საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია

26 დეკემბერი
კატეგორია:
sapatriarqos-somxetis-prezidenti-ewvia

26 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება სერჟ სარგსიანი, თანმხლებ პირებთან ერთად.

ბატონმა სერჟ სარგსიანმა დიდი მადლობა გადაუხადა კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისათვის და აღსაყდრებიდან 40 წლის საიუბილეო თარიღი მიულოცა. პატრიარქთან საუბარში მან ასევე აღნიშნა: ,,მადლობა თქვენი ლოცვისა და დარიგებებისათვის, რომელსაც მუდამ ვისმენთ თქვენგან. თქვენ ყოველთვის ცდილობთ, განამტკიცოთ მეგობრობა ჩვენს ერებს შორის. მახსოვს, ერთხელ აღნიშნეთ _ ჩვენ უჩვეულო მეზობლები ვართო. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა ათასწლეულებს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ჩრდილს მიაყენებდა ჩვენს ურთიერთობებს.“

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხაზი გაუსვა კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების დიდ მნიშვნელობას ჩვენ ორ ერს შორის. ,,ჩვენს ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობა უნდა იყოს. როდესაც რაიმე სახის გაუგებრობა ჩნდება, შემდეგ მოდის საცდური, რომ საკითხი ძალისმიერი გზით მოგვარდეს. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ძმები ვართ. როცა სომხეთი კარგად იყო, მაშინ საქართველოც კარგად იყო. ასეთ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ _ ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს მთავრობას და ეს უნდა შეინიშნებოდეს არა მარტო სულიერ სფეროში, არამედ ასევე ეკონომიკურ და სხვა საკითხებში.

მან ასევე დასძინა: ,,მეტად რთულ დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს პრობლემები დაძლევადია. ვისურვებდი, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში!“

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სომხეთის პრეზიდენტს სამახსოვრო საჩუქარი, _ თრიალეთის თასის ასლი გადასცა.  მან კი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს  XVII საუკუნის წმინდა მეფე თამარის ხატი მიართვა.