საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან 34-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

20 იანვარი
sultmofenobidan-34-e-kviriakes-sakitxavi

სულთმოფენობიდან 34-ე კვირიაკე

წირვაზე – ეფეს. 4:7-13. მთ. 4:12-17.

 

 

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე ეფესელთა მიმართ – 4:7-13

ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ მიეცა მადლი.

თუკი ყველაფერი საერთოა, მაშ, რატომ აქვს ერთს მეტი ნიჭი, მეორეს კი ნაკლები? ეს შურს აღძრავდა როგორც მათში, ისე კორინთელებსა და სხვებში. პასუხად მოციქული ამბობს, რომ თითოეულს იმ ზომით ებოძა, როგორც თავად მბოძებელმა ინება. ამიტომ კმაყოფილი იყავი, ვინაიდან ეს საჩუქრად მოგეცა და არა როგორც შენი კუთვნილი რამ, ხოლო რადგანაც მისი ზომა ღმერთმა განსაზღვრა, ე.ი. თითოეულს თავის შესაბამისად განუსაზღვრა, ამიტომ ცნობისმოყვარეობას ნუღარ გამოიჩენ.

ამგვარად, ის, რაც ქრისტიანისთვის აუცილებელია, ყველასთვის საერთოა, ხოლო თუ ვინმეს რამე ნიჭი შენზე მეტი აქვს, ეს ნუ დაგამწუხრებს, რამეთუ მეტი ნიჭი შრომასაც მეტს მოითხოვს. მოციქულს არ უთქვამს: „თითოეულს თავისი რწმენისამებრ“, რათა მცირედმორწმუნენი სულმოკლეობას არ მისცემოდნენ, არამედ ამბობს, რომ ნიჭის ზომა მადლის მომცემელ ღმერთზეა დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობაზე არც კი უნდა გავკადნიერდეთ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

 

ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და საბოძვარი უბოძა ხალხს“.

რას ნიშნავს: წამოასხა ტყვენი? – იმას, რომ ადამის ცოდვით დაცემის შემდეგ მტერმა დაგვატყვევა და თავისი ძალაუფლების ქვეშ მოგვაქცია. სხეულიდან გასული სულები ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ, ვინაიდან სამოთხის კარი ჩაკეტილი იყო. როდესაც ქრისტე წმინდა და ცხოველმყოფელ ჯვარზე ავიდა, ამით მან თავისი სისხლით ტყვეობიდან გამოგვიხსნა, ანუ მტრის ხელიდან გამოგვიტაცა. მან დაამარცხა და დაამხო ჩვენი დამპყრობელი და, ასე ვთქვათ, კვლავ თავის ტყვეობაში მოგვაქცია. ამიტომაცაა ნათქვამი: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი“. ასეთია საიდუმლოების ძალა; იმიტომ მოკვდა ქრისტე ჩვენთვის, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში დავებრუნებინეთ.

ღირსი ამბა დოროთე

 

მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?

ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.

პავლე მოციქული აქ სიმდაბლეზე საუბრობს და მაგალითად ქრისტე მოჰყავს, როგორც ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (2:8) ამბობს: როგორც ის შთავიდა, თქვენც ასევე დაიმცირეთ თავი სიმდაბლის გზით. ხოლო რომ შთავიდა, ეს წინასწარმეტყველის სიტყვიდანაც ჩანს: აღჰჴედ მაღალსა (ახვედი მაღლა) (ფს. 67:19), იმიტომ, რომ როდესაც ღმერთთან მიმართებით ითქმის „ახვედი“, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ მანამდე ის ჩავიდა. სად ჩავიდა? ჯოჯოხეთში: სწორედ მას უწოდებს ზოგადი გაგებით „ქვესკნელს“. მამამთავარი იაკობიც ასე ამბობს: შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად (დაბ. 42:38) და დავითიც: ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა (ფს. 27:1). ამდენად, უფალი ჩავიდა მიწის ყველაზე დაბალ ადგილებში, რომლის იქითაც სხვა აღარაფერი იყო, და ავიდა ყოველივეზე მაღლა, რომლის ზემოთაც აღარაფერი არსებობს. და ამ ჩასვლას ხელი არ შეუშლია მისი ასვლისთვის. ამიტომ თქვენც, თუკი თვს დაიმდაბლებთ, ამაღლდებით. სწორედ იმიტომ აღასრულა მან ეს, რომ ყოველივე აევსო თავისი მეუფებითა და ძალით – ხორცისმიერად, რადგან ღვთაებრივად ის მანამდეც ყველაფერს ავსებდა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად.

ეს ადგილი უცხადესად ამტკიცებს მამისა და ძის ღმრთეებრივ ერთობას. მართლაც, ის, რაც ახლა ქრისტეს მიეწერება, როგორც მისგან ნაბოძები, კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში წარმოდგენილია (12:28) როგორც მამა ღმერთის საქმენი: რომელნიც ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ მოციქულებად, მერე წინასწარმეტყველებად, შემდეგ მოძღვრებად; ზოგს მისცა სასწაულთმოქმედების ძალა, აგრეთვე ნიჭი მკურნალობისა, შეწევნისა, მმართველობისა, სხვადასხვა ენისა.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

ღმერთმა ეკლესიაში დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც მწყემსებად და მოძღვრებად. მოციქულს არ უთქვამს: „და მეფეებად“. შენ, რომელიც მეფე ხარ, სამართავად გერწმუნა საერო საქმენი, სამოქალაქო სამუშაოები და სამხედრო ძალა. ყოველივე ამაზე მიმართე შენი ძალისხმევა და საზრუნავი, საეკლესიო საქმენი კი მწყემსებსა და მოძღვრებს დაუტოვე, როგორც მოციქული გასწავლის. წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდე, რომ ჩვენ არ მივიღებთ ჩვენი მართლმადიდებლური სწავლების საპირისპირი სწავლებას, თუნდაც ის ზეცით მოვლენილმა ანგელოზმა გვიქადაგოს, და მით უფრო არ მოგისმენს შენ – მიწიერ, ხრწნად ადამიანს.

ღირსი თეოდორე სტუდიელი

 

რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის – ქრისტეს სხეულის ასაშენებლად,

ხომ ხედავ, როგორი ღირსება მოგენიჭა? თითოეული, – ამბობს მოციქული, – ქრისტეს სხეულის, ანუ ეკლესიის აღშენებას ემსახურება. მაშ, რად სწუხხარ, როცა ნაკლებ ნიჭს იღებ? შენც ხომ მონაწილეობ წმინდანების სრულყოფაში? ანუ საკუთარი წვლილი შეგაქვს მორწმუნეების სულიერი აღშენებისა და სრულყოფილების საქმეში. ამასთან, თუ სხვამ შენზე მეტი ნიჭი მიიღო მორწმუნეთა გასანათლებლად, იცოდე, რომ მას მეტი შრომა და მსახურება ევალება, და პასუხისმგებლობაც მეტი ეკისრება. მეორე მხრივ, განა სატანური თვისება არ არის, შეგშურდეს იმისი, ვინც ქრისტეს სხეულს აშენებს და სრულყოფს? – ეს ხომ ღვთისმბრძოლებთ ახასიათებთ.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

 

ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას.

შეკითხვა: ბოროტება თანდათან იფიტება და იძირკვება, და ადამიანიც მადლით თანდათან წარემატება, თუ ბოროტება მაშინვე აღმოიფხვრება, როგორც კი წარმატება დაიწყება?

პასუხი: დედის მუცელში ჩანასახი მაშინვე კაცი კი არ ხდება, არამედ თანდათან იღებს ადამიანის სახეს, და არც ზრდასრულ მდგომარეობაში იბადება, არამედ მრავალი წლის განმავლობაში იზრდება; ასევე, მიწაში ჩაგდებული ქერის ან ხორბლის მარცვალი ჯერ ფესვს იდგამს და როცა სიცივეები და ქარები გადაივლის, მხოლოდ ამის შემდეგ ამოიყრის ღეროს; არც მსხალი იძლევა უცებ ნაყოფს, როგორც კი დარგავ. მსგავსი რამ ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ადამიანი თანდათან ბრძენდება და იხვეწება და ხდება „სრული ზომის ასაკის სრულყოფილი კაცი“, და არა ისე, როგორც ზოგიერთი ამბობს, თითქოს ეს იგივეაო, რომ ძველი განიძარცვოს და მაშინვე ახალი შეიმოსოს.

ღირსი მაკარი დიდი  

საეკლესიო გადმოცემისა და პავლე მოციქულის თანახმად, ჩვენი აღდგომა მოხდება „სრულყოფილ კაცად, ქრისტეს ასაკის სრულ ზომაში“, – ანუ იმ მდგომარეობაში, რომელშიც იუდეველთა თანახმად, შექმნილი იყო ადამი და რომელშიც, როგორც ჩვენ წაგვიკითხავს, აღდგა უფალი.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი

რა ნიშნავს ჩეულებრივი გაგებით სრულყოფილი კაცი – ეს ყველასათვის ცნობილია, და ვერ იპოვი ადამიანს, ვისაც ასეთი სრულყოფილების მიღწევა არ სურდეს; მაგრამ რას წარმოდგენს უფალში სრულყოფილი კაცი, – ეს ყველასათვის უცნობია, იმათ გარდა, ვინც ამ ასაკში შევიდა. თუმცა ამან არავის უნდა გაუცივოს ამ ასაკის მისაღწევად აღძრული მოშურნეობა, პირიქით – კიდევ უფრო მეტად გაუღვივოს, იმიტომ, რომ უმეცრება დამოკიდებულია იმ სულიერი სრულყოფილების სიმაღლეზე, რომელსაც ეწოდება კაცის ასაკი ღვთისნიერ ცხოვრებაში, რომელიც მოციქულმა განსაზღვრა უფალ მაცხოვარში გამოვლენილ სრულყოფილებათა სისავსის შეთვისებით. ყველა ჩვენგანი ხედავს, თუ რისთვისაა საჭირო, რომ ჩვენს მოწოდებას „გულმოდგინე მცდელობაც მივუსართოთ“ (იხ. 1 პეტ. 1:5).

წმინდა მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული

 

 

წმინდა სახარება წმინდა მათე მახარებლისაგან საკითხავი – 4:12-17

ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, განეშორა და გალილეას გაემართა.

მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს,

რატომ განეშორა? – მოციქული ამით გვასწავლის, რომ განსაცდელებს უნდა განვეშოროთ, მოვერიდოთ.  ის კი არაა დამნაშავე, ვინც განსაცდელებს არ ეგებება ფეხმოუცვლელად, არამედ ის, ვინც განსაცდელების მოწევისას ახოვნად, მამაცურად არ იქცევა. ამრიგად, ეს რომ ესწავლებინა და იუდეველთა სიშმაგე დაეცხრო, ქრისტე გალილეის კაპერნაუმში მიდის; ერთი მხრივ, რათა გალილეის შესახებ წინასწარმეტყველება აღასრულოს, მეორე მხრივ, მებადურის მსგავსად, მსოფლიო მოძღვარნი მოინადიროს, რომლებიც თავისი ხელობით იყვნენ დაკავებულნი და ამ ქალაქში ცხოვრობდნენ. გულისხმაჰყავ, ყოველთვის, როდესაც იესო ქრისტე წარმართებთან წასვლას იზრახავს, ამის საბაბს მას იუდეველები აძლევენ. ამ შემთხვევაშიც, ჩაიფიქრეს რა ბოროტება იოანე წინამორბედის წინააღმდეგ, იუდეველებმა იგი საპყრობელეში ჩასვეს, თავად იესო კი წარმართულ გალილეაში განდევნეს.

წმინდა იოანე ოქროპირი

 

რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა;

ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი.

ზაბულონისა და ნეფთალემის მხარე – ეს ადგილები, ოდესღაც ებრაელთა ორი ტომის, იაკობის ძეთა, ზაბულონისა და ნეფთალემის სამკვიდრებელს წარმოადგენდა. თავისი ადგილმდებარეობით ეს იყო პალესტინის წმინდა მიწის უმშვენიერესი კუთხე: გალილეის ზღვის ფერწერულ ნაპირებზე ყვაოდა და კეთილსურნელებას აფრქვევდა ფორთოხლის, ნუშისა და ბროწეულის ბაღები; მთელ თვალსაწიერზე გადაჭიმულიყო პალმის მაღალი ხეები, ყურძნის ვენახები, ლეღვისა და ზეთისხილის ხეივნები. ხეებს ნაყოფი არ აკლდებოდათ მთელი ათი თვის განმავლობაში. გალილეის შუა ნაწილში მდინარე იოარდანე ვერცხლისფრად ლივლივებდა და სამხრეთით, მკვდარი ზღვის მიმართლებით მიიკლაკნებოდა. ასეთი იყო ის მხარე, სადაც მივიდა იესო თავისი მშობლიური, მაგრამ არა სტუმართმოყვარე ნაზარეთიდან.   

რათა აღსრულდეს, – შენიშნავს მახარებელი, – თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ: ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი (ეს. 9:1-2). გალილეაში, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილში, ბევრი წარმართი ცხობრობდა: აქ შეხვდებოდით უდაბნოს ველურ არაბებსა და სიბრძნისმოყვარე ბერძნებს, მეწარმე ფინიკიელებს, ასურელებსა და ქედმაღალ რომაელებს… ამიტომაც ეწოდებოდა ამ მხარეს წარმართი გალილეა. ყველა ისინი ჩაძირულნი იყვნენ კერპთაყვანისმცემლობის სიბნელში – არ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი, და როგორც სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, თუ საით მიდის, ისე მათაც არ იცოდნენ გზა: ღმრთის მცნებები,  ვინაიდან ღრმა სიბნელესა და სიკვდილში იმყოფებოდნენ. ამიტომ უწოდებს მათ ესაია წინასწარმეტყველი „ბნელსა შინა“ მავალთ და „აჩრდილთა სიკვდილისათა“ დამკიდრებულთ. ისინი არ ეძემდნენ ნათელს, მაგრამ თვით ჭეშმარიტი ნათელი, ყოველთა კაცთა განმანათლებელი, თავად იესო ქრისტე გამოუბრწინდა მათ, გამოუჩნდა, მივიდა და განანათლა ისინი სინანულის შესახებ ნათელმოსილი ქადაგებით. წმინდა იოანე ოქროპირი შენიშნავს: „ქრისტეს მოსვლის წინ კაცობრიობა უბედური იყო: კერპთაყვანისმცემლობის ბნელით გარემოცულმა ადამიანებმა აღარ იცოდნენ საით წასულიყვნენ, და უკვე აღარსად მიდიოდენ, არამედ, წინასწარმეტყველის გამოთქმით, სიბნელესა და სიკვდილში ისხდნენ, რაც ნიშნავს, რომ ბნელიდან გათავისუფლების იმედიც დაკარგული ჰქონდა“.აჩრდილთა სიკვდილისათა მყოფნი, ანუ ცოდვაში, – აღნიშნავს წმინდა მღვდელთმთავარი ფილარეტ მოსკოველი, – რადგან სწორედ ცოდვას ეწოდება სიკვდილის აჩრდილი, რამეთუ სიკვდილი სხეულს ანადგურებს, ცოდვა კი სულს სიცოცხლეს ართმევს, ანუ ღმრთის მადლს, თუმცა არ ანადგურებს მას, ვინაიდან სული უკვდავია. „ნათელი აღმოუბრწყინდა“ – მათთვის მოულოდნელად გამოჩნდა ქრისტე და განანათლა წარმართნი, რომლებიც ებრაელებისგან განსხვავებით, არ ელოდებოდნენ მას“.

იღუმენ პანტელეიმონის „ტროიცის“ მონასტრის ფურცლები №801-1050.

 

შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი.

მას შემდეგ, რაც იოანე შეიპყრეს, იესომ თავად, უშუალოდ, დაიწყო ქადაგება და ამბობდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“. ე.ი. საკუთრივ რჯულის შეწყვეტის შემდეგ იწყება სახარება. მაცხოვარი იმავეს ქადაგებს, რასაც მანამდე იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, – ამით ქრისტე აჩვენებს, რომ თავად არის ძე იმავე ღმრთისა, რომლის წინასწარმეტყველიც იოანე იყო.

ნეტარი იერონიმე სტრიდონელი