საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სულთმოფენობიდან 31-ე კვირიაკეს საკითხავი სახარებისა და სამოციქულოს განმარტება

29 დეკემბერი
sultmofenobidan-31-e-kviriakes-sakitxavi

სულთმოფენობიდან 31-ე კვირიაკე

წირვაზე – კოლ. 3:4-11 (29-ე კვირიაკის); ლკ. 14:16-24 (28-ე კვირიაკის).

წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე კოლასელთა მიმართ – 3:4-11

როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.

როგორც კი ქრისტე აღდგა, ჩვენც, ყველანი, მაშინვე აღვდეგით, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავთ ნამდვილ მოვლენას, ჩვენი აღდგომის საიდუმლო კი თავად ქრისტეშია დაფარული. ამიტომ როდესაც უფალი მეორედ გამოჩნდება, მაშინ ვპოვებთ აღდგომას, მაშინ დავტკბებით მარადიული ცხოვრებით. ქრისტეს შესახებ დროულად გამოთქვა მოციქულმა: გამოჩნდება, რადგან ის ჩვენთვის უხილავია, ურწმუნოებისთვის კი საერთოდ უცნობია; იგივე გამოთქმა გამოიყენა მან ჩვენთან მიმართებითაც: გამოჩნდებით დიდებით, იმიტომ, რომ ამჟამად აღთქმულ სიკეთეს ვსასოებთ,შემდეგ კი ის, რაც ამჟამად ჩვენთვის უცნობია, გაცხადდება. ხოლო რადგანაც მოციქულმა უარყო რჯულისკანონის ზოგიერთი მოთხოვნა (კოლ. თავ. 2), ამიტომ აუცილებლობიდან გამომდინარე, – რომ არ იფიქრონ, თავისუფლად შეიძლება შესცოდოო, – ბრძნულ რჩევა-დარიგებებს სთავაზობს მსმენელს.

მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.

პავლე მოციქულმა ყოველივე ამას უწოდა მიწიერი ასონი, იმიტომ, რომ მათი მეშვეობით აღიგზნება  ვნებები. ამიტომ ის კი არ უთქვამს: „თქვენი ასონი“, არამედ თქვა: „თქვენი მიწიერი ასონი“, ანუ უარესისკენ მიდრეკილი აზრები. მოციქული თითქოსდა ასე ამბობს: „ნუ აღასრულებთ სხეულით (საქმით) აზრის სახით მოსულ ცოდვებს. მან ანგარებას კერპთმსახურება უწოდა, ვინაიდან მაცხოვარმა მამონა ბატონად მოიხსენია (მთ. 6:24), რითაც გვასწავლა, რომ ანგარებისმოყვარეობის ვნებას დამონებული კაცი  ღვთისდარ პატივს მიაგებს სიმდიდრეს.

მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,

მოციქულმა აუცილებლობიდან გამომდინარე დაურთო სასჯელის მუქარა.


რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.

მან კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში მსგავსადვე თქვა: ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით…“ (1 კორ. 6:11).


ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.

ახლა კი განიშორეთ ყველაფერი. შემდეგ ამბობს, კერძოდ, რას უნდა განეშორონ, ესენია: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.

ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ

ნუ ეცრუებით ერთმანეთს. მან ჯერ აგვიხსნა, თუ რას უწოდა მიწიერი ასონი, ახლა კი აჩვენებს თვით სხეულსაც, რომლის ასონიც ყველაფერ ამას შეადგენენ.  

მოციქულმაძველი კაცი  უწოდა ცხოვრების წინანდელ წესს, რადგან თქვა: რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით. სწორედ ეს ძველი კაცი შემოვიძარცვეთ ნათლისღების საიდუმლოთი.

და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად.

ყოველთა ღმერთმა თავიდან შეგვქმნა და ჩვენში ჩაბეჭდა ღვთის ხატების ზუსტი ნიშან-თვისებები, რომლებიც ცოდვამ დააზიანა. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად (რომ. 8:29) და ამასვე სწერს ფილიპილებსაც: ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს (3:21). 

სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

მოციქულს აქ სიტყვა ხატებიდან პირველხატებაზე გადააქვს; როდესაც ის ყოვლადწმიდა ნათლისღების შესახებ მსჯელობს, გვიხატავს მომავალი საუკუნის ცხოვრებას, სადაც ასეთი განსხვავება არ არსებობს: ცოდვის შეწყვეტასთან ერთად თითოეულში ღვთის ნება აღესრულება – ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში. ამასვე ამბობს იგი კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც: ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში (1 კორ. 15:28). ამიტომ მომავალ საუკუნეში შევიმოსებით სრულიად ახალი კაცით: განვიძარცვავთ ხრწნილებას და შევიმოსებით უხრწნელებით; ნათლისღებით   კი ახალ ცხოვრებაში გარდავიქმნებით.  

ნეტარი თეოდორიტე კვირელი

წმინდა სახარება წმინდა ლუკა მახარებლისაგან საკითხავი – 14:16-24

ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.

უფალი აქ გადმოსცემს იგავს, რომლის მეშვეობითაც აჩვენებს, რომ ვინც მას არ დაემორჩილება, ის ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. კაცში მან მამა ღმერთი იგულისხმა, როგორც კაცთმოყვარე; წვეულება ცათა სასუფევლის გამოუთქმელ ნეტარებას აღნიშნავს. მრავალნი მიიპატიჟა ანუ დაპატიჟა ისრაელის თორმეტი ტომი, რადგან ისინი წარმართებზე ადრე იყვნენ ხმობილნი, როგორც ღვთის რჩეული ერი.

როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.

ქრისტე მამის მონას უწოდებს საკუთარ თავს, ვინაიდან „მონის ხატი შეიმოსა“ (ფილიპ. 2:7) და წარიგზავნა იუდეველებთან, რათა სახარებით მიეწვია ისინი აღნიშნულ წვეულებაზე.

მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.

მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.

მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.

ერთხმად, ე. ი. ერთბაშად, შეთანხმებულივით. სხვადასხვა მიზეზის მოყვანა სხვას არაფერს ავლენს, თუ არა სხვადასხვა ვნებას, რის გამოც ისინი მოაკლდნენ ხსენებულ ლხინს. სხვადასხვა ვნებით შეკრულებმა უარყვეს სახარება, რომლის მეშვეობითაც შეიძლებოდა ამ წვეულებაზე დასწრება და მოლხენა, რადგან ღვთის სიტყვა მათი მიდრეკილებების საპირისპიროა.

დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.

დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. უფალი ამას იმიტომ კი არ ამბობს,  მამამ ამის შესახებ არ იცოდა, არამედ ამას იგავის ფორმა და შინაარსი მოითხოვს – როდესაც ვინმეს სხვის დასაძახებლად აგზავნიან, შემდეგ წარგზავნილი მოდის და თავის წარმგზავნელს ამბავს ატყობინებს. 

მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. მიპატიჟების უარმყოფელნი არიან იუდეველი მღვდელთმთავრები, მწიგნობრები, ფარისევლები და, საერთოდ, ყველა, ვინც ხალხში პატივით სარგებლობდა. ხოლო ვინც მათ ნაცვლად მიჰგვარეს წვეულების პატრონს, ესენი უბრალო, რიგითი ადამიანები იყვნენ, ჩვეულებრივი გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი, – ასეთებად მიიჩნევდნენ მათ საზოგადოებაში, როგორც თითქოსდა ბრიყვებსა და უწიგნურებს, მაგრამ მათ იმდენი სიბრძნე გამოიჩინეს, რომ მოუსმინეს ქრისტეს, ჭეშმარიტების ზეციერ მასწავლებელს.

ან გაიგე ეს იმათ შესახებ, ვინც მოცულნი არიან გრძნობადი ტანჯვით, ანაც  ამ ტანჯვისგან გათავისუფლებულნი, რწმენის მეშვეობით რომ მიიყვანეს ზემოთ მოხსენიებულ წვეულებაზე.

მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.

ეს კაცთმოყვარე სიტყვაა, რომელიც წარმართების შესახებაც შეახსენებს.

მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.

მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი. გზები და შუკები წარმართების საბინადროა, რადგან არ იყვნენ ისინი რჯულისკანონით და ღვთის მზრუნველობით შემოზღუდულნი, როგორც იუდეველები, და მათ ეშმაკები ქელავდნენ.   ეს, ამავე დროს, ღობეა, რადგან ცოდვების ეკალ-ბარდებით იყვნენ შემოღობილნი და ჰქონდათ დასაწვავად გამზადებული კედლები. წარმართების „მორეკვა“ იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი მათზე ძალდატანებას ითხოვდა, არამედ მიანიშნებდა, რომ მათთან ქადაგება აუცილებელი იყო  მეტი სიბეჯითითა და დაჟინებით, რადგან მათ ძალით აკავებენ ეშმაკები და სიცრუის ღრმა სიბნელეში აძინებენ. რათა აივსოს ჩემი სახლი, – უფალს ყველას მიყვანა სურს თავისი სიკეთეების უსაზღვრო სიმდიდრესთან.

სწავლული ბერი ეფთვიმე ზიღაბენი

რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს, რადგან მრავალი არის მოწვეული და ცოტა – რჩეული.

ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.

ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა უფალმა მეტწილად იმ იუდეველებისათვის, რომლებსაც წმინდა წინასწარმეტყველებმა მოუწოდეს და რომლებსაც თავად ღმერთკაციც უხმობდა თავის სარწმუნოებაში. მაგრამ რადგანაც მისი არ ირწმუნეს, ამიტომ  ეკლესიისთვისაც უღირსნი შეიქმნენ, ასევე – საღვთო საიდუმლოებებისა და საღვთო სასუფევლისთვისაც. ვერცერთი, – ამბობს იგი, – იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.

„ვინც წვეულია, მაგრამ უგულებელყოფს ამ მოწვევას, ის ვერ დაიმსახურებს ჩემს ზეციურ სიკეთეს“. თუმცა ეს გადაწყვეტილება ყველა იმ ადამიანს მიემართება, ვინც მოწოდებულნი არიან ქრისტეს რწმენისკენ, მაგრამ არ იღებენ ამ რწმენას; ან ვინც იღებს სარწმუნოებას, მაგრამ მერე არღვევს მას მისი უარყოფით, ან რწმენის საწინააღმდეგო ბოროტი ქმედებით. ამიტომაც თქვა: მრავალი არის მოწვეული ე.ი. მრავალნი არიან ხმობილნი ღმერთისგან, მაგრამ კეთილგანწყობითა და კეთილ საქმეებში მონაწილეობით მხოლოდ მცირედნი რჩებიან რჩეულებად და მარადიული ნეტარების ღირსებად.  

მთავარეპისკოპოსი ნიკიფორე თეოტოკისი

„აზრები წლის ყოველ დღეზე“

მრავალი არის მოწვეული და ცოტა – რჩეული“ (ლკ. 14:24). მოწვეულია ყველა ქრისტიანი, რჩეულნი კი მხოლოდ ის ქრისტიანები არიან, რომლებსაც რწმენაც და ცხოვრებაც ქრისტიანული აქვთ. ქრისტიანობის პირველ პერიოდში რწმენისკენ ხალხს ქადაგება უხმობდა, ჩვენ კი ხმობილნი ვართ ქრისტიანთაგან შობით და ქრისტიანთა შორის აღზრდით – მადლობა ღმერთს! ნახევარ გზას, ანუ ქრისტიანობაში შესვლას და მისი საწყისების სიყრმიდანვე გულში ჩანერგვას ჩვენ ყოველგვარი შრომის გარეშე გავდივართ. ამის გამო, თითქოსდა, რწმენა უფრო მტკიცედ უნდა გვეპყრას მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე და უფრო ზნეობრივად ვცხოვრობდეთ, მაგრამ რაღაც პერიოდიდან ჩვენთან ასე აღარ არის. სასკოლო აღზრდაში დაშვებულია სიჭაბუკის შემრყვნელი არაქრისტიანული საწყისები; საზოგადოებაში კი შემოვიდა ჩეულებები, რომლებიც უკვე სკოლადამთავრებულთ რყვნიან. ამიტომ, როცა ვიცით, რომ ღვთის სიტყვის თანახმად, რჩეულები ყოველთვის მცირედნი იქნებიან, უკვე აღარ გვიკვირს, ჩვენს დროში რომ კიდევ უფრო ნაკლებად ვხედავთ ასეთებს: ამგვარია ამ საუკუნის სული – ქრისტიანობის საწინააღმდეგო! მომავალში რა იქნება? თუკი არ შეიცვლება აღზრდის წესები და საზოგადოების ჩვეულებები, მაშინ სულ უფრო და უფრო დასუსტდება ჭეშმარიტი ქრისტიანობა, და საბოლოოდ სრულიად ჩაკვდება; ქრისტიანობის მხოლოდ სახელიღა დარჩება, ქრისტიანული სული კი არ იქნება, ყველას სოფლის სული დაიპყრობს. რა ვქნათ ამის საწინააღმდეგოდ? უნდა ვილოცოთ!  

წმინდა მამამთავრები – აი, ჭეშმარიტად დიდი ადამიანები! და თუ მათი დიდების მიზეზს განვაზოგადებთ, მაშინ გამოვა, რომ ჭეშმარიტად დიდები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ხვდებიან კაცობრიობასთან მიმართებით ღვთის დადებითი ნების აღმსრულებელთა რიცხვში, რადგან ბევრი რამ მხოლოდ ღვთის ნების დაშვებით ხდება. თუმცა არიან ძლიერი მოღვაწენი, რომლებიც ღვთის ნების გვერდის ავლით და ხშირად მის საწინააღმდეგოდაც კი მოქმედებენ; ესენიც შეიძლება დიდებად მოგვეჩვენოს,  მაგრამ არა თავისთავად, არამედ იმ დიდი წინააღმდეგობებით, რომლებსაც მოაწევს საღვთო განგებულება მათ მიერ მიყენებული ბოროტების აღსახოცად. ღმერთის პირდაპირი ნება, მარადიული ცხონების შესახებ, ჩვენ ვიცით, მაგრამ ღვთის გეგმები მიწაზე ადამიანების დროებით მყოფობასთან დაკავშირებით, ჩვენგან დაფარულია. ამიტომ ძნელია, გავერკვეთ, თუ ვინ მოქმედებს სწორად – ღვთის ნების მიხედვით. მხოლოდ ერთი უარყოფითი კრიტერიუმი შეიძლება მივიღოთ სარწმუნოდ: ვინც მოქმედებს ადამიანთა მარადიული ცხოვრების შესახებ ღვთის განგებულების საწინააღმდეგოდ, იმის ჩათვლა დიდად არ შეიძლება, რა გინდ კარგი სახილველიც არ უნდა იყოს მისი საქმეები, როცა აშკარაა, რომ იგი ღვთის გაცხადებული ნების წინააღმდეგ მოქმედებს. მართალია, ეს ცნობილი ნება ეხება არა დროებითს, არამედ მარადიულს, მაგრამ უეჭველია ის, რომ ღვთის ერთი ნება ვერ იქნება მისი მეორე ნების წინააღმდეგი. 

წმინდა მღვდელთმთავარი თეოფანე დაყუდებული