმნოდა. მითხრეს: „უადგილო და ფუჭ სიცილს ზოგჯერ სიძვა იწვევს, ზოგჯერ – პატივმოყვარეობა (როცა ადამიანი ფიქრებში თავს იქებს) და ზოგჯერ შვება-განსვენება. ჭარბ ძილს ზოგჯერ შვება იწვევს, ზოგჯერ – მარხვა (როცა მარხული ადამიანი ამაყდება), ზოგჯერ – მოწყენილობა და ზოგჯერ – ბუნებრივი მოთხოვნილება. მრავლისმეტყველების მიზეზი ხან მოწყენილობაა, ხანაც – პატივმოყვარეობა. მოწყენილობა ხან განცხრომისგან იშვება, ხან – ღვთის უშიშრობისგან. გმობას შობს ამპარტავნება, ხშირად კი იმავე გმობის გამო მოყვასის განკითხვა. გმობას ეშმაკთა შურიც იწვევს. გულქვაობა წარმოდგება სიმაძღრისგან, ულმობლობისა და ცუდი მიდრეკილებებისგან. ცუდი მიდრეკილებები კი შედეგია ან სიძვისა, ან ვერცხლისმოყვარეობისა, ან ნაყროვანებისა, ან დიდებისმოყვარეობისა, ან სხვა მრავალთა. ცბიერებას შობს სიამაყე და მრისხანება, პირმოთნეობას – ურჩობა, თავნებობა და თავმომწონეობა. მათი მტერი მათივე მტერი მშობლებისგან იშვება. ბევრს არ ვილაპარაკებ თითოეული მათგანის შესახებ. რომ მინდოდეს კიდეც, მთელი სიცოცხლეც არ მეყოფოდა. ამიტომ მოკლედ ვიტყვი: ზემოხსენებულ ვნებებს ჭეშმარიტად ამარცხებს თავმდაბლობა, და ვინც მას მოიპოვებს, ყოველივეს სძლევს.

48. ყოველგვარი ბოროტების მშობელი ავხორცობა და სიცრუეა. ვისშიც ისინი არიან, ის უფალს ვერ იხილავს. ვერას გვარგებს პირველისგან განდგომა, სანამ მეორე ჩვენში იქნება.

49. ხელმწიფეთა და მხეცთადმი შიში იყოს ჩვენთვის ღვთის შიშის მაგალითი, ხოლო ხორციელი სიყვარული – ღვთისადმი ტრფიალებისა. არაფერი გვიშლის ხელს, სათნოებათა ნიმუშად მათივე საპირისპირო საქმეები მოვიხმოთ.

50. მთელი კაცობრიობა აღივსო საშინელი ცბიერებით, სიამაყითა და პირმოთნეობით. ხორციელად ძველი მამებივით შრომობენ, მაგრამ მათნაირი მადლის ღირსნი ვერ ხდებიან (თუმცა, ჩემი აზრით, ადამიანურ ბუნებას ისე არასდროს დასჭირვებია მადლი, როგორც ამჟამად). და სამართლიანადაც ხდება ეს! სიწრფელითა და თავმდაბლობით, და არა შრომით, მკვიდრდება ღმერთი სულში.

51. უფლის ძალას უძლურება წარმოაჩენს, თუმცა უფალი არც თავმდაბალ მუშაკთ უგულებელყოფს.

52. როცა რომელიმე მოღვაწე ხორციელ უძლურებაში აღმოჩნდება, უძლურების მიზეზის უკეთურად გამოძიებას კი არ უნდა შევუდგეთ, არამედ სიყვარულით ისე უნდა შევიტკბოთ, როგორც ჩვენივე სხეულის ნაწილი, და ისე უნდა მივიღოთ და განვუსვენოთ, როგორც ბრძოლაში დამაშვრალ მხედარს.

53. ზოგჯერ უძლურება ცოდვათა განწმენდის მიზნით შეგვემთხვევა, ზოგჯერ კი  – გონების დასამდაბლებლად.

54. რაჟამს ჩვენი კეთილი და ტკბილი უფალი და მეუფე იხილავს, ვინმე ზარმაცობს და არ იღვწის, მაშინ ხშირად ხორცს სნეულებით დაამდაბლებს, ზოგჯერ კი ვნებებისა და ბოროტი ზრახვების საშუალებით განწმენდს სულს.

55. ყოველივე, რაც შეგვემთხვევა, ხილული იქნება ეს, თუ უხილავი, შეგვიძლია მივიღოთ ან კარგად, ან უბრალოდ, ან ცუდად.

56. ვნახე გაჭირვებაში ჩავარდნილი სამი ძმა. ერთი – ბრაზობდა, მეორე – არ შეწუხებულა, ხოლო მესამეს – უხაროდა.

57. ვნახე მრავალი მუშაკის მიერ დათესილი მიწა. თითოეულმა მუშაკმა სხვადასახვა მიზნით დათესა: ერთს ვალის გადახდა ეწადა, მეორეს – სიმდიდრის მოხვეჭა, მესამეს – ძღვნით უფლის მომადლიერება, სხვას – გზად მიმავალთათვის თავისი ღვაწლის ჩვენება და მათგან ქების მიღება, სხვას – მტერს რომ შეშურებოდა და შეწუხებულიყო, სხვას – რათა უსაქმურობაში არ დაედანაშაულებინათ.

58. მუშაკთა მიერ დათესილი თესლი არის სახე მარხვისა, მღვიძარებისა, მოწყალებისა, მსახურებისა და ამის მსგავსთა; ხოლო თუ რას ვგულისხმობდი ძმათა განზრახვაში, თავად გამოიკვლიეთ.

59. რამდენადაც ჭიდან წყლის ამოღებისას ხშირად ბაყაყიც ამოგვიყვანია, იმდენად სათნოებების აღსრულებისას ამ უკანასკნელთ მრავალგზის ფარულად ვნებებიც ერევა. ვიცოდეთ: უცხოთა შეწყნარებას ხშირად თან ერთვის ნაყროვანება, სიყვარულს – სიძვა, ცოდნას – მზაკვრობა, სიბრძნეს – ცბიერება, სიმშვიდეს – სიზარმაცე, მცონარება და ურჩობა, დუმილს – სიამაყე, სიხარულს – ქედმაღლობა, სასოებას – უყურადღებობა, დაყუდებას – მოწყენილობა და სიზარმაცე, უმანკოების დაცვას – სიმკაცრე, თავმდაბლობას – კადნიერება; ხოლო ყოველივე ამათ ბორკილივით ადევს ამპარტავნება.

60. საყვარელნო, ნუ დავმწუხრდებით, თუ ღმერთს რამეს ვთხოვთ და გარკვეული ხნის განმავლობაში არ გვისრულებს. უფლის სურვილი ის არის, რომ ყოველი ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვნებებისგან. როცა ღვთისგან რამეს ითხოვენ და მაშინვე ვერ ღებულობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ იმ დროს უღირსად ან სიამაყით ითხოვენ, და მათი თხოვნა მაშინვე რომ დაეკმაყოფილებინა, გაამაყდებოდნენ, ან გაზარმაცდებოდნენ.

61. ყველამ იცის, რომ ეშმაკები და ვნებები გარკვეული ხნით ან სამუდამოდ გვშორდებიან, მაგრამ ცოტამ იცის, თუ რატომ გვშორდებიან ისინი.

ზოგიერთს, არა მარტო მორწმუნეს, არამედ ურწმუნოსაც, ერთის გარდა, ყველა ვნება განეშორება. ეშმაკები ამ ერთს ტოვებენ, როგორც ყოველგვარი ბოროტების  წინამძღვარსა და დანარჩენ ვნებათა ადგილის შემავსებელს. ეს უკანასკნელი იმდენად უკეთურია, რომ ანგელოზებიც კი ეშმაკებად უქცევია.

62. ღვთიური ცეცხლით დამწვარი ვნებათა საგანი აღიხოცება და სულიდან გაუჩინარდება.

63. ზოგჯერ ეშმაკები თავისით ტოვებენ ადამიანს, რათა როცა ეს უკანასკნელი უზრუნველობას მიეცემა, უეცრად დაესხნენ თავს, დაატყვევონ, ვნებებში დანთქან და შემდეგ თავად დაუწყოს საკუთარ თავს ბრძოლა.

64. ეშმაკთა განშორების სხვა შემთხვევაცაა ჩემთვის ცნობილი: ეს ხდება მაშინ, როცა სული ვნებებს ეჩვევა. ნათქვამის მაგალითად გამოდგებოდა ჩვილი ბავშვები, რომლებიც ისე ეჩვევიან ძუძუს წოვას, რომ შემდგომში თუნდაც ძუძუს მოსწყვიტონ, თითს მაინც წოვენ.

65. ვიცი მეხუთე შემთხვევაც, როცა ეშმაკები და ვნებები სულს განეშორებიან, რაც მაშინ ხდება, როცა სულში დიდი სიწრფელე, უმანკოება და სიკეთეა. ასეთებს მართლაც რომ სამართლიანად შეეწევა ღმერთი, „რომელმან განარინნის წრფელნი გულითა” (ფსალმ. 7. 11). ღმერთი ისევე შეუმჩნევლად განარიდებს მათ ბოროტებას, როგორც ჩვილ ბავშვებს მათდა შეუმჩნევლად ხდიან ხოლმე ტანსაცმელს.

66. ბოროტი ვნებები ჩვენთვის ბუნებრივად დამახასიათებელი არ არის, რადგან ღმერთმა ვნებები კი არა, სათნოებები დაბადა ჩვენში. მაგალითად: მოწყალება ბუნებრივად გვაქვს მომადლებული. ამიტომ წარმართებიც იჩენენ მოწყალებას ადამიანების მიმართ. ბუნებრივია სიყვარულიც, რადგან პირუტყვებიც კი განიცდიან ერთმანეთისგან განშორებას. რწმენაც ბუნებრივია, რადგან რწმენას ჩვენგანვე ვიღებთ და ჩვენსავე სულში ვშობთ. იმედიც ბუნებრივია. ამიტომ ვიღებთ ნათელს სასოებით, ხორციელად გამდიდრების იმედით ვთესავთ, ვასესხებთ და ზღვაში ვმოგზაურობთ. რადგან ასეა და სიყვარული ბუნებრივად ყოფილა ჩვენში (სწორედ ესაა საკვირველი და სწორედ ეს არის სჯულისა და წინასწარმეტყველთა აღსრულება), მაშინ არც სათნოებები ყოფილა შორს ჩვენი ბუნებიდან, და დაე, ყველას რცხვენოდეს, ვინც ამბობს, რომ სათნოებათა აღსრულება შეუძლებელია.

67. ბუნებრივად არ გვახასიათებს: სრულყოფილი უმანკოება, ურისხველობა, თავმდაბლობა, ლოცვა, მღვიძარება, მარხვა და მუდმივი გლოვა-ტირილი. ზოგიერთ მათგანს იძლევიან და გვასწავლიან ან ადამიანები, ან ანგელოზები, ან თავად სიტყვა ღვთისა.

68. მოწეულ ორ ბოროტებას შორის უფრო ნაკლების არჩევა გვმართებს. მაგალითად, თუ ლოცვაზე ვდგავართ და ამ დროს ძმა გვესტუმრება, ორი არჩევანი გვაქვს: ან ლოცვა მივატოვოთ, ან არ მივიღოთ ძმა და გავანაწყენოთ. ასეთ დროს უნდა ვიცოდეთ, რომ ლოცვაზე მეტი და აღმატებული სიყვარულია. თავისთავად ლოცვა ერთი სათნოებაა, სიყვარული კი ყველა სათნოებას მოიცავს.

69. ერთხელ ჩემს ახალგაზრდობაში ერთ ქალაქში ჩავედი. როცა სუფრას მივუჯექი, ნაყროვანებისა და სიამაყის აზრები გარს მომადგნენ. რადგან ნაყროვანების ნაშიერმა, სიძვამ, შემაძრწუნა, სიამაყით დამარცხება ვამჯობინე.

70. ერისკაცებში ყოველგვარი ბოროტების საფუძველს ვერცხლისმოყვარეობა წარმოადგენს, ხოლო მონაზვნებში – ნაყროვანება.

71. ხშირად ღმერთი თავისი განგებულებით სულიერ ადამიანებს პატარა ვნებებს უტოვებს, რათა უბრალო რამისთვის საკუთარი თავი გაკიცხონ და სანატრელი თავმდაბლობის წაურთმეველი სიმდიდრე მოიპოვონ.

72. დამწყებნი მორჩილების გარეშე თავმდაბლობას ვერ მოიპოვებენ, რადგან ყოველი თვითნასწავლი ხელოვანი უთუოდ ამაყდება.

73. როგორც მამები ამბობენ, ყოველგვარი სათნოება ორ სათნოებაში ერთიანდება – მარხვასა და მორჩილებაში. პირველი გულისთქმებს ანადგურებს, მეორე – თავმდაბლობის საშუალებით სამუდამოდ იცავს ადამიანს ვნებებისგან. აი, ამიტომ გლოვა ორმხრივია: ცოდვას აღხოცავს და თავმდაბლობას შობს.

74. ღვთისმოშიშები ამგვარად იქცევიან: ყველას აძლევენ, ვინც სთხოვს. მათზე დიდია ის, ვინც იმასაც აძლევს, ვინც არ თხოულობს. ხოლო სრულყოფილია ის, ვინც წართმეულს უკან არ ითხოვს და პირიქით, აძლევს კიდეც.

75. ყოველგვარ ვნებასა და სათნოებაში გამოვცადოთ თავი და დავაკვირდეთ, სად ვიმყოფებით: დასაწყისში, შუაში თუ ბოლოში.

76. სამი მიზეზით გვებრძვიან ეშმაკები. ესენია: ავხორცობა, ამპარტავნება და ეშმაკთა შური. სანატრელია უკანასკნელი, სრულიად უბადრუკი – მეორე, ხოლო უვარგისი – პირველი.

77. არსებობს ჭირის დამთმენელი ზრახვა და აზროვნება, რომელიც, თუ კაცში დამკვიდრდა, აღარც შიში ექნება და აღარც მოღვაწეობასა და ხორციელ განსაცდელს შეაქცევს ზურგს.

78. ამ სანატრელი აზრით იყვნენ შეპყრობილნი მოწამეთა სულები და ამიტომ დაითმინეს ადვილად ტანჯვა.

79. სხვაა აზრების დაცვა და სხვა – გონებისა.9 „ვითარცა განშორებულ არს აღმოსავალი დასავალსა”, იმდენად მეორე აღემატება პირველს, მიუხედავად მეტი სირთულისა.

80. სხვაა აზრების წინააღმდეგ ლოცვა, სხვა – მათთან კამათი და სხვა – მათი უგულებელყოფა. პირველის მაგალითია ის, ვინაც თქვა: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ” (ფსალმ. 69. 2), მეორისა – შემდეგი სიტყვების მთქმელი: „მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაჲ” საწინააღმდეგო (ფსალმ. 118. 42), და ასევე: „მტერნი ჩუენნი მეკიცხევდეს ჩუენ” (ფსალმ. 79. 7); მესამის მაგალითია სიტყვები: „დავყრუვდი, და არა აღვაღე პირი ჩემი” (ფსალმ. 38. 10), „დავსდევ საცოჲ პირსა ჩემსა, მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა” (ფსალმ. 38. 2), ასევე: „ამპარტავანნი უსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე” გონებით შენი ჭვრეტისგან არ მივდრეკილვარ (ფსალმ. 118. 51). მათგან მეორე დახმარებისთვის ხშირად მიმართავს პირველს, როცა ზრახვებთან საკამათოდ მოუმზადებელია; პირველს მეორის მსგავსად მოქმედება არ შეუძლია; მესამე კი სრულიად უგულებელყოფს ეშმაკებს.

81. ბუნების კანონზომიერების მიხედვით, შეუძლებელია, უსხეულო სხეულით შემოისაზღვროს, რათა საზღვარს ვერ გასცდეს; მაგრამ ვინც საკუთარ თავში ღმერთს მოიპოვებს, მისთვის ყველაფერი იქნება შესაძლებელი.

82. როგორც საღი ყნოსვის მქონე ადამიანი გრძნობს სუნს, როცა ვინმეს დამალული აქვს ნელსაცხებელი, ისევე წმინდა სულის ადამინიც გრძნობს სხვებში იმ ფარულ სურნელებას, რომელიც თავად მასაც ღვთისგან აქვს მიღებული, და იმ სიმყრალეს, რომლისგანაც თავად გათავისუფლებულა.

83. შეუძლებელია, ყველამ მიაღწიოს უვნებობას, მაგრამ ცხონება და ღვთის სათნოყოფა ყველას შეუძლია.

84. არ დაგეუფლონ უცხოტომელები, ანუ აზრები, რომლებსაც ადამიანებზე მოწეული ღვთის მიუწვდომელი განგებულებისა და ხილვების გამოკვლევა სწადიათ, და ფარულად ჩაგაგონებენ, თითქოს ღმერთმა მიკერძოება იცის. ასეთი აზრები ამპარტავნების ნაშობია.

85. ზოგჯერ ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი თავმდაბლობას იჩემებს, ხოლო ამპარტავნებისა – მოწყალების გაცემას ჩაგვაგონებს. ასევე იქცევა ავხორცობის ეშმაკიც. როცა ბოლო ორი ვნებისგან განვიწმინდებით, მაშინ გავცეთ მოწყალება ყველგან.

86. მითხრეს, რომ არსებობენ ეშმაკები, რომლებიც სხვა ეშმაკებს ეწინააღმდეგებიან. როგორც მე დავრწმუნდი, ყველა ისინი ჩვენს წარწყმედას ლამობენ.

87. ყოველგვარი ხილული თუ უხილავი სულიერი საქმის წინამძღვარი  ღვთის შეწევნით მოვლენილი კეთილი აზრი და სურვილია. არ აღსრულდებოდა სათნოებები, ეს უკანაკნელნი წინ რომ არ უძღოდნენ მათ.

88. როგორც ბრძენი სოლომონი ამბობს: „ყოველსავე საქმესა, რომელ არს ცასა ქუეშე, ჟამი უჩნს” (ეკლესიასტე 3. 1). აღნიშნულში ჩვენი საღმრთო ცხოვრების საქმეები მოიაზრება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი საქმე თავის დროზე უნდა ვაკეთოთ. ცნობილია, რომ მოღვაწეებისთვის არის ჟამი უვნებობისა, და არის ჟამი ვნებების გამარჯვებისა მათი უმწიფარობის გამო.

არის ჟამი ტირილისა და ჟამი გულქვაობისა, არის ჟამი მორჩილებისა და ჟამი – წინამძღვრობისა, არის ჟამი მარხვისა და ჟამი – ჭამისა, არის ჟამი ხორცთა მტერთან ბრძოლისა და არის ჟამი  ხორციელი მხურვალების მოკვდინებისა, არის ჟამი სულიერი ზამთრისა და არის ჟამი გონების დაწყნარებისა, არის ჟამი გულისტკივილისა და არის ჟამი სულიერი სიხარულისა, არის ჟამი სხვათა სწავლებისა და არის ჟამი მოსმენისა, არის ჟამი სიბილწისა ამპარტავნების გამო და არის ჟამი სიწმინდისა თავმდაბლობისა გამო.
არის ჟამი ბრძოლისა და ჟამი – მოსვენებისა, არის ჟამი დაყუდებისა და ჟამი – უზრუნველობისა, ზრუნვისა და გარეთ სვლისა; არის ჟამი მშვიდი ლოცვისა და ჟამი – უზაკველი მსახურებისა. ამპარტავნების მიზეზით არაფერი ვეძიოთ უდროოდ. ზამთრში არ ვეძიოთ ის, რაც ზაფხულშია მოსალოდნელი. თესვის ჟამს ნუ მოვიწადინებთ მკას, რადგან არის ჟამი ღვაწლის თესვისა და არის ჟამი ენითაღუწერელ მადლთა მომკისა. თუ დროზე ადრე დავიწყებთ ძიებას, დროულადაც ვერ მოვიპოვებთ მათ.

89. ზოგიერთი იდუმალი განგებულებით მოღვაწეობის დაწყებამდე ღებულობს ღვთისგან მადლსა და მოღვაწეობის საზღაურს, ზოგი – მოღვაწეობის შემდგომ და ზოგიც – სიკვდილის წინ. გასარკვევია, ამ სამში რომელია ყველაზე თავმდაბალი?10

90. არსებობს ცოდვათა სიმრავლისგან, სინდისის სიმძიმისა და დიდი მწუხარებისგან გამოწვეული სასოწარკვეთილება, რაც მაშინ ხდება, როცა სული წყლულებით ივსება და დამძიმეული სასოწარკვეთილების უფსკრულში ეშვება. ასევე არსებობს ამპარტავნებისა და სიამაყისგან გამოწეული სასოწარკვეთილება, რომელიც მაშინ ეუფლებათ, რაჟამს ფიქრობენ, რომ დაუმსახურებლად დაეცნენ. ვინც დააკვირდება, მიხვდება, რომ ეს ორი სასოწარკვეთილება ერთმანეთისგან განსხვავდება: პირველი დაუდევრად იქცევა, ხოლო მეორე სასოწარკვეთილ მოღვაწეობაშია, რაც ურთიერთსაპირისპიროა. პირველს მარხვა და ღვთის სასოება განკურნავს, მეორეს კი – თავმდაბლობა და სხვათა განუკითხველობა.

91. მთელი შენი ცხოვრება, მორჩილებაში იქნები თუ არა, ნებისმიერი, ხილული თუ უხილავი საქმის კეთებისას, წესად და კანონად გაიხადე, რომ ყოველთვის დაფიქრდე, საქმეს ღვთისთვის აკეთებ თუ არა. ახალბედებმა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას თავმდაბლობა არ გვემატება, მაშინ, ჩემი აზრით, ასეთი საქმე, დიდია ის თუ მცირე, არ არის საღმრთო. ღვთის ნებით ასე მიგვენიშნება, რომ ჯერ კიდევ ჩვილები ვართ. საშუალოდ წარმატებულთათვის  ღვთის ნების გამოხატულება შინაგანი ბრძოლების  შეწყვეტაა, ხოლო სრულყოფილთათვის – საღმრთო ნათლის გამრავლება და მატება.

92. დიდისთვის მცირე ცდომა მცირე არ არის, ხოლო მცირესთვის დიდი ცდომაც კი დიდი არ არის.

93. როცა ჰაერი ღრუბლებისგან გადაიწმინდება, მზეც მკვეთრად გამოჩნდება; ასევე, მაშინ იხილავს სული საღმრთო ნათელს, რაჟამს ძველი ცოდვების მიტევების ღირსი გახდება.

94. სხვაა ცოდვა, სხვა – უქმობა, სხვა – დაუდევრობა, სხვა – ვნება და სხვა – დაცემა.11 ვისაც ღვთის შეწევნით აღნიშნულის გამოძიება შეუძლია, გამოიძიოს!

95. ზოგიერთს ყველა სხვა სულიერ ნიჭსა და მადლზე მეტად სასურველად საწაულთმოქმედება და წინასწარმეტყველება მიაჩნია, და არ იცის, რომ მათზე გაცილებით დიდი მადლიც არსებობს, რომელიც არასდროს ეცემა.

96. ვინც სრულიად განწმენდილია, ის ხედავს, თუ რა მდგომარეობაშია მოყვასის სული, თუნდაც რომ თავად სულიერ არსებას ვერ ხედავდეს. ხოლო ვინც მხოლოდ წარმატებულია და ჯერ კიდევ სრულყოფილი არ არის, ხორციელი საქმეებიდან გამომდინარე, ხვდება სულიერსაც.

97. ხშირად პატარა ცეცხლს ყველაფერი დაუწვავს. პატარა ხვრელსაც ხშირად დაუცარიელებია მთელი ნაშრომი.

98. ხშირად, როცა ჩვენი მტერი, ხორცი, განსვენებაშია, გონება აზროვნებს და წარმწყმედელი მხურვალება არ აღიძვრება. ხშირად კი, როცა ხორცს შრომით გავთანგავთ, ხორცთა ბოროტი აღძვრა გვეუფლება. ეს იმიტომ ხდება, რათა ჩვენს თავს კი არ მივენდოთ, არამედ მას, რომელიც უხილავად მოაკვდინებს ჩვენს ცოცხალ მტერს – ხორცს.

99. ვისაც ღვთის გამო ვუყვარვართ, სწორედ მასთან უნდა ვიყოთ მოკრძალებულნი და არ გავუთამამდეთ. არაფერი ისე არ ანადგურებს სიყვარულს და ბადებს სიძულვილს, როგორც სითამამე.

100. მშვენიერია და წმინდა მჭვრეტელი სულიერი თვალი. ანგელოზთა შემდგომ ის ყველა სხვა ქმნილებას აღემატება მშვენებით. ამიტომ, სიყვარულის გამო სცნობენ ვნებებით შეპყრობილნიც სხვათა გულისნადებს, მით უმეტეს, როცა ხორცთა წუმპეში არ ეფლობიან და არ ირყვნებიან.

101. თუ უნივთოს მართლა ვერაფერი აღუდგება წინ ისე, როგორც ნივთიერი,12 მაშინ გულისხმაჰყოს მან, ვინც ამას კითხულობს.

102. ვინც სულიერად სუსტია, ის ხორციელი გასაჭირისა და განსაცდელის მიხედვით ხვდება, რომ ღმერთმა მოხედა;13 ხოლო სრულყოფილნი სულიწმიდის მოსვლითა და მადლის გამრავლებით სცნობენ ამას.

103. არსებობენ სრულყოფილი ადამიანები, რომლებიც დიდ სათნოებებს, საღმრთო სურვილით გამხნევებულნი, მდაბალი გულით აღასრულებენ. არიან ისეთებიც, ამპარტავნებით რომ ხელყოფენ დიდ საქმეს და შერცხვენილნი რჩებიან.

104. არსებობს ეშმაკი, რომელიც სარეცელზე დაწოლის ჟამს მოდის ჩვენთან და ბოროტი, ბილწი აზრებით ცდილობს ჭრილობის მიყენებას. თუ მას უყურადღებოდ დავტოვებთ, ლოცვით არ შევებრძოლებით და მსგავსი ბოროტი ფიქრებით დავიძინებთ, მაშინ სიზმრებიც ბილწი გვექნება.

105. ასევე არსებობს ეშმაკი (მას წინამავალი და მსტოვარი ეწოდება), რომელიც გაღვიძებისთანავე მოდის ჩვენთან და გონებაში მოსული პირველივე აზრის შერყვნას ცდილობს.

106. დაწყება დღისა უფალს მიეცი, რათა გათენებისთანავე ღვთიური,  და არა ეშმაკეული ფიქრები დამკვიდრდეს შენში; რადგან ვინც პირველი მოვა შენთან, იმისი იქნება ის დღეც.

107. სათნოების ერთმა კეთილმა მუშაკმა ყურადსაღები რამ მითხრა: „გათენებისთანავე ვხვდები, თუ როგორ გავატარებ მთელ დღეს”.

108. ღვთისმსახურებისა და წარწყმედის მრავალი გზა არსებობს. ამიტომ ხშირად რომელი გზაც ერთისთვის რთულია, მეორისთვის ადვილია; მაგრამ ორივე ღვაწლი სათნოა ღვთისთვის.

109. როცა განსაცდელში ვართ, ეშმაკებიც მაშინ გვებრძვიან, რათა ან ურიგო რამ ვთქვათ, ან უმართებულოდ მოვიქცეთ. რაჟამს მიზანს ვერ აღწევენ, მაშინ ჩვენში ფარულად თესავენ ამპარტავნულ მადლიერებას.

110. ვინც ზეციურ საქმეს აკეთებს, განშორების შემდგომ ზემოთ ადის, ხოლო ვინც მიწიერზე ფიქრობს, ქვემოთ ჩადის. განშორებულთაგან შუალედურ მდგომარეობაში ვერავინ დარჩება.14

111. ქმნილებათა შორის ერთადერთია სული, რომელიც მარტო კი არა, სხვასთან ერთად იბადება. საოცარია, თუ როგორ შეუძლია უვნებლად არსებობა მის გარეშე, ვისთან ერთადაც დაიბადა?!15

112. ღვთის სათნო ასულებს დედები შობენ, ხოლო მათ დედებს – უფალი; მათ მოწინააღმდეგე ბოროტ ასულებს დედები შობენ, ხოლო მათ დედებს – ეშმაკი.

113. „მოშიში16 ბრძოლად ნუ განვალნ”, – ბრძანებს მოსე, უფრო კი – ღმერთი. ვაითუ, უკანასკნელი სულიერი ცდომა პირველ ხორციელ დაცემაზე უარესი აღმოჩნდეს.17

სხეულის ნათელი ხორციელი თვალია, ხოლო საღმრთო სათნოებათა გონებისმიერი ნათელი განსჯა და ცოდნაა.                                                                                       

ისევ განჯისა და გულისხმისყოფისთვის
(ნაწილი მეორე)

114. როგორც მოწყურებულ ირემს სურს წყაროს წყალი, ისე მონაზვნის სულს – სახიერი ღვთის კეთილი ნების შეცნობა. ამასთან სურს გაიგოს, თუ რომელია შერეული18 და რომელი – ბოროტის ნება. აღნიშნულზე ვრცელი და რთულად გასაგები საუბარი გვექნება, კერძოდ: თუ რომელი საქმის დაუყოვნებლივ კეთება გვმართებს თანახმად ნათქვამისა: ვაი არს მისდა, რომელი ადროებდეს დღითი დღე და ჟამითი ჟამად (იხ. ზირაქი 5. 8), და რომლისა – მშვიდად, დიდი დაფიქრების შემდგომ, თანახმად წინასწარმეტყველის სწავლებისა: განზრახვითა კეთილითა იქმნების ბრძოლაჲ (იგავნი 24. 6); ასევე ნათქვამია: „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ” (1 კორინთ. 14. 40). ყველასთვის ადვილი არ არის, გაიგოს ის, რაც რთული გასაგებია. თავად ღმერთშემოსილი წინასწარმეტყველიც კი, ვისთანაც სულიწმიდა იყო დამკვიდრებული, მრავალგზის ლოცულობდა ამისთვის და ამბობდა: „მასწავე მე, რაჲთა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი” (ფსალმ. 142. 10). ასევე ამბობდა: „მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი”, რადგან ამა სოფლის ყოველგვარი საზრუნავისა და ვნებათაგან “აღვიღე სული ჩემი” და ავმაღლდი (შდრ. ფსალმ. 142. 8).

115. ვისაც ღვთის ნების შეცნობა სწადია, საკუთარი ნება უნდა მოაკვდინოს, რწმენით მარტივი და წრფელი გულით ილოცოს, შემდეგ სულიერ მამებს ან ძმებს დაეკითხოს და მათი ნათქვამი, თუნდაც მის აზრებს ეწინააღმდეგებოდეს, როგორც ღვთის პირიდან გამოსული, ისე მიიღოს. უფალი არ უგულებელყოფს მამათა რჩევას რწმენითა და გულწრფელად მინდობილ სულებს, თუნდაც რომ დიდად სულიერნი და მცოდნენი არ იყვნენ ისინი, ვისაც რჩევას ეკითხებიან. ვისაც კითხვით მიმართავენ, უმეცარნიც რომ იყვნენ, მათში თავად ყოვლადბრძენი და კეთილი უფალი ამეტყველდება.

116. დიდია იმათი თავმდაბლობა, რომლებიც ზემოხსენებულს სიხარულით, დაუეჭვებლად ასრულებენ. თუ მავანი ფსალმუნითა და საგალობლით „აღაღებდა იგავთა” (ჩასწვდა იგავებში დაფარულ აზრს _ რედ.), მაშინ წარმოიდგინეთ, უსულო საგალობელზე რამდენად მეტია და რამდენად მეტს სცნობს მეტყველი გონება და გონიერი სული.

117. ვინც ზემოხსენებულის თანახმად მოქცევა არ ისურვა და თავისით, საკუთარი ძალებით სცადა უფლის ნების შეცნობა, ბევრი რამ გვიამბეს. თქვენც გიამბობთ მათ შესახებ.

118. როცა ორი განზრახვა ჰქონდათ და ღვთის ნების გაგება ეწადათ, ზოგიერთმა ხორციელ სიყვარულს სრულიად განაშორა გონება და ძალა დაატანა, რათა ამ ორიდან არც ერთი მათგანისკენ მიდრეკილიყო; განსაზღვრული დღეების განმავლობაში მხურვალე ლოცვის შემდგომ საკუთარი ნებისგან განშიშვლებული გონება წარუდგინა ღმერთს, და როცა უხილავი გონება მის გონებას უხილავად გაესაუბრა და უმჯობესი აუწყა, ანუ როცა ერთი აზრი სრულიად გაუჩინარდა მისი სულიდან, მაშინ სცნო ღვთის ნება. ზოგიერთმა საქმის გამო მოწეული განსაცდელებისა და დაბრკოლების მიხედვით სცნო, რომ საქმეს ღმერთი აბრკოლებდა თანახმად მოციქულის ნათქვამისა: „ვინებეთ მისვლაჲ თქუენდა… ერთ გზის და ორ გზის, და დამაბრკოლნა ჩუენ…” (1 თესალ. 2. 18); სხვებმა, პირიქით, საწინააღმდეგო მიიღეს ღვთის ნების ნიშნად და საქმის გამო მოწეული ჭირისა და განსაცდელების მიხედვით სცნეს, რომ ღვთის ნება იყო საქმის გაკეთება. სხვები იმით მიმხვდარან ღვთის ნებას, როცა საქმეში ხელი მომართვიათ და ყოველივე წარმატებით დაგვირგვინებულა მსგავსად ნათქვამისა: “ყოველსავე მოქმედსა კეთილისასა ღმერთი განუმარჯვებს”.

119. ვისაც უფალი ჰყავს განმანათლებლად, მისი გონება ღვთის შეწევნით თავად განათლდება და მიხვდება, თუ რომელი საქმე უნდა აკეთოს დაუყოვნებლივ და რომელი – მოგვიანებით. თუ კაცს რამე საქმეში ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება და დარწმუნებული არ არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ გაუნათლებელია და დიდებისმოყვარე მისი სული.

120. ღმერთი უსამართლო არ არის და არავის უკეტავს კარს, ვინც თავმდაბლად რეკავს და ითხოვს.

121. ყოველი საქმის კეთებისას დავაკვირდეთ, თუ რა მიზანი გვამოძრავებს. კეთილი ბოლო ექნება ყოველ საქმეს, რომელსაც მხოლოდ ღვთისთვის, ყოველგვარი ხორციელი განზრახვისა და აზრის გარეშე გავაკეთებთ, თუნდაც რომ ამ საქმისგან სიკეთეს არ ველოდეთ. და თუ ხორციელი მიზნები გვამოძრავებს, არ ვიცი, რამდენად კარგი ბოლო ექნება, რადგან საეჭვოა ასეთი საქმე.

122. შეუცნობელია ღვთის სამართალი. თავისი განგებულებით ის ხშირად გვიმალავს თავის ნებას, რადგან უწყის, თუნდაც ვიცოდეთ, მაინც რომ არ აღვასრულებთ მას. ის იმიტომ არ გვიცხადებს ყოველთვის თავის ნებას, რომ მისი აღუსრულებლობისთვის უფრო მეტად არ დავისაჯოთ.

123. წრფელი გული ცბიერებისგან შორსაა და უსაფრთხოდ დაცურავს უმანკოების ნავით.

124. არსებობენ ახოვანი სულები, რომლებიც ღვთის სიყვარულითა და მდაბალი გულით საკუთარ ძალებს აღმატებულ საქმეებს ხელყოფენ. არსებობენ ამპარტავანი გულებიც, რომლებიც იმავე საქმეს ეჭიდებიან. ეშმაკი ხშირად გვიბიძგებს, ვაკეთოთ ჩვენს ძალას აღმატებული საქმეები, რათა შემდეგ სულმოკლეობა დაგვეუფლოს, რომელი საქმის კეთებაც შეგვეძლო, იმასაც თავი დავანებოთ და მტრების დასაცინი გავხდეთ.

125. მინახავს სულიერ და ხორციელ უძლურებაში მყოფი ადამიანები, რომლებიც ცოდვების სიმრავლის გამო თავიანთ ძალებს აღმატებულ მოღვაწეობას შეუდგნენ და ვერ იტვირთეს. მე ამგვარად დავარიგე ისინი: “ყოველთა შემოქმედი – ღმერთი სინანულს თავმდაბლობის, და არა შრომის მიხედვით იწირავს”.

126. ზოგჯერ აღზრდაა მრავალი ბოროტების მასწავლებელი, ზოგჯერ კი – ცუდი ადამიანების საზოგადოება; მაგრამ, უმთავრესად, სულის უკეთურება და ცბიერი გონებაა წარწყმედის მიზეზი.

127. ვინც შორსაა ამ ორი ბოროტებისგან, ის მესამისგანაც შორს იქნება; ხოლო ვისშიც მესამეა, ის ყველგან დაუცველი იქნება, რადგან არ არსებობს ადგილი, რომელიც ადამიანს ცოდვისგან დაიცავდა, თუ თავად არ ეცდებოდა მისგან განშორებას.

128. თუ ურწმუნოები ან ბოროტად მორწმუნეები (ერეტიკოსები – რედ.) ბოროტი განზრახვით გვეკამათებიან, ერთი ან ორი სწავლების შემდეგ გავეცალოთ; მაგრამ თუ ჭეშმარიტების ცნობა გულწრფელად სურთ, მაშინ სიცოცხლის ბოლომდე ნუ დავცხრებით და სიკეთე ვასწავლოთ; თუმცა ორივე შემთხვევაში ჩვენი სულიერი სიმტკიციდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა მოვიქცეთ.

129. დიდი უგუნურებაა, როცა წმიდანთა ზებუნებრივი ღვაწლის გაგების შემდგომ ცხონების იმედს კარგავენ – პირიქით, მათ ორგვარი სარგებლის მიღება შეუძლიათ, თუ სურვილი ექნებათ: ან შურს აიღებენ და სიკეთეში მხნედ  მიბაძავენ, ან საკუთარ თავს გაიცნობენ და სანატრელი სიმდაბლით თავიანთ უძლურებას შეიცნობენ, რაც, თავის მხრივ, სიკეთის მომტანია.

130. ეშმაკთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც დანარჩენებზე უფრო ბოროტები არიან. ისინი არამარტო იმისთვის გვებრძვიან, რომ ჩვენ შევცოდოთ, არამედ რათა სხვებიც ვაზიაროთ ბოროტებას და შესაბამისად, უფრო მეტად დავისაჯოთ.

131. ვნახე კაცი, რომელმაც სხვისგან ისწავლა ბოროტი ჩვეულება. ამ ჩვეულების მასწავლებელი შემდგომში მიხვდა, ბოროტებას თავი დაანება და შეინანა, მაგრამ მოწაფის ცოდვის გამო ძნელი და უშედეგო აღმოჩნდა მისი სინანული.

132. ნამდვილად დიდია და უზომო ბოროტ სულთა უკეთურება, რასაც ცოტანი თუ სცნობენ, თანაც ეს ცოტანიც ყველაფერს ვერ ხვდებიან. მაგალითად: რატომ ხდება, რომ ზოგჯერ შვებისა და სიმაძღრის ჟამს მშვენივრად ვფხიზლობთ, და მარხვისა და მოღვაწეობის ჟამს საშინლად გვეძალება ძილი? დაყუდების დროს გული გვიქვავდება, ხოლო ხალხში ყოფნისას ლმობიერება გვეუფლება? მშიერნი ბოროტ სიზმრებს ვნახულობთ, ხოლო მაძღარნი – არაფერს? მოღვაწეობის დროს პირქუშად ვართ, ხოლო ღვინის დალევის შემდგომ ლმობიერნი და მხიარულნი ვხდებით? ვისაც შეუძლია, უფლის შეწევნით გაანათლოს გაუნათლებელნი, ჩვენ კი გაუნათლებელნი ვართ და ვერ ვხვდებით მსგავს საქმეებს. მაგრამ ერთს კი ვიტყოდით: აღნიშნულ ცვლილებათა მიზეზი ყოველთვის ეშმაკი არ არის. ზოგჯერ ეს ჩემი ბუნებიდან გამომდინარე ხდება, რომელიც ამ საწყალი,  ტლანქი და ჩემს წინააღმდეგ მებრძოლი ხორცისგან გადმომეცა.

133. როცა ზემონახსენები საქმეებიდან რომელიმე შეგვემთხვევა, მხურვალედ, მდაბლად უნდა ვევედროთ უფალს. და თუ ვედრების შემდგომაც იმავე მდგომარეობაში ხანგრძლივად დავრჩით, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ამის მიზეზი ეშმაკი კი არა, ჩვენი ბუნებაა ან ღვთის განგება და ღმერთს საწინააღმდეგო მოქმედებით ჩვენთვის სარგებლობის  მოტანა და ჩვენი სიამაყის მოდრეკა მოუწადინებია.

134. რთულია და ძნელი ღვთის სამართლის უფსკრულის გამოძიება. მისი მაძიებელნი სიამაყის ნავით დაცურავენ.

135. ერთმა ძმამ დაფარულთა მცნობელ ბერს ჰითხა: „რატომ ამკობს უფალი ნიჭებითა და სასწაულთქმედების მადლით მას, ვინც, იცის, რომ დაეცემა?” მან უპასუხა: „პირველი: რათა სხვები გაფრთხილდნენ; მეორე: რათა ადამიანის თავისუფალი ნება წარმოაჩინოს; და მესამე: რათა დაცემულებმა თავი ვეღარ გაიმართლონ საშინელ სამსჯავროზე”.

136. ძველი რჯული, როგორც არასრულყოფილი, ამბობს: „იგულე თავი შენი” (2 სჯული 15. 9); ხოლო სრულყოფილმა უფალმა ძმის გამოსწორება გვიბრძანა და თქვა: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან…” (მათე 18. 15) და ამისი შემდგომი.

137. თუ სუფთა გულით ამხილებ და მდაბლია შენი რჩევა, უფლის სიტყვისამებრ მოიქეცი, და განსაკუთრებით იმათ ასწავლე, ვინც სწავლების მიმღებია; თუ ამგვარი სიმაღლისთვის არ მიგიღწევია, მაშინ რჯულის შესაბამისად იმოქმედე და ფრთხილად იყავი.

138. არ გაგიკვირდეს, თუ შენი საყვარელი ადამიანებიც გმტრობენ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ეშმაკის ჭურჭელია, მით უმეტეს, ეშმაკთა მტრებთან მიმართებაში.

139. საყვარელნო, ერთი რამ ძალიან მაკვირვებს: იმ დროს, როცა სათნოებებში შემწედ გვყავს ყოვლისშემძლე ღმერთი, ანგელოზები და წმიდანები, რატომ მივისწრაფით უფრო მეტად ბოროტებისა და ვნებებისკენ, რაშიც მხოლოდ ეშმაკები გვეხმარებიან? აღნიშნულზე არც ბევრი რამის თქმა შემიძლია, და არც სურვილი მაქვს.

140. თუ ყოველი ქმნილება დაბადებიდანვე მინიჭებულ ბუნებას ინარჩუნებს, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, მაშინ, „მე როგორღა ვარ ღვთის ხატება და ამასთანავე თიხით შეზავებული?” და თუ რომელიმე ქმნილება თანდაყოლილი ბუნების გარდა სხვა რამესაც იძენს, მაშინ, ცხადია, რომ თავისივე მონათესავისკენ ექნება დაუცხრომელი სურვილი.

141. ადამიანმა ყოველი ღონე უნდა იხმაროს და მთელი ძალისხმევით ეცადოს, რათა აღიყვანოს და ღვთის საყდარზე დასვას თიხა. ვერავინ იმართლებს თავს, რადგან ხსნილია მისკენ მიმავალი გზა და კარი.

142. როცა სულიერ მამათა სათნოების შესახებ იგებენ, ადამიანთა სულსა და გონებაში მათი მოშურნეობის მიბაძვის სურვილი აღიძვრება; მამათა სწავლების მოსმენისას კი მათი მიბაძვის სურვილი უჩნდებათ, რის მიღწევაშიც საღმრთო შურის მქონე ადამიანებს მამათა სწავლება უწევს ხელმძღვანელობას.

143. განსჯა სიბნელეში ანთებული სანთელია, გზააბნეულთა წინამძღოლი და ბრმათა განმანათლებლია.

144. განსჯის მოყვარე ადამიანი ჯანმრთელობას აღიდგენს და სნეულებას აღმოფხვრის.

145. ვისაც სხვების უმნიშვნელო საქმეები აკვირვებს, ორი მიზეზის გამო იქცევა ასე: ან ძალიან უმეცარია, ან დიდი თავმდაბლობის გამო ადიდებს და აზვიადებს მოყვასის საქმეებს.

146. შევეცადოთ, არამარტო ვებრძოლოთ ეშმაკებს, არამედ დავამარცხოთ კიდეც. ვინც იბრძვის, ზოგჯერ იმარჯვებს და ზოგჯერ მარცხდება; ხოლო ვინც ამარცხებს, ყოველთვის გამარჯვებულია.

147. ვინც ვნებები დაამარცხა, ის ეშმაკებსაც თრგუნავს. თავს აჩვენებს, თითქოს ისევ ვნებებშია, შეცდომაში შეჰყავს ისინი და ბრძოლასა და განსაცდელს ირიდებს თავიდან.

148. ერთხელ ერთი ძმა გალანძღეს. ძმა საერთოდ არ აღშფოთებულა, ჯერ გონებაში ილოცა, შემდეგ მთელი ხმით ტირილი მორთო, ვითომ ლანძღვამ ძალიან ატკინა გული და ამგვარად დაფარა, უვნებობაში რომ იმყოფებოდა.

149. ერთ ძმას საერთოდ სძულდა უფროსობა, მაგრამ სხვებს აჩვენებდა, თითქოს, უფროსობა გულით ეწადა.

150. როგორ გადმოვცე იმ ადამიანის სიწმინდე, რომელიც სამეძაოში ვითომ ბოროტი განზრახვით შევიდა, და სინამდვილეში მეძავები სიწმინდის გზაზე დააყენა?!

151. განთიადზე ერთ დაყუდებულს ყურძნის მტევანი მიართვეს. ეშმაკისთვის ნაყროვნად რომ მოეჩვენებინა თავი, ბერმა ყოველგვარი სურვილის გარეშე მაშინვე შეჭამა ხილი, როგორც კი ყურძნის მიმტანი წავიდა.

152. სათნოებებით შემკულ ერთ ადამიანს ცოტა ფინიკი დასჭირდა და შემდეგ ყოველდღე ისე აჩვენებდა თავს, თითქოს მის გამო ძალიან წუხდა, თუმცა სრულებითაც არ დარდობდა.

153. ასეთებს დიდი სიფრთხილე და სიფხიზლე მართებთ. ვაითუ, ეშმაკთა დასაცინი ისინი გახდნენ, ვისაც მათი დაცინვა ეწადა. მათზე ამბობდა ნეტარი პავლე მოციქული: “ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი” (2 კორ. 6. 8).

154. ვისაც სურს, ქრისტეს წმინდა სხეულითა და გულით წარუდგეს, მან მრისხანება უნდა დაიოკოს და მარხვა დაიცვას, რადგან უამისოდ ამაო  იქნება მისი ყოველი შრომა.

155. როგორც სხვადასხვაგვარი თვალისჩინი არსებობს, ზოგი ცუდად ხედავს და ზოგი – კარგად, ისე სხვადასხვაგვარად ანათებს სამი მზე თითოეული კაცის სულში.

156. სხვაა ხორციელი ცრემლებით გამოწვეული სულიერი სიხარული და  სხვა – სულიერი ცრემლებით; სხვაგვარია სიხარული, როცა ხორციელი თვალით ხედავენ და სხვაგვარი – როცა სულიერი თვალით ჭვრეტენ; სხვაგვარია სიხარული, რომელიც სიტყვების მოსმენის შედეგად ეუფლებათ და სხვაგვარი – როცა სიხარული თავისით აღიძვრება სულში; სხვაა მორჩილებით და სხვა – დაყუდებით გამოწვეული სიხარული. ჩამოთვლილთაგან განსხვავებით არსებობს ისეთი მდგომარეობაც, როდესაც გონებააღფრთოვანებულნი სულით წარდგებიან  ქრისტეს ნათლის წინაშე, რისი ენით გამოთქმა და აღწერა შეუძლებელია.

157. არის სათნოებები და არის სათნოებათა მშობლები. ბრძენი ადამიანი უმთავრესად მშობელთა მოპოვებას ცდილობს.

158. მშობელთა მასწავლებელი თავად უფალია ძალითა თვისითა, ხოლო შვილთა მასწვლებელი მრავალია.

159. ყურადღებით ვიყოთ, რომ მარხვის დროს საკვების ნაკლებობა ძილით არ ავინაზღაუროთ, რაც ისეთივე უგუნურება იქნებოდა, როგორც  მღვიძარების ჟამს ბევრი ჭამა.

160. ვნახე სათნოების მუშაკნი, რომელთაც განსაცდელის დროს მცირედ მიუშვეს მუცელი, მაგრამ შემდეგ ამ მხნე და ახოვანმა ადამიანებმა მთელი ღამე ლოცვაზე დგომით დასაჯეს სტომაქი და ასე ასწავლეს მას, სიხარულით გაქცეოდა სიმაძღრეს.

161. უპოვართ ძლიერ ებრძვის ვერცხლისმოყვარეობის ეშმაკი. როცა მათ დამარცხებას ვერ ახერხებს, მაშინ გლახაკთა მოწყალებას იმიზეზებს და აიძულებს, არაფრის მქონენი ნივთთა მფლობელნი გახდნენ.

162. როცა სასოწარკვეთილება შეგვებრძოლება, მაშინ გავიხსენოთ უფლის მცნება, პეტრე მოციქულს რომ მისცა და უბრძანა, სამოცდაჩვიდმეტჯერ ეპატიებინა მოყვასისთვის. განა უფრო მეტს არ გააკეთებს ის, ვინც სხვას ამგვარი მცნება მისცა,?! ხოლო როცა სიამაყე დაგვძლევს, მაშინ გავიხსენოთ სიტყვები: „რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა” ვნებითა, ანუ სიამაყით, „იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ” (შდრ. იაკობი 2. 10).

163. არსებობენ ისეთი უკეთური და შურიანი ეშმაკები, რომლებიც წმიდანებს საკუთარი ნებით იმ მიზნით ტოვებენ, რომ მათ მიერ დამარცხებულნი არ აღმოჩნდნენ და არ მოაპოვებინონ გვირგვინი.

164. „ნეტარ იყვნენ მშჳდობის მყოფელნი” (მათე 5. 9), და ეს არც არის საკამათო. მაგრამ მე ვნახე კაცი, რომელმაც ორ ადამიანს შორის მტრობა ჩამოაგდო, და მას შევნატრე.

ამ ორ ადამიანს ერთმანეთის მიმართ სიძვა ამოძრავებდა. ბრძენმა და გამოცდილმა ბერმა კი მათ შორის სიძულვილი დათესა: ერთს მეორეზე უთხრა, შენზე ძვირს ამბობს და ცუდად ლაპარაკობსო. იმავეს ეუბნებოდა მეორესაც. ასე შეძლო ბერმა ადამიანური ხერხით ჩაეშალა ეშმაკის მზაკვრობა და სიძულვილით სიძვა დაამარცხა.

165. არიან ადამიანები, ერთი მცნებით მეორეს რომ არღვევენ. ვნახე ორი ჭაბუკი, წმინდა გულით, ღვთიური სიყვარულით რომ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ გარკვეული ხნით იმ მიზნით დაშორდნენ ერთმანეთს, რომ სხვები არ დაბრკოლებულიყვნენ და სუფთა სინდისი ჰქონოდათ.

166. რამდენადაც განსხვავებულია ქორწილისა და დაკრძალვის დღეები, იმდენად ვერ უთავსდება ერთმანეთს ამპარტავნება და სასოწარკვეთილება. საოცარია, რომ ეს ორი შეუთავსებელი ვნება ხშირად ერთდროულად ეუფლება სულს ეშმაკთა უწესობის შედეგად.

167. არსებობენ უწმინდური ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან, რასაც უმთავრესად ამპარტავანთა ან ფილოსოფიაში განსწავლულთა გულებში აკეთებენ. ისინი თავდაპირველად სწორად ასწავლიან, შემდეგ თანდათან აცდუნებენ და საბოლოოდ მწვალებლობასა და გმობაში აგდებენ.

168. როცა სწავლის დროს შევამჩნევთ, რომ მშფოთვარება, მღელვარება ან ურიგო სიხარული გვეუფლება, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ეშმაკთა ღვთისმებრძოლეობაა, და არა ღვთისმეტყველება.

169. შემოქმედმა ყოველ ქმნილებას თავისი წესი და დასაბამი განუსაზღვრა, ამასთან ზოგიერთს _ დასასრულიც. სათნოებას კი არც საზღვარი აქვს და არც – დასასრული. ფსალმუნთა მგალობელი ამბობს: „ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაჲ შენი ფრიად” (ფსალმ. 118. 96).

170. თუ ზოგიერთი კეთილი მუშაკი „ვიდოდის ძალითი ძალად”, ანუ ჯერ საქმის საკეთებლად მიეცემა ძალა და შემდეგ ჭვრეტისთვის, თუ სიყვარული არასდროს მთავრდება და „უფალმან იცევინ შესლვაჲ” შიშისა და „გამოსლვაჲ” სიყვარულისა (შდრ. ფსალმ. 120. 8), მაშინ, ცხადია, რომ სიყვარულს ბოლო არ ჰქონია, განუწყვეტლივ ვიზრდებით სიყვარულში, არც ამ წუთისოფელში, არც მომავალ საუკუნო ცხოვრებაში მოგვაკლდება ნათელი და კიდევ მეტ ნათელსა და ცოდნას შევიძენთ.19

171. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს ჩემი სიტყვები, მაგრამ, ჰოი, ნეტარო, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახლაც გავიმეორებ: სათნოებას ბოლო არ აქვს. უსხეულო ანგელოზებიც კი იცვლებიან, გამუდმებით დიდებიდან დიდებისკენ მაღლდებიან და ცოდნას იმდიდრებენ.

172. არ გაგიკვირდეს, თუ ეშმაკებიც ჩაგვაგონებენ რამე სიკეთეს, რომელსაც შემდგომში თავადვე წინაღუდგებიან სხვა აზრებით. ამით სურთ, დაგვარწმუნონ, თითქოს ჩვენი გულისნადები იციან. სინამდვილეში, მხოლოდ ის იციან, რასაც თავად ჩაგვაგონებენ, და სხვა არაფერი.

173. ნუ განსჯი მკაცრად მას, ვინც სულიერ საკითხებზე მაღალფარდოვნად ლაპარაკობს და სხვებს მოძღვრავს, ხოლო საქმით დიდად არ იღვწის. ხშირად საქმის ნაკლებობა სიტყვით მოტანილ სარგებელს აუნაზღაურებია.

174. ყველაფერი ერთნაირი კი არ გვაქვს: ზოგიერთის სიტყვა საქმეს სჯობს, ხოლო ზოგიერთის საქმე – სიტყვას.

175. ღმერთს ბოროტება არც გაუჩენია და არც შეუქმნია. ამიტომ, ცდებიან, როცა ამბობენ, რომ ზოგიერთი ვნება სულისთვის ბუნებრივია. ეს უკანასკნელნი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენში ბუნებრივად არსებული სიკეთე, რომელიც ჩვენდა სასარგებლოდ მოგვეცა, ვნებად ვაქციეთ. მაგალითად: თავისთავად თესლი შვილოსნობისთვისაა განკუთვნილი, ჩვენ კი სიძვის მიზეზად ვაქციეთ; ბუნებრივად მრისხანების უნარი ეშმაკთა საწინაღმდეგოდ მოგვენიჭა, ჩვენ კი მოყვასისკენ მივმართეთ; შურიც ბუნებრივადაა ჩვენში, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბოროტება შეგვშურებოდა, არამედ სიკეთის  მოშურნეები ვყოფილიყავით; სურვილიც ბუნებრივია, მაგრამ სასუფეველის სურვილი, და არა ცოდვისა. ბუნებრივად გვახასიათებს სიამაყეც, რაც ეშმაკებთან უნდა გამოგვეჩინა, ჩვენ კი იქ ვამაყობთ, სადაც საჭირო არ არის; სიხარულის უნარიც ბუნებრივია, მხოლოდ უფლითა და მოყვასის სიკეთით უნდა გვეხარა, ჩვენ კი ბოროტებით ვხარობთ. ბუნებრივად გვახასიათებს ძვირის ხსოვნის უნარიც, რაც სულიერი მტრების, და არა ძმების მიმართ უნდა წარგვემართა.

176. მოღვაწის სული ეშმაკთა მრისხანებას იწვევს, მაგრამ ბრძოლებთან ერთად გვირგვინებიც მრავლდება.

177. ვინც ბრძოლაში ჭრილობებს არ იღებს, ის ვერც გვირგვინოსანი ხდება; ხოლო ვინც დაცემის შემდეგ იმედს არ კარგავს და ბრძოლას არ წყვეტს, როგორც მამაც მხედარს, მას ანგელოზები განადიდებენ.20

178. უკუნისამდე ცოცხალია ის, ვინც სამი ღამე მიწაში დაჰყო. უკუნისამდე დაუმარცხებელი იქნება და აღარ მოკვდება ის, ვინც სამ ჟამს სძლევს.21

179. თუ ჩვენში გონიერების მზის გამობრწყინების შემდგომ ღვთის განგებულებით, ჩვენდა სასწავლებლად ეს მზე დასვლის ჟამს სცნობს, მაშინ მზეს სიბნელე საფარველივით ჩამოეფარება და დაღამდება. „მას შინა (ანუ ჩვენში)  ვიდოდიან ლეკუნი ლომთანი” და ეკლოვან ვნებათა „მჴეცნი მაღნარისანი” (რომლებიც ადრე განდევნილი გვყავდა), „მყჳრალნი ტაცებად” ჩვენი სასოებისა და „თხოვად… საზრდელსა” ვნებებისთვის, საქმეებისა და ზრახვებისთვის (შდრ. ფსალმ. 103. 20-22).

180. მას შემდეგ, რაც თავმდაბლობის მზე მოგვეფინება, მხეცები, ანუ ავხორცი სულები “შეკრბეს,.. სადგურთავე თჳსთა დაადგრიან” (ფსალმ. 103. 22) და გაგვეცლებიან. მაშინ ეშმაკები იტყვიან: “განადიდა უფალმან ყოფაჲ მათ თანა” მისი წყალობისა”; ხოლო ჩვენ ვიტყვით: “განადიდა უფალმან ყოფაჲ ჩუენ თანა, და ვიქმნენით ჩუენ სახარულევან” (შდრ. ფსალმ. 125. 2-3), ხოლო თქვენ (ეშმაკები) განიდევნეთ.

181. „აჰა, ზის უფალი ღრუბელსა ზედა სუბუქსა”, ანუ ყოველგვარ მიწიერ სურვილზე ამაღლებულ სულზე, „მოვალს ეგჳპტედ”, ანუ თავდაპირველად ვნებებით დაბნელებულ გულში, „და შეიძრნენ ჴელითქმნულნი ეგჳპტისანი” და გონებაში აღძრული ბოროტი აზრები (შდრ. ესაია 19. 1).

182. თუ ყოვლისშემძლე ჩვენი უფალი – იესო ქრისტე  გაურბოდა ჰეროდეს, მაშინ ამპარტავნებმაც ისწავლონ და განსაცდელში ნებაყოფლობით არ ჩაიგდონ თავი. ნათქვამია: „ნუ მისცემ შეძვრად ფეხსა შენსა“, „არცა ჰრულეს მცველსა შენსა“.

183. სიამაყე ისე იხლართება სიმამაცეში, როგორც კვიპაროსში – მცენარე, რომლის სახელია ზმილაკი (ლიანისებრი დეკორატიული მცენარეა – რედ.).

184. დავაკვირდეთ ჩვენს თავს, რა სიკეთეს ვფლობთ, და ვნახავთ, რომ სინამდვილეში არანაირი სიკეთე არ გაგვაჩნია.

185. ყოველთვის დავაკვირდეთ, თუ რა ნიშნები ახასიათებს ვნებებს და ვნახავთ, რომ სულიერი უძლურების შედეგად ბევრ მათგანს ჩვენში ვერ ვამჩნევდით. მათ მაშინ დავინახავთ აშკარად, როცა სულიერი თვალი აგვეხილება, ხოლო სანამ ისინი ჩვენ  გვეუფლებიან, ვერც ვამჩნევთ მათ.

186. ღმერთი განზრახვას განიკითხავს, საქმეებს ძალისაებრ ითხოვს და ყველაფერში კაცთმოყვარეობას იჩენს.

187. დიდია, ვინც ყველაფერს აკეთებს, რისი კეთებაც შეუძლია; მაგრამ უფრო დიდია ის, ვინც თავის ძალებს აღმატებულ საქმეს თავმდაბლად ეჭიდება.

188. ეშმაკები ხშირად ჩაგვაგონებენ, თავი ვანებოთ მსუბუქ, მაგრამ  სასარგებლო საქმეებს და ჩვენს შესაძლებლობას აღმატებულ, უფრო მძიმე საქმეებს შევებათ.

189. ვფიქრობ, იოსები უვნებობის გამო კი არ არის ნეტარი, არამედ იმიტომ, რომ ცოდვას განერიდა.

190. გასარკვევია, რომელი და რამდენი ცოდვის უარყოფისთვის ეძლევათ გვირგვინი; რადგან სხვაა სიბნელიდან გაქცევა, და სხვა, თანაც გაცილებით დიდი – მზისკენ გაქცევა.

191. სიბნელე იწვევს დაბრკოლებას, დაბრკოლება – დაცემას, ხოლო დაცემა – სიკვდილს.

192. როცა გონება ღვინით უბნელდებათ და ეცემიან, წყლით იბანებიან, ხოლო როცა ვნებებით ეცემიან – ცრემლებით.

193. სხვაა გონების ამღვრევა, სხვა – შეშფოთება და სხვა – დაბნელება.  პირველის მკურნალი არის მარხვა, მეორისა – დაყუდება, ხოლო მესამისა – მორჩილება და უფალი იესო ქრისტე, რომელიც „იქმნა იგი მორჩილ” (ფილიპ. 2. 8).

194. არაფერი გვიშლის ხელს, სულის განწმენდა ნივთიერი სამოსის რეცხვას შევადაროთ, რადგან ტანსაცმელს მრეცხავი და საღებავი რეცხავს და ალამაზებს. მონასტრის კრებული სულიერი სამრეცხაოა, რომელიც სულიერ ჭუჭყს, სიტლანქესა და ცოდვას განწმენდს. როცა სული მრისხანებისა და გულღრძოობის სიტლანქეს მოიშორებს, მაშინ დაყუდება გახდება მისთვის საღებავი და ფერის მიმცემი.

195. ზოგიერთის აზრით, ძველი ცოდვებით დაცემა ძველი ცოდვების არასრულფასოვანი მონანიების შედეგია. გასარკვევია, ყველამ ღირსეულად და სრულფასოვნად შეინანა, ვინც ძველი ცოდვებით აღარ ეცემა?

196. ზოგიერთი ძველი ცოდვებით იმიტომ ეცემა, რომ მათ დავიწყების უფსკრულში ისვრის და არ ფიქრობს, როგორი ტანჯვა ელოდება მათ გამო. ზოგიერთი იმიტომ სცოდავს, რომ ავხორცობის გამო ღმერთს ზომაზე მეტად კაცთმოყვარედ მიიჩნევს ან ცხონების იმედი აქვს დაკარგული. ვინმემ, შეიძლება, გამკიცხოს კიდეც, მაგრამ მაინც ვიტყვი: კიდევ იმიტომ ეცემიან, რომ უკვე ვეღარ თოკავენ ამ მტერს, ხორცს, რომელიც მათზე გამარჯვებას არის დაჩვეული.

197. გასარკვევია, რატომ ვერ ხედავს უხორცო და უნივთო სული მასთან მისულ უხორცო სულებს?! იქნებ, ამის მიზეზი ხორცთან კავშირია, რაც მხოლოდ იმან უწყის, ვინც ისინი შეაკავშირა?!

198. ერთმა სულიერმა და განსწავლულმა ძმამ იმ საკითხთან დაკავშირებით დამისვა კითხვა, რისი გაგებაც თავად მინდოდა: „რომელი ცოდვით მდაბლდება გონება და რომლით – ამაყდება?” მე ვაღიარე უცოდინარობა. მაშინ მან მითხრა: „ცოდნის მცირე საფუარს მოგცემ და შემდეგ თავად გამოიძიე. ვერ აამაღლებს გონების რქას სიძვა, ნაყროვანება, მრისხანება, მოწყენილობა და ძილი; ხოლო ვერცხლისმოყვარეობა, უფროსობის მოყვარეობა, მრავლისმეტყველება, განკითხვა და სხვანი ბორტებას ბოროტებაზე უმატებს და გონებას აამაყებს”.

199. ვინც ერისკაცებთან ან მიდის, ან თავის სენაკში იღებს, და მათთან განშორების შემდეგ მწუხარების ისრით ეცემა, ნაცვლად იმისა, რომ გამხიარულდეს საფრთხისა და დაბრკოლების აცილების გამო, ასეთ ადამიანს ან პატივმოყვარეობის, ან სიძვის ეშმაკი დასცინის.

200. თავდაპირველად უნდა გავარკვიოთ, რომელი მხრიდან უბერავს ქარი, რათა აფრები გზის დამაბრკოლებელი მიმართულებით არ აღვმართოთ.

201. სიყვარულით ანუგეშე და განუსვენე მოღვაწე ბერებს, რომლებიც სულს მარხვით მუსრავენ.

202. აიძულე, იმარხულონ და საუკუნო სატანჯველი შეახსენე იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სული ცოდვით შემუსრეს.

203. როგორც ზემოთ ვახსენეთ, შეუძლებელია ნაყროვანებისა და პატივმოყვარეობისგან გათავისუფლება ერიდან გამოსვლისთანავე; მაგრამ პატივმოყვარეობას ნაყროვანებით კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უფალს მარხვით უნდა ვთხოვოთ მისგან ხსნა, რადგან ახლოსაა ჟამი ან უკვე დამდგარია, როცა უფალი „ქუეშე ფერჴთა” ჩვენთა ამ ვნებებსაც დაგვიმორჩილებს.

204. ერთნაირი ბრძოლები არ აქვთ ახალგაზრდა და ხანდაზმულ მონაზვნებს, რამეთუ სხვადასახვაა მათი სენიც; მაგრამ თავმდაბლობას ჭაბუკიც და მოხუცებულიც უცდომლად მიჰყავს სინანულისკენ. აი, ამიტომ არის თავმდაბლობა ნეტარი და სანატრელი.

205. ნუ გაგაკვირვებს სიტყვები, რომელთა თქმასაც ვაპირებ: არსებობენ, მაგრამ ძალიან იშვიათად, ისეთი წრფელი, უმანკო, მზაკვრობისა და ცბიერების უმეცარი სულები, რომელთა ხალხთან ყოფნა მავნეა, რადგან მხოლოდ მოძღვართან ერთად, დაყუდებით ყოფნა შეუძლიათ. ასეთები, როგორც კიბეზე, ისე ადიან ზეცაში და შეუხებელი და უვნებელი რჩებიან მონასტრის შფოთისა და ამბოხისაგან.

206. სიძვის მოყვარულთა მკურნალი ადამიანია, ბოროტთა –  ანგელოზი, ხოლო ამპარტავანთა – მხოლოდ უფალი.

207. ესეც სიყვარულის გამოხატულებაა, როცა ჩვენთან მოსულ მოყვასს ნებას ვრთავთ, რაც სურს, ის აკეთოს და მხიარულ სახეს ვუჩვენებთ.

208. გამოვიკვლიოთ: როგორ, როდის და როდემდე შეიძლება იყოს სინანული სიკეთის დამღუპველი ისევე, როგორც ის არის ბოროტების გამანადგურებელი.22

209. გამოვიძიოთ და დავისწავლოთ: როდის, როდემდე და რომელ ცოდვათა მიზეზს უნდა ვებრძოლოთ? რადგან სიკვდილის ასარიდებლად, ჩვენი უძლურებისა გამო, ზოგჯერ გაქცევა ჯობს.

210. დავაკვირდეთ და დავისწავლოთ: რომელი ეშმაკი აამაყებს გონებას და რომელი – ამდაბლებს, რომელი იწვევს სისასტიკეს, რომელი იჩემებს სიცრუით ნათელს, რომელი – უძლურებას, რომელი – გულმოდგინებას, რომელი – მწუხარებას და რომელი – სიხარულს.

211. ნუ გაგიკვირდება, თუ მას შემდეგ, რაც მონაზვნები გავხდებით, უფრო დიდ ვნებაში აღმოვჩნდებით, ვიდრე ერში ყოფნისას ვიყავით. ასეა საჭირო: თავდაპირველად ვნებათა მიზეზი უნდა წარმოჩნდეს ჩვენში, შემდეგ განვიდეს და საბოლოოდ გამოვჯანმრთელდეთ. იქნებ, ჩვენში დამალულ მხეცებს თავიდან ვერ ვამჩნევდით და მხოლოდ ახლა დავინახეთ?!

212. როცა სრულყოფილებასთან მიახლოებულ ადამიანებს ეშმაკები მცირე რამეში ამარცხებენ, ეს ადამიანები მთელი ძალით იღვწიან და მარცხს ასწილად ინაზღაურებენ.

213. ქარი, როცა მსუბუქია, მხოლოდ ზღვის ზედაპირს აღელვებს, ზოგჯერ კი ქარი ზღვის გულსაც აშფოთებს. ასეა ვნებებიც: ვნებებით შეპყრობილ ადამიანებს ისინი მთელ გულს უშფოთებენ, ხოლო სრულყოფილებს მხოლოდ გონების ზედაპირს უმღვრევენ, და ამიტომაც მშვიდდებიან ისინი სწრაფად.

214. სრულყოფილები ყოველთვის სცნობენ, სულში აღძრული რომელი აზრის მიზეზია სინდისი, რომლის – ღმერთი და რომლისა – ეშმაკი. რადგან ეშმაკი ადამიანს ხშირად თავიდანვე არ ჩააგონებს ბოროტებას, ამიტომაც რთულია ხოლმე მისი ამოცნობა.

სხეულს ორი ხორციელი თვალი ანათლებს, ხოლო გულის თვალი ზრახვათა და საქციელთა განსჯით ნათლდება.

 სხვა სათნოებებზე

1. მტკიცე სარწმუნოება მოღვაწეობის დედაა, და თუ რა აღუდგება მას წინ, ცნობილია.

2. ჭეშმარიტ სასოებას ამა ქვეყნის სიძულვილი მოაქვს, და თუ რა არის მისი მტერი, ცნობილია.

3. უცხოობაში ღვთის სიყვარულის გამო გადიან, და თუ რა აღუდგება მას წინ, ცნობილია.

4. მორჩილებას საკუთარი თავის დამნაშავედ ცნობა და შეურაცხყოფის წადილი შობს.

5. მარხვა ჯანმრთელობის დედა და სიკვდილზე ფიქრია.

6. სიკვდილის ხსენება და ქრისტეს ვნებებზე ფიქრი სიწმინდის მიღწევაში გვეხმარება.

7. დაყუდება ხორცთა განხურვების უჩინარმყოფელია.

8. მღვიძარება და მარხვა ბოროტ, ბილწ აზრებს შემუსრავს და ბრძოლებს აცხრობს.

9. რწმენა და უცხოობა ვერცხლისმოყვარეობის მკვლელია, ხოლო მოწყალება და სიყვარული ხორცსაც არ დაინდობს.

10. მუდმივი ლოცვა მოწყენილობას დევნის, ხოლო სასჯელზე ფიქრს გულმოდგინება მოაქვს.

11. მრისხანების წამალი ლანძღვა-დამცირების სიყვარულია, ხოლო გალობა, მოწყალება და უპოვარება მწუხარების მომაშთობელია.

12. ხილულთა სიძულვილს უხილავის სიყვარული მოაქვს, ხოლო დუმილი და დაყუდება პატივმოყვარეობასთან მებრძოლია. თუ მათ შორის იმყოფები, მაშინ შეურაცხყოფა შეიყვარე.

13. ხილული ამპარტავნება მკაცრი და დამამცირებული ცხოვრების წესით განიკურნება, ხოლო უხილავს ის უხილავი განკურნავს, რომელიც უწინარეს საუკუნეთა იშვა.

14. ყოველგვარ ხილულ ქვეწარმავალს ირემი კლავს, ხოლო ყოველგვარ უხილავ მხეცს – თავმდაბლობა.

15. ბუნება ერთადერთია, რომელიც ყოველგვარ უხილავ საქმეს გვასწავლის.

16. როგორც გველი ვერ გაიძრობს ძველ ტყავს,23 თუ ვიწრო ხვრელში არ გაძვრა,  ისე ვერც ჩვენ განვიძარცვავთ ადრინდელ ჩვეულებებს, სულიერ სიბილწესა და ძველი ადამიანის სამოსელს, თუ მარხვისა და შეურაცხყოფის ვიწრო და რთული გზით არ ვივლით.

17. როგორც ძალიან მსუქანი მწყერი ვერ აფრინდება ცაში, ისევე ცამდე ვერ ამაღლდება ის, ვინც ხორცს ასუქებს.

18. როგორც ღორს არ სიამოვნებს გამხმარი ტალახი, ისე ეშმაკებს – გამხდარი ხორცი.

19. როგორც ბევრი კვამლი აქრობს ცეცხლს, ისე უზომო მწუხარება აბნელებს სულს და აშრობს ცრემლებს.

20. ბრმა მოისარი ვერ დაოსტატდება, ხოლო კამათის მოყვარული მოწაფე წარწყმდება.

21. როგორც რბილი ლითონი მაგარი ლითონით ილესება, ისე მოღვაწე ძმა ხშირად აცხონებს ხოლმე ზარმაცებს.

22. როგორც სკორეში დამალული კვერცხიდან იბადება მართვე, ისე გაუმჟღავნებელი ზრახვები საქმედ გადაიზრდება.

23. როგორც ასპარეზზე გასული ცხენები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ისე კრებულში მყოფი ძმებიც.

24. როგორც მზეს ფარავს ღრუბლები, ისე გონებას აბნელებს ბოროტი ზრახვები.

25. როგორც სიკვდილმისჯილს აღარ აინტერსებს და არ ლაპარაკობს მღერა-გართობაზე, ისე ჭეშმარიტი მგლოვიარე აღარ ანებივრებს მუცელს.

26. რამდენადაც მეფის ქონების ხილვისას გლახაკი უფრო მეტად სცნობს თავის სიღატაკეს, იმდენად მამათა და მოწამეთა დიდ სათნოებათა წაკითხვის შედეგად უფრო მეტად მდაბლდება ადამიანის გონება.

27. როგორც რკინა თავისდაუნებურად ემორჩილება მაგნიტს, ისევე უნებურად სძლევს ვნებები ვნებას დაჩვეულ ადამიანებს.

28. როგორც ზეთი აწყნარებს ზღვას, ისე მარხვა ხორცის მხურვალებას აცხრობს.

29. როგორც წნევის ქვეშ მოქცეული წყალი ადის მაღლა, ისე ბრძოლათა და განსაცდელთაგან შევიწროებული სული სინანულის დახმარებით ღმერთამდე მაღლდება და თავის მაჭირვებლებს განერიდება.

30. როგორც სურნელების მიხედვითაა შესაძლებელი ნელსაცხებლის მქონე ადამიანის ამოცნობა ამ უკანასკნელის სურვილის მიუხედავად, ისე ყოველი სიტყვა და თავმდაბლობა წარმოაჩენს მას, ვისთანაცუფლის სულია.

31. როგორც ქარი აღაშფოთებს ზღვას, ისე მრისხანება ყველა სხვა ვნებაზე მეტად აღაშფოთებს გონებას.

32. რაც თვალით არ უხილავთ, არც მისი ძლიერი წადილი აქვთ; ასევე, ქალწულებს შედარებით მსუბუქი ხორციელი ბრძოლები აქვთ, ვიდრე გამოცდილებს.

33. როგორც მცველებით დაცული მეფის საუნჯის გაქურდვას ადვილად ვერ ბედავენ ქურდები, ისევე რთულია უხილავი ავაზაკებისთვის იმათი გაქურდვა, ვის გულშიც ლოცვაა დამკვიდრებული.

34. როგორც თოვლისგან არ დაინთება ცეცხლი, ისე ზეციურ დიდებას ვერ მიემთხვევა ის, ვინც ამქვეყნიურ დიდებას ეძიებს.

35. ხშირად ერთ ნაკვერცხალს ბევრი ნივთი დაუწვავს. ასევე არსებობს ერთი სიკეთე, რომელიც მრავალ ცოდვას აღხოცავს.

36. როგორც მხეცის უიარაღოდ მოკვლაა შეუძლებელი, ისე მრისხანებისა – თავმდაბლობის გარეშე.

37. როგორც შეუძლებელია ადამიანის არსებობა საზრდელის გარეშე, ისე სიცოცხლის ბოლომდე დაუშვებელია სიზარმაცესთან ერთი წამითაც კი შეგუება.

38. როგორც ხვრელიდან შეჭრილი მზის შუქი ყველაფერს ანათებს სახლში და შესაძლებელია პატარა მტვრის დანახვაც კი, ისე დაინახავს კაცი ყოველგვარ დაფარულ თუ დაუფარავ ცოდვას, რაჟამს მის გულში ღვთის შიში დამკვიდრდება.

39. როგორც წინ და უკან მავალი კიბორჩხალა ვერ წავა წინ, ისე ვერაფერ სარგებელს პოვებს სული, რომელიც ხან იცინის, ხან ტირის და ხანაც განსვენებაშია.

40. როგორც ადვილია მძინარე ადამიანის გაქურდვა, ისევე ადვილია კეთილი საქმეებისგან იმათი გაძარცვა, ვინც ერთან  ახლოსაა.

41. როგორც ლომთან მებრძოლ ადამიანს მოელის სიკვდილი, თუ ერთი წუთით მაინც მოადუნებს ყურადღებას, ისე ხორცთან მებრძოლ ადამიანს დაამარცხებს ხორცი, თუ მას განუსვენებს.

42. როგორც გატეხილ კიბეზე ამავალ ადამიანს კარგი არაფერი შეემთხვევა, ისე კაცობრივი პატივი და დიდება ეწინააღმდეგება თავმდაბლობას.

43. როგორც შეუძლებელია, მშიერმა კაცმა არ იფიქროს პურზე, ისე შეუძლებელია ცხონება სიკვდილსა და სასჯელზე ფიქრის გარეშე.

44. როგორც წყალი შლის ნაწერს, ისე ცრემლები – ცოდვებს.

45. როგორც ზოგიერთ ნაწერს, როცა წყლით არ იშლება, სხვა საშუალებით ვშლით, ისე სული, რომელსაც ცრემლები არ აქვს, ოხვრით, ვაებითა და დიდი ურვით აღხოცავს ცოდვებს.

46. როგორც სკორეში  მრავლდება მატლები, ისე ბევრი საჭმელი ამრავლებს დაცემას, ბოროტსა დაშერყვნილ ფიქრებს.

47. როგორც ფეხშეკრულს არ შეუძლია სიარული, ისე ქონებით შეკრულს არ შეუძლია ზეცაში აღსვლა.

48. როგორც უფრო ადვილია ახალი იარის მორჩენა, ისევე უფრო რთულია დიდიხნის სულიერი წყლულის განკურნება. თუმცა შრომით ისიც განიკურნება.

49. როგორც მკვდრისთვისაა შეუძლებელი სიარული, ისე სასოწარკვეთილისთვის – ცხონება.

50. ვინც ამბობს, რომ მართალი სარწმუნოება აქვს და მაინც სცოდავს, იმ სახეს ჰგავს, თვალები რომ არაქვს.

51. ვისაც მართალი სარწმუნოება არ აქვს და ღვაწლს შესდგომია, იმ კაცს ჰგავს, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამს.

52. როგორც კარგი მესაჭის ხელში ხომალდი მშვიდობით შედის ნავსადგურში, ისე, მიუხედავად ცოდვათა სიმრავლისა, კარგი მწყემსის ხელში ღვთის შეწევნით სული  მშვიდობით აღვალს ზეცად, თუ მორჩილებას გამოიჩენს.

53. გონიერების მიუხედავად, როგორც ადვილად დაიბნევა უწინამძღვროდ უცნობ გზაზე მავალი ადამიანი, ისე ადვილად წარწყმდება თავის ნებაზე მავალი მონაზონი, თუნდაც რომ მთელ მსოფლიო სიბრძნეს ფლობდეს.

54. ვინც ხორციელ უძლურებაშია და ბევრი შეუცოდავს, მან თავმდაბლობის გზით უნდა იაროს და შესაბამისი საქმეები აკეთოს, რადგან სხვაგვარად ვერ ცხონდება.

55. როგორც შეუძლებელია, დიდიხნის სნეულმა ერთ წამში დაიბრუნოს ძველებური ძალა და ჯანმრთელობა, ისევე შეუძლებელია, ვნებებით შეპყრობილმა მეყვსეულად სრულად დათრგუნოს ვნებები.

56. ყოველთვის დააკვირდი, რამდენად ძლიერია შენში ვნებები და სათნოებები,  როდის სუსტდება ან ძლიერდება ისინი შენში, და მიხვდები, რამდენად წინ მიდიხარ.

57. რამდენადაც დიდად ზარალდება ის, ვინც ოქროს თიხაში ცვლის, იმდენად ზარალდება ისიც, ვინც ხორციელი დიდების მოხვეჭის მიზნით სულიერ სათნოებებს არ ფარავს.

58. ცოდვათა შენდობა ბევრს მიუღია სწრაფად, მაგრამ უვნებობა  – არავის. ამ უკანასკნელს ღვთის შეწევნა, ხანგრძლივი დრო და დიდი შრომა სჭირდება.

59. დავაკვირდეთ, რომელი მხეცი და ფრინველი გვინადგურებს ყანას თესვის ჟამს, რომელი – ნათესის აღმოცენებისას და რომელი – მკის დროს, რათა სათანადოდ დავუგოთ მახე და ხაფანგში მოვაქციოთ ისინი.

60. როგორც გაუმართლებელია თავის ტკივილის გამო თავის მოკვლა, ისე დიდი ბოროტებაა იმედის წარკვეთა სიცოცხლის ბოლომდე.

61. როგორც უშნო საქციელია, თუ ვინმე მამის დამარხავის შემდეგ, სასაფლაოდან დაბრუნებისთანავე ქორწილს გადაიხდის, ისევე უჯეროა, როცა საკუთარ ცოდვებზე მგლოვიარენი კაცთაგან პატივს, დიდებასა და განსვენებას ეძიებენ ამ წუთისოფელში.

62. როგორც განსხვავდება წარჩინებულთა და  დასჯილთა საცხოვრებელი, ისევე უცოდველებისგან განსხვავებული საქციელი და განსხვავებულ ადგილას ცხოვრება მართებთ შეცოდებულებს.

63. როგორც ბრძოლაში სახეზე მიღებული ჭრილობების გამო მეფე არ უგულებელყოფს მებრძოლს, არამედ, პირიქით, დააჯილდოებს და პატივს მიანიჭებს, ისევე სიხარულის გვირგვინით შეამკობს საუკუნეთა მეუფე, ქრისტე, ეშმაკთან ბრძოლის ჟამს დიდ ჭირთა და განსაცდელთა მტვირთველ მონაზონს.

64. სიბრძნე სულს ბუნებრივად აქვს მიმადლებული. ცოდვა ამ სიბრძნეს ანადგურებს.

65. როცა ბოროტებას აცნობიერებენ, მას თავს ანებებენ. ამგვარ ცნობიერებას კი კეთილისა და ბოროტების მცნობელი სინდისი შობს.

66. სინდისი ბოროტების მამხილებლად მოგვეცა ღვთისგან. ის ჩვენი მცველია და ნათლისღების შემდგომ უფრო ძლიერდება. რამდენადაც წმინდაა სინდისი, იმდენად ძლიერ გვამხელს, და რამდენადაც ითრგუნება, იმდენად უძლურდება. მოუნათლავებს ბოროტებაში ამიტომ ძლიერად ვერ ამხელს, არამედ მსუბუქად. რომელი მონათლულიც მას მოუსმენს, ბოროტებას დაეხსნება. ბოროტებისგან დაცხრომა მისდამი სიძულვილს შობს, ხოლო ბოროტების სიძულვილი სინანულის დასაწყისია. სინანულის დასაწყისი ცხონების დასაბამია, რაც გონების განმწმენდელია. განწმენდილი გონება მოღვაწეობის მშობელია, მოღვაწეობა სათნოებათა დასაბამია, სათნოებათა დასაბამი სულიერი ყვავილია, ყვავილობის დასაწყისი საქმეა, საქმის ნაყოფი არის მუდმივობა, რისგანაც იშვება ჩვევა. ჩვევა მიზეზია თავის ყვედრებისა, რითაც ღვთის შიში იშვება. შიში მცნებათა დაცვის მიზეზია, მცნებათა დაცვა კი სიყვარულის გამოხატულებაა. სიყვარულის დასაწყისი თავმდაბლობის მატებაა, თავმდაბლობის სიმრავლე უვნებობის დედაა, უვნებობის მოპოვება კი სრულყოფილი სიყვარულია. სრულყოფილი სიყვარული უვნებობის მიერ ღვთის დამკვიდრებაა წმიდათა გულებში, „რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათე 5. 8), რომლისა არს დიდება და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

——————————————————————-

ოცდამეექვსე თავის სქოლიო:

1. ეს სამი ვნებაა: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ვინც ამ სამ ვნებას სძლევს, ნაყროვანებას – მარხვით, პატივმოყვარეობას – თავმდაბლობით, ვერცხლისმოყვარეობას – ღვთის იმედითა და ლოცვით, მას სხვა ხუთი ვნებაც დაძლეული ექნება. ესენია: სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყენილობა და ამპარტავნება.

2. სულიერი ღამე და სიბნელე არის სიზარმაცე, მოწყენილობა და გულისთქმები.

3. იგულისხმება პავლე მოციქული, რომელმაც ძმების გამო საკუთარი თავი შეაჩვენა.

4.
 სიფონი არის ციდან ზღვაში ჩამოშვებული ღრუბლის სვეტი, რომელიც წყალს ზევით იტაცებს.

5. დამწყებთა სწავლება ასეთია: მორჩილება, მარხვა, მოთმინება, სულიერი სიმხნევე, ნათესავთა და ქონების უსიყვარულობა, სიმდაბლე და ლოცვა; ხოლო საშუალოთა სწავლებაა: სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოწყალება, ძვირის მოუხსენიებლობა, უპოვარება, მარხვა, მოკრძალება და ლოცვა. ხოლო სრულყოფილთა სწავლა ასეთია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, განსჯა, და ზუსტი ცოდნა ყოველთვის, ყველგან და ყოველ საქმეში.

6. ეს სამი ვნებაა: ავხორცობა, ვერცხლისმოყვარეობა და ამპარტავნება.

7. ეს რვა ზრახვაა: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, მრისხანება, მწუხარება, მოწყენილობა, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება.

8. სამი მთავარი ზრახვაა: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ხოლო დანარჩენი ხუთი არის: სიძვა, მრისხანება, მწუხარება, მოწყენილობა და ამპარტავნება.

9. გონება არის ფიქრის მიზეზი, ადგილი და ძალა. ის სულისთვის თვალს წარმოადგენს. აზრი კი გონების მიერაა მოფიქრებული და წარმოსახული. გონების დაცვა ისაა, როცა ადამიანი საერთოდ არ ღებულობს არანაირ უკეთურ ფიქრს; აზრების დაცვა კი გონებაში მოსულ აზრთა უკუგდებაა.

10. მათ შორის განსხვავება ორგვარია: ერთის მიხედვით, პირველი უფრო დაბლა დგას, ხოლო მეორის მიხედვით – უკანასკნელი.

11. ცოდვაში ნებისმიერი მცნების დარღვევა იგულისხმება, უქმობაში – როცა არ იღვწიან და ღვთის საქმეებს არ აკეთებენ. დაუდევრობაა, როცა სიკეთეს აკეთებენ, მაგრამ ზარმაცობენ და საქმეს ბოლომდე არ ასრულებენ. ვნება ვნებებით შეპყრობილი გონების ჩვევადქცეული და ძნელად განსადევნი მიდრეკილებებია. დაცემა ურწმუნოებასა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდნაა.

12. უნივთოში სული მოიაზრება, ხოლო ნივთიერში – ხორცი. ამიტომ ებრძვის ხორცი სულს.

13. ეს შემდეგს ნიშნავს: როცა სულიერად უძლური ადამიანი ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს მოთმინებას შეიძენს, მაშინ მიხვდება, რომ ღმერთმა მოხედა.

14. 
განშორებაში სიკვდილი იგულისხმება. რას ნიშნავს ზემოთ ასვლა და ქვემოთ ჩასვლა? ნათქვამი სულს ეხება: სული ან ზეცაში ადის, ან ქვესკნელში ჩადის. საშუალო მდგომარეობა არ არსებობს. ხოლო ხორცი მიწაზე რჩება.

15.
 ადამიანის სულსა და სხეულზე ლაპარაკობს. ადამიანის სული სხეულთან ერთად იბადება და მასში არსებობს. ნეტარ მამას უკვირს, სხეულთან განშორების შემდეგ სხეულთან ერთად დაბადებულ სულს როგორ შეუძლია იყოს სრულყოფილი,  უვნებელი და უცვლელი.

16. 
მოშიში – ხორცთა მოყვარე ადამიანია. ვინც მშიშარაა, უგულო, უყვარს და ეცოდება საკუთარი ხორცი, ასეთი მოღვაწეობას არ უნდა შეუდგეს.

17. ხორციელი დაცემა  ცოდვებია, ხოლო სულიერი ცდომა – სასოწარკვეთილება. სულიერი ცდომა იმიტომ არის პირველ ხორციელ დაცემაზე უფრო მძიმე, რომ ვინც სულიერი ცხოვრების აღთქმას ერთხელ დებს და ისევ ეცემა, მას გაცილებით უძნელდება წამოდგომა, რადგან სიამაყის გამო ეცემა. უკანასკნელ ცდომაში სასოწარკვეთილება იგულისხმება. სასოწარკვეთილი ადამიანი თუ ვინმემ არ წამოაყენა, წარწყმდება.

18. 
რომელ შერეულ ნებაზე ლაპარაკობს ნეტარი მამა? – ხშირად ადამიანი ღვთის ნების გარეშე აკეთებს რამე საქმეს. შემდეგ ადამიანის ნებას მეყვსეულად ეშმაკის ნებაც შეერევა და საქმე უკეთური ხდება. მოგვიანებით მასში ღვთის ნება ერთვება და საქმე კეთილად გარდაიქმნება.

19. შემდეგზე მსჯელობს: შიში ადამიანს საქმის კეთებას აიძულებს, ხოლო სიყვარული – მჭვრეტელს ხდის. სიყვარულით ჭვრეტა დაუსრულებელია. ამგვარად მიდის ადამიანი “ძალითი ძალად”. “უფალმან იცევინ შესლვაჲ” შიშისა, ანუ საქმისა, და “განსლვაჲ” სიყვარულისა, ანუ ჭვრეტისა.

20. დაცემაში საქმითა თუ სიტვით ჩადენილი უწესო საქციელი იგულისხმება. მსგავს შემთვევაში ადამიანმა იმედი არ უნდა დაკარგოს, რომც დაეცეს, უნდა იღვაწოს, წამოდგეს და ისე შეებრძოლოს მტრებს, თითქოს არც დაცემულა. ასეთ ადამიანს ანგელოზები იმ ერთი ძმის მსგავსად განადიდებენ, რომელიც სიძვით დაეცა, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ შეუპყრია და მტრები სძლია. მისი გმირობა ერთ ბერს ეუწყა.

21.
 ის, ვინც სამი ღამე საფლავში დაჰყო და უკუნისამდე ცოცხალია, ქრისტეა. ის, ვინც სამ ჟამს სძლევს, არასდროს მოკვდება. ეს სამი ჟამია: ბავშვობა, ახალგაზრდობა და სიბერე. ვინც ამ სამი ჟამის განმავლობაში ვნებას ამარცხებს, ის სულიერი ცოდვით აღარ მოკვდება.

22. ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ სინანული სიკეთის დამაბრკოლებელია. მაგალითად, როცა რამე სიკეთეს ვაკეთებთ, შემდეგ ვნანობთ და ვწუხვართ, რატომ მოვიქეცი ასე, და არა სხვაგვარადო. ასეთ დროს ჩვენს მიერ შეკრებილ სიკეთეს ვაბნევთ. ეს უნდა გაითვალისწინონ მორჩილებმა, როცა ნანობენ, რატომ დაყუდებას არ შევუდექითო, და მორჩილებას უგულებელყოფენ. აი, ამ დროს სინანული სიკეთეს ღუპავს, ბოლომდე ანადგურებს მას და საბოლოოდ ადამიანს დასცემს.

23. ვფიქრობ, სინდისზე მსჯელობს.


 

თავი ოცდამეშვიდე

ჩვენი წმიდა მამის, იოანეს თქმული ხორციელი და სულიერი დაყუდებისთვის

1. დავემონეთ რა და დავემორჩილეთ არაწმიდა ვნებებს, მცირე რამ ჩვენც შევიტყვეთ ჩვენს საწყალ სულს დაუფლებულ ბოროტ სულთა მზაკვრობაზე, ხრიკებსა და საქმეებზე; მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მათი მზაკვრობა სულიწმიდის ძალითა და ვნებებისგან სრული გათავისუფლების შედეგად სცნეს. სხვაა, როცა ავადმყოფობის დროს ტანჯვა-ტკივილის შემდეგ აცნობიერებენ ჯანმრთელობის ბედნიერებას, და სხვაა, როცა ჯანმრთელობით დამტკბარნი სნეულების სიმწარეს სცნობენ და წარმოიდგენენ.

რამდენადაც თავად უძლურნი გახლავართ, დაყუდების ნავსაყუდელზე სიბრძნისმეტყველება გვაშინებს, რადგან ვიცით, როგორც სუფრასთან მყოფი ძაღლი ცდილობს პურის მოპარვასა და შეჭმას, ისევე მორჩილ ძმათა კრებულს დარაჯობს ეშმაკი და შემწის გარეშე დარჩენილი, მარტო მყოფი სულის მიტაცებასა და შეჭმას ცდილობს დაყუდების საბაბით. რათა ჩვენი სიტყვებით არანაირი მიზეზი მიგვეცა მათთვის, რომლებიც მიზეზს ეძიებენ, აქამდე მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ, ბრძოლაში მყოფ ზეციური მეუფის მხედართა მშვიდობასა და მყუდროებაზე გველაპარაკა. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ გმირულად მებრძოლისთვის მშვიდობისა და დაყუდების გვირგვინია გამზადებული. ახლა კი, თუ სურვილი გაქვთ, დაყუდებაზე წარმოდგენის შესაქმნელად მცირეოდენს მოგახსენებთ, რათა სრული უთქმელობით არავის დავწყვიტოთ გული.

2. ხორციელი დაყუდება ზნისა და გრძნობათა დაწყნარებაა; ხოლო სულიერი დაყუდება აზრთა წვდომა და გონების გაუფანტაობაა.

3. არსებობს დაყუდების მოყვარული მხნე და მამაცი ზრახვა, რომელიც განუწყვეტლივ ფხიზლად დგას გულის კართან და მოსულ მტერს ან კლავს, ან უკუაგდებს.

4. ნათქვამი კარგად ესმის მას, ვინც გულისმიერი სიბრძნით არის დაყუდებული; ხოლო ვინც ჯერ კიდევ ჩვილია, მისთვის გაუგებარია ნათქვამი და არ იცის მისი გემო.

5. განბრძნობილ დაყუდებულს აღარ სჭირდება სიტყვიერი სწავლება, რადგან საქმეებით სწავლობს სიტყვიერსაც.

6. დაყუდების დასაბამი ის არის, როცა ერის ხმაურსა და შფოთს გაურბიან, როგორც გონების შემაშფოებელს; ხოლო დასასრული ის არის, როცა არ ეშინიათ და სრულიად უვნებელნი რჩებიან, თუნდაც მათი სიმშვიდე ერის შფოთმა და ხმაურმა დაარღვიოს.

7. ვინც სიბრძნის შესაძენად დაეყუდება, განისწავლება და გახდება სახლი სიყვარულისა. იგი კამათისა და მრისხანების ჟამს სრულიად მშვიდი და ალერსიანი იქნება. ხოლო ვინც სიბრძნის შესაძენად არ ეყუდება, იგი ვნებებისა და ამპარტავნების მონა იქნება.

8. დაყუდებული იგია, ვინც უხორცო და უნივთო გონებას ხორციელ სენაკში ამწყვდევს. დიდია და საკვირველი ეს საქმე.

9. მარგალიტს მაძიებლები ეძიებენ, ხოლო უხილავ მარგალიტს – დაყუდებულის გონება.

10. ნუ უგულებელყოფ ზემოხსენებულ შედარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარხარ, თუ რა არის დაყუდება.

11. მარტო მყოფი მონაზონი ისეთი არ არის, როგორც სხვა მონაზონთან ერთად მყოფი. მარტომყოფს დიდი სიფრთხილე და გონების მოკრება მართებს.1

12. სხვებთან ერთად მყოფ მონაზონს ხშირად მოყვასი ეხმარება, ხოლო მარტომყოფს – მხოლოდ ანგელოზი.

13. ცხადია, სულიერად დაყუდებულთან ანგელოზები იმყოფებიან და ეხმარებიან; ხოლო თუ ვინ აღუდგება მას წინ, ამაზე გავჩუმდები.

14. ღრმაა საღვთო საქმეთა უფსკრული. დაყუდებულის გონება ამ უფსკრულში მიმოდის.

15. არ არის სწორი ტანსაცმლით ცურვა. ასევე სახიფათოა ვნებებს დამონებული ადამიანის ღვთისმეტყველება.

16. სენაკი ზღუდეა დაყუდებულის სხეულისა, ხოლო სხეული ზღუდეა დაყუდებულის გონებისა, სადაც ეს უკანასკნელი სიბრძნის სახლს იშენებს.

17. ვინც ვნებებითა და სულიერი სნეულებით არის შეპყრობილი, და დაეყუდება, იმ კაცს დაემსგავსება, რომელიც ნავიდან შუაგულ ზღვაში ხტება და უშრომლად, პატარა ფიცრის ანაბარა აპირებს ხმელეთზე გასვლას.

18. თიხასთან, ანუ ხორცთან მებრძოლისთვის სასარგებლოა დროულად დაყუდება, თუ ამასთანავე წინამძღვარიც ეყოლება. სრულ განმარტოებას კი ანგელოზებრივი ძალა სჭირდება.

19. მე ჭეშმარიტ დაყუდებულებზე ვლაპარაკობ, ანუ მათზე, რომლებიც სულითა და ხორცით არიან დაყუდებულნი.

20. მოწყენილობაში მყოფი დაყუდებული ცრუობს და სხვებს გადაკრულად ანიშნებს, დაყუდებიდან გამოიყვანონ.

21. სენაკს როცა ტოვებს, ამაში ეშმაკებს ადანაშაულებს, და ვერ ხვდება, რომ ეს ეშმაკი თავად იყო.

22. ვნახე დაყუდებულნი, რომელნიც ღვთის სურვილით ანთებულნი დაყუდებით ვერ ძღებოდნენ და ცეცხლზე – ცეცხლს, ტრფიალებაზე – ტრფიალებას და სურვილზე სურვილს უმატებდნენ.

23. ჭეშმარიტი დაყუდებული დედამიწაზე ანგელოზს განასახიერებს, რომელსაც ღვთის სიყვარულის ქარტიაზე დაწერილი მუყაითობით თავისი ლოცვა მცონარებისა და მოწყენილობისგან სრულიად გაუთავისუფლებია.

24. დაყუდებული იგია, ვინც ჭეშმარიტად ღაღადებს: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო” (ფსალმ. 56. 8).

25. დაყუდებული იგია, ვინც ამბობს: „მე მძინავს და გული ჩემი მღჳძარე არს” (ქება 5. 2).

26. საყვარელო, დაუხშე სენაკის კარი სხეულს, ენის კარი – სიტყვას, ხოლო გულის კარი – ბოროტ სულებს.

27. მზის პაპანაქება და წყნარი ზღვა მენავის მოთმინებას გამოსცდის, ხოლო საჭირო ნივთების უქონლობა – დაყუდებულის მოთმინებას.

28. მენავეს როცა მოსწყინდება, წყალში ცურავს; ხოლო დაყუდებულს როცა სულმოკლეობა სძლევს, ხალხში გადის.

29. ნუ გეშინია ეშმაკის მოჩვენებებისა და ხმებისა. გლოვამ არ იცის ამაო შიში, და ვერც მოჩვენებები აძრწუნებს მას.

30. ვინც ჭეშმარიტი ლოცვა ისწავლა, უფალს ისევე ელაპარაკება პირისპირ, როგორც მეფეს – ყურში. ვინც მხოლოდ სიტყვით ლოცულობს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც მთავართა თანდასწრებით ევედრება მეფეს; ხოლო ვინც ერის ხალხშია, იმ კაცს ჰგავს, რომელიც ხალხის ღრიანცელში ევედრება მას.

31. თუ ლოცვის ხელოვნებას დაუფლებული ხარ, მაშინ ნათქვამსაც გაიგებ.

32. მცველად დაუდექი აზრებს, თუ მათი დაცვა იცი. მაშინ დაინახავ და მიხვდები, როგორ, როდის, საიდან და რამდენი აზრი შედის შენს ვენახში გასაქურდად.

33. როცა თვალყურის დევნითა და მსტოვრობით დაიღლები, ადექი და ილოცე. შემდეგ კი კვლავ მხნედ შეუდექ დარაჯობას.

34. ზოგიერთმა გამოცდილმა ადამიანმა ზემოთქმულზე გამოწვლილვით საუბარი მოიწადინა, მაგრამ შეშინდა, მოღვაწეები არ გაეზარმაცებინა და თავისი სიტყვით დაყუდების მსურველები არ დაეფრთხო.

35. ეშმაკები ძლიერ ურისხდებიან იმათ, ვინც დაყუდებაზე დაწვრილებითა და საქმის ცოდნით მსჯელობს, რადგან მათსავით ეშმაკთა სისაძაგლეს ვერავინ წარმოაჩენს.

36. ვინც სრულყოფილ დაყუდებას მიაღწია, მას საიდუმლოთა სიღრმე შეუცნია; მაგრამ ამ სიღრმეს ვერ ჩასწვდება ის, ვინც თავდაპირველად ეშმაკთა ამბოხს, ქართა სიმძაფრესა და კვეთებას არ გამოსცდის.

37. ნათქვამის მოწმეა პავლე მოციქული, რომელიც დაყუდების შედეგად სამოთხეში ატაცებული რომ არ ყოფილიყო, ვერც ენით გამოუთქმელ სიტყვებს გაიგებდა.

38. დაყუდებულის ყურს ღვთის საოცრებები ესმის. ყოვლადბრძენი დაყუდება იობის პირით ასე ამბობდა: „ნუუკუე ყურთა ჩემთა არა შეიწყნარონ ღვთისგან საკჳრველებაჲ”.

39. დაყუდებული იგია, ვინც სიძულვილის გარეშე ისევე ილტვის ადამიანებისგან, როგორც სულმოკლე და მცონარა ილტვის ხალხისკენ. დაყუდებული იმიტომ გაურბის ხალხს, რომ ღვთიური სიტკბოების დაკარგვა არ სურს.

40. „წარვედ” და განაბნიე „მონაგები შენი” (განაბნიე, და არა გაყიდო, რადგან გაყიდვას დრო სჭირდება!) „და მიეც გლახაკთა” და მონაზონთა (რათა დაყუდების მიღწევაში ლოცვით შეგეწიონ), „აღიღე ჯვარი შენი” და მორჩილებით იტვირთე, თავს იდევ ვნებებთან ბრძოლის სიმძიმე, „მოვედ და შემომიდეგ მე” სანატრელი დაყუდების გზაზე, და ხილულად გასწავლი უხილავ ძალთა საქმესა და ცხოვრებას (შდრ. მათე 19. 21).

41. ზეცის მკვიდრნი უკუნითი უკუნისამდე ვერ გაძღებიან შემოქმედისადმი გალობით. ვერც დაყუდების ცისა მკვიდრნი ძღებიან დამბადებლის დიდებით.

42. უხორცონი ხორცზე საერთოდ არ ზრუნავენ. არც ეს უხორცო ხორციელნი ზრუნავენ რამე საჭიროებისთვის.

43. პირველებს არ აქვთ საკვების მოთხოვნილება, ხოლო მეორეებს – არანაირი სურვილი რამე ადამიანური საჭიროებისა თუ ხორცთა განსვენებისა.

44. ზეციური არსებები არას დაგიდევენ ქონებას; არც ესენი აქცევენ ყურადღებას ეშმაკთა უკეთურებასა და ბრძოლებს.

45. ზეციურ არსებებს ხილული ქმინილების სურვილი არ აქვთ; არც ამათ აქვთ ხორციელთა ხილვის სურვილი.

46. ზეციური არსებები გამუდმებით იზრდებიან ღვთის სიყვარულში; ესენიც გამუდმებით მათ ბაძავენ.

47. ზეციური არსებებისთვის უცნობი არ არის სიმდიდრე მათი წარმატებებისა; არც დაყუდებულებისთვისაა უცნობი ზეცად ამაღლების ტრფიალება.

48. ზეციური არსებები არ ცხრებიან, სანამ სერაბიმებს არ გაუტოლდებიან, ხოლო ესენი – სანამ ანგელოზებს არ დაემსგავსებიან.

49. ნეტარია, ვისაც ამგვარი სიმაღლის მიღწევის იმედი აქვს; სამგზის სანატრელია, ვინც მიახლოებულია; ხოლო ანგელოზია, ვინც უკვე მიაღწია ამ სიმაღლეს.

 დაყუდების სახეობებზე

50. ყველასთვის ცნობილია, რომ თითოეული ადამიანის საქმე და ხელოვნება ერთმანეთისგან განსხვავება მათი მიზნის, ნებისა და ოსტატობის ხარისხის მიხედვით. ყველა ვერ აღწევს სრულყოფილებას, არამედ მათ შორის ზოგიერთი სრულყოფილია და ზოგიერთი – ნაკლებად დახელოვნებული, რაც მათი უძლურების ან მცონარების შედეგია. აი, ამიტომ განსხვავდება მათი საქმეებიც. ამ ნავსაყუდელში, უკეთ რომ ვთქვათ, უფსკრულში, შესვლისას ზოგიერთს ხორციელი უძლურების დაძლევის, ენის დაოკების, ბოროტი ჩვეულებების ალაგმვის სურვილი ან სხვა მიზნები ამოძრავებს. მაგალითად, მრისხანენი იყვნენ და უბადრუკნი გულისწყრომას ხალხში ვერ უმკლავდებობნენ. ზოგიერთს თავნებობისა და ამპარტავნების გამო სურს ამ ზღვაში შესვლა. ზოგიერთი ნივთების გარემოცვაში ნივთების სიყვარულს ვერ სძლევს და ამიტომ მიდის. ზოგიერთს განმარტოებაში ყოფნისას გულმოდგინების მიღწევა სურს და ამიტომ იქცევა ამგვარად. სხვები ცოდვათა გამო ფარულად იტანჯავენ თავს, სხვებს კაცთაგან დიდების მოხვეჭა სურთ. არიან ადამიანები (თუ კი უფალი იპოვის ასეთებს ამ ქვეყნად მოსვლის ჟამს), რომლებიც ღვთის სიყვარულის წყურვილისა და სურვილის გამო მიმართავენ სანატრელ დაყუდებას. მაგრამ ეს უკანასკნელნი თავდაპრველად განშორების სიგელს უწერენ მოწყენილობის ყოველგვარ გულისსიტყვას, რადგან მოწყენილობასთან შეუღლება პირველთან (დაყუდებასთან – რედ.) განშორებას  ნიშნავს.

51. აჰა, გამოვთალე კიბე იმ მწირი სიბრძნის შესაბამისად, რომელიც უმეცარ ხუროთმოძღვარს მომეცა, და თავად განსაჯეთ, დაყუდების კიბის რომელ საფეხურზე დგახართ.

52. პირველი საფეხურზე თავნებობას ებრძვიან, მეორეზე – კაცთა დიდებას, მესამეზე – ენის უძლურებას, მეოთხეზე – ნივთთა სიყვარულს, მეხუთეზე – მრისხანებას. მეექვსე საფეხურზე ცოდვათა გამო თავის დასატანჯად ადიან, მეშვიდეზე – გულმოდგინების შესაძენად, მერვეზე – საღვთო ცეცხლის კიდევ უფრო მეტად ასაგიზგიზებლად.

53. ეს შვიდი საფეხური ამა საწუთროს შვიდეულში აღესრულება, ამასთან ზოგირთი – კარგად, ზოგიერთი – ცუდად; ხოლო მერვე საფეხური მომავალი საუკუნის მომასწავებელია.

54. მარტო მყოფო მონაზონო, თვალყური ადევნე, როდის მოდიან შენთან მხეცები, თორემ სხვაგვარად მარჯვედ ვერ დაუგებ მახეს.

55. თუ გაგეცალა ის, ვინც განშორების სიგელი მიიღო (იგულისხმება მოწყენილობა – რედ.), მაშინ ხელსაქმე აღარ დაგჭირდება; და თუ ჯერ არ განგშორებია, არც კი ვიცი, როგორ უნდა დაეყუდო.

56. რატომ არ არის ტაბენესელებს შორის იმდენი მნათობი, რამდენიც სკიტელებთან?! ვინც გონიერია, მიხვდეს, მე კი ამაზე საუბარი არ შემიძლია, უფრო სწორად, არ მსურს.

57. ზოგიერთი ვნებებთან და მტრებთან ბრძოლით, ზოგი – გალობითა და ფსალმუნებით, ზოგი _ ლოცვით, ზოგი – ჭვრეტით ატარებს დროს. დაუკვირდით ზემოთქმულსაც და ვინც უფლის შეწევნით ნათქვამის აზრს ჩასწვდება, ჩასწვდეს.

58. არიან ზარმაცი ადამიანები, რომლებიც მონასტრის საძმოში დიდძალ საზრდოს ნახულობენ თავიანთი სიზარმაცის გამოსაკვებად და სრულიად წარიწყმედენ თავს. არიან ისეთებიც, რომლებიც სხვების მაგალითს ბაძავენ და სიზარმაცეს თავს ანებებენ. მსგავსი რამ არამარტო ზარმაცებს, არამედ მოღვაწეებსაც ემართებათ.

59. ამგვარადვე ხდება დაყუდებულებშიც: უდაბნოს მრავალი გამოცდილი ადამიანი მიუღია, მაგრამ შემდეგ უარუყვია, რადგან თავნებობის შედეგად მათი ავხორცობა წარმოჩენილა. სხვები კი, მიუღია რა თავის წიაღში, უფრო გულმოდგინე და გულმხურვალე გაუხდია, რადგან მათ მომავალი სასჯელისა შეშინებიათ და მასზე ზრუნვას შესდგომიან.

60. არავინ, ვინც მრისხანეა, ამაყი, პირფერი და გულღრძო, არ გაბედოს დაყუდების თუნდაც კვალის ძიება. ვაითუ, ჭკუაზე შეცდეს. ხოლო ვინც ზემოხსენებული ვნებებისგან განწმენდილია, თავად უწყის, რა არის მისთვის უმჯობესი. თუმცა, ჩემი აზრით, არც ამ უკანასკნელმა იცის.

61. ვინც სათანადოდ არის დაყუდებული, შემდეგი ნიშნები ახასიათებს: ფხიზელი გონება, წმიდა გული, ღვთის მიმართ აღფრთოვანება, საუკუნო სასჯელის წარმოდგენა, სიკვდილზე ფიქრი, ლოცვით გაუმაძღრობა, ფხიზლად დარაჯობა, სიძვის მოკვდინება, ვნებიანი სიყვარულის უმეცრება, ამა სოფლისთვის სიკვდილი, ნაყროვანების სიძულვილი, ღვთისმეტყველების დასაბამი, სიბრძნის წყარო, მუდმივი ცრემლი, მრავლისმეტყველების აღკვეთა, და ამის მსგავსნი, რასაც ხალხმრავლობა წინ აღუდგება. ვინც ჯერისაებრ არ ეწევა დაყუდებას, მათ შემდეგი რამ ახასიათებთ: მრისხანების გამძაფრება, გულღრძოობა, სიყვარულის გაუჩინარება, სიამაყის მატება, და რაც მას შემდგომ მოსდევს,2 აღარ ვიტყვი.

62. ვინაიდან სიტყვამ მოიტანა, კარგი იქნებოდა, ჭეშმარიტ მორჩილთა ნიშან-თვისებებზეც გვეთქვა, რადგან ჩვენი სიტყვა უმთავრესად მათთვის არის განკუთვნილი.

63. ვინც რჯულის შესაბამისად, სათანადოდ ეწევა მორჩილებას, ასეთებს, როგორც მამები ამბობენ, შემდეგი რამ ახასიათებთ: დამწყებთა შორის სიმდაბლის დღითი დღე აღორძინება, მრისხანების შემცირება, გონებრივი სიბნელის გაუჩინარება, ვნებებისგან ხსნა, სიძულვილისგან გათავისუფლება, მხილებითა და ყვედრებით ავხორცი გულისთქმების აღხოცვა, მოწყენილობის უცოდინარობა, გულმოდგინების გამრავლება, წყალობის გაცემის სიყვარული, ამპარტავნებისგან გაუცხოება; რასაც ყველა უნდა ეძიებდეს, მაგრამ ცოტა აღწევს.

64. აზრი არ აქვს, წყარო ვუწოდოთ იმ ადგილს, სადაც წყალი არ არის. გონიერები მიხვდებიან, რაც მას მოსდევს.

65. რომელი სულიც უფლისთვის მიცემულ აღთქმას არ იცავს, თავს იბილწავს. ეს სიბილწეებია: სიკვდილის დავიწყება, მუცლის გაუმაძღრობა, თვალის დაუოკებლობა, დიდებისთვის მოღვაწეობა, უზომო ძილი, გულქვაობა, ულმობლობა, ბოროტ ზრახვათა საგანძური, ვნებათა სიჭარბე, გულის ტყვეობა, მშფოთვარება, ურჩობა, კამათი, ავხორცი სიყვარული, ურწმუნოება, უჯერო საქციელი, მრავლისმეტყველება, კადნიერება, და რაც ყველაზე საშინელია, და ყველაზე უმძიმესი – უგრძნობელობა, რომელსაც ღვთის უშიშრობა მოსდევს. სწორედ ეს არის დედა ყოველგვარი დაცემისა და ვნებისა.

66. დაყუდებულებს რვა ვნებიდან ხუთი ებრძვის, ხოლო მორჩილებს – სამი.3

67. რომელ დაყუდებულსაც მოწყენილობა სძლევს, ბევრს კარგავს, რადგან მასთან ბრძოლაში ხარჯავს ლოცვისა და ჭვრეტისთვის განკუთვნილ დროს.

68. ერთხელ სენაკში ყოფნა მომწყინდა, სულმოკლეობამ მძლია და გამოსვლა მოვიწადინე. სენაკიდან გამოსვლას რომ ვაპირებდი, ვიღაც კაცები მოვიდნენ და დაყუდებისთის შემაქეს. პატივმოყვარეობამ მაშინვე განდევნა მოწყენილობის ფიქრი, და გამიკვირდა, კუროსთავის (ეკლიანი მცენარე – რედ.) მსგავსი პატივმოყვარეობის ეშმაკი ყველა სხვა ეშმაკს რომ სძლევდა.

69. ყოველთვის დააკვირდი, საით გადაიწონის შენი გონების სასწორი მოწყენილობის მოსვლის, წასვლისა თუ წონასწორობის ჟამს. ნახე, უმთავრესად საით გადაიწონება და საიდან გძლევს. ვისაც სულიწმიდის მადლით მყუდროება მოუპოვებია, ნათქვამს მიხვდება.

70. დაყუდებულმა, უპირველეს ყოვლისა, არ უნდა იზრუნოს საჭირო თუ არასაჭირო საქმეებზე. ვინც პირველს (საჭირო საქმეებს – რედ.) გაუღებს კარს, მას, უცილობლად, მეორე (არასაჭირო საქმეები – რედ.) შეიპყრობს. მეორეც – დაყუდებულმა დაუზარელად უნდა  ილოცოს; და მესამე – გული წარუპარველად დაიცვას.

71. როგორც შეუძლებელია, ასოების უცოდინრად წიგნის წაკითხვა, ისევე შეუძლებელია პირველის მიუღწევლად შემდეგი ორის ჯეროვნად აღსრულება.

72. ვიყავი რა შუა საფეხურზე, საშუალოთა მივაღწიე, რომელთაც მოწყურებული განმანათლეს. და ვიყავი რა მათთან, ვერ მითხრეს, თუ როგორი იყო ის (უფალი – რედ.), სანამ ხილული გახდებოდა. მთავარს არც სურდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ვკითხე: „ახლა როგორია?” მიპასუხა: „თვისთა შინა არის, მაგრამ არა ამას შინა”. მე ვიკითხე: „რას ნიშნავს  მამის მარჯვნივ ჯდომა და რატომ ზის მარჯვნივ?” მიპასუხა: „შეუძლებელია ამისი ყურით აღქმა-მოსმენა”. მე კი გაგება მსურდა, და როცა ვკითხე, მიპასუხა: „მსგავთა მოსმენა უხრწნელების ცეცხლის სიმცირის გამო ჯერ არ შეგიძლია”. არ ვიცი, ამ დროს მიწასთან (სხეულში _ რედ.) ვიყავი, თუ მის გარეშე.4

73. რთულია შუადღის ძილის გაძევება, განსაკუთრებით, ზაფხულში. ამ დროს კარგია ხელსაქმე.

74. ვნახე მოწყენილობის ეშმაკი, რომელმაც სიძვის ეშმაკს გზა გაუმზადა: დაყუდებულის ხორცი მოადუნა, ძილით დანთქა და ამგვარად შებილწა.

75. თუ წინააღმდეგობას გაუწევ, უფრო მეტად შეგებრძოლებიან, რათა გათქმევინონ: „არაფერი მშველის!” და მოღვაწეობა შეწყვიტო; მაგრამ გამხნევდი! ეშმაკთა მარცხს ისე არაფერი წარმოაჩენს, როგორც ჩვენს საწინააღმდეგოდ გამართული მათი ბრძოლა.

76. სენაკიდან გასვლისას დაიცავი, რაც სენაკში შეგიკრებია. კარის გაღებისას შიგნით მყოფი ფრინველები მაშინვე გარეთ გამოფრინდებიან და დაყუდებისგან მიღებული სარგებელი გაუჩინარდება.

77. თმის ბეწვი თვალს გვიმღვრევს, ხოლო პატარა საზრუნავი დაყუდების წესს ღუპავს; რადგან დაყუდება გონების მოკრებასა და საჭირო საქმეებისა და საზრუნავისგან განდგომაში მდგომარეობს.

78. ვინც ჭეშმარიტ დაყუდებაშია, ის არც საკუთარ ხორცზე ზრუნავს. არ მოატყუებს მას ის (უფალი – რედ.), ვინც მასზე ზრუნვა აღუთქვა.

79. ვისაც სურს, განწმენდილი გონებით წარუდგეს უფალს, მაგრამ ბევრ რამეზე ზრუნავს, იმ კაცსა ჰგავს, ფეხები მაგრად რომ შეუკრავს და სწრაფი სირბილი მოუწადინებია.

80. ამბობენ, რომ რთულია მთელი ფილოსოფიის შესწავლა, და ცოტანი არიან მისი მცოდნენი. მე კი ვიტყოდი, რომ გაცილებით რთულია და ძალიან ცოტამ თუ იცის დაყუდების სიბრძნე.

81. ვისაც ჯერისაებრ არ შეუცნია ღმერთი, მან საერთოდ არ იცის დაყუდება და ბევრი განსაცდელი შეხვდება.

82. დაყუდება გამოუცდელებს დატანჯავს, რადგან არ უგემიათ რა ღვთის სიტკბოება, დროს მოწყენილობასა და აზრთა ფორიაქში გაატარებენ.

83. ვისაც ლოცვის სიკეთე უხილავს, ის ხალხმრავლობას ისევე გაურბის, როგორც კანჯარი. ლოცვის გარდა, აბა, რამ განკურნა გაველურებული კანჯარი?5

84. ვნებებით შეპყრობილი უდაბნოში ვნებებზე ფიქრში განლევს დროს, როგორც მეუბნებოდა წმიდა ბერი გიორგი არსელაელი, რომელსაც შენც იცნობ, პატიოსანო მამაო. ეს უკანასკნელი, ასწავლიდა რა დაყუდებას ჩემს გლახაკ სულს, მეუბნებოდა: “შევნიშნე, რომ განთიადისას პატივმოყვარეობისა და სიძვის ეშმაკები მოდიოდნენ, შუადღისას – მოწყენილობის, მწუხარებისა და მრისხანებისა, ხოლო საღამო ხანს – სკორეს მოყვარული ნაყროვანების ეშმაკები”.

85. ზრუნვაში მყოფ დაყუდებულს უპოვარი მორჩილი სჯობს.

86. რომელი დაყუდებულიც ყოველდღიურ სარგებელს ვერ ამჩნევს, ვიცოდეთ, რომ ან დაყუდების ღვაწლს არ ეწევა, ან ამპარტავნება სძლევს.

87. დაყუდება განუწყვეტლივ ღვთის წინაშე დგომა და მისი მსახურებაა.

88. სუნთქვასავით გახსოვდეს უფალი იესო და მაშინ მიხვდები დაყუდების სარგებელს.

89. მორჩილს საკუთარი ნება დასცემს, ხოლო დაყუდებულს – ლოცვის მიტოვება.

90. თუ სტუმრების მოსვლა გახარებს, იცოდე, რომ მოწყენილობაში იმყოფები, და არა ღმერთთან.

91. ლოცვის მაგალითად მოსარჩლისგან შევიწროებული ქვრივი გაიხადე, ხოლო დაყუდებაში ანგელოზთა სწორ დიდ არსენ დაყუდებულს მიჰბაძე.

92. ჰოი, მარტო მყოფო, გახსოვდეს ამ დაყუდებულის მოღვაწეობა, თუ არაერთხელ როგორ გაუბრუნებია მასთან მისული ადამიანები, რათა უფრო მეტი არ დაეკარგა.

93. მინახავს, ეშმაკებს ზარმაცი, მიმოსვლის მოყვარული მონაზვნები იმ მიზნით რომ გაუგზავნიათ ნამდვილ დაყუდებულებთან, რათა ამგვარად სათნოების ეს მუშაკნი მცირედ მაინც დაებრკოლებინათ.

94. ჭეშმარიტო დაყუდებულო, გაითვალისწინე ეს და ნუ მოერიდები მათ განაწყენებას ღვთის შიშით. იქნებ, შერცხვეთ და ხეტიალს თავი ანებონ.

95. ფრთხილად იყავი, რომ ზემოხსენებული სახით არ მოექცე და ამაოდ არ შეაწუხო მოწყურებული სული, რომელსაც წყლის მიღება სწადია. ყველაფერში გონიერების სანთელი გჭირდება.

96. დაყუდებულის ცხოვრება, და საერთოდ, ყოველი მონაზვნის ცხოვრება, გონივრულად, სინდისის მიერ უნდა იყოს წარმართული.

97. ვინც წესისამებრ ცხოვრობს, ის ყოველ საქმეს, სიტყვას, გულის ზრახვასა და ქმედებას უფლის ნებას უქვემდებარებს. ყველაფერს სულიერი გულისხმისყოფით უფლისთვის და უფლის წინაშე აკეთებს. და თუ მაინც ცდება, მაშინ ჯერ კიდევ ვერ ცხოვრობს წესისამებრ.

98. წინასწარმეტყველი ამბობს: „აღვაღო საგალობელითა იგავი ჩემი” (ფსალმ. 48. 4). მე კი ვიტყოდი: ლოცვით ვაუწყო უფალს ჩემი ნება და მისგან მივიღო დამოწმება.

99. რწმენა ლოცვის ფრთებია. თუ ლოცვას ეს ფრთები არ ექნა, მაშინ „წიაღადვე ჩუენდა მოიქცეს”.

100. რწმენა ის არის, როცა სული შეუორგულებლად დგას და არ ირყევა ნებისმიერ ქართა ქროლვისას.

101. მორწმუნე ის კი არ არის, ვისაც სწამს, რომ ღმერთს თხოვნის შესრულება შეუძლია, არამედ ის, ვისაც სწამს, რომ თხოვნას აუცილებლად შეუსრულებს.

102. რწმენა უიმედო საქმესაც შესაძლებელს ხდის. ამისი მაგალითია ავაზაკი.

103. რწმენის დედა გულმოდგინება და წრფელი გულია. ერთი თხოვნას შეუორგულებელს ხდის, ხოლო მეორე საქმით აღასრულებს სათხოვარს.

104. დაყუდებულთა დედა რწმენაა. რომ არ სწამდეთ, როგორღა დაეყუდებოდნენ?!

105. დილეგში დამწყვდეულს მსაჯულის ეშინია და ძრწის; ხოლო სენაკში დაყუდებულს უფლის შიში და ზარი აქვს.

106. პირველს ისე არ ეშინია სამსჯავროსი, როგორც მეორეს – ქრისტესი.

107. ჰოი, საყვარელო, დაყუდებაში ღვთის დიდი შიშის მოპოვება გმართებს, რადგან მოწყენილობას ვერაფერი დევნის ისე, როგორც ღვთის შიში.

108. საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებული მსაჯულის მოსვლას ელის, ხოლო ჭეშმარიტი დაყუდებული – სიკვდილს.

109. პირველი მწუხარებას შეუპყრია, ხოლო მეორე – ცრემლთა წყაროს.

110. თუ მოთმინების კვერთხს მოიპოვებ, მოწყენილობის ძაღლები გაგეცლებიან.

111. მოთმინება სულის ძარღვი და ძალაა, რომელსაც ჭირი და ბრძოლები ვერ დასცემს.

112. მომთმენი მუშაკი არ ეცემა; მაგრამ თუ დაეცა, დაცემითაც გაიმარჯვებს.

113. მოთმინება განსაცდელების გამუდმებული მოლოდინია.

114. მოთმინება თავის გამამართლებელი მიზეზების მოკვეთაა და საკუთარი თავის მიმართ სიფრთხილეა.

115. როგორც ადამიანებს გვჭირდება საზრდელი, ისე დაყუდებულს – მოთმინება.

116. მეორე ხშირად ხდება გვირგვინოსნობის მიზეზი, ხოლო პირველი – ვნებებისა.

117. მონაზონი, ვიდრე დამარხავენ, უკვე მკვდარია. მისი საფლავი მისივე სენაკია.

118. იმედი და გლოვა შობს მოთმინებას. ვინც მათგან შორს დგას, ის მოწყენილობის მონაა.

119. ქრისტეს მეომარმა უნდა იცოდეს, რომელი მტრის შორიდან მოგერიება მართებს და რომლის – ახლოს მიშვება და ხელდახელ შებმა.

120. ზოგჯერ ბრძოლას გვირგვინი მოაქვს, ზოგჯერ კი ბრძოლისგან გაცლით ადამიანი გამოუცდელი რჩება.

121. შეუძლებელია ბრძოლის წესის სიტყვით სწავლა, რადგან ყველანი ერთნაირი არ ვართ, ანუ ერთნაირი ბრძოლები არ გვაქვს.

122. ყოველთვის ადევნე თვალყური ერთ ვნებას,6 რადგან დგახარ თუ დადიხარ, ზიხარ თუ წევხარ, ლოცულობ თუ გძინავს, ეს უკანასკნელი გამუდმებით გებრძვის.

123. ყველა დაყუდებულს ერთნაირი აზრი არ ამოძრავებს. ზოგიერთი გამუდმებით შემდეგს იხსენებს: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა წინაშე ჩემსა მარადის” (ფსალმ. 15. 8); ზოგიერთი: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი” (ლუკა 21. 19); სხვები იხსენებენ: „იღჳძებდით და ილოცევდით” (მათე 26. 41); სხვები: განმზადენ საქმენი შენნი დღისა მისთჳს სიკუდილისა (შდრ. იგავნი 24. 27); სხვები: „დავმდაბლდი, და მაცხოვნა მე” უფალმა (ფსალმ. 114. 6); სხვები: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა” (რომ. 8. 18); სხვები შემდეგ სიტყვებს იხსენებენ: „ნუუკუე წარგიტაცნეს და არავინ იყოს მჴსნელ თქუენდა” (ფსალმ. 49. 22). ყველანი ესენი მირბიან, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი ღებულობს უშრომლად გვირგვინს.7

124. ვინც სრულყოფილებისკენ მიდის, ის არათუ სიფხიზლეში, არამედ ძილშიც კი ღვაწლშია. აი, ამიტომ ზოგიერთი ძილშიც კი ეშმაკებს ებრძვის და ამარცხებს.

125. არ ელოდო, და არც წინასწარ მოემზადო სტუმრის მისაღებად, რადგან დაყუდებულის წესი უბრალოა და მარტივი.

126. ვერავინ ააშენებს დაყუდების გოდოლს, თუ თავდაპირველად არ დაჯდება და არ აღრიცხავს, აქვს თუ არა საამისოდ სამშენებლო მასალა. ვაითუ, ასეთი ადამიანი საძირკვლის ჩაყრის შემდგომ მტერთა დასაცინი გახდეს და სიკეთის მოქმედი სხვა მუშაკებისთვის დაბრკოლების მიზეზად იქცეს.

127. დააკვირდი, დაყუდების ჟამს მოგვრილი სიტკბოება მწარე მკურნალთა მიერ, მით უმეტეს, სულის მკვლელ მტერთა მიერ ხომ არ არის მოვლინებული.

128. ღამით უმეტესი დრო ლოცვას დაუთმე, ხოლო მცირედი – ფსალმუნებას; დღისით კი ძალისაებრ შენისა მოიქეცი.

129. წიგნის კითხვა მცირედ კი არ უწყობს ხელს გონების მოკრებასა და განათლებას. ის სულიწმიდის სიტყვებია და მკითხველს განამტკიცებს.

130. სათნოებათა და ვნებათა შესახებ დაწერილი წიგნები იკითხე, იკითხე წიგნები, რომლებიც ცხონებას გასწავლიან, რათა გონება განათლდეს.

131. ცხონების სიტყვები, უპირველეს ყოვლისა, შრომით, და არა წიგნის კითხვით ეძიე.

132. არ იკითხო გონებაშეცდომილთა ნათქვამი და წიგნები,8 ვიდრე დიდ სრულყოფილებას არ მიაღწევ, რადგან ისინი სიბნელის სიტყვები არიან და უძლურებს დააბნელებენ.

133. ღვინის გემო ერთი ჭიქით იცნობა. მეცნიერი მოძღვრები დაყუდებულთა შინაგან მოღვაწეობასაც ერთი სიტყვით სცნობენ.

134. მთელი შენი ძალ-ღონით ებრძოლე სიამაყეს, რადგან მასზე მეტად ვერაფერი ღუპავს გონებას.

135. სენაკიდან გასვლის ჟამს უფრთხილდი ენას. ენა ბევრ ნაშრომს სწრაფად განაბნევს.

136. მარტივად იცხოვრე, რადგან ცბიერება დაყუდების გამრყვნელია.

137. მიეცი შენთან მოსულებს, რაც სულიერად თუ ხორციელად ესაჭიროებათ.

138. თუ ისინი ჩვენზე ბრძენნი აღმოჩნდებიან – დუმილით გამოვიჩინოთ სიბრძნე, თუ ჩვენი თანასწორნი – მაშინ სიტყვას ზომიერად გავუღოთ კარი; მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ჩვენზე უპირატესად მივიჩნევთ ყველას.

139. მეფის ძლიერება ხალხისა და ქონების სიმრავლეში მდგომარეობს, ხოლო დაყუდებულისა – ბევრ ლოცვაში.

140. როგორც სიტყვიერად ურთიერთსაწინააღმდეგოა სწავლებანი წმიდა, დაუბადებელი და თაყვანსაცემი სამებისა და ამავე წმიდა სამების განკაცებული ერთ-ერთი პირისა (რადგან რაც სამებაში განყოფილად ითქმის, ის მაცხოვარში ერთია, და რაც სამებაში ერთია, ის მაცხოვარში განყოფილია; ვინაიდან სამებასთან დაკავშირებით ვამბობთ, რომ სამპიროვანია და ერთბუნებოვანი, ხოლო მაცხოვართან მიმართებაში – ერთპიროვანია და ორბუნებოვანი), ისევე სხვადასხვაა დაყუდებულისა და მორჩილის საქმეები.

141. წმიდა წინასწარმეტყველი და მოციქული ამბობს: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ?” (რომ. 11. 34) მე კი ვიტყოდი: ვინ ცნა ხორცითა და სულით ჭეშმარიტად დაყუდებულის გონება ძალითა უფლისათა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეფის ძლიერება სიმდიდრე და ბევრი ქვეშევრდომია, ხოლო დაყუდებულის ძალა ლოცვის სიუხვეა.

—————————————————————

ოცდამეშვიდე თავის სქოლიო:

1. ნატარი მამა შემდეგს ამბობს: მარტო ყოფნა რთულია. ვინც სხვებთან ერთად არის, თუ რამე შეემთხვევა, სხვები დაეხმარებიან. განდეგილს კი დიდი სიფრთხილე მართებს, რათა არ დაეცეს. ის გამუდმებით უფალს უნდა ევედროს და ფრთხილად იყოს, და როცა უფალი მის ამგვარ ყოფას იხილავს, შემწედ ანგელოზს მოუვლენს.

2. ვფიქრობ, ამის შემდგომ ხორციელი დაცემა იგულისხმება, ან ჭკუაზე შეცდენა და სიგიჟე, რადგან ყოველივე ამას, გმობის მსგავსად, ამპარტავნება შობს.

3. დაყუდებულს ებრძვის: ცეცხლისმოყვარეობა, მოწყენილობა, მწუხარება, მრისხანება და ამპარტავნება; ხოლო საძმოში მყოფთ: ნაყროვანება, სიძვა და პატივმოყვარეობა.

4. შუა საფეხურში ლოცვა იგულისხმება, რადგან ის დაყუდებასა და საღმრთო ჭვრეტას შორის იმყოფება. ნეტარი მამა ამბობს, რომ შუა საფეხურზე ყოფნისას (რაც ლოცვას ნიშნავს) „საშუალოთა”, ანუ ანგელოზებს მიაღწია, რადგან ისინი ღმერთსა და ადამიანებს შორის იმყოფებიან. მოწყურებული განმანათლესო, – ამბობს იგი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავიანთი გამოცხადებით ანგელოზებმა ნათელი მოჰფინეს იმას, რისი გაგებაც ეწადა. „ვკითხე, როგორი იყო ის, სანამ ხილული გახდებოდა”, ანუ ვკითხე, როგორი იყო ქრისტე განკაცებამდეო. ამაზე პასუხის გაცემა ანგელოზმაც (რომელიც მას ელაპარაკებოდა) ვერ შეძლო, რადგან ღვთაების სახე არც ანგელოზებმა იციან. მთავარს არც სურდა ამაზე საუბარიო, – იმიტომ ამბობს, რომ, თუმცა ვიკითხე, მთავარს (რომელიც არის გონება) არ სურდა მსგავსი საქმეების გამოძიებაო. „ახლა როგორია?” რომ იკითხა, იმას ნიშნავს, რომ პირველ კითხვაზე პასუხი რომ ვერ მიიღო, იკითხა, თუ როგორია ქრისტე ამჟამად. ანგელოზმა უპასუხა: „თვისთა შინა არს”, ანუ ორი ბუნება აქვს, არის სრული ღმერთი და სრული კაცი; მაგრამ „არა ამათ შინა”, ანუ არა იმ მოკვდავსა და განხრწნად სხეულში, ჯვარცმამდე რომ ჰქონდა. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „დაღაცათუ ვიცოდეთ ქრისტე ხორციელად, ვითარმედ ჭამდა და სმიდა, გარნა არღარა ესრეთ უწყით”. ეს შემდეგს ნიშნავს: თუმცა კი თავდაპირველად მას (ქრისტეს – რედ.) ხრწნადი და ტლანქი ხორცი ემოსა, ახლა სხვაგვარადაა, რადგან ამჟამად უფლის სხეული უხრწნელია.

ნეტარ მამას უკითხავს, თუ რას ნიშნავს მარჯვნივ ჯდომა და რატომ ზის ქრისტე მარჯვნივ, ანუ მამას უკითხავს, რატომ ამბობს მახარებელი უფალზე: „დაჯდა მარჯუენით ღვთისა”, ხოლო სტეფანემ ქრისტე „მდგომარე იხილა მარჯუენით ძლიერებისა”. ანგელოზმა მას უპასუხა, რომ უდროოა ამის გაგება უხრწნელების ცეცხლის სიმცირის გამო, ანუ ჯერ კიდევ სხეულში იმყოფები და უხრწნელებისთვის ჯერ არ მიგიღწევიაო.

მამამ ყოველივე ეს იხილა და ამბობს: არ ვიცი, მიწასთან ერთად, ანუ სხეულში ყოფნის დროს ვიხილე ყოველივე, თუ სხეულიდან ვიყავი გასული, მხოლოდ ღმერთმა უწყისო.

5. დანიელის ლოცვამ ველურ კანჯრად ქცეული ნაბუქოდონოსორი განკურნა და ნეტარი მამა ამაზე ლაპარაკობს.

6. 
იგულისხმება სიძვის ეშმაკი.

7.
 ამ შვიდიდან რომელი ღებულობს გვირგვინს? – ზოგიერთის აზრით, ეს არის პირველი, რომელიც “წინაჲსწარ ხედავს უფალს”. მე კი ვიტყოდი, რომ გვირგვინს ღებულობს მეხუთე, ანუ ის, რომელიც ამბობს: “დავმდაბლდი და მაცხოვნა” უფალმა.

8. გონებაშეცდომილებში მწვალებელთა წიგნებს გულისხმობს.


თავი ოცდამერვე

მისივე თქმული სათნოებათა დედის, ყოვლადწმიდა ლოცვის შესახებ, და სხეულითა და გონებით ლოცვაზე დგომისთვის

1. ლოცვა თავისი ბუნებით ღვთისა და კაცის შერწყმაა, ხოლო მოქმედებით ის არის: სამყაროს სიმტკიცე, ღმერთთან შერიგება, ცრემლთა დედა და შემდგომში იმავე ცრემლთა შვილი, ცოდვათა მიმტევებელი, განსაცდელის ჟამს – ხიდი, ჭირის დროს – დამცავი კედელი, ბრძოლათა შემმუსრველი, ანგელოზთა საქმე და უსხეულო არსებათა საზრდელი, მერმინდელი საუკუნის სიხარული, დაუსრულებელი ღვაწლი, სათნოებათა წყარო, მადლის წინამძღვარი, უხილავი წარმატება, სულის საზრდელი, გონების სინათლე, სასოწარკვეთილების მკვლელი, იმედის მიზეზი, მწუხარებისგან მხსნელი, მონაზონთა სიმდიდრე, დაყუდებულთა საუნჯე, მრისხანების განმაქარვებელი, სრულყოფილების სარკე, წარმატების საზომის წარმომაჩინებელი, წესიერების სახე, საუკუნო მისაგებლის მომასწავებელი და ახოვნების ნიშანი.

2. ჭეშმარიტი მლოცველისთვის ლოცვა არის სამსჯავრო და დასასჯელი საყდარი უწინარეს დიდი სამსჯავროსი.

3. აღვსდგეთ, რათა ვისმინოთ, რას გვეუბნება ხმამაღლა სათნოებათა ეს სანატრელი დედოფალი: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა,.. და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთა” და ლხინება წყლულებათა თქვენთა, „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს” და ცოდვათა დიდ სნეულებათა მკურნალი (შდრ. მათე 11. 28-30).

4. ღვთისა და ჩვენი მეუფის შესახვედრად მოუმზადებელნი არასდროს წავიდეთ! ვაითუ, შორიდანვე დაინახოს, რომ უიარაღონი და სამეუფო სამკაულის გარეშე ვართ, თავის მსახურებს უბრძანოს, შეკრულნი გაგვაძევონ, ჩვენი სავედრებელი დაფხრიწონ და სახეში მოგვაყარონ.

5. უფლის წინაშე წარსადგომად როცა მიდიხარ, შენი სულის სამოსელი ძვირის მოუხსენებლობის ძაფით მოქსოვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოცვისგან ვერანაირ სარგებელს პოვებ.

6. დაე, ყოველი შენი სათხოვარი დამდაბლებული გონებიდან მოდიოდეს. მეზვერე და უძღები შვილი მხოლოდ ერთი სიტყვით სათნო ეყვნენ ღმერთს.

7. ღვთის წინაშე ლოცვით გარეგნულად ერთნაირად წარდგებიან, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავება და ნაირფერობაა.

8. ზოგიერთი ღმერთს როგორც მეგობარსა და მეუფეს მიმართავს, და არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის ითხოვს; სხვები უფრო მეტ სულიერ სიმდიდრეს, დიდებასა და კადნიერებას ითხოვენ; სხვები მოდავისგან განრიდებას ევედრებიან; სხვები პატივის მიღებას ეძიებენ; სხვები ვალისგან სრული გათავისუფლებისთვის ლოცულობენ; ზოგიერთი – საპყრობილიდან ხსნას, ზოგიერთი კი ცოდვათა შენდობას ევედრება.

9. ჩვენს სავედრებელ ქარტიაზე, უპირველეს ყოვლისა, სამადლობელი დავწეროთ, შემდეგ – აღსარება და გულშემუსვრილება. ვიცოდეთ, რომ ასეთია ნამდვილი ლოცვა, როგორც ეს ანგელოზმა ერთ ძმას აუწყა.

10. თუ ოდესმე ხილული მსაჯულის წინაშე აღმოჩენილხარ, მაშინ ლოცვაზე დგომის სხვა მაგალითი აღარ დაგჭირდება. თუ მსაჯულის წინაშე არც შენ მდგარხარ და არც სხვები გიხილავს, მაშინ ლოცვის მაგალითად იმ ავადმყოფის ვედრება დაისახე, მკურნალს წყლულის კვეთისა თუ ამოწვის წინ რომ მიმართავს.

11. ლოცვის დროს ნუ დაიწყებ სიბრძნისმეტყველებას. ხშირად ზეციური მამისთვის ჩვილ ყრმათა უბრალო ტიტინი ყოფილა საამო.

12. არ დაიწყო მრავლისმეტყველება, რათა სიტყვების ძებნაში გონება არ გაგეფანტოს. მეზვერის ერთმა სიტყვამ ღმერთი მოწყალე-ჰყო, ხოლო რწმენით ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ავაზაკი აცხოვნა.

13. მრავლისმეტყველებით ხშირად გაფანტულა გონება, ხოლო გულმხურვალედ ნათქვამ ერთ სიტყვას გონება მოუკრებია.

14. თუ ლოცვის დროს რომელიმე სიტყვა შენში ლმობიერებას აღძრავს, მაშინ ბევრჯერ გაიმეორე ეს სიტყვა, რადგან ამ დროს მცველი ანგელოზი  ლოცულობს ჩვენს ახლოს.

15. ლოცვის დროს არ გამოიჩინო კადნიერება, თუნდაც რომ უდიდეს სიწმინდეს ფლობდე. პირიქით, დიდი სიმდაბლით ილოცე და უფრო მეტი კადნიერება გექნება.

16. თუნდაც სათნოებათა მთელი კიბე გქონდეს ავლილი, მაინც ცოდვათა შენდობისთვის ილოცე. ხომ გსმენია, რას ამბობს პავლე მოციქული ცოდვილებზე: „რომელთაჲ პირველი მე ვარ” (1 ტიმოთე 1. 15).

17. საჭმელს ზეთითა და მარილით ამზადებენ, ხოლო ლოცვას სიწმინდე და ცრემლები ფრთოვან-ჰყოფს.

18. თუ სრულ სიმშვიდესა და ურისხველობას შეიმოსავ, ბევრი შრომა აღარ დაგჭირდება გონების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

19. ვიცოდეთ, რომ წმიდა და ჯეროვანი ლოცვის მიღწევამდე იმ მცირეწლოვან ყრმებს ვგავართ, სიარულს

რომ სწავლობენ.
20. ეცადე, გონება ლოცვის სიტყვებში მოაქციო და აღიყვანო. თუ გონება სიჩვილის გამო მოუძლურდება და დაბლა დაეშვება, კვლავ ზე-აღიყვანე.

21. გონებას დაუდგრომლობა ახასიათებს, მაგრამ ყოვლისშემძლებელ ღმერთს მისი შეჩერებაც შეუძლია.

22. ჰოი, საყვარელო! თუ კეთილად იღვაწებ, შენთანაც მოვა ის, ვინც ზღვის ტალღებს შეზღუდავს და ეტყვის: „აქამომდე მოხვიდე და არა გარდაჰჴდე” (იობი 38. 11).

23. შეუძლებელია სულის შეკვრა. სადაც სულის შემოქმედია, იქ ყოველივე მას ემორჩილება.

24. თუ მზე გიხილავს, მასთან ლაპარაკი შეგიძლია; მაგრამ როგორ დაელაპარაკები მას უცდომლად, რაც არ გიხილავს?!

25. ლოცვის დასაბამი ის არის, როცა წვრილ-წვრილი ფიქრები მოდიან და ადვილად დევნი მათ, შუა გზა – როცა გონება მხოლოდ ლოცვის სიტყვებშია მოქცეული, ხოლო სრულყოფილი ლოცვა ღვთის სიყვარულია.

26. ლოცვის დროს სხვაგვარ სიხარულს განიცდიან მორჩილნი და სხვაგვარს – დაყუდებულნი. პირველს შეიძლება სიამაყეც შეერიოს, მეორე კი სავსეა თავმდაბლობით.

27. თუ გონებას განუწყვეტლივ ასწავლი, არ განგშორდეს, მაშინ ტრაპეზის დროსაც შენთან იქნება. თუ ხეტიალს დააჩვევ, არასდროს მოვა შენთან.

28. ჭეშმარიტი ლოცვის დიდი მუშაკი, პავლე ამბობს: „ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად” (1 კორინთ. 14. 19). აღნიშნული მიუწვდომელია გონებით ჩვილთათვის, რადგან გონების მოსაკრებად ბევრი ლოცვაა საჭირო. მეორეს მოაქვს პირველი. როგორც წმიდა წერილი ამბობს: მის მლოცველსა და მვედრებელს შრომითა და ჭირით მიანიჭებს წმიდა და ჭეშმარიტ ლოცვას.

29. სხვაა ლოცვის შებილწვა, სხვა – მისი გარყვნა, სხვა – ლოცვის გაფანტვა და სხვა – ბიწი.

30. სიბილწე ის არის, როცა კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; გარყვნა ის არის, როცა ლოცვის ჟამს გონება უსარგებლო საზრუნავითაა შეპყრობილი; გაფანტვა ის არის, როცა გონება შეუმჩნევლად მიმოქრის; ხოლო ბიწი ამ დროს მოსული ამაო აზრებია.

31. თუ მარტო არ ვართ, მაშინ შინაგან ლოცვას მივმართოთ; თუ ქების მსახურნი არ არიან ჩვენთან, მაშინ გარეგნულადაც ვილოცოთ; რადგან გონება ხშირად ხდება სხეულის თანაზიარი მათში, ვინც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი,

32. ვინც მეუფესთან მიდის, ყველას გულშემუსვრილება მართებს, მით უმეტეს მათ, რომლებიც ვალის პატიებასა და ცოდვათა შენდობას ითხოვენ.

33. თუ ჯერ კიდევ საპყრობილეში ვიმყოფებით, მოვუსმინოთ მას, პეტრეს რომ ეუბნებოდა: „აღდეგ,.. მოირტყ” მორჩილების არდაგი, განიძარცვე შენი ნება, ლოცვის დროს მისგან გაშიშვლებული მიდი უფალთან, მხოლოდ უფლის ნებას მოუწოდე, და მაშინ იხილავ უფალს შენი სულის მესაჭედ, რომელიც უსაფრთხოდ წარმართავს შენს ცხოვრებას (შდრ. საქმე 12. 7-8).

34. აღსდექ ამა ქვეყნის მოყვარეობისა და ავხორცობისგან, განაგდე საზრუნავი, უარყავ ხორცი, განიძარცვე აზრები; რადგან ლოცვა სხვა არაფერია, თუ არა ხილული და უხილავი ქვეყნის უარყოფა. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: „რაჲ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რაჲ ვინებე ქუეყანასა ზედა?” (ფსალმ. 72. 25) – არაფერი, გარდა იმისა, რომ მარადის შენთან ვიყო.

35. ზოგიერთს სიმდიდრე ურჩევნია, ზოგს – დიდება, ზოგს – პატივი, „ხოლო ჩემი მიახლებაჲ ღმრთისა კეთილ არს, და დადებად უფლისა მიმართ სასოებაჲ ჩემი” უვნებობისა (ფსალმ. 72. 28).

36. რწმენა ლოცვას ფრთებს ასხამს. უმისოდ ლოცვას ზეცაში აღსვლა არ შეუძლია.

37. მსაჯულს „ღმრთისა არა ეშინოდა” (რადგან თავად იყო ღმერთი), მაგრამ, რადგან ცოდვით დაცემის შედეგად სიკეთისგან დაქვრივებული სული მოსვენებას არ აძლევდა, მაინც გამოიტანა განაჩენი და სული მოქიშპე ხორცისგან და მის წინააღმდეგ მებრძოლი ეშმაკებისგან დაიცვა (შდრ. ლუკა 18. 3-6).

38. ვნებებით შეპყრობილებმა არ შევწყვიტოთ უფლის წინაშე ვედრება, რადგან ვნებებისგან თავისუფალმა ყოველმა ადამიანმა ვნებული მდგომარეობიდან მიაღწია უვნებობას.

39. მადლიერ, კეთილ სულებს კეთილი  უფალი სწრაფად უსრულებს სათხოვარს და ამგვარად მიიზიდავს თავისი სიყვარულისკენ. უმადურებსა და უგულისხმოებს კი მალე არ უსრულებს, რათა სათხოვრით მოშიებულებმა და მოწყურებულებმა გამუდმებით მოთმინებით ილოცონ და მას ევედრონ. ძაღლი, როცა პურს მიიღებს, მიდის. ასეა უგუნური და უგულისხმო სულიც: როცა სათხოვარს მიიღებს, უფალს აღარ ევედრება.

40. ნუ იტყვი: დიდხანს ვლოცულობ, მაგრამ არაფერი სარგებელი მაქვსო. უფლის წინაშე რომ დგახარ და ელაპარაკები, განა, ეს სარგებელი არ არის? რა შეიძლება იყოს უფრო დიდი, ვიდრე უფლის წინაშე დგომა და მასთან შეერთება?!

41. მსჯავრდებულს სასჯელის გამოტანისა ისე არ ეშინია, როგორც მოღვაწეს – არაფრით ავნოს ლოცვას. ამიტომ, თუ მოღვაწე ბრძენია და გონიერი, ლოცვაზე ზრუნვით შეპყრობილი ყოველგვარ ძვირის ხსენებას, ამაო საზრუნავს, ურჩობას, მწუხარებასა და სიმაძღრეს აღკვეთს.

42. ვიდრე ღვთის წინაშე ლოცვასა და ვედრებას შეუდგებოდე, სული წინასწარ მოამზადე ლოცვით, და მალე მიაღწევ წარმატებას.

43. მინახავს მორჩილებით გაბრწყინებული ადამიანები, რომ არ იზარებდნენ და გონებაში შეძლებისდაგვარად იხსენებდნენ უფალს, ლოცვაზე დადგომისთანავე საკუთარ გონებას ეუფლებოდნენ და მდინარესავით სდიოდათ ცრემლები, რადგან მორჩილების მიერ ლოცვისთვის წინასწარ იყვნენ მომზადებულნი.

44. სხვებთან ერთად ფსალმუნებისას გონება ეფანტებათ, ხოლო მარტო ყოფნისას – ნაკლებად. მაგრამ განმარტოებით მყოფს მოწყენილობა ებრძვის, ხოლო სხვებთან ერთად მყოფს გულმოდგინება ეხმარება.

45. მეფისადმი მეომრის სიყვარული ბრძოლაში წარმოჩნდება, ხოლო მონაზვნის ღვთისადმი სიყვარული – ლოცვის დროს.

46. შენს სიმაღლესა და საქმეებს ლოცვა გიჩვენებს. წმიდა მამებმა მას მონაზვნის სარკე უწოდეს.

47. ვინც ლოცვის დროს სხვა საქმეს შეექცევა, ასეთს ეშმაკები დასცინიან. ეშმაკის ნება ის არის, რომ ერთი ჟამით სხვა ჟამი წაგვართვას.

48. თუნდაც სრულყოფილად ვერ ლოცულობდე, არ უთხრა უარი, როცა ვინმე ლოცვას გთხოვს, პირიქით, შემუსვრილი გულით ილოცე მისთვის; რადგან მთხოვნელის სარწმუნოებას ხშირად გულშემუსვრილად მლოცველიც უცხონებია.

49. ფრთხილად იყავი და არ იამაყო, თუ სხვისთვის ილოცებ და ღმერთი შენს ლოცვას შეისმენს. იცოდე, რომ უფალმა მათი რწმენის გამო მოგანიჭა მადლი.

50. ყოველი მასწავლებელი ცდილობს, ყოველდღე გაიგოს, თუ რა ისწავლა მისგან ბავშვმა. უფალიც ლოცვის დროს ყოველდღიურად მოელის ყოველი გონებისგან იმ ძალას, რომელიც ღმერთმა მიანიჭა.

51. როცა კარგად ილოცებ, მაშინ გაგიმართავენ მტრები ბრძოლას. ასეთია, საერთოდ, მათი ჩვეულება.

52. ყოველგვარი სათნოება, მით უმეტეს, ლოცვა, გულისხმიერად, გულმხურვალედ უნდა აღსრულდეს.

53. სული მაშინ ლოცულობს მხურვალედ, როცა მრისხანებას დაძლევს.

54. მტკიცეა ყოველი საქმე, რომელიც დიდი თხოვნის, შრომისა და დროის ფასად არის მოპოვებული.

55. ვისაც უფალი საკუთარ წიაღში მოუპოვებია, მას ლოცვის სიტყვიერად სწავლა აღარ სჭირდება, რადგან „სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა” (რომ. 8. 26) თავად სულიწმიდაა თავისივე თავის წინაშე მისთვის მეოხი.

56. ლოცვის დროს არ მიიღო ხილული ოცნება და ჩვენება. ვაითუ, გაგიჟდე და გონებიდან შეცდე.

57. ჩვენს ყოველგვარ თხოვნაზე დასტური ლოცვის დროს გვეძლევა.

58. დასტური ყოველგვარი ეჭვისგან გათავისუფლებაა.

59. დასტური უცნობის ზუსტი ცნობაა.

60. ძალიან მოწყალე იყავი, თუ წმიდა ლოცვას ეძიებ; რადგან მისი საშუალებით მონაზვნები ასეულს მოიპოვებენ, ხოლო დანარჩენები – დანარჩენს.1

61. როცა სულში გულმხურვალების ცეცხლი აგიზგიზდება, მაშინ ლოცვა აღსდგება და აღემართება. როცა ლოცვა აღსდგება და ცად ამაღლდება, მაშინ მოხდება საღმრთო ნათელის გარდამოსვლა სულის სახლში.

62. მავანი ამბობს, რომ ლოცვა უფრო დიდია, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი. მე კი ვადიდებ ორბუნებოვან ერთ გვამს.

63. კარგი ცხენი, როცა გაირბენს და გახურდება, სიჩქარეს უმატებს. სირბილში ლოცვა-გალობას ვგულისხმობ, ხოლო ცხენში – მამაც გონებას.

64. ასეთი გონება შორიდანვე გრძნობს ბრძოლის მოახლოებას, და რადგან წინასწარ ემზადება, უკუნისამდე დაუმარცხებელი იქნება.

65. სისასტიკეა, როცა მწყურვალს პირიდან გამოსტაცებენ წყალს. რაოდენ დიდი სისასტიკეა, როცა ლმობიერებით მლოცველ მოღვაწე მონაზონს ლოცვის დამთავრებაში ხელს უშლიან.

66. არ შეწყვიტო და არც მოგწყინდეს ლოცვა, ვიდრე არ ნახავ, რომ ცეცხლი და წყალი დაგიბრუნდა.2 ვაითუ, ცოდვათა შენდობისთვის სხვა შესაფერისი ჟამი ცხოვრებაში აღარ დაგიდგეს.

67. ვინც ლოცვის გემო იხილა, ხშირად ერთი სიტყვითაც კი შემწიკვლავს თავის გონებას, და ლოცვაზე დამდგარი ჩვეულ საწადელ სიტკბოებას ვეღარ პოულობს.

68. სხვაა გულის ზედამხედველობა და სხვა – მთავარი და მღვდელთმოძღვარი გონების მიერ გულის ეპისკოპოსობა, რომელიც სიტყვიერ მსხვერპლს სწირავს ქრისტეს.

69. როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ზეციდან მოსული წმიდა ცეცხლი ზოგიერთს მისი სიწმინდის სიმცირის გამო წვავს, ზოგიერთს კი მისი სრულყოფილების შესაბამისად განანათლებს. ამ ცეცხლს მწველიც ეწოდება, განმანათლებელიც და განმწმენდელიც იმიტომ, რომ ზოგიერთი ლოცვის შემდეგ ისე იწმინდება, თითქოს ცოდვათა ნივთის შემწველი ქურიდან გამოსულიყოს; სხვები სინათლით აღვსილნი, ზეციური სიმდაბლითა და სიხარულით შემოსილნი არიან ლოცვის დამთავრებისას; ხოლო ვინც ლოცვის შემდგომ ამ ორის გარეშე რჩება, ასეთს ხორციელად, და არა სულიერად ულოცავს.

70. თუ ხორცს სხვა ხორცთან შეხებისას ეცვლება იერი და ბუნება, მაშინ როგორ შეიძლება არ შეიცვალოს ის, ვინც ღვთის ხორცს უცოდველი ხელით ეხება?!

71. ამქვეყნიურ მეფეთა მსგავსად, ჩვენი სახიერი მეუფე თავის მეომრებს ზოგჯერ თავად მიმადლებს ნიჭს, ზოგჯერ – მეგობრის ხელით და ზოგჯერ – ფარულად. მაგრამ მადლს ჩვენი სიმდაბლის შესაბამისად ამრავლებს ჩევნში.

72. რამდენადაც მიწიერ მეფეს სძაგს, როცა მის წინაშე მდგომი ადამიანი პირს იბრუნებს და მეფის მტერს დაუწყებს საუბარს, იმდენად საძაგელია უფლის თვალში ის, ვინც ლოცვაზე დგომის ჟამს უწმინდურ აზრებს ღებულობს.

73. როცა გონების მიმტაცებელი ძაღლი მოვა, ლოცვის საჭურველით განდევნე, და არაფერი დაუთმო, რაც უნდა გააფთრდეს.

74. გლოვით ითხოვე, მორჩილებით ეძიე და მოთმინებით რეკე, რადგან ვინც ამგვარად ითხოვს – მიიღებს, ვინც ეძებს – იპოვის და ვინც რეკავს – გაუღებენ (შდრ. მათე 7. 8).

75. ფრთხილად იყავი და დედაკაცისთვის ბევრი არ ილოცო. ვაითუ, მარჯვენა მხრიდან გაგძარცვონ.

76. ლოცვის დროს არ დაიწყო აღსარება, თუ როგორ ჩაიდინე ხორციელი ცოდვები, რათა საკუთარი თავის მკვლელი არ აღმოჩნდე.

77. ლოცვის დროს არ იკვლიო სულიერი საქმეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტს დაკარგავ.

78. ვისაც  გამუდმებით ლოცვის კვერთხი უპყრია, ის არ წაბორძიკდება. რამეც რომ შეემთხვას და წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ლოცვა საღმრთო და ტკბილი ბორკილია, რომელიც კაცს ბოროტებამდე არ მიუშვებს (შდრ. ლუკა 18. 5).

79. ლოცვის სარგებელს იმით ვცნობთ, რომ მტრები ისე არასდროს გვებრძვიან, როგორც ლოცვის დროს. ლოცვის ნაყოფს კი მაშინ ვცნობთ, როცა მტრები სრულიად დამარცხდებიან. „ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა” ბრძოლის დროს (ფსალმ. 40. 12).

80. მეფსალმუნე ამბობს: „ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა” (ფსალმ. 118. 145), ანუ ღაღად-ვყავ პირით, სულითა და გულით, რადგან სადაც ლოცვის დროს სული და გონება ერთად შეიკრიბება, ღმერთიც იქ, მათ შორის იქნება.

81. ხორციელად თუ სულიერად ყველა ერთნაირი არ არის. ზოგიერთი – სწრაფად, ზოგიერთი კი ნელა ფსალმუნებს, რადგან პირველნი გონებაგაფანტულობას ებრძვიან, ხოლო მეორენი – უსწავლელობას.

82. თუ უფალს მტრებისთვის განუწყვეტლივ ევედრები, დარწმუნებული იყავი, რომ მათი მოახლოებისას დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება და თავად გაგეცლებიან, რადგან ამ უწმინდურებს არ სურთ, მათთან ბრძოლაში გვირგვინი მიიღო, და ლოცვისგან გვემულნი ისევე გაიქცევიან, როგორც ცეცხლისგან.

83. იყავი მამაცი და ამგვარად გახდება ღმერთი შენი ლოცვის მასწავლებელი.

84. როგორც მხედველობაა ბუნებრივი და სიტყვით არ ისწავლება, ისე ლოცვის მშვენიერებას სიტყვით ვერ გასწავლის სხვა. მისი მასწავლებელი  ღმერთია. ლოცვა სიტყვები კი არ არის, რომელთაც გაიგებ და დაისწავლი, ან რამე ხელობა, რომელსაც სხვისგან ისწავლი, არამედ ლოცვის მასწავლებელი ღმერთია, „რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ” (ფსალმ. 93. 10), მლოცველებს სათხოვარს უსრულებს და „აკურთხნის წელიწადნი მართლისანი”, რამეთუ მისია დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

———————————————————————

ოცდამერვე თავის სქოლიო:

1. დანარჩენში გულისხმობს ოცდაათეულსა და სამოცეულს. ერისკაცები, რომლებიც დაქორწინებულნი არიან და მეუღლეებთან წმინდად ცხოვრობენ, ოცდაათეულს მოიგებენ, უქორწინებელნი და ქალწულობის დამცველნი – სამოცეულს, ხოლო ასეულს მოიგებენ ისინი, ვინც სრულად მოიძულა წუთისოფელი და ღმერთს მისდევს.

2.
  გულისხმობს შემდეგს: თუ დიდი სიამაყის გამო ღვთისგან ბოძებული ცრემლები და ლმობიერების ცეცხლი დაკარგე, არ შეწყვიტო ლოცვა, ვიდრე ღმრთივმონიჭებული ცრემლები და ლმობიერების ცეცხლი არ დაგიბრუნდება, რადგან, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ შეიძლება ცოდვათა მიტევების მიღება.

3. მამა ზედამხედველობაში გონიერებას გულისხმობს, ხოლო ეპისკოპოსობაში – შემდეგს: სული ეპისკოპოსის მსგავსად უნდა ბატონობდეს ვნებებზე. ამიტომაც დასძინა: მთავარი და მღვდელთმოძღვარი გონების მიერო. გულის ზედამხედველობა უფრო დაბალი საფეხურია და ამ დროს კაცი თვალყურს ადევნებს და ებრძვის ვნებებს. ეპისკოპოსობა კი ვნებების სრული დაუფლება და მათზე ბატონობაა. ამ დროს გონება არის მთავარი, რომელიც ხორციელ ვნებებს მართავს და აცხრობს. გონების მღვდელთმოძღვრობა კი იმას ნიშნავს, როცა გონება ყოველ აზრს წმინდად სწირავს  ლოცვის წმიდა საკურთხეველზე.


თავი ოცდამეცხრე

მისივე თქმული უვნებობისთვის, სრულყოფილებისა და სულიერი აღდგომისთვის უწინარეს საყოველთაო აღდგომისა

1. აჰა, ჩვენ, უცოდინრობის ღრმა მღვიმეში, ვნებათა სიბნელესა და ამა ხორცთა „აჩრდილთა სიკუდილისათა”- ში ჩაცვენილნი, კადნიერებით ვიწყებთ იმ უმაღლეს სამყაროზე მსჯელობას, რომელსაც უვნებობა ჰქვია. ხილული ცის კაბადონს ვარსკვლავები ამკობს, ხოლო უვნებობას – სათნოებები. ჩემი აზრით, უვნებობა სხვა არაფერია, თუ არა გულისა და გონების ცა, რომელიც ნიავად მიიჩნევს ეშმაკის ნებისმიერ ბრძოლას.

2. ვნებებისგან ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი ის არის, ვისაც თავისი სხეული უვნებლად და უხრწნელად უქცევია, გონება ქმნილებისგან აღუმაღლებია და ყოველი გრძნობა მისთვის დაუმორჩილებია, სული უფლის წინაშე წარუდგენია და საკუთარ შესაძლებლობაზე ამაღლებით ყოველთვის მისკენ მიისწრაფის. ზოგიერთი ამბობს, რომ უვნებობა სულის აღდგომაა ხორციელ აღდგომამდე. სხვების აზრით, უვნებობა ღვთის შეცნობაა ანგელოზთა დარად ან ცოტათი ნაკლებად.1

3. როცა სრულყოფილთა უსასრულო სრულყოფილება სრულად ეწვევა კაცს, როგორც ამაში გამოცდილი ერთი ვინმე მიამბობდა, ადამიანის გონებას იმდენად განწმენდს და ამქვეყნიურ მატერიაზე იმდენად აამაღლებს, რომ მისი მეუღლე, იქნება რა ამა ქვეყნიდან ზეციურ ნავსაყუდელში ატაცებული, ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჭვრეტაში გაატარებს. ამიტომ ამბობდა ის, ვისაც ეს ჰქონდა გამოცდილი: „ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს” (ფსალმ. 46. 10).

4. ასეთი იყო ის ეგვიპტელი, რომელიც სხვებთან ერთად ლოცვის დროს ყოველთვის ვერ კადრულობდა ზეცად ხელის ხანგრძლივად აღპყრობას.2

5. არსებობს უვნებელი ადამიანი, და არსებობს უვნებელზე უფრო უვნებელიც (აქ და ყველგან, უვნებელი – ვენებებისგან თავისუფალი – რედ.). პირველს ძლიერ სძულს ბოროტება, ხოლო მეორე მეტად მდიდარია სათნოებებით.

6. ქალწულობის დაცვასაც უვნებობას უწოდებენ, და სამართლიანადაც, რადგან ის არის საყოველთაო აღდგომისა და ამ ხრწნადი ბუნების უხრწნელების წინამსრბოლი.

7. უვნებობა აჩვენა იმან,3 ვინაც თქვა: „გონებაჲ ქრისტესი გუაქუს” (1 კორინთ. 2. 16).

8. უვნებობა აჩვენა იმ ეგვიპტელმა,4 რომელმაც თქვა: „არ მეშინია უფლის”.

9. უვნებობა აჩვენა იმან, ვინაც ვნებების უკან მოსაქცევად და მათთან შესაბრძოლებლად ილოცა.5

10. ამა საწუთროში უწინარეს მერმინდელი საუკუნისა ვის მოუპოვებია ისეთი სრულყოფილება, როგორიც ერთმა ასურელმა?!სახელოვანი და დიდი წინასწარმეტყველი დავითი უფალს ეუბნებოდა: „მილხინე მე, რათა განმისუენო” (ფსალმ. 38. 14); ხოლო უფლის ეს უდიდესი მოღვაწე ამბობდა: „უფალო, დააცხვრე მადლის ტალღები!”

11. უვნებობაში იმყოფება ის სული, რომელსაც ისევე მხურვალედ სწადია სათნოებები, როგორც ვნებულებს – გულისთქმები.

12. თუ უკიდურესი ნაყროვანებაა, როცა ჭამის სურვილი აღარ აქვთ და მაინც აიძულებენ თავს, ჭამონ, მაშინ უკიდურესი მარხვა ყოფილა ისიც, როცა მშიერ სხეულს უმიზეზოდ მაინც არ აძლევენ საზრდელს.

13. თუ სიძვისმოყვარეობის უკიდურესი გარეგანი გამოვლინებაა, როცა პირუტყვთა და უსულო საგნების მიმართაც ვნება ეუფლებათ, მაშინ უკიდურესი სიწმინდეა ისიც, როცა ვნებისაღმძვრელ საგნებსაც ისე უყურებენ, როგორც უსულოს.

14. თუ ვერცხლისმოყვარეობის უკიდურესი ზღვარია ის, როცა სიმდიდრის შეგროვებით ვერ ცხრებიან და ვერ ძღებიან, მაშინ სრულყოფილი უპოვარებაა ის, როცა საკუთარ ხორცსაც აღარ ინდობენ.

15. თუ უდიდესი მოწყენილობაა ის, როცა განსვენებით ყოფნის დროსაც მოთმინებას ვერ იჩენენ, მაშინ რაოდენ დიდია მოთმინება, როცა ჭირს მოთმინებად შერაცხავენ.

16. თუ უდიდესი მრისხანების გამოვლინებაა ის, როცა მარტო ყოფნის ჟამსაც მრისხანებენ, მაშინ რაოდენ დიდი ყოფილა მოთმინება, როდესაც შემაწუხებელს მეგობარივით ეპყრობიან.

17. თუ უდიდესი პატივმოყვარეობაა, როცა ირგვლივ არავინაა მაქებარი და მაინც თავის გამოსაჩენად იღვწიან, მაშინ რაოდენ დიდი უნდა იყოს სიმდაბლე, როცა ხალხში ყოფნის დროსაც კი აზრად არ მოსდით, თავი გამოიჩნონ.

18. თუ ამპარტავნების ნიშანია ის, როცა უბრალო საქმის გამო ამაყობენ, მაშინ სიმდაბლის გამოხატულება ყოფილა ის, როცა თავიანთ უდიდეს სათნოებებსაც კი არაფრად მიიჩნევენ.

19. თუ ვნებულებაა ის, როცა ეშმაკთა მიერ დათესილ აზრებს მისდევენ, მაშინ სანატრელი უვნებობის მანიშნებელი ყოფილა ის, როცა ადამიანს  ნამდვილად შეუძლია თქვას: „გარე-მიქცევაჲ ბოროტისაჲ ჩემგან მე არა უწყოდე” (ფსალმ. 100. 4), არ ვიცი, როგორ ან რისთვის მოვიდა, ან როგორ წავიდა. ბოროტის საქმეებისა სრულიად არაფერი გამეგება, მთლიანად ღმერთთან ვარ შეერთებული და დაე, მარადის მასთან ვიყო.

20. ვინც ამ წუთისოფელში მსგავსი საზომის მიღწევის ღირსი შექმნილა, მისთვის თავად ღმერთი გამხდარა მასწავლებელი, რომელიც მასში დამკვიდრებულა და საღმრთო ნათლით გაბრწყინებულს შინაგანად ღვთის ხმა ესმის ყველა სხვა ხილულ ხმაზე მეტად.

21. „ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა” (ფსალმ. 41. 3), რადგან ვეღარ ვიოკებ მძაფრ სურვილს და იმ სიკეთეს ვეძიებ, რომელიც თიხით შემოსვამდე მომემადლა.

22. ვინ შეძლებს უვნებობაზე ვრცლად საუბარს? არათუ იგი, არამედ ქრისტე  ცოცხლობს მასში (შდრ. გალატ. 2. 20), როგორც ამას ამბობს ის, რომელსაც „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს” (2 ტიმოთე 4. 7).

23. როგორც მეფის გვირგვინი მხოლოდ ერთი პატიოსანი ქვით არ მზადდება, ისე უვნებობა არ  მიიღწევა, თუ რომელიმე ერთი სათნოების მიმართ დაუდევრობას გამოიჩენენ.

24. წარმოიდგინე, რომ უვნებობა არის დიდი მეუფის სასახლე, სადაც უამრავი სავანეა და რომლის გალავანიც ცოდვათა მიტევებაა.

25. გავიქცეთ, ჩემო ძმებო! გევედრებით, გავიქცეთ და ვიჩქაროთ დიდი მეუფის სასახლესა და სასიხარულო ქორწილში შესვლა. თუ ცოდვათა სიმძიმისა და ბოროტ ჩვეულებათა მიზეზით ვერ შევდივართ ქორწილში (აი, განსაცდელი!) მაშინ ის მაინც ვეცადოთ, რომელიმე სავანეს მივაღწიოთ. თუ იქამდეც ვერ მივდივართ, მაშინ გალავნის გარეთ მაინც არ დავრჩეთ და ყოველნაირად ვეცადოთ შიგნით შესვლა; რადგან ვინც უწინარეს აღსასრულისა გალავნის შიგნით არ შევა, უდაბნოში დაიკარგება და მხეცები შეჭამენ. ამიტომ ლოცულობდა წინასწარმეტყველი: „ღვთისა ჩემისა მიერ გარდავჰჴდე ზღუდესა” (ფსალმ. 17. 30). სხვა წინასწარმეტყველი ღვთის სახელით ამბობდა: “არამედ ცოდვანი თქუენნი განსწვალებენ შორის თქუენსა და ღმრთისა” (ესაია 59. 2).

26. ჰოი, საყვარელნო, დავანგრიოთ გალავნის შუაკედელი, რომელიც ურჩობის შედეგად აგვიშენებია და აქვე ვეცადოთ, გვაპატიონ ვალები, რადგან ჯოჯოხეთში არც შვებაა და არც სინანული. მოვიცალოთ და გავაცნობიეროთ, რომ თავს ვერ ვიმართლებთ ვერც ცოდვათა სიმრავლით, ვერც ტვირთის სიმძიმით, ვერც დრო – ჟამის მუხანათობით, ვერაფრით; რადგან ვინც მეორედ შობის საბანელით უფალი შეიწყნარა, „მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად” (იოანე 1. 12) და თქვა: „მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი” (ფსალმ. 45. 11), უვნებობა და სიწმინდე, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სანატრელი უვნებობა გლახაკთა გონებას ვნებათა მწვირისგან აღადგენს და მიწიდან ზეცად აამაღლებს (შდრ. იონა 1. 12), ხოლო ყოვლადქებულმა სიყვარულმა „დასუას იგი მთავართა თანა (ანგელოზთა), მთავართა თანა ერისა” უფლისათა (შდრ. ფსალმ. 45. 11).

———————————————————————

ოცდამეცხრე თავის სქოლიო:

1. უვნებლები განუძღომლად მიისწრაფიან მათი სურვილის საგნისკენ და ამგვარად სრულყოფილების პროცესი ხდება უსასრულო, რადგან საუკუნო სიკეთე დაუსრულებელია.

2. მამა ტითოის გულისხმობს.

3. გულისხმობს პავლე მოციქულს.

4. მამა ანტონს გულისხმობს.

5. 
გულისხმობს იოანე მოკლეს.

6. გულისხმობს მამა ეფრემს.


თავი ოცდამეათე

მისივე, ჩვენი წმიდა მამის, იოანე სინელი იღუმენის მიერ თქმული სათნოებათა სამების – სარწმუნოების, სასოებისა და სიყვარულის – შესახებ

1. „ხოლო აწ”, ზემოთქმულის შემდგომ „ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული”. ეს სამი სათნოება ყოველივეს განამტკიცებს და იცავს, „ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული”, რადგან მას ღმერთი ეწოდება (შდრ. 1 კორინთ. 13. 13). ჩემი თვალთახედვით, პირველი მცხუნვარებაა, მეორე – სინათლე, ხოლო მესამე – მზის თვალი; სამივე ერთად კი ბრწყინვალება და შარავანდედია, რადგან პირველი ყოვლისშემძლეა, მეორე ღვთის წყალობითაა გარემოცული, ხოლო მესამე არც ვარდება, არც სრბისგან ცხრება და არც მისგან დაისრულ გულს აძლევს ნებას საღმრთო ტრფიალებისგან შესვენებისა.

2. ვისაც სიყვარულზე სიტყვის თქმა სურს, მას ღმერთზე მსჯელობა გაუბედავს; ღმერთზე მსჯელობა კი დიდი საცდურია უკრძალველთათვის.

3. სიყვარულზე სიტყვის თქმა მხოლოდ ანგელოზებისთვისაა საცნაური, ისიც ამ უკანასკნელთა ბრწყინვალებისდა შესაბამისად.

4. „ღმერთი სიყუარული არს” (1 იოანე 4. 8). ვისაც მისი საზღვრის გამოთქმა მოუწადინებია, იგი ბრმაა და ფსკერზე ქვიშას ითვლის.

5. სიყვარული თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა შესაძლებელი და ხელმისაწვდომი; საქმით ის სიკეთით სულიერი თრობაა, ხოლო გარეგნულად სარწმუნოების წყარო, მოთმინების უფსკრული და თავმდაბლობის ზღვა არის.

6. სიყვარული ყოველგვარი წინააღმდგომი აზრისგან განშორებაა, რადგან „სიყუარული ბოროტსა არა იგონებს” (1 კორინთ. 13. 5).

7. სიყვარული, უვნებობა და ღვთის შვილობა მხოლოდ სახელით განსხვავდება ერთმანეთისგან; სინამდვილეში კი ერთია, ისევე, როგორც ცეცხლი, ალი და სინათლე.

8. რამდენადაც სიყვარული კლებულობს, იმდენად მრავლდება შიში. ვისაც შიში არ აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან სულიერადაა მკვდარი.

9. არაფერი გვიშლის ხელს, რომ ღვთის შიშის, მოღვაწეობის, კეთილი შურის, ღვთის სიყვარულისა და მონების მაგალითები მოვიშველიოთ.

10. ნეტარია ის, ვისაც ღვთის ისეთი სიყვარული აქვს, როგორიც ვნებიან მოტრფიალეს – თავისი სატრფოს მიმართ.

11. ნეტარია ის კაცი, ვისაც ისევე ეშინია უფლისა, როგორც დასჯილს – მსაჯულისა.

12. ნეტარია ის, ვისაც ისევე სწადია უფალი, როგორც მშიერს – პური.

13. ნეტარია ის, ვინც ისევე ცდილობს დაემონოს უფალს, როგორც ერთგული მონები – თავიანთ ბატონს.

14. ნეტარია ის, ვისაც ისეთივე მოშურნეობა აქვს სათნოებებისა, როგორც დიდებისმოყვარე ადამიანებს – ამსოფლიური სამეუფო პატივისა.

15. ნეტარია ის, ვინც ლოცვის დროს ისეთივე შიშით დგას ღვთის წინაშე, როგორც მხედარნი – მეფის წინაშე.

16. ნეტარია ის, ვინც ისევე ცდილობს უფლის მომადლიერებას, როგორც მეგობრები – ერთმანეთისას.

17. ჩვილ ყრმას დედისკენ ისეთი ლტოლვა არ აქვს, როგორიც სიყვარულის შვილს – უფლისკენ.

18. როცა ვინმეს მიმართ ძლიერი სიყვარული და ტრფიალება აქვთ, გამუდმებით სატრფოს სახის დანახვზე ოცნებობენ და შინაგან ტკბობას განიცდიან. ძილშიც კი არ უნელდებათ მისი სურვილი და სატრფოს ხედავენ. ასე ხდება ხორციელი თუ უხორცო სიყვარულის დროს.

19. მავანი ამგვარი სიყვარულით დასნეულდა და საოცარი სიტყვები თქვა: „მძინავს ხორციელი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ გული ჩემი ფხიზლობს დიდი სიყვარულისა მიზეზით”.

20. ჰოი, ნეტარო, იცოდე: რაჟამს ირემი (რომელიც არის ახოვანი სული) გაანადგურებს შხამიან ქვეწარმავლებს, მაშინ „ჰსურის და მოაკლდების… ღმრთისა მიმართ” (ფსალმ. 83. 2), რადგან ისევე იწვის სიყვარულის ცეცხლით, როგორც მწარე წამლით.

21. შიმშილის მოქმედება გაურკვეველია და უჩინარი, ხოლო წყურვილი ძლიერ, ცხადად მოქმედებს და ყველასთვის თვალსაჩინოა. ამიტომ ამბობდა ის, ვისაც „სუროდა ღმრთისა მიმართ”: „სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ… ცხოველისა” (ფსალმ. 41. 3).

22. თუ მეგობრის დანახვა სიხარულს გგვრის, მაშინ რაღა მოხდება, როცა წმიდა გული უხილავად იხილავს ღვთის პირს?!

23. სულის მხურვალებით ნაშობი ღვთის შიში დაშრეტს და მოსპობს ჭუჭყს. ნათქვამია: „განმშჭუალენ შიშითა შენითა {ორცნი ჩემნი” (ფსალმ. 118. 120); ხოლო წმიდა სიყვარული ზოგიერთს ისევე შესჭამს, როგორც იმ წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობდა: „შეიწვნეს გულნი ჩუენნი”; ზოგიერთს კი განაბრწყინებს და სიხარულით აღავსებს, თანახმად ნათქვამისა: „მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი” (ფსალმ. 27. 7). „გულისა მხიარულისა პირიცა მხიარულ არნ” (იგავნი 15. 13).

24. როცა ადამიანი სრულად შეეზავება ღვთის სიყვარულს, მაშინ ამ უკანასკნელის სულიერ ბრწყინვალებას სარკის მსგავსად წარმოაჩენს მისი გარეგნობაც. ასე განდიდდა ღვთის მხილველი მოსე. ვისაც ამგვარი ანგელოზებრივი სიმაღლისთვის მიუღწევია, მას ხშირად ხორცთა საზრდელიც კი დავიწყნია. ან რა გასაკვირია ეს?! – ხშირად ბოროტი სურვილებით შეპყრობილებსაც ავიწყდებათ ჭამა.

25. ვფიქრობ, ვინც უხრწნელების მსგავს საზომს აღწევს, ისინი აღარ ავადდებიან, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე; რადგან მათში ისევე განადგურებულია სნეულების ყოველგვარი მიზეზი, როგორც მხურვალების ალია დაშრეტილი. არც საზრდელი ჰგვრით რამე სიამოვნებას. წყალი ხის ფესვებს კვებავს, ხოლო ზეციური ცეცხლი – მათ სულებს.

26. ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, ხოლო სრულყოფილი სიყვარული – ღვთისმეტყველების დასაწყისისა.

27. ვინც მთელი თავისი გრძნობებით ღმერთთანაა შეერთებული, მას ღვთის სიტყვის საიდუმლო უსწავლია; სხვაგვარად წარმოუდგენელია ღმერთზე საუბარი.

28. თანაარსი სიტყვა სიწმინდეს სრულყოფს და თავისი მოსვლით სიკვდილს კლავს; და როცა სიკვდილი მოიკვლება, მაშინ ღვთისმეტყველების მოწაფეც განათლდება.

29. უფლის სიტყვა უკუნითი უკუნისამდე ჟამიერობს. ვისაც უფალი ღმერთი ჯერისაებრ არ შეუცნია, ის საკუთარი შეხედულებისამებრ მსჯელობს.

30. სიწმინდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვებით ყოვლადწმიდა სამების სარწმუნოება დაამტკიცა.

31. ვისაც უფალი უყვარს, მან თავდაპირველად ძმა შეიყვარა, რადგან პირველის ნიშანი მეორეა.

32. ვისაც მოყვასი უყვარს, სხვების ლანძღვას არასდროს დაუგდებს ყურს და ისევე გაიქცევა, როგორც ცეცხლისგან.

33. ვინც ამბობს, რომ უფალი უყვარს, მაგრამ თავისი ძმა სძულს, იმ კაცს ჰგავს, ძილში რომ მირბის.

34. სიყვარულის ძალა იმედია, რადგან სიყვარულის საზღაურს იმედით მოველით.

35. იმედი უხილავი სიმდიდრით გამდიდრებაა.

36. იმედი საუნჯის უეჭველი ფლობაა საუნჯის მიღებამდე.

37. იმედი შრომაში განსვენებაა, სიყვარულის კარია, სასოწარკვეთილების შემუსრვაა და საუკუნო მომავლის საწინდარია.

38. იმედის მოკლება სიყვარულის გაუჩინარებაა. იმედზე ჰკიდია ჩვენი მოღვაწეობა და შრომა, რომელიც წყალობითაა  გარემოცული.

39. სასოების მუშაკი მონაზონი მოწყენილობის მკვლელია, რადგან იმედის მახვილით ჰკლავს მოწყენილობას.

40. როცა უფლის მადლს იგემებენ, სასოებაც უჩნდებათ. ვისაც ეს მადლი არ უგემნია, შეუძლებელია, არ ჰქონდეს ეჭვი.

41. სასოებას მრისხანება ანადგურებს, რადგან სოლომონის სიტყვისამებრ: სასოება არასდროს შერცხვება, „ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ” (იგავნი 11. 25).

42. სიყვარული წინასწარმეტყველების სათავეა.

43. სიყვარული სასწაულთა მომნიჭებელია.

44. სიყვარული ბრწყინვალების უფსკრულია.

45. სიყვარული ცეცხლის წყაროა, რომელიც რამდენადაც აალდება, იმდენად დაწვავს მწყურვალს.

46. სიყვარული ანგელოზთა ძლიერებაა.

47. სიყვარული სამარადისო წინსვლაა.

48. ჰოი, სათნოებათა შორის უმშვენიერესო! გვითხარ, სად აძოვებ შენს ცხვრებს ან სად იმყოფები? განგვანათლე, გვასვი წყალი, წარგვიძეხ და აღმოგვიყვანე, რადგან შენ ბატონობ ყოველივეზე და შენთან ამოსვლა გვსურს. შენ ააგიზგიზე ჩემს სულში ცეცხლი და ვეღარ ვუძლებ მის ალს. ამიტომ სამარადისოდ გიგალობ: შენ მბრძანებლობ ზღვაზე, შენ აცხრობ მის ღელვას, შენ, როგორც წყლულს, ისე ამდაბლებ ამპარტავნულ ზრახვებს; შენი მკლავის ძლიერებით იფანტებიან მტრები და შენს მოყვარულებს უძლეველად აქცევ (შდრ. ფსალმ. 88. 10-11).

მინდა შევიტყო, როგორ გიხილა შენ იაკობმა კიბის თავში; რისი მსგავსია ამ კიბეზე აღსვლა? – მაუწყე ამის მსურველს! რას ნიშნავს ან როგორია საფეხურთა განლაგება? მაუწყე, რომელ საფეხურზე ასვლა დაისახა გულში შენმა ტრფიალმა? ან რამდენი საფეხურია, ამის გაგება მწყურია. ან რამდენი ხანი სჭირდება მასზე ასვლას? როგორც შენმა მოყვარულმა იაკობმა გვასწავლა, წინამძღვრები ანგელოზები არიან.

49. ბოლოს ზეცით მოიხილა სათნოებათა მეუფემ და მითხრა ყურში სულისა ჩემისა: “ჰოი, ჩემო ტრფიალო! თუ ამა საწუთროს სიტლანქეს ვერ დააღწევ თავს, ჯერისაებრ ვერ იხილავ ჩემს მშვენებას. კიბის ხარისხსა და აგებულებაზე წაიკითხე და მაშინ იხილავ და სცნობ სათნოებათა სულიერ წყობილებას. ყოველივე ამის თავში კი მე ვარ მჯდომარე. როგორც ჩემი საიდუმლოს მსახური, დიდი პავლე ამბობს: “ხოლო აწ ესერა ჰგიეს: სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორინთ. 13. 13). 


მოკლე დარიგება, რომელიც შეიცავს იმას, რაც ამ წიგნში ვრცლად იყო ნათქვამი

ავიდეთ, ძმებო, გულმოდგინედ ავიდეთ ამ აღსასვლელზე, რადგან ხომ გსმენიათ, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა” (ესაია 2. 3), ვინც „განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე” ძლევად გალობითა მისითა (ფსალმ. 17. 34). გევედრებით, გავიქცეთ მასთან ერთად, რომელიც ამბობს: ვიჩქაროთ, „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა” (ეფეს. 4. 13), რომელმაც ხილული ხორცით ოდაათი წლისამ იღო ნათელი. ის ამ სულიერი კიბის ოცდამეათე საფეხურზეა დაბრძანებული, რადგან სიყვარული ღმერთია, რომელსაც ეკუთვნის გალობა, სიმტკიცე და ძალი, ის არის, იყო და იყოს ყოველი სიკეთის მიზეზი აწ და მარადის და სიკეთისა და ნათლის საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

 სიტყვა მწყემსისა და წინამძღვრისადმი,ნათქვამი მისივე, ჩვენი ნეტარი მამის, იოანე სინელი იღუმენის მიერ, რომელიც სხვა წინახსენებულ თავებთან ერთად მისცა რაითელ იღუმენს, იოანეს, ვინაც მას მონაზვნებისთვის სწავლების დაწერა სთხოვა

ღმერთშემოსილო, ამ მიწიერ წიგნში შენ ყველაზე უკანასკნელად გწერ; მაგრამ თუ ჭეშმარიტია ნათქვამი – გონებით უკანასკნელნი პატივით ყველაზე პირველნი იყვნენო (შდრ. მათე 20. 16), მწამს, რომ ზეციურ საღმრთო წიგნში პატივით ყველაზე პირველი წერიხარ.

თავი პირველი

1. ჭეშმარიტი მწყემსი იგია, ვინც თავისი უბიწოებით, გულმოდგინებითა და ლოცვით წარწყმედილი სიტყვიერი ცხვრების მოძიებასა და აღმართვას შეძლებს.

2. მესაჭე იგია, ვისაც საკუთარი შრომით, უხილავად აქვს ღვთისგან მიღებული ძალა, და არათუ ღელვიდან, არამედ უფსკრულიდანაც კი შეუძლია ნავის გამოყვანა.

3. მკურნალი ისაა, ვისი სული და ხორცი ჯანმრთელია და უვნებელი, და წამალს არავისგან საჭიროებს.

4. მოძღვარი ის არის, რომელსაც ღვთის თითით დაწერილი სიბრძნის წიგნი მიუღია, ეს წიგნია ღმერთის ბრწყინვალების ძალა და სხვა წიგნი მას აღარ სჭირდება.

5. საძაგელია ის მოძღვარი, რომელიც მხოლოდ წიგნებიდან ასწავლის. ასევე საძაგელია ის მხატვარი, რომელიც ვერ ხატავს უმაგალითოდ.

6. ვისაც გსურთ, მიწაზე ასწავლოთ, ზეცაში უნდა ისწავლოთ და საკუთარი საქმეებით ასწავლოთ სხვებს.

7. არ დაგავიწყდეს ის, ვინაც თქვა: არც კაცთთათვის, არც კაცთა მიერ ვასწავლი, რადგან მიწიერები სულიერ სნეულებას ვერ განკურნავენ.

8. კარგი მესაჭე ხომალდს გადაარჩენს, ხოლო კეთილი მწყემსი დასნეულებულ ცხვრებს გააცოცხლებს და განკურნავს.

9. რაოდენ მორჩილებით გაჰყვებიან ცხვრები თავიანთ მწყემსს და არ ჩამოშორდებიან, იმდენად მწყემსი მათთვის პასუხს აგებს უფალთან.

10. მცონარებისა და ნაყროვანების მიზეზით ჩამორჩენილ ცხვრებს მწყემსმა სიტყვიერი ქვები უნდა ესროლოს, რადგან ესეც კეთილი მწყემსობის სახეა.

11. როდესაც ცხვრები ამა ხორცთა სიცხისა და შრომისგან სულიერ ძილს მიეცემიან, მაშინ სჭირდება მწყემსს მათი გულისთვის ზეცაში ხედვა და სიფხიზლე, რადგან ბევრი სწორედ სიცხეში ხდება მხეცის საკბილო. და როგორც ცხვრებს სიცხეში თავჩაღუნული სიარული სჩვევიათ, ისე ჩვენც ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობა გვმართებს, რადგან დაწერილია: „სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს” (ფსალმ. 50. 19).

12. როცა ღამის სიბნელეში სამწყსოს  მხეცები მოადგებიან, მაშინ მათ მოსაგერიებლად ღამის დარაჯად ძაღლს აბამენ. შენ კი ვნებათა სიბნელეში სულიერი სამწყსოს მცველად და მხეცთა მომსვრელად შენი გონება დაადგინე.


თავი მეორე

1. სახიერმა ღმერთმა ესეც ჩვენი ბუნების ჩვეულებად აქცია: სნეულებს მკურნალის დანახვა მაშინაც კი ახარებთ, როცა ვერ კურნავს.

2. ჰოი, საკვირველო მამაო, შენც შეაგროვე წყლულის სალბუნი, დასალევი წამლები, თვალის საფენები, არტაშანი მოტეხილობისთვის, საწმენდი ღრუბელი, მყრალი სუნის გამფანტველი საშუალებები, სისხლის გამოსაშვები და ამოსაწვავი იარაღები, იარის საცხები, საძილე წამლები, საკვეთი დანები და სახვევები დაშავებულთათვის. თუ ყოველივე ეს არ გვექნება, როგორღა ვაჩვენებთ სამკურნალო ხელოვნებას?! საზღაური საქმის, და არა სიტყვების გამო გვეძლევა.

3. სალბუნი არის ხილული ხორციელი ვნებების მკურნალობა.

4. დასალევი წამალი არის შინაგანი ვნებებისგან განკურნება და უხილავი სიბილწისგან გაწმენდა.

5. სისხლდენის შემაჩერებელი წამალი არის ლანძღვა-შეურაცხყოფა, რომელიც გულს ტკივილს აყენებს, მაგრამ ამპარტავნების სიმსივნესა და სიდამპლეს კურნავს და აღხოცავს.

6. თვალის საფენი არის ამღვრეული სულიერი თვალის მრისხანებისგან გასაწმენდი მხილება.

7. სისხლის გამოსადენი იარაღი არის უჩინარი სიმყრალის სწრაფი გამოდენა.

8. ჭეშმარიტი სისხლის გამოდენა არის მკურნალობის მიზნით სნეულთა დაუყოვნებელი და სასტიკი ყვედრება.

9. საწმენდი ღრუბელი არის მწყემსისა და მკურნალის მიერ ტკბილი და ნაზი სიტყვებით სნეულის განსვენება ძარღვის კვეთისა და სისხლის გამოდენის შემდგომ.

10. ამოსაწვავი საშუალება არის ცხონებისა და სინანულის მიზნით გარკვეული ხნით სნეულისთვის მიცემული კანონი.

11. საცხი არის ამოწვის შემდგომ სნეულის სიტყვიერი ან ხორციელი ნუგეშისცემა.

12. საძილე წამალი არის მორჩილის ტვირთის ტვირთვა, რათა მას (მორჩილს – რედ.) მორჩილებით განუსვენონ და საკუთარი სათნოებების ვერდასანახად უძილო ძილი და სიბრმავე მოჰგვარონ.

13. სახვევი პატივმოყვარეობით დაუძლურებულთა სიკვდილზე ფიქრით განმტკიცებაა.

14. ყველაზე უკანასკნელი არის დანა, ანუ უკურნებელი და დამპალი სულიერი ასოს განაჩენი და მოკვეთა, რათა სხეულის სხვა ორგანოებიც არ დააავადოს და ქეცი არ შეჰყაროს.

15. ექიმისთვის სასურველია სიმყრალის გამფანტველი საშუალება, რისი ფლობის შემთხვევაშიც სიმყრალეს ვეღარ გრძნობენ. ასევე, წინამძღვრებისთვის სანატრელია უვნებობა. როცა მყრალ სუნს ვერ გრძნობენ, ადვილად კურნავენ ყოველგვარ სნეულებას; ხოლო როცა უვნებობას მოიპოვებენ, ყოველი მკვდარი სულის აღდგენა ძალუძთ.

16. ყველაფერთან ერთად, წინამძღვარმა ყველას მიმართ სიყვარული  და პატივისცემა უნდა გამოიჩინოს თითოეული მათგანის ღირსების შესაბამისად. ვაითუ, იაკობის მსგავსად, მანაც ავნოს საყვარელ ადამიანებსა და სხვებსაც (შდრ. შესაქმე 37), რაც იმათ შეემთხვევათ ხოლმე, ვისი სულიერი შეგრძნება ჯერ კიდევ ვერ განასხვავებს კარგს, ცუდსა და საშუალოს.


თავი მესამე

1. მწყემსის სირცხვილია, როცა ღმერთს მოწაფისთვის იმას სთხოვს, რაც თავად მას არ აქვს.

2. ისევე იფიქრე წმიდანებზეც, როგორც ზოგიერთ ადამიანზე, მეფის სახეს რომ იხილავს, დაუმეგობრდება და წარჩინებულთა, უცნობ პირთა თუ მტერთა მეფესთან შეყვანაAსაკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. რადგან მეგობარს საყვარელი ადამიანების რიდი აქვს, კარგი იქნებოდა, თუ ჩვენც იმ უხილავ ძალებს დავუმეგობრდებოდით, რომელთაAმსგავსად სხვა ვერავინ შეგვეწეოდა სათნოებების მოპოვებაში. ერთმა ღვთისმოყვარე კაცმა მითხრა, რომ თავის მონებს  ღმერთი ყოველთვის აძლევს ნიჭსა და მადლს, განსაკუთრებით კი, საუფლო დღესასწაულებში.


თავი მეოთხე

1. მკურნალმა საკუთარ თავში სრულიად უნდა მოსპოს ვნებები, რათა შეძლოს, საჭიროების შემთხვევაში რაიმე ვნება, უმეტესად კი, მრისხანება დაიბრალოს. თუ საკუთარ სულში ვნებებს სრულად არ გაანადგურებს, მაშინ ვნების გარეშე თავის მოჩვენებას ვერ შეძლებს.

2. მინახავს ცხენი, რომელიც ბოლომდე გაწვრთნილი არ იყო, და ამიტომ ვიდრე მხედარს მაგრად ეჭირა ლაგამი,1 მშვიდად მიდიოდა; მაგრამ როგორც კი მხედარმა ოდნავ მიუშვა, მხედარიც დაშავდა და ცხენიც.

3. იგავი უმთავრესად ორ ეშმაკს შეეხება. ვისაც მიხვედრა სურს, მიხვდეს.

————————————————————–

1.  ლაგამში იგულისხმება ღვთის შიში, კრძალვა, მარხვა და მოძღვრის მზრუნველობა, ხოლო ორ ეშმაკი ამპარტავნებისა და ნაყროვანების ეშმაკები არიან; რადგან სადაც მარხვა და სიმდაბლეა, იქ ვნებები უძლურია.


თავი მეხუთე

1. მკურნალი მაშინ სცნობს ღვთის მიერ მინიჭებულ სიბრძნეს, როცა მრავალ უკურნებელ სნეულებას განკურნავს სხვებში.

2. ის მასწავლებელი კი არ არის საკვირველი, ვინც ნიჭიერ ყრმებს სწავლით განაბრძნობს, არამედ ის, ვინც უსწავლელებსა და გონებამძიმეებს განსწავლის და სრულყოფს.

3. მხედრის ხელოვნება მაშინ წარმოჩნდება, როცა გამოუცდელი ცხენით მტერს სძლევს და ცხენსაც არ ავნებს.

4. თუ ღელვის წინასწარ მჭვრეტელი თვალი მოგეცა, მაშინ ნავში მყოფებს წინასწარ აუწყე მოსალოდნელის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი დანთქმის მიზეზი შენ იქნები, რადგან შენ მოგანდეს მესაჭეობა.

5. მინახავს მკურნალნი, რომელთაც სნეულისთვის ვნებათა მიზეზი წინასწარ არ უცნობებიათ, რითაც სნეულსაც და საკუთარ თავსაც დიდი ზიანი და შრომა შეამთხვიეს.

6. რამდენადაც მოწაფის დიდ ნდობას ხედავს წინამძღვარი, იმდენად საქმითა და სიტყვით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა არავინ დააბრკოლოს; რადგან ყველა მას მიიჩნევს მისაბაძ მაგალითად და მისგან სწავლობს მოქცევის წესსა და კანონს.

7. ჭეშმარიტ მწყემსს სამწყსოს მიმართ სიყვარული წარმოაჩენს. მწყემსი კეთილი სიყვარულისთვის ჯვარსეცვა.


თავი მეექვსე

1. ყოველი სიტყვა გაიაზრე და ისე თქვი, და არასდროს გევნება.

2. მცირე ხნით შეაწუხე სნეული, რათა შენი საზიანო დუმილით ამ უკანასკნელს ავადმყოფობა არ გაუხანგრძლივდეს ან საერთოდ არ მოკვდეს.

3. მესაჭის დუმილის გამოისობით მრავალს ჰგონებია, სწორად მიდიოდა, ვიდრე ნავი კლდეს არ დასჯახებია და დალეწილა.

4. მოვუსმინოთ დიდ პავლეს, ტიმოთეს რომ სწერდა და ეუბნებოდა: „ზედა-ადეგჟამითი უჟამოდ, ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც” (2 ტიმოთე 4. 2). ვფიქრობ, „ჟამი” არის ის, როცა მხილებულნი მოთმინებას იჩენენ, ხოლო „უჟამო” – როცა მხილება ტკივილსა და მწუხარებას აყენებს მათ. წყაროც ასეა: თუნდაც არავის სწყუროდეს, მაინც მოედინება.

5. ზოგიერთი წინამძღვარი ბუნებით მორცხვია და მოწაფეებს ჯერისაებრ არ ამხელს. ასეთებს მივმართავ: მოწაფეებს ყოველთვის იმგვარად მოექცნენ, როგორც მოძღვარს შეეფერება, რათა არც თავად ევნოთ, და არც მოწაფეებს.

6. მოვისმინოთ ღვთის ხმა, რომელიც ამბობს: „მოჰკუეთე ეგე, რასათვის ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად?” (ლუკა 13. 7) ასევე ამბობს: “მოჰსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა” (1 კორინთ. 5. 13); ასევე: „ნუ შენ ილოცავ მწედ ერისა ამის… ნუ მოხვალ ჩემდა ამათთჳის” (იერემია 7. 16); სამოელს კი საულის შესახებ ეუბნებოდა: „ვიდრემდე ეგლოვდე სენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი” (1 მეფეთა 16. 1). მწყემსს ყოველივე ამის ცოდნა მართებს, უნდა იცოდეს ვის, როდის და როგორ უნდა მოექცეს, რადგან ღმერთზე უფრო ჭეშმარიტი არაფერია.

7. ვისაც ცალკე ამხელ და არ შერცხვება, მას არც მაშინ შერცხვება, სხვების თანდასწრებით თუ ამხელ, რადგან ბოროტებას არის დაჩვეული და საკუთარი ცხონება მოუძულებია.


თავი მეშვიდე

1. ვნახე კეთილგონიერი სნეულები, რომლებმაც საკუთარი მშიშრობა და მოუთმენლობა კარგად იცოდნენ, და თუმცა მკურნალი მათ შეკვრას არ აპირებდა, ნებაყოფლობითი იძულებით განკურნებას თავად ევედრებოდნენ. საუკუნო სასოების მოლოდინში ისინი სულით იყვნენ გულმოდგინე, ხოლო ხორცით, ძველი ჩვეულებისა გამოისობით – უძლური. ეს რომ ვიხილე, მკურნალებს მათი თხოვნის დაკმაყოფილება ვურჩიე.

2. წინამძღვარმა წინაწარ ყველას არ უნდა აუწყოს, რომ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ” (მათე 7. 14); არც ყველასთვის მართებს თქმა, რომ „უღელი… ტკბილ არს, და ტვირთი… სუბუქ არს” (მათე 11.. 30); არამედ თითოეულს ჯერისაებრ უნდა უწამლოს: ვინც დიდი ცოდვებით არის დამძიმებული და დაუძლურებული და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი, მეორე უნდა უთხრას; ხოლო ვის გონებასაც ქედმაღლობა და ამპარტავნება სძალავს, პირველი უთხრას.

3. ზოგიერთს შორ გზაზე წასვლა როცა მოუწადინებია, გზის მცოდნეებისთვის უკითხავს და გაუგია, რომ ადვილი და ვაკე სავალი გზა იყო, მათ სიტყვას მინდობილი დაუდევრად შედგომია სიარულს; და რადგან ბრძოლისთვის მოუმზადებელი იყო, ან შუა გზაზე დაცემულა, ან უკან გამობრუნებულა. მსგავსად იფიქრე საპირისპიროზეც.

4. სადაც ღვთის სიყვარული გულს შეხებია, იქ მრისხანე სიტყვებიც ვერ აშინებთ; სადაც გეენიის შიშმა დაიმკვიდრა, იქ ყოველგვარ შრომასაც ადვილად თავსიდებენ; ხოლო სადაც სასუფევლის იმედი კიაფობს, იქ ყოველივე მიწიერს შეურაცხყოფენ.

5. კარგმა მხედართმთავარმა თითოეული ხელქვეითის შესაძლებლობა და ახოვნება უნდა იცოდეს. იქნებ, მათ შორის ვინმე წინამბრძოლია ან მარტომბრძოლი, ვისთვისაც დაყუდებით ჯდომაა მართებული.

6. მენავეთა დაუხმარებლად მესაჭე ნავს სამშვიდობოს ვერ გაიყვანს. ვერც მკურნალი განკურნავს სნეულს, თუ ეს უკანასკნელი წყლულს არ უჩვენებს და მის განკურნებას არ სთხოვს.

7. ვისაც მკურნალის შერცხვენია, წყლული დაჩირქებია, და ბევრი მომკვდარა კიდეც.


თავი მერვე

1. როცა ცხვარი საძოვარზეა, მწყემსმა სიტყვიერ სალამურზე დაკვრა არ უნდა შეწყვიტოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ცხვარი ძილს დააპირებს; რადგან მგელს ისე არაფერი აფრთხობს, როგორც მწყემსის სალამური.

2. მწყემსს ყოველთვის არ მართებს უგუნურად თავის დამდაბლება, არც უგუნურად თავის ამაღლება, არამედ დიდ პავლე მოციქულს მიბაძოს, რომელიც ორივე შემთხვევაში ჯერისაებრ იქცეოდა.

3. უფალი ახალბედა მორჩილებს ხშირად უბნელებს თვალებს, რათა მოძღვრის ნაკლი ვერ დაინახონ; მაგრამ ზოგიერთმა წინამძღვარმა თავად გაამჟღავნა საკუთარი ნაკლი და მორჩილს ავნო.

4. მინახავს წინამძღვარი, დიდი თავმდაბლობისა გამო სულიერ შვილებს რჩევას რომ ეკითხებოდა, როცა რაიმეს გაკეთებას აპირებდა. ვნახე სხვაც, საკუთარ სიბრმავეს უგუნურებით რომ გამოაცხადებდა და მათთან დაცინვით ბჭობდა საქმეზე.

5. მინახავს ვნებებით შეპყრობილნიც, წინამძღვრობას ვნებებით რომ შესდგომიან, მაგრამ თანდათან მოწაფეებისა შერცხვენიათ და ვნებები მოუსპიათ. ვფიქრობ, ეს მათ მიერ ცხონებულთა სასყიდლის გამოისობით მომხდარა და ის საქმე, რომელიც ვნებებით დაუწყიათ, მათი უვნებობის მიზეზი გამხდარა.


თავი მეცხრე

1. ფრთხილად ვიყოთ! ვაითუ, ზღვაში დავაბნიოთ ის, რაც ნავსაყუდელში შეგვიგროვებია. ნათქვამი კარგად ესმით მათ, ვინც სიკეთეში ჯერ კიდევ არ არის დამწყსილი და ამბოხსა და ხორციელ საზრუნავში ებმება.

2. ჭეშმარიტად დიდია, როცა დაყუდების სიცხესა და მოწყენილობას სულგრძელად, მხნედ ითმენენ, როცა სენაკიდან არ გადიან და განცხრომას არ ეძიებენ სულმოკლე მენავეთა მსგავსად, რომლებიც მყუდროების ჟამს წყალში დაცურავენ. ყველაზე დიდი ის კი არ არის, როცა შფოთისა და ამბოხის არ ეშინიათ, არამედ ის, როცა შფოთსა და ამბოხში უშფოთველად, აუღელვებელი გულით იმყოფებიან, სხეულით ადამიანებთან არიან, ხოლო გონებით – ღმერთთან.


თავი მეათე

1. ჰოი, საკვირველო მამაო, ესეც გამოსაძიებელია: რომელი მოდის ჩვენს საშინელსა და ჭეშმარიტ სამსჯავროზე როგორც ბრალეული, და რომელი ესწრაფვის ღვთის მსახურებასა და მონებას როგორც უდანაშაულო. რადგან ეს ორი სრულიად განსხვავებული მიზეზით მოდის, ცხოვრების სხვადასხვა წესსაც საჭიროებენ.

2. ახალმოსულს, უპირველეს ყოვლისა, მის მიერ ჩადენილი საქმეები გამოჰკითხე, რათა აღსარებიდან ორმაგი სარგებელი მიიღოს მან: აღსარებისა შერცხვეს და ყოველთვის შორს იყოს კადნიერებისგან; და ასევე, იცოდეს, თუ როგორ ტვირთს ვღებულობთ მისი გულისთვის და სიყვარულით აღიძრას.

3. ჰოი, პატიოსანო მამაო, ნურც ეს იქნება შენთვის უცნობი (თუმცა შენთვის არ არის უცნობი!): ღმერთი შეცოდებულებს ადგილის, ჭკუა-გონებისა და აღზრდის შესაბამისად განიკითხავს. შენც ასე მოიქეცი, რადგან ცოდვა სხვადასხვაგვარია.

4. ხშირად ყველაზე უძლურს ყველაზე მდაბალი გონებაც აქვს. ამიტომ სულიერმა მსაჯულმა უფრო მსუბუქად უნდა დასაჯოს კიდეც. ამის საწინააღმდეგო თავისთავად ცხადია.


თავი მეთერთმეტე

1. მშვიდობა ვერ იქნება, თუ ლომი ცხვარს დამწყემსავს. ასევე, შეცდომა იქნება, თუ ვნებულთა წინამძღვარი ვნებული გახდება.

2. საძაგელია მელა ქათამთა შორის. ასევე საძაგელია მრისხანე წინამძღვარი. მელა ქათმებს შეჭამს, ხოლო წინამძღარი მეტყველთა სულებს ავნებს.

3. ყურადღებით იყავი: ზომაზე მეტად არ იძიო წვრილმანი საქმეები და ამ გზით ღვთის მიმსგავსებას ნუ ეცდები.

4. ღმერთი იყოს შენი წინამძღვარი ყოველ საქმეში, შინაგან გულისა იქნება ეს, თუ გარეგან. არაფერი აკეთო შენი ნებით, არამედ ღვთის ნებით აკეთე, რათა უზრუნველი გახდე, რაჟამს ყოველივეს მას მიანდობ და მისი მინიშნებით გააკეთებ.

5. ესეც გამოვარკვიოთ: იქნებ, იმათი სარწმუნოების გამო მოიღო ღმერთმა ჩვენზე მადლი, ვინც ჩვენ მოგვმართა, და არა ჩვენი მოღვაწეობისა გამო? – ბევრ ვნებულს მოუმოქმედებია ამგვარად სასწაული.

6. თუ განკითხვის დღეს მრავალი ეტყვის უფალს: „უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაჲსწარმეტყუელებდითა” (მათე 7. 22), მაშინ არც ზემოთქმულში შეგვეპარება ეჭვი.

7. ვისაც ღვთის წყალობა ჭეშმარიტად მოუპოვებია, ის უძლურებს შეუმჩნევლად ეხმარება და ამ გზით ორ დიდ სიკეთეს სჩადის: პირველი – დიდების გესლისგან უვნებლად იცავს თავს; და მეორე _ შეწყალებულებს მხოლოდ ღვთის მადლიერებას აღუძრავს.


თავი მეთორმეტე

1. ვინც ამ გზას მძლავრი შემართებით მიუყვება, ძლიერმოქმედი, მაგარი და სრულყოფილი წამალი მიეცი; ხოლო ვინც ჯერ კიდევ გონებით ჩვილია, მათ, როგორც ჩვილებს, რძე ასვი; რადგან თითოეულ საკვებს თავისი დრო აქვს განსაზღვრული.

2. ერთმა და იმავე საჭმელმა ერთში შეიძლება გულმოდგინება აღძრას, ხოლო მეორეში – სულმოკლეობა. ამიტომ თესლი ჟამის, პირისა და საზომის შესაბამისად უნდა ვთესოთ.

3. ზოგიერთს სულთა წინამძღვრობა არაფრად მიუჩნევია და სულთა წინამძღვრობას უგუნურად შესდგომია.და, ჰქონია რა დიდი სიმდიდრე, ამა ქვეყნიდან მაინც ცარიელი წასულა, რადგან წინამძღვრობის ჟამს ყველაფერი სხვებისთვის გაუყვია.

4. როგორც არსებობს კანონიერი, მეორე ცოლის, აყვანილი და მხევლის შვილები, ისე სხვადასახვაგვარი მოძღვრობაც არსებობს.

5. ჭეშმარიტი მოძღვრობა მოყვასისთვის სულის დადებაა. სხვაა, როცა მხოლოდ ადრე ჩადენილ ცოდვებს იდებენ თავს, და სხვა – როცა უვნებობისა და სულიერი ძალების ნაკლულევანებისა გამო მხოლოდ თავისივე მიერ დავალებული საქმეების სიმძიმეს ტვირთულობენ.

6. სრულყოფილი  მოძღვრობის შემთხვევაში იმდენად ვტვირთულობთ სასჯელს, რამდენადაც ისინი (სულიერი შვილები – რედ.) საკუთარ ნებას დაუტევებენ.

7 ერთგული შვილი მამის არყოფნის დროს იცნობა.

8. წინამძღვარმა ჭკუა უნდა ასწავლოს მათ, ვინც სხვების თანდასწრებით სიტყვას შეუბრუნებს. ასეთებს, გაწყრომის გამო თუნდაც რომ ძლიერ ეტკინოთ გული და გამწარდნენ, პატივსაცემი პირების წინაშე მძიმე კანონი უნდა დაადოს, რათა მათ მაგალითზე სხვებიც შეშინდნენ. ჯობს ერთის გამწარება მრავალთა სარგებლობის მიზნით.

9. არიან ისეთები, თავიანთ შესაძლებლობას აღმატებულ სხვათა ტვირთს სიყვარულის გამო რომ ტვირთულობენ, თანახმად მაცხოვრის სიტყვისა: „უფროჲსი ამისა სიყუარული არავის აქუს” (იოანე 15. 13), და ამის შემდგომი. არიან ისეთებიც, სხვათა ტვირთვის ძალა ღვთისგან რომ მიუღაით, ძმისა და საკუთარი სულის ცხონება შეუძლიათ, მაგრამ არ აკეთებენ ამას და სიმძიმეს არ ტვირთულობენ. მე მათ სხვების უსიყვარულობაში ვდებ ბრალს და საცოდავებად მივიჩნევ. პირველებზე კი დაწერილია: „გამო-თუ-იყვანო პატიოსანი უღირსისგან, ვითარცა პირი ჩემი იყო” (იერემია 15. 19). ასევე ამბობს: „ვითარცა უყავ მას, გეყავნ შენ”.

10. ესეც გაითვალიწინე: ხშირად მოძღვრის გონებითი ცოდვა უფრო მკაცრად განიკითხება, ვიდრე მოწაფის მიერ საქმით აღსრულებული; რადგან მეომრის ცოდვა უფრო მსუბუქია, ვიდრე მხედართმთავრის ბოროტგანზრახვა.

11. შენს მოწაფეებს ასწავლე: არ გაიხსენონ, თუ როგორ ჩაიდინეს ხორციელი ცოდვები, მაგრამ დღე და ღამე გაიხსენონ, თუ როგორ მოიმოქმედეს დანარჩენი ცოდვები.

12. საკუთარი მაგალითით ასწავლე, რომ უმანკონი იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ხოლო ეშმაკთა მიმართ – ბრძენნი და წინდახედულნი.

13. არც სამწყსოში დამეგობრებულნი დაგრჩეს ყურადღების მიღმა: მგელი მზაკვრულად ცდილობს, ზარმაცების შემწეობით გულმოდგინეებიც დააუძლუროს.

14. ნუ დაიზარებ ზარმაცებისთვის ლოცვას; მაგრამ მათი შეწყალება კი არ ითხოვო (რადგან თუ არ დაგეხმარებიან, ეს შეუძლებელია!), არამედ ითხოვე, რათა ღმერთმა გულმოდგინე გახადოს ისინი.

15. როგორც მამების მიერ არის დაწერილი, უძლურებმა მწვალებლებთან ერთად არ ჭამონ; ხოლო ძლიერები, თუ უფლის სადიდებლად მათთან წასვლა და ჭამა სურთ, დაე, წავიდნენ.

16. ნუ იმიზეზებ უცოდინარობას, რადგან „რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს” (ლუკა 12. 48), ვინაიდან არ ისწავლა.


თავი მეცამეტე

1. სირცხვილია, მწყემსს სიკვდილისა ეშინოდეს. რადგან მორჩილება სიკვდილის უშიშრობაა, მაშ, წინამძღვარს მით უმეტეს არ მართებს, არ ეშინოდეს სიკვდილისა?!

2. ჰოი, ნეტარო, გამოიძიე, რომელია სულისა და ხორცის განმწმენდელი ის სათნოებები, ურომლისოდაც შეუძლებელია უფლის ხილვა. უპირველეს ყოვლისა, ისინი ასწავლე შენს შვილებს, და ასევე განარიდე დედათა და მავნებელ სახეთა ხილვას.

3. ჩვენს მორჩილებაში მყოფთა საქმე მათი ძალისა და საზომის შესაბამისად განვაგოთ, რადგან არავისთვის გვმართებს ნავსაყუდელზე უარის თქმა.

4. ვიდრე სათანადოდ არ გამოვცდით, არავის დავასხათ ხელი, არც ქრთამისა თუ წარჩინებული წარმომავლობისა გამო, რადგან ამის მოქმედნი სასჯელს იმსახურებენ. ვაითუ, ხელდასხმულებმა მონაზვნობის სიცხესა და შრომას ვერ გაუძლონ და ერს დაუბრუნდნენ. ხელდამსხმელები პასუხს აგებენ მათთვის ღვთის წინაშე.

5. არსებობს ღვთის ისეთი მნე, ცრემლთა ღვრა და შრომა საკუთარი თავისთვის რომ აღარ სჭირდებოდეს, და ღვთის წინაშე სხვებისთვის ტიროდეს და შრომობდეს დაუზოგავად?

6. ნუ დაცხრები და ყოველთვის განიწმინდე შეგინებული სული და ხორცი, რათა ღმერთმა არამარტო საკუთარი სულისა და მოყვასისთვის, არამედ სხვებისთვისაც გიბოძოს გვრიგვინი, რადგან მათი მისაბაძი მაგალითი გახდები და შენით ღმერთი იდიდება. მაშინ შეგეძლება, ღვთისგან კადნიერად ითხოვო სასყიდელი.

7. ერთი უძლური ძმა ვნახე, სხვა უძლურის უძლურება რომ განწმინდა, როცა მის გამო საქებარი ურცხვობა გამოიჩინა ღვთის წინაშე და სული თვისი დადო ძმისთვის. მაგრამ მან თავმდაბლობით გააკეთა ეს და ძმის განკურნებით საკუთარი თავიც განკურნა. ვნახე სხვაც, იგივე საქმე ამპარტავნებით რომ მოიმოქმედა, და მრისხანედ უთხრეს: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი” (ლუკა 4. 23).

8. არსებობს სიკეთისგან გაქცევა უფრო დიდი სიკეთის გამო. ასე მოიქცა ის, ვინც მოწამეობას შიშის გამო კი არ აარიდა თავი, არამედ მათ გამო, მისგან სარგებელსა და განათლებას რომ ღებულობდნენ (იგულისხმება გრიგოლ საკვირველთმოქმედი – რედ.).

9. არსებობს ისეთი კაცი, სხვისი ღირსებისთვის შეურაცხყოფას რომ ტვირთულობს, ხალხი ავხორცად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში „მსახური” და „ჭეშმარიტი” არის (შდრ. 2 კორინთ. 6. 8).

10. თუ სასჯელს ვერ გაექცევა ის, ვისაც სიტყვით სარგებლობის მოტანა შეუძლია და სიტყვას იშურებს, მაშინ, საყვარელო, რაოდენ დიდი სასჯელი ემუქრება მას, ვისაც საქმით შეუძლია შეწევნა და არ აკეთებს?!

11. იხსენი, ღვთის მიერ ხსნილო! აცხოვნე, ცხონებულო! უშველე სასიკვდილოდ მიმავალთ და გამოისყიდე ეშმაკთა მიერ მოსაკლავად განწირულნი! – ესაა კაცთა და ანგელოზთა ყოველ საქმესა და ხედვაზე უმაღლესი.

12. ის, ვინც ღვთისგან ბოძებული სიწმინდით სხვათა ბილწებას განწმენდს, უხორცო ძალთა შემწედ წარმოაჩენს საკუთარ თავს, რადგან უბიწო მსხვერპლს სწირავს ღმერთს. ხოლო ეს საქმე, ანუ „რომელნი (სულები) არიან გარემოჲს მისა, შეწირონ ძღუენი”, ანგელოზთა საქმეა (შდრ. ფსალმ. 75. 12).

13. შემოქმედის ჩვენდამი კაცთმოყვარებასა და სახიერებას ისე არაფერი წარმოაჩენს, როგორც ოთხმოცდაცხრამეტი ცხვრის დატევებისა და ერთი დაკარგული ცხვრის მოძიების ამბავი.

14. ჰოი, ნეტარო, ყურადღებით იყავი: ყოველი მცდელობა, სიყვარული, გულმხურვალება, ძალისხმევა გამოიჩინე დაკარგული და შემუსვრილი შვილის მიმართ და ღმერთს ევედრე მისთვის, რადგან სადაც დიდი სნეულება და წყლულია, იქ, უდავოდ, დიდ სასყიდელსაც მიიღებენ.

15. ესეც გამოვიძიოთ და ვიცოდეთ: ზოგიერთის უძლურების გამო წინამძღვარმა ყოველთვის სამართლიანად არ უნდა განსაჯოს.

16. ვნახე, ყოვლადბრძენმა მსაჯულმა ორი მოდავე რომ გაასამართლა, და დამნაშავე, როგორც უძლური, გაამართლა, ხოლო უდანაშაულო, როგორც ახოვანი, იმ მიზნით გაამტყუნა, რომ სამართლიანი განაჩენით უფრო მეტი განხეთქილება არ შექმნილიყო. ცალკე კი თითოეულს აუხსნა საქმის ვითარება, განსაკუთრებით იმას, რომელიც უძლური იყო.

17. ბალახიანი მდელო სასარგებლოა ყოველი ცხვრისთვის, ხოლო სწავლა და სიკვდილზე ფიქრი კარგია და სასარგებლო ყოველი მეტყველი ცხვრისთვის.

18. სულგრძელნი უძლურთა წინაშე ამხილე და დაამცირე, რათა უძლურთა წყლული სხვების წამლით განკურნო, ხოლო სულგრძელებს უფრო მეტის დათმენა ასწავლო.

19. ღმერთს არავისი აღსარება გაუმჟღავნებია, რათა ამით აღმსარებელნი არ დაებრკოლებინა და უკურნებლად არ დასნეულებულიყვნენ.

20. თუნდაც წინასწარცნობის მადლს ვფლობდეთ, ჩვენი ცოდნა შეცოდებულებს მაშინვე არ გავუმჟღავნოთ, არამედ ყოველნაირად ვეცადოთ, აღსარებაზე მოვიდნენ და აღსარების თქმით ცოდვათა შენდობა მიიღონ.

21. აღსარების შემდგომ უწინდელზე მეტად გავათამამოთ, რათა ჩვენდამი მეტი სარწმუნოებითა და სიყვარულით განიმსჭვალონ. ასევე, ჩვენდამი შიშიც უნდა ვასწავლოთ; თავად ჩვენ კი თავმდაბლობის მაგალითი ვაჩვენოთ მათ.

22. ყურადღებით იყავი, ვაითუ, შენი უზომო თავმდაბლობით ცეცხლოვანი ნაკვერცხალი შეაგროვო შვილთა თავზე.

23. ვალდებული ხარ, ყველაფერში მოთმინება გამოიჩინო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შენს ბრძანებას ეურჩებიან.

24. დააკვირდი, ხომ არ არის შენს ვენახში ისეთი ხე, რომელიც აქ მიწას აცდენს, ხოლო სხვაგან ნაყოფს გამოიღებდა? არ დაიზარო, ასეთი ხე სიყვარულით ამოთხარე და სხვა ადგილას გადარგე.

25. წინამძღვარმა, შესაძლოა, ამა სოფლის შფოთთან დაახლოებულ ადგილზეც დაუბრკოლებლად აღასრულოს სათნოება, მაგრამ მასთან მყოფების გამო მართებს სიფრთხილე, და თუ მსგავს ადგილას აღმოჩნდება, ვნებული ძმები არ მიიღოს. ყოველთვის ცუდი კი არ არის უარის თქმა!

26. თუ მკურნალი სულიერადაა დაყუდებული, მას აღარ სჭირდება ხორციელად დაყუდება სნეულთა სამკურნალოდ. თუ პირველი არ აქვს, მაშინ მეორეს მიმართოს.

27. ჩვენ მიერ შეწირული არც ერთი ძღვენია ღვთისთვის ისეთი საამო, როგორც სინანულით მირთმეული მეტყველი სულები.

28. მთელი ქვეყნიერებაც კი არ ღირს ერთი სულის ფასად. ქვეყნიერება წარმავალია, სული კი უკუნისამდე ცოცხლობს.


თავი მეთოთხმეტე

1. ამიტომ, ნეტარო, მათ კი ნუ შენატრი, ვინც ქონებას სწირავს ქრისტეს, არამედ იმათ შენატრე, ვინც მეტყველ ცხვარს სწირავს.

2. შენი მსხვერპლი უბიწოდ შესწირე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარგებელს ვერ პოვებ.

3. ძე კაცისა უნდა გაეცათ, მაგრამ ვაი მისდა, ვის მიერაც გაიცა. თქმულის საწინააღმდეგოდ იფიქრე შემდეგზე: ყოველი მოღვაწე უნდა ცხონდეს, ხოლო სასყიდელს მიიღებს ის, ვის მიერაც ცხონდებიან.

4. ჰოი, წმიდაო მამაო, ღვთის შემდგომ დიდი სულიერი ძალა გვჭირდება: თუ ვნახავთ, რომ ისინი, ვისი წმიდათაწმიდაში შეყვანა და ქრისტეს საკურთხეველში შეწირვა თავს გვიდვია, ჯერ კიდევ შესასვლელ კართან ბოროტის სიმრავლეს შეუვიწროებია, მაშინ მათ ჩვილი ბავშვებივით ჩავკიდოთ ხელი და ბოროტი ზრახვებისგან გავათავისუფლოთ.

5. თუ ისინი ძალიან ჩვილი და უძლურები აღმოჩნდებიან, მაშინ მხარზე შევისვათ და ვიწრო და საჭირველ კარში შესვლამდე მაღლა გვეჭიროს, რადგან ყველაზე დიდი სივიწროვე სწორედ კართან არის. ამიტომ ამბობდა წინასწარმეტყველი: „ესე არს შრომა ჩემ წინაშე, ვიდრემდის შევიდე მე სიწმიდესა ღმრთისასა” (ფსალმ. 72. 16-17).

6. ჰოი, მამათა მამაო, მამათა მამასა და მოძღვართა მოძღვართან დაკავშირებით წინა თავებში აღვნიშნე, თუ რაოდენ შემკული იყო იგი ზეციური სიბრძნით, რაოდენ ჯეროვნად მამხილებელი, წმიდა, მოწყალე, მიმტევებელი და ბრწყინვალე გახლდათ. ყველაზე აღსანიშნავი ის იყო, რომ თუ ვინმე ცხონების მოსურნეს ნახავდა, უფრო მეტ ღვაწლში ამყოფებდა. ასევე, თუ ნახავდა, რომ ვინმე საკუთარ ნებას მისდევდა  და რაიმე საქმე გამორჩეულად უყვარდა, ასეთ პიროვნებაში ნების მოსპობას იმდენად ცდილობდა, რომ საკუთარი ნების აღსრულებას ყველა გაურბოდა. კიდევ ამას ამბობდა სანატრელი: „უმჯობესია, მოწაფე მონასტრიდან გააგდო, ვიდრე დაუშვა, საკუთარი ნება ჰქონდეს; რადგან ვინც აძევებს, ხშირად გაძევებულს ამდაბლებს კიდეც; ხოლო ვინც ვითომ მოწყალებას იჩენს და საკუთარ ნებაზე მიუშვებს მოწაფეებს, ასეთს მოწაფეები სიკვილის ჟამს საწყალობლად სწყევლიან, რადგან აცდუნა და ვერაფერი არგო მათ”.

7. დიდ მამას ასეთი ჩვეულებაც ჰქონდა: მწუხრის გალობის შემდგომ იგი სხეულით ხის ტახტრევანზე დაჯდებოდა ხოლმე, ხოლო მადლშემოსილი სულით, როგორც მეუფე, დაბრძანდებოდა. კეთილი კრებული ბრძენი ფუტკარივით იყრიდა მის გარშემო თავს, როგორც ღვთისას, ისე ისმენდა მის სიტყვებს და მის ბრძანებას ემორჩილებოდა. ზოგიერთს ის დაძინებამდე ორმოცდაათი ფსალმუნის თქმას უბრძანებდა, ზოგიერთს – სამოცდაათს და ზოგს – ასს. ზოგიერთს ამდენივეჯერ მუხლთა დრეკას განუწესებდა, ზოგს – მჯდომარე ძილს, ზოგს – გარკვეული ხნით წიგნის კითხვას, ზოგს კი გარკვეული ხნით ფეხზემდგომ ლოცვას ავალებდა. ასევე, სამწყსოსთვის ორი ძმა ჰყავდა მიჩენილი, რათა დღისით ამაო ლაპარაკი აღეკვეთათ, ხოლო ღამით – უდროო სიფხიზლე და ერთმანეთს შორის საუბარი.

8. დიდ მამას სუფრაზეც ყველასთვის ცალკე წესი ჰქონდა დადგენილი. ყველა ერთნაირ საჭმელს კი არ იღებდა, არამედ თითოეულს თავ-თავისი ჰქონდა მიჩენილი. კეთილი მნე ზოგიერთს მხოლოდ ხმელა პურისა და წყლის მიღებას უბრძანებდა, ზოგიერთს უფრო მეტად სცემდა ნუგეშს. საოცარი ის იყო, რომ მის სიტყვას, როგორც ღვთის ნათქვამს, უდრტვინველად ღებულობდა ყველა. როგორც ადრე ვთქვით, დიდ მამას მონასტრის ქვემოთ ერთი ადგილი ჰქონდა, რომელსაც დილეგი ეწოდებოდა; მონასტრის ზემოთ კიდევ ერთი ლავრა იყო, სადაც ეს ძლიერი და სრულყოფილი მამა დასაყუდებლად ძლიერებს აგზავნიდა.

9. გთხოვ, არ დაუშვა, რომ წრფელნი ცბიერნი გახდნენ; არამედ, პირიქით, თუ შეგიძლია, ცბიერნი აქციე წრფელად.

10. ვისაც სრული უვნებობისთვის მიუღწევია, მას შესაბამისად და სათანადოდ დასჯაც შეუძლია. უვნებობის ნაკლულოვანება მსაჯულს გულს უჩვილებს და არ დაანებებს, მოწაფე ჯეროვნად დასაჯოს.

11. შვილებს, უპირველეს ყოვლისა, მართალი სარწმუნოება დაუტოვე მემკვიდრეობად, რათა არათუ შვილები, არამედ შვილიშვილებიც კი მართლმადიდებლობით შესწირო უფალს.

12. ნუ მოერიდები ფიცხი და ურჩი ახალგაზრდების შეწუხებას, რათა სიკვდილის ჟამს გადიდონ შენ.

13. ყოვლადბრძენო, ამაშიც დიდი მოსე იყოს შენთვის მაგალითი: მანაც ვერ შეძლო ფარაონის მონობიდან თავის მორჩილთა გათავისუფლება, ვიდრე  უფუარი არ ჭამეს მდოგვთან ერთად.

14. უფუარში იგულისხმება ის, რომ მოწაფე თავის ნებაზე არ უნდა მიუშვან; რადგან ნება ადამიანს აამაღლებს, ხოლო უფუარი ყოველთვის დაბლა დგას.  მდოგვში მოძღვრის მხრიდან მხილებისა და ყვედრების სიმწარე და მარხვით შეჭირვება ვიგულისხმოთ, რაც ხორცისთვის მწარეა, ხოლო სულისთვის გოლეული თაფლივით ტკბილია.

15. მამათა მამაო, გწერ რა ამას, მისი სიტყვები მაძრწუნებს, რომელიც ამბობს: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?” (რომ. 2. 21) ახლა კი მცირეოდენს ვიტყვი და შემდეგ სიტყვის სარბიელს დავუტევებ.


თავი მეთხუთმეტე

1 ღმერთთან სიწმინდით შეერთებული გული სხვისგან სიტყვიერ სწავლებას აღარ საჭიროებს, რადგან ნეტარის მოძღვარი, წინამძღვარი და განმანათლებელი დაუსაბამო სიტყვა გამხდარა. სწორედ ასეთი ხარ შენ, წმიდაო, და ეს არამარტო უბრალო სიტყვებით შემიცვნია, არამედ საქმით გამომიცდია ყოვლადბრძენი გონება შენი, სიმდაბლითა და სიმშვიდით ისევე რომ მუსრავს ბოროტ მხეცებს, როგორც დიდი სჯულმდებელი მოსე, რომლის ნაკვალევსაც შეუდექ და თითქოს გაუსწარ კიდეც უმანკოებისა და ქალწულების მადლით. ეს კი ყველაზე მეტად მიაახლოებს კაცს წმიდა და უხრწნელ ღმერთთან, რომელიც არის უხრწნელების მომნიჭებელი და მოღვაწეთა მიწიდან ზეცად ამამაღლებელი.

2. ამიტომ, დიდი ილიას მსგავსად ცეცხლოვანი ეტლით ამაღლებულმა, არათუ ეგვიპტელი მოჰკალ და თავმდაბლობის ქვიშაში დაჰფალ, არამედ მთაზეც აღხვედ და ეკლოვანი, უმკაცრესი და „ძნიად შესაწველი” ცხოვრებით ღმერთი იხილე,

3. ღვთის ხმა გესმა და მისი ნათელი იხილე; ხამლნი, რაც არის ვნებათა ნივთი,   სულიერ ფეხთაგან გაიძრე, კუდში წაავლე ხელი მას, ვინც ანგელოზიდან ვეშაპად იქცა, და ბნელ ქვესკნელში მოისროლე. შენ ამპარტავანსა და ამაყ ფარაონს სძლიე, ეგვიპტელნი გვემე და პირმშონი მათნი ამოწყვიტე. აი, ეს არის დიდი საკვირველება.

4. ამიტომ მოგანდო უფალმა ძმათა წინამძღვრობა, რომლებიც, ნეტარო, ფარაონის ხელიდან და საძაგელი ალიზის კეთებისგან იხსენ, მიეც ცეცხლოვანი სვეტი და ყოველგვარ ვნებათა სიმხურვალის დამშრეტელი საღმრთო ღრუბელი.

5.    არამარტო ეს, არამედ მეწამული და ცეცხლოვანი ზღვაც კი, სადაც მრავალნი დავინთქმებით, განუპე, შენი სამწყემსო კვერთხით მძლედ აქციე ისინი და მათი მდევრები დანთქი. ამის შემდგომ ამპარტავნების ამალეკი, რომელიც ზღვიდან გამოსულებს ხვდებათ ხოლმე, ხელთა აღპყრობით მოჰკალ ღვთის მიერ შენდა რწმუნებული ხალხისთვის საქმესა და ხედვას შორის მდგარმა, სძლიე წარმართებს და შენი ხალხი უვნებობის მთაზე აღიყვანე.

6. დაუდგინე მათ მღვდლები და უვნებობით წინადაცვეთა ასწავლე, რადგან ვნებათა წინადაუცვეთელობისა და სიწმინდის მოუსვლელობის შემთხვევაში შეუძლებელია ღმერთის ხილვა. აღხვედ მაღლა, უგუნურების სიბნელე განკვეთე, უაღრესი ნათლის მაყვლოვანს მიეახლე და საღმრთო ხმის სმენის ღირსი გახდი, ღირსი გახდი ხილვისა და წინასწარმეტყველებისა. ზურგიდან იხილე ღმერთი, საუკუნოდ მყოფადი ნათელი, და გესმა ხმა: „არა არს კაცი, რომელმან იხილა პირი ჩემი” (გამოსვლა 33. 20).

7. შემდეგ თავმდაბლობის სიღრმეში, ქორებში ჩახვედ. თან გქონდა მეცნიერების ღვთივდაწერილი ფიცრები და სულიერი და ხორციელი სახით გაბრწყინდი.

8. რაღა ვთქვა ხბოზე?! – ჰოი, ფიცართა შემუსვრა! შემდეგ ხალხს ხელი ჩასჭიდე, უდაბნო განვლე, წყურვილის ცეცხლი დაშრიტე და ცრემლთა წყარო მიანიჭე ხის მიერ, რომელიც არის ვნებებითა და გულისთქმებითურთ ხორცის ჯვარცმა. ღვთიური ცეცხლით ბოროტი წარმართები დასწვი. მოხვედ იორდანესთან (რაღა გვიშლის ხელს, ძველი ამბავი მცირეოდენ დავუტეოთ!), განჰკვეთე მდინარე და სულიერი ისრაელის თვალწინ ქვემო წყალი მარილისა და სიკვდილის ზღვაში მოაქციე, ხოლო სიყვარულის წყალი ზემოთ დააგუბე.

9. თორმეტი ლოდის მოტანა ბრძანე, და მოციქულთა რიცხთა თანახმად აღაშენე; ან, იქნებ, ამით რვა ვნებაზე გამარჯვება და ოთხი უდიდესი სათნოების მოპოვება მიანიშნე?! შემდეგ უკან მოიტოვე მკვდარი და უნაყოფო ზღვა. იერიქოში მოხვედ, საწუთროს შვიდეულის შვიდ ჟამში ლოცვის საყვირს ჩაჰბერე, გალავანი დაარღვიე, გაიმარჯვე და უხილავ შემწეს უღაღადე: „მტერისა მახჳლნი მოაკლდეს სრულიად” და ვნებათა ჩემთა „ქალაქნი აღაოჴრენ” (შდრ. ფსალმ. 9. 7).

10. მეტსაც ვიტყვი: იერუსალიმში აღხვედ (რაც არის სრული სიმშვიდის ჭვრეტა), ქრისტე, ღმერთი მშვიდობისა, იხილე; როგორც სანაქებო მეომარმა, მასთან ერთად იღვაწე, ვნებებითა და გულისთქმებითურთ მასთან ერთად ხორციელად ჯვარსეცვი, ღვთის შემწეობით გახდი ღმერთი ფარაონისა და ყოველი წინააღმდგომი ძალისა, ქრისტესთან ერთად დაიფალ, მასთან ერთად ღვთისმეტყველების უფსკრულში ჩახვედ, სათნოებათა მეგობართაგან ნელსაცხებელი მიიღე და აღსდექ. რამ შემიშალოს ხელი, რომ ვთქვა:

11. აღსდექ მესამე დღეს, ანუ აღსდექ სამ ვნებაზე – ნაყროვანებაზე, ვერცხლისმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზე – გამარჯვების შემდგომ, უკეთ რომ ვთქვათ, აღსდექ მას შემდეგ, რაც სული, ხორცი და გონება განწმინდე გულისთქმებისგან, გულისწყრომისა და ზრახვებისგან.

12. ახვედ ზეთისხილის მთაზე, მთაზე, რომელზეც წმიდანი ამბობდა: „მთანი მაღალნი ირემთა” (ირემთა, ანუ ვნებათა მომსვრელ სულთა). ვინაიდან სიბრძნით აღვსებულ და ცოდნით ყოველ ჩვენგანზე გარდამეტებულ მამასთან გრძლად სიბრძნისმეტყველება არ შეგვფერის და სიტყვის შემოკლება გვმართებს, ვიტყვი: აღხვედ მთაზე, რომელზეც წიგნში ნათქვამია, ვნებათა მომსვრელ სულთაო.

მათ შემდგომ შენც აღხვედ, ზეცად აღიხილე (კვლავ მსჯელობის უწინდელ წესს დავუბრუნდები), შენი მოწაფეები გვაკურთხე და წინამდებარე სათნოებათა კიბე იხილე, რომელსაც, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, შენდა მოცემული ღვთის მადლით საფუძველი დაუდევ და განასრულე კიდეც; თუმცა კი თავმდაბლობისა სიღრმისა გამო ჩვენი გლახაკი და უსწავლელი ენა აიძულე, შენი ხალხისთვის მიგვემართა. ან რა გასაკვირია ეს?! – მოსეც უწოდებდა საკუთარ თავს წვრილხმიანსა და ენაბრგვილს. მაგრამ მას აარონი ჰყავდა ტკბილმოუბრად. შენ კი, ნეტარო, არც კი ვიცი, რატომ მოხვედი დამშრალ, ეგვიპტის გომბეშოებით, უმეტესად კი, ეგვიპტის ნაკვერცხლით სავსე წყაროსთან?!

13. რადგან ურიგო იქნებოდა, თუ შენი აღსვლის მაგალითსა და იგავს დაუსრულებელს დავტოვებდით, კვლავ უწინდელ სიტყვას დავუბრუნდებით: აღხვედ წმიდა მთაზე, თვალები ზეცას მიაპყარ, სათნოებათა კიბეზე ფეხი შედგი, აღხვედ კიბეზე და ამაღლდი.  და აფრინდი, ღაღადებით ამაღლდი, მტრებს სძლიე, მოჰკალ და წინ წარუძეხ მრავალს. ახლაც ყოველთვის წინ მიგვიძღვი ყველას, რადგან წმიდა სათნოებათა კიბის თავში ასულხარ და სიყვარულს შეერთებიხარ; ხოლო სიყვარული არის ღმერთი, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.