საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქის ქადაგება მეზვერისა და ფარისევლის კვირას 21.02.2016

4 მარტი
patriarqis-qadageba-mezverisa-da-farisevlis

 სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!
დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად.
აი, უკვე მოგვიახლოვდა დიდი მარხვა. დღევანდელ დღეს ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირაიაკე.
სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი დადგა წინ, მეზვერე კი – უკან. მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, ხშირად ზედმეტსაც კი ართმევდა ხალხს, გრძნობდა თავის დანაშაულს,  თავის უღირსებას, თავის ცოდვებს და ამბობდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე“, ხოლო ფარსეველმა თავი აღიმაღლა და ამბობდა: „ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე…“ (ლუკა 18.10). მაცხოვარი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი.

ვინც აიმაღლებს თავს, იგი დამდაბლდება, ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი ამაღლდება.
აი ეს არის გზა სასუფეველისაკენ – სიმდაბლე და „განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა“. შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა აღვიდეთ ამ სრულყოფილ კიბეზე და გავხდეთ ღირსნი სასუფეველისა. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი! 

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
21 თებერვალი 2016 წელი