საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მარიხუანას კულტივირების კანონპროექტის შეფასება რელიგიური ორგანიზაციების მიერ

19 სექტემბერი
კატეგორია:
marixuanas-kultivirebis-kanonproeqtis-shefaseba-religiuri

მარიხუანას (კანაფი) კულტივირების კანონპროექტს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციები (მუსლიმური თემი, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, ეზიდები) ეხმაურებიან და ინიციატივას უარყოფითად აფასებენ.

მუსლიმები:

,,მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დასაბამი იქნება. როდესაც გარკვეული აკრძალვებია, ახალგაზრდებს უჩნდებათ ინტერესი, რომ გასინჯონ ეს ნივთიერება. ეს ფაქტი დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისათვის. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ახალგაზრდებს და მათ მომავალს გავანადგურებთ. ბოლო პერიოდში მხედველობაში მაქვს – აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უსაქმურობენ, არიან ქუჩაში და თუ დაშვებული იქნება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება, მათ კიდევ მიეცემათ სტიმული, რომ გართობისკენ იყვნენ ორიენტირებულნი. ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში.“

რამინ იდიგოვი

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხ

 

კათოლიკები:

,,კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება იმ მამობრივ შეშფოთებასა და მღელვარებას, რაც თავის ქადაგებაში გამოხატა მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ მარიხუანას კულტივაციის, რეალიზაციისა და მოხმარების კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენი ეკლესია, თავისი მოძღვრების ერთგული, მტკიცედ ადასტურებს პოზიციას, რაც პაპმა ფრანცისკემაც გაიმეორა სხვა და სხვა გარემოებებში: მსურს განვაცხადო მთელი სიცხადით – არა ნარკოტიკების ნებისმიერ ტიპს! უბრალო და პირდაპირი არა! ნარკოტიკი ბოროტებაა და შეუძლებელია მასთან კომპრომისზე წასვლა, თუმცა ეკლესიამ არ უნდა განსაჯოს და მიატოვოს ისინი, ვინც ნარკოტიკებზე დამოკიდებულების უფრსკრულში აღმოჩნდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერავითარი მსუბუქი ნარკოტიკი ვერ იქნება მსუბუქი, რადგან ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და აკარგვინებს მას თავისუფლებას. ამას პირველ რიგში მეცნიერები გვეუბნებიან.

თუმცა, განაგრძობს პაპი, იმისათვის, რომ ამგვარი მტკიცე “არა” განუცხადო ნარკოტიკს, საჭიროა უთხრა “ჰო” სიცოცხლეს, სიყვარულს, ოჯახს, აღზრდას, სპორტს, სამუშაო ადგილებს.

ყველა ეს “ჰო” მიუთითებს ნებისმიერ ხელისუფლებას იმ მიმართულებებს, რომლისკენაც უნდა მიმართონ მათ თავიანთი პრიორიტეტული ძალისხმევა, თუკი სურთ ნაყოფიერად და ხელშესახებად დაძლიონ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა.

 იმის გამო, რომ ნარკოტიკების ჭირი კვებავს ბინძურ ბაზარს, უსინდისო ხალხის ჯიბის გასქელებით, ჩვენი სამოციქულო ადმინისტრაცია უერთდება ყველა მათ, ვინც ადამიანის სიკეთისა და ღირსების სადარაჯოზე დგას.“

ჯუზეპე პაზოტო 

კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი

 

ეზიდები

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს წინაშე დგას საკანონმდებლო ბაზის დახვეწის ამოცანა, რომელიც ეხება  ნარკომანიის გავრცელების წინააღმდეგ საკითხების რეგულაციას. მაშასადამე სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის განმტკიცებას, შობადობის სტიმულაციას, ბავშვებზე და მოხუცებულებზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზაცია მიიყვანს ადამიანებს მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე. მარიხუანის მომხმარებელი შეცვლილი გონების მდგომარეობის ძებნაშია, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ განიცდის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, რასაც მეცნიერებიც ადასტურებენ. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ უნდა ვკრათ ხელი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს და ხელი  უნდა შევუწყოთ მათ რეაბილიტაციას.

საზოგადოებამ, სახელმწიფომ და რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდა თაობაზე და ქვეყნის მომავალზე.”

ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში