საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ცოცხალი ვაზის მუზეუმი გაშენდა

11 მაისი
კატეგორია:
samebis-sakatedro-tadzris-ezoshi-cocxali

ა.წ. 10 მაისს საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის  ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მოეწყო ცოცხალი ვაზის მუზეუმი, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ვაზის ძირითად ჯიშებს.

ღონისძიების ფარგლებში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, კათოლიკოს პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა, საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ანდრიაძემ, საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის დირექტორის მოადგილემ, მონოზონმა თეკლა სიხარულიძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ საქართველოს ყველა რეგიონის ვაზის ნერგები დარგეს.

საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს   სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. მესამე წელია ხორციელდება ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა, მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციაა. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენებასა და მევენახეობის აღდგენა-განვითარებას საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ბოლო პერიოდში გარკვეულ მიზეზთა გამო მივიწყებული იქნა ეს დარგი. კერძოდ: სამხრეთ საქართველოში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია _ ისტორიულ ჰერეთში, ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში.

ამ პროექტის ფარგლებში 12 მაისს, როდესაც  ისტორიული ლაზეთიდან საქართველოში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ახლადდამკვიდრებული ტრადიციის თანახმად  ლაზეთში უკვე მეორედ დაირგვება ადგილობრივი ლაზური(ქართული) ვაზის ნერგები.