საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების წერილი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას (15.01.2018)

15 იანვარი
კატეგორია:
saqartvelos-sapatriarqos-sagareo-saqmeta-ganyofilebis

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს.

ამასთან, გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ შემდეგ საკითხზე:

საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ირინეოსმა, თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რაც ჩვენს საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად იქნა აღქმული და ამის თაობაზე  კითხვებს ჩვენც გვისვამენ.

შევნიშნავთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, – ეს  ერთი და იმავე სივრცის აღმნიშვნელია ტერმინებია და აქ 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, თავის იურისდიქციას ვერ ანხორციელებს, რადგან იგი არის ოკუპირებული. არადა ეს მხარე, უძველესი ქართული მიწაა, რასაც აღიარებს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა და, მათ შორის, თქვენი ქვეყანაც.  ამიტომაც, აღნიშნული  შეხვედრა, ბუნებრივია,  თქვენი მხრიდან  გარკვეულ  ახსნას ითხოვს.

საქართველოში უყვართ სერბი ხალხი და სერბეთის ეკლესია.  ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა კვლავაც ძმურ სიყვარულზე, პატივისცემასა და სამართლებრივ პრინციპზე იქნება დაყრდნობილი, მით უმეტეს ორივე ქვეყანას და ეკლესიას რთული პერიოდი გვაქვს გადატანილი და ვიცით დიდი განსაცდელებით გამოწვეული ტკივილის ფასი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას  და  ყოველ კეთილ საქმეთა შინა წარმატებას.

გთხოვთ,  ჩვენი გულისტკივილი და კეთილი სურვილები გადასცეთ უნეტარეს ირინეოსს.