საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სიმართლეა თუ „პროვოკაცია“ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება?

8 აპრილი

 სიმართლეა თუ „პროვოკაცია“ საქართველოს ეკლესიის გადაწყვეტილება? 

გაკვირვებას (თუ სხვა რაიმეს არა) იწვევს და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს,  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ფართოდ გავრცელებული ცნობა, რომ საქართველოს ეკლესიამ, წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მიერ მიღებული
დოკუმენტის: „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ უარყოფის შესახებ. აგიხსნით რატომაც: ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველი მღვდელმთავრები და მღვდლები – სწორედ ისინი, ვინც თან ახლდნენ საქართველოს უნეტარეს პატრიარქ ილია II-ს მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლთა ამასწინანდელ შეხვედრაზე ჟენევაში (21-28 იანვარი 2016) – აქტიურად მონაწილეობდნენ საგანგებო კომისიის სხდომებში, რომელსაც, მართლმადიდებელ წინამძღოლთა 2014 წლის გადაწყვეტილებით, დავალებული ჰქონდა წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი დოკუმენტების გადახედვა და რედაქტირება. ისინი ასევე ძალზედ აქტიურობდნენ V კრებისწინა საერთომართლმადიდებლური შეკრების მსვლელობისას 2015 წლის ოქტომბერში, სადაც როგორც იტყვიან „სული ამოგვხადეს“, სანამ არ მიაღწიეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტში შესულიყო არაერთი ცვლილება  მათი პოზიციების ამსახველი მოსაზრებებიდან, რაც მათ მნიშვნელოვნად და აუცილებლად მიაჩნდათ.

იგულისხმება, რომ თბილისში დაბრუნებულმა საქართველოს დელეგატებმა მოახსენეს საკუთარი ეკლესიის პატივცემულ წინამძღოლსა და წმინდა სინოდს V კრებისწინა საერთომართლმადიდებლურ შეკრებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ და გააცნეს იქ მიღებული დოკუმენტები. თუკი საქართველოს ეკლესია მართლაც არ ეთანხმებოდა ამ კონკრეტულ დოკუმენტს, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა წმინდა და დიდი კრების წინ გამართულ მართლმადიდებელ წინამძღოლთა უკანასკნელ შეხვედრაზე. იქ კი, არათუ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, არამედ პირიქით, საქარათველოს პატრიარქი დაეთანხმა დოკუმენტს და დანარჩენ წინამძღოლებთან ერთად მოა­წერა მას ხელი. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა – რას ნიშნავს ამგვარი უკანდახევა, თანაც ასეთი უხერხული „უმოქმედობა“ [опустошение] კარგი და კეთილი ილია მეორისა?

საყურადღებოა, რომ ხმაურიანი ცნობა აღნიშნული დოკუმენტის მიუღებლობის შესახებ, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ყველა სახის მოწინააღმდეგენი დიდი კრების ჩატარებისა, უარყო ქართველმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველების დოქ­ტორმა, ქალბატონმა თამარ გრძელიძემ, რომელიც წლების მანძილზე (2001-2013) იყო მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს კომისიის „სარწმუნოება და მოწყობა“-ს წევრი, ამჟამად კი, გახლავთ საქართველოს ელჩი ვატიკანში. საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე იგი წერს, რომ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ არ მომხდარა არცერთი დოკუმენტის უარ­ყოფა, უბრალოდ გადაწყდა მოცემული დოკუმენტის (ისევე, როგორც „ქორწინების საი­დუმ­ლო“-ს) შემდგომი შესწავლა ღვთისმეტყველთა ჯგუფის მიერ, რომლებიც აღდგო­მის შემდეგ წარუდგენენ საკუთარ მოსაზრებებს იერარქიას.

საინტერესოა ქალბატონ გრძელიძის შენიშვნაც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დამახინჯებული სახით პირველად გამოჩნდა რუსულ მედიაში, რაც გახდა საფუძველი მსგავსი პუბლიკაციებისა ბერძნულ, რუმინულ და ინგლისურენოვან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. ასე რომ, ლოგიკურად იბადება კითხვა: რას ემსახურება შექმნილი აჟიოტაჟი, კრების მოწინააღმდეგეთა ზეიმი და ხმამაღალი განცხადებები წმინდა და დი­დი კრების მოწვევის წინა პერიოდში? რა არის ეს – ჩვეულებრივი „პროვოკაცია“, თუ საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა? გაუგებრო­ბათა თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნებოდა, თუკი საქართველოს ეკლესია ოფიციალუ­რი განცხადებით აცნობებდა მსოფლიოს სიმართლეს.

ფაქტია, რომ მართლმადიდებლურ შეკრებებსა და კომისიებში მონაწილე ქართველი ძმების ხისტი და სქოლასტიკური ქცევა გამაღიზიანებელია და ჩიხში შემყვანი. თუმცა­ღა, აღნიშნული შეიძლება გარკვეულწილად აიხსნას იმ უბედურებებით, რაც თავს და­ატყდა საქართველოს ეკლესიას ბოლო 25 წლის მანძილზე, როგორც შედეგი შეტაკებებისა და გეოპოლიტიკური არეულობებისა აფხაზეთში, ოსეთში და ზოგადად არასტაბილურ კავ­კასიაში. დროა ბოლო მოეღოს მითს იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესიაა (ბულგარეთთან ერთად) მართლმადი­დებე­ლი სარწმუნოების ერთგული დამცველი და წარმოადგენს „მისაბაძ მაგალითს“ დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიათათვის.

მართლაც, საქართველოს ეკლესია ყოველთვის კონსერვატიული იყო, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყოველგვარი ვიწროდ აზროვნების, ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის გარეშე. იგი თავისი ნებით, 1962 წელს, გაერთიანდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში საგანგებო ცერემონიალით, რომელსაც ესწრებოდა მხცოვანი პატრიარქი მელქისედეკ I. ხუთი წლის მანძილზე (1979-1983) საქართველოს ამჟამინდელი პატრიარქი გახლდათ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს თანამიმდევრული თავმჯდომარე, „მისმა მარჯვენა ხელმა“, სოხუმის ცხონებულმა მიტროპოლიტმა დავითმა კი, დატოვა კეთილი ხსოვნა ამ ქრისტიანთაშორისი ორგანოს ცენტრალური კომისიის აქტიური და ჰუმანურობით აღსავსე   წევრისა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს  მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გასვლამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, პატრიარქი ილია მეორეს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ ორგანიზაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საქართველოს ეკლესიისათვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის გაგრძელების შესაძლებლობა, რომელსაც ორი წლის მანძილზე უკვე აფინანსებდა მსოფლიო ეკლესიათა საბჭო, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ხელშეწყობითაც, „საერთაშორისო მართლმადიდებლური დახმარების ფონდი“-სა და საქართველოს ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ლაზარე“-ს მონაწილეობით.

როგორ მოხდა, რომ ამ ყოველივეს სულ რაღაც ერთ წელიწადში წერტილი დაესვა? ამაზე პასუხს იძლევა თავად პატრიარქი, მის 1997 წლის 22 მაისის ლაკონურ წერილში მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს სამდივნოსადმი, რომლითაც აცნობა საქართველოს ეკლესი­ის გასვლა ორგანიზაციიდან. იგი წერს: „მსურს გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც წარმოგვეშვა. საუბარია ჩვენს ეკლესიაში  ბოლო წლე­ბის მანძილზე არსებულ უარყოფით დამოკიდებულებაზე ეკუმენისტური მოძრაობი­სადმი. საქმე იმგვარადაა, რომ არსებობს სქიზმის წარმოშობისა და სამღვდელოებასა და მრევლს შორის დაპირისპირების საფრთხე. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა, 1997 წლის 20 მაისს იქონია მსჯელობა ჩვენი ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში მონაწილეობის თაობაზე და დაადგინა, რომ „ვინაიდან, ხშირ შემთხვევებში არ ხდება მართლმადიდებელთა ინტერესების გათვალის­წინება[1] და ბოლო ხანებში შეიმჩნევა ტენდენცია ორგანიზაციისათვის გარკვეული ეკლესი­ოლო­გიური ხასიათის მინიჭებისა, საქართველოს ეკლესია მიზანშეწონილად მიიჩნევს მსოფ­ლიო ეკლესიათა საბჭოდან გასვლას“. დღესავით ნათელია და ცხადად ჩანს მოცემუ­ლი წერილის პირველივე ლამის თავისმართლებითი პარაგრაფიდან, რომ აღნიშნუ­ლი გა­დაწყვეტილება არ უკავშირდება შეურყვნელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და გარდამოცემის დაცვას. იგი გახლავთ შედეგი იმ ეთნოფილეტიკური და პოლიტიკური პრო­ცესებისა, რომლებიც აზანზარებდნენ ქვეყანას კომუნიზმის დაცემის შემდეგ და უკავშირდება ოთხი წინამძღვრისა და ოცამდე ბერმონაზვნის „აჯანყებას“, რომლებიც იმყოფებოდნენ რა რუსული საზღვარგარეთის ეკლესიისა და ბერძენი ძველმესტილეების „კვიპრიანეს სქიზმის“ არაფორმალური „კანონიკური საფარქვეშ“, პოლიტიკური წრე­ებისაგან წაქეზებულნი,  ჩათრეულნი აღმოჩნდნენ გეგმებში, რომლებიც მიზნად ისახავ­დნენ ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის შექმნას, რასაც უნდა მოჰყოლოდა პატრიარქ ილია II-ს გადაყენება. არც ის გახლავთ შემთხვევითი, რომ პატრიარქის წერილი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში გაგზავნილ იქნა  საპატრიარქოში შეიარაღებული მეამბოხეების მივარ­დნიდან სულ რაღაც ორი დღის შემდგომ.

დაბეჯითებით არავინ უწყის იმ ქართველი მამების გეგმებისა და განწყობების შესა­ხებ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ წმინდა და დიდი კრების მუშაობაში. გამო­რიცხული არაა გააგრძელონ თავიანთი ცნობილი ტაქტიკა, რომელსაც იყენებდნენ კრე­ბისწინა მოსამზადებელ პერიოდში, ანუ განაცხადონ: „არ ვაძლევთ ხმას, ვინაიდან აღნიშნული არ გამოხატავს ჩვენი ეკლესიის პოზიციას“, რითაც ძირს გამო­უთხრიან კრებას, ვინაიდან მასზე გადაწყვეტილებების მიღება მართლმადი­დებ­ლობი­სათვის აქამდე უცხო წესით – კონსენსუსით მოხდება [2].

ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუკი ის მართლმადიდებელი ეკლესიები, რომლებიც სარგებლობენ გარკვეული ზეგავლენით აღმოსავლეთ ევროპაში (და რომელთაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მთელი კრებისწინა მო­სამ­ზადებელი პერიოდის განმავლობაში), გაგზავნიდნენ შეტყობინებას თბილისში, რომ რაც არ უნდა ტყვეობაში იმყოფებოდეს რომელიმე ეკლესია ფუნდამენტალისტური წრეებისა, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყანის შუასაუკუნეებში დაბრუნება, მაინც არ არის ძმური საქციელი მძევლად იყოლიო 13 ეკლესია და 300 მილიონ მორწმუნეზე მეტი.

[1] განა ფონდ „ლაზარე“-ს დახმარების პროგრამა არ ემსახურებოდა მართლ­მადი­დებელი საქართველოს საჭიროებებსა და ინტერესებს?

[2] მართლმადიდებლურ სინოდალურ ტრადიციაში კონსენსუსის პრინციპს რომ ემოქმედა, მაშინ საბერძნეთის ეკლესიას დღეს ერთი ეპისკოპოსიც კი არ ეყოლებოდა, ვინაიდან არცერთის არჩევა არ ხდება ერთხმად!

პროტოპრესვიტერი გიორგი ცეცისი
5.03.2016 იხ: გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას პასუხი აღნიშნულ წერილზე