საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მონაწილეებს შეხვდა

28 სექტემბერი
კატეგორია:
sruliad-saqartvelos-katolikos-patriarqi-saertashoriso

ა.წ. 28 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რიგით მეორე საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესის მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, იტალიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ქართველოლოგები.  კონგრესის მიზანი ქართველი და უცხოელი ქართველოლოგების კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია, მეცნიერების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაღრმავებაა. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ბატონი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი ბატონი როინ მეტრეველი და კონგრესის მონაწილე 60-ზე მეტი უცხოელი და ქართველი მეცნიერი.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დელეგატებს მადლობა გადაუხადა იმ შრომისათვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში ეწევიან ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის კვლევის საქმეში და დალოცა ისინი.