საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

„ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“

22 მაისი
qorwinebis-saidumlo-da-misi-damabrkolebeli
 Russian (ru) English (en) Greek (gr)

  „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები“ 

ოქმი შეთანხმებულია ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების კრებაზე (ანტოქიისა და საქართველოს საპატრიარქოთა წარმომადგენლობის გამოკლებით) შამბეზიში 2016 წლის 21-28 იანვარს.

 

1. მართლმადიდებლური ქორწინება 

1. დღეს ოჯახის ცნება საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიცაა სეკულარიზმი და ზნეობრივი რელატივიზმი. სიწმინდე ქორწინებისა მტკიცდება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, როგორც მისი ფუნდამენტური და უცილობელი სწავლება; თავისუფალი კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის მიიჩნევა ქორწინების აუცილებელ პირობად.

2. მართლმადიდებელ ეკლესიაში ქორწინება განიხილება, როგორც საღვთო სამართლის უძველესი ინსტიტუტი, რამდენადაც იგი დადგენილ იქნა პირველი ადამინების, ადამისა და ევას, შექმნისას (დაბ. 2:23). ეს კავშირი იმთავითვე ითვალისწინებდა მეუღლეებს –  ქალსა და მამაკაცს შორის სულიერ ურთიერთობას, ასევე – ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას. ამგვარად, ქალისა და მამაკაცის  კურთხეული ქორწინება, როგორც  წმინდა საიდუმლო, დადგინდა სამოთხეში, რაც იხსენიება ახალ აღთქმაში, გალილეის კანას ქორწილში აღსრულებული სასწაულისას, როდესაც ქრისტემ აღასრულა „პირველი სასწაული”, წყლის ღვინოდ გადაქცევისას, და „გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი“ (ინ. 2:11). მეუღლეობრივი საიდუმლო დაურღვეველი კავშირისა მამაკაცსა და ქალს შორის მიჩნეულია სახედ ერთობისა  ქრისტესი  და ეკლესიისა (ეფ. 5:32).   3. ქორწინების საიდუმლოების ქრისტეცენტრული სახისმეტყველება განმარტავს, თუ რატომ აკურთხებენ ეპისკოპოსები ან მღვდელმსახურნი ამ წმინდა კავშირს სპეციალური  ლოცვით. სწორედ ამიტომ წმ. პოლიკარპე სმირნელისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი შენიშნავს, რომ ქორწინებითი ერთობის მსურველები ეპისკოპოსის თანხმობით უნდა შეუღლდნენ, რათა ქორწინება იყოს უფალისმიერი და არა ადამიანური გულისთქმით. „დაე, ყოველივე ღვთის სადიდებელად იყოს“ (თავი 5.2). ასე რომ, როგორც ღვთივდადგენილი  კავშირის სიწმინდე, ისე ქორწინებისმიერი მეუღლეობის მაღალი სულიერი შინაარსი ხსნის ამ საიდუმლოს ღირსებას, რათა განცხადდეს, რომ: „პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელი“ (ებრ.13:4). სწორედ ამიტომ იგმობა მისი ნებისმიერი შეურაცხყოფა  (ეფეს. 5:2-5;  1 თეს. 4:4;  ებრ. 13:4  და სხვ.)). 4. ქალსა და მამაკაცს შორის ქრისტესმიერი კავშირი წარმოადგენს ”მცირე ეკლესიას”, ეკლესიის ერთგვარ ხატს. ამ თვალსაზრისით კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს: „ვინ არიან ის ორნი ან სამნი, ქრისტეს სახელით შეკრებილნი, რომელთა შორისაც უფალია? არ მეტყველებს კი ეს ქმარზე, ცოლზე და მათს შვილებზე?“ (სტრომატა, 10, PG 8, 1169 В). ღვთის კურთხევის მეშვეობით მამაკაცისა და ქალის კავშირი მაღლდება უმაღლეს საფეხურამდე, რადგან თანაზიარება არის უფრო აღმატებული, ვიდრე ინდივიდუალური მყოფობა, რადგან ისინი შეჰყავს ყოვლადწმინდა სამების სასუფეველში. ქორწინებისთვის უცილობელი წინაპირობაა იესო ქრისტეში რწმენა,  რომელიც უნდა გაიზიარონ სიძემ და სძალმა, ქმარმა და ცოლმა. ქორწინებითი ერთობის აუცილებელი საფუძველია  ქრისტეში ერთობა, რათა სულიწმიდის მიერ ნაკურთხ ცოლქმრულ სიყვარულში აირეკლოს ქრისტესა და ეკლესიის სიყვარული, როგორც საიდუმლო ღვთის სასუფევლისა და  ადამიანის მარადიული სიცოცხლისა ღვთის სიყვარულში.   5. ქორწინების საიდუმლოს სიწმინდის დაცვას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახის დასაცავად, რომელიც ასახავს მეუღლეობრივი საკვრელით შეერთებულ პიროვნებათა ურთიერთობას როგორც ეკლესიაში, ისე მთელ საზოგადოებაში. ამრიგად, ქორწინების საიდუმლოს მიერ განხორციელებული ურთიერთობა პიროვნებებისა, ეს არ არის მხოლოდ ბუნებრივი ურთიერთობები, არამედ ოჯახის წმინდა ინსტიტუტის მიერ რეალიზებული არსებითი და შემოქმედებითი სულიერი ძალა. ეს ადასტურებს იმას, რომ მხოლოდ ოჯახს შეუძლია უზრუნველყოს ბავშვების დაცვა და აღზრდა როგორც ეკლესიის სულიერი მისიის, ისე საზოგადოებაში ცხოვრებისათვის. 6. ქორწინების საკითხში ეკლესია, წარმართთა მოციქულ პავლეს შემწყნარებლობის შესაბამისად (რომ. 7:2-3; 1 კორ. 7:12-15, 39), ყოველთვის აუცილებელი სიმკაცრითა  და  სამოძღვრო გულისხმიერებით ეკიდებოდა როგორც დადებით წინაპირობებს (სქესის განსხვავებულობა, სრულწლოვანება და ა. შ.), ასევე უარყოფითს (სისხლით ნათესაობა, ქორწინებით ნათესაობა, სულიერი ნათესაობა, უკვე არსებული ქორწინება, სარწმუნოებრივი განსხვავება და სხვ.) ქორწინების საიდუმლოს აღსასრულებლად. სამოძღვრო გულისხმიერება აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბიბლიური ტრადიცია ქორწინების კავშირს საეკლესიო საიდუმლოთი ამტკიცებს, იმიტომაც, რომ საეკლესიო პრაქტიკა არ გამორიცხავდა გათავისებას ბერძნულ-რომაული ბუნებითი  სამართლისას, რომლებიც ხაზს უსვამდენ იმ ფაქტს, რომ ქორწინების საკვრელნი მამაკაცსა და ქალს შორის მიჩნეულია „საღვთო და ადამიანურის სამართლის თანაზიარებად“ (მოდესტინი) და იგი შეთავსებადია ქორწინების საიდუმლოს იმ სიწმინდესთან, რომელსაც ეკლესია ანიჭებს მას.   7. ქორწინების საიდუმლოსა და ოჯახის წმინდა ინტიტუტისთვის არახელსაყრელ თანამედროვე პირობებში ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები ვალდებულები არიან გაააქტიურონ სამოძღვრო მუშაობა საკუთარ სამწყსოებთან, რათა მამობრივი მზრუნველობით დაიცვან, დაეხმარონ, განუმტკიცონ მრავალგვარი სირთულისაგან შერყეული იმედი, ოჯახის ინსტიტუტის იმ ურყევ საფუძველზე დაშენებით, რომლის მორღვევასაც ვერ შეძლებენ: ვერც წვიმა, ვერც მდინარეები და ვერც ქარები, რამეთუ ეს საფუძველი –  კლდე არის  ქრისტე (შედ. მთ.7:25). 8. ქორწინება არის ოჯახის საფუძველი, ხოლო ოჯახი – ქორწინების განხორციელება. მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს ის ზეწოლა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ხორციელდება თანაცხოვრების სხვა ფორმების აღიარების მიზნით. სხვადასხვაგვარი თანაცხოვრების მზარდი კრიზისი ღრმა შეშფოთებას იწვევს მართლმადიდებელ ეკლესიაში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ფუნდამენტურ სტრუქტურაზე უარყოფითად აისახება, არამედ იმიტომაც, რომ საფრთხეს უქმნის  განსაკუთრებით ოჯახის ტრადიციულ ურთიერთობებს. ამ სიტუაციაში მთავარი მსხვერპლნი არიან წყვილები, განსაკუთრებით – ბავშვები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ბრალი არ მიუძღვით, ბავშვობიდანვე იძულებით მოწამეობრივ ტანჯვას იტანენ. 9. ქალსა და მამაკაცს შორის სამოქალაქო კანონით დარეგისტრირებულ ქორწინებას არ აქვს საიდუმლოებრივ-საკრალური ხასიათი, ის განსხვავდება ღვთისა და ეკლესიის მიერ კურთხეული ქორწინებისაგან და წარმოადგენს თანახოვრების სახელმწიფოებრივ სანქციას. ეკლესიის იმ წევრებს, რომლებიც შედიან სამოქალაქო ქორწინებაში, უნდა მივუდგეთ სამოძღვრო პასუხისმგებლობით,  რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა შეიცნონ ღირსება ქორწინების საიდუმლოსი და მასთან დაკავშირებული კურთხევა. 10. ეკლესია არ იღებს თავის წევრთა შორის ერთი სქესის მქონე პირთა კავშირს, ასევე სხვა ნებისმიერი ფორმით თანაცხოვრებას, გარდა ქორწინებისა. ეკლესია მიმართავს მთელ სამოძღვრო ძალისხმევას, რომ მისმა წევრებმა, რომლებიც ასეთ კავშირში იმყოფებიან, მიაღწიონ ჭეშმარიტ  სინანულს  და   სიყვარულს,  კურთხეულს  ეკლესიის მიერ. 11. ქორწინების ინსტიტუტისა და ოჯახის კრიზისის მძიმე შედეგებს თვალსაჩინოს ხდის განქორწინებების, აბორტების და სხვადასხვა საოჯახო პრობლემის საგანგაშო ზრდა. თანამედროვე მსოფლიოში ეს შედეგები ეკლესიის სამოციქულო საქმიანობაში უდიდესი გამოწვევაა, ამიტომ ეკლესიის მოძღვრებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ამ პრობლემათა გადასაჭრელად. მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულით მოუწოდებს საკუთარ შვილებსა და ყველა კითილი ნების ადამიანს, რათა დაიცვან და შეინარჩუნონ ოჯახის სიწმინდე.

 2. ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები

1. ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები – როგორებიცაა: სისხლით ნათესაობა, ქორწინებითი ნათესაობა, შვილად აყვანა და სულიერი ნათესაობა – გამყარებულია და გათვალისწინებულია ეკლესიის წმინდა კანონებით (ტრულის კრების 53-ე და 54-ე კანონები) და მათთან თანხმობაში მყოფი იმ საეკლესიო პრაქტიკით როგორიც გამოიყენება დღეს ადგილობრივ ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიებში, განისაზღვრება და აღწერილია მათი სინოდების შესაბამის გადაწყვეტილებებში. 2. ბოლომდე ჯერ კიდევ დაურღვეველი და არგაუქმებული ქორწინება, ასევე – მესამე ქორწინება, წარმოადგენს აბსოლუტურ დაბრკოლებას ახალი ქორწინებისთვის. მართლმადიდებლური კანონიკური ტრადიციის თანახმად, ეკლესია კატეგორიულად გმობს ორქორწინებასა და მეოთხე ქორწინებას. 3. წმინდა კანონთა აკრიბიის თანახმად, იკრძალება აღსრულება საეკლესიო ქორწინებისა სამონაზვნო აღკვეცის  შემდეგ  (16-ე კანონი მე-4 მსოფლიო კრებისა და ტრულის კრების 44-ე კანონი). 4. მღვდლობა წარმოადგენს დაბრკოლებას ქორწინებისათვის, თანახმად მოქმედი კანონიკური ტრადიციისა (ტრულის  კრების მე-3 კანონი). 5. შერეულ ქორწინებებთან დაკავშირებით – მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან ან  არაქრისტიანებთან  –  მიღებულ  იქნა   გადაწყვეტილება:

ა) ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები  მოინათლებიან და  აღიზრდებიან  მართლმადიდებელ  ეკლესიაში.
ბ) კანონიკური აკრიბიით, მართლმადიდებელსა და არაქრისტიანს შორის ქორწინება კატეგორიულად იკრძალება. 6. ქორწინებასთან დაკავშირებულ დამაბრკოლებელ მიზეზთა საეკლესიო ტრადიციის გამოყენებასთან დაკავშირებით მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დადგენილებანი სახელმწიფოს არსებული კანონმდებლობისა  საეკლესიო იკონომიის   საზღვრებს გარეთ გაუსვლელად. 7. თითოეული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი საეკლესიო იკონიმიის პრაქტიკის გმოყენებას უნდა მიუდგეს საეკლესიო კანონების პრინციპების  შესაბამისად,  სამოძღვრო  განსჯის  სულით,  ადამიანის  ცხონების  მიზნით.

27 იანვარი,  2016  წელი, შამბეზი