საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (13.01.2017)

13 იანვარი
კატეგორია: აქტუალური,
saqartvelos-sapatriarqos-gancxadeba-13-01

 საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
(13.01.2017)

რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ.

ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს.

ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, რადგანაც ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მათი დაცვა-რესტავრაციისა.

ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადო სამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან.