საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბიოგრაფია

1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი.
ღუდუშაურთა გვარი ძველი დროიდან V საუკუნის 40–იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასალმა ილაშქრა ჩრდილო კავკასიაში, დაამარცხა ალან–ოსები და ჩაკეტა დარიალის კარი. გადმოცემის თანახმად, მეფის ლაშქარში თავი გამოუჩენია სნოელ ღუდუშას, რომელსაც მეფემ პატივისცემის ნიშნად შვილი მოუნათლა. ღუდუშას შთამომავლები – ღუდუშაურები – განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ ხევის ცხოვრებაში. XVII საუკუნეში ხევში განთქმული იყო შიოლა ღუდუშაურის სახელი, რომლის შთამომავლებიც შიოლაშვილებად იწოდებიან. შიოლას შთამომავლები არიან: შარამბალი–სუღუტა–გლახა–შაქრო–გაგა, იგივე გიორგი – უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის მამა)

ღუდუშაურები ხევში ცხოვრობდნენ და სახელოვანი ვაჟკაცნი იყვნენ. სიმამაცით გამორჩეული ყოფილა შიოლა ღუდუშაური. სწორედ მისი შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

გიორგი შიოლაშვილის ახალშექმნილი ოჯახი სნოში დამკვიდრდა. ხევში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, იწყებოდა ბოლშევიკური ექსპერიმენტი კოლექტივიზაციის სახით. ინდვიდუალური სოფლის მეურნეობა აზრს კარგავდა. სოფელს გაუჭირდა. გიორგი შიოლაშვილმა 1927 წელს ოჯახი დროებით საცხოვრებლად ქ. ვლადიკავკაზში (ძაუგში) გადაიყვანა, სადაც შეიძინა სახლი. ამ ქალაქში XIX საუკუნის II ნახევრიდან არსებობდა მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან.
გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო, როგორც ღვთისმოშიში და ღრმადმორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს ოჯახს ახალი წევრი შეემატა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II–ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. იმ დროს ვლადიკავკაზში ჯერ კიდევ იყო წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა. ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტარასი კანდელაკი, კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II-ის ყოფილი მდივანი, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ახერხებდა ეკლესიის დაცვას როგორც ადგილობრივი საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების შემოტევებისაგან.

არქიმანდრიტი ტარასი შემდეგში ხელდასხმულ იქნა წილკნის ეპისკოპოსად; იგი დაკრძალულია სვეტიცხოვლის ეზოში. მონაზონი ზოილე კი ჯერ ბედიის, ხოლო შემდეგ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, შესანიშნავი საეკლესიო მოღვაწე, დიდად მორწმუნე და საღვთო მსახურების საუკეთესო მცოდნე. ნათლიას ხშირად დაჰყავდა თავისი ნათლული სამთავროს მონასტერში.
პატარა ირაკლი მონათლეს წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. მისი ნათლია – მონაზონი ზოილე დვალიშვილი – დიდი ხნის განმავლობაში მცხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ნათლიას ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში. ერთხელ, სვეტიცხოვლობაზე, ღვთის განგებით ერთმანეთს შეხვდა საქართველოს ორი პატრიარქი – ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური. პატრიარქისგან პატარას ლოცვა-კურთხევა მიუღია.

მომავალი პატრიარქის მრავალრიცხოვანი ოჯახი (დედა, მამა, ძმები: თეიმურაზი, შოთა, ვიქტორი, და – ნინო) ყოველდღე ლოცულობდა. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს: „მინდა ჩემი ბავშვობა გავიხსენო. ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“.

გიორგი შიოლაშვილის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული დედასამშობლოსთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან. ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდა 1938 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც გაუქმდა ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და დაიწყო მორწმუნე ქართველობის დევნა–შევიწროება. „ჩემი ბავშვობა, – აღნიშნავს მისი უწმიდესობა, – დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა. ხალხს წირვა–ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე.“

გიორგი შიოლაშვილის ოჯახთან მეგობრობდნენ მაჰმადიანი ქისტებიც. როგორც უწმიდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, ხშირად ისინი მათი სახლის სტუმრებისთვის გამოყოფილ ოთახშიც ლოცულობდნენ თავიანთი წესის მიხედვით, შემდეგ კი სტუმრები და მასპინძლები სადილზე ერთად იკრიბებოდნენ. გიორგი და ნატალია შიოლაშვილების ღვაწლით, 1947 წელს ვლადიკავკაზში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია მასალები, რომლებიც ადასტურებს ამ ფაქტს.

1952 წელს, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატეს გარდაცვალების გამო, ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ქართველთა სათვისტომოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა.

პატარა ირაკლი ზაფხულს ძირითადად სნოში, საგვარეულო სახლში, ატარებდა, უფროსებისგან ისმენდა ხალხურ თქმულებებს, დადიოდა სნოსა და თრუსოს ხეობებში, ათვალიერებდა მრავალრიცხოვან ციხე–კოშკებს, ეკლესია–მონასტრებს… იგი 1941 წლის სექტემბერში ქ. ორჯონიკიძის N 22 საშუალო სკოლის პირველი კლასის მოსწავლე გახდა. ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, პატარა ირაკლი დიდ დროს უთმობდა წირვა–ლოცვებს, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა კარგად ესწავლა სასკოლო საგნები. განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენა.

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანელთა ჯარებმა პირველ თვეებში მოახერხეს საბჭოთა კავშირის სიღრმეში შემოჭრა. 1941 წლის შემოდგომაზე ისინი მიადგნენ მოსკოვს, საფრთხე შეექმნა კავკასიას. ვლადიკავკაზი ფრონტისპირა ქალაქად იქცა. გიორგი შიოლაშვილმა ოჯახი შექმნილ საფრთხეს განარიდა და მშობლიურ სნოში ჩამოიყვანა. ომის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა სწავლა განაგრძო ვლადიკავკაზის 22-ე სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1952 წელს. იმავე წლის ივნისში ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილის სახელზე ძაუჯიკაუს (ორჯონიკიძე – ვლადიკავკაზი) 22–ე სკოლამ გასცა ატესტატი N 946415. ახალგაზრდა ირაკლიმ გადაწყვიტა, სწავლა გაეგრძელებინა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, სადაც ღვთისმეტყველების შესწავლისათვის საუკეთესო პირობები იყო – გამორჩეული პედაგოგები, მდიდარი ბიბლიოთეკა, სემინარიის ზომიერად მკაცრი შინაგანაწესი. უწმიდესი და უნეტარესი სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს თავის პედაგოგებს, რომელნიც გამოირჩეოდნენ საოცარი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით სტუდენტების მიმართ.

ირაკლი შიოლაშვილი
სტუდენტობის დროს

1956–1960 წლებში ირაკლი შიოლაშვილი ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სტუდენტია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცული დოკუმენტები სრულ წარმოდგენას გვიქმნის ირაკლი შიოლაშვილის მოსკოვის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის პერიოდზე. I კურსის ნიშნების ფურცელი, რომელიც შევსებულია 1953 წლის 11 მაისს, გვამცნობს, რომ ირაკლი შიოლაშვილს ყველა საგანში აქვს “ფრიადი”, II კურსზე მხოლოდ ბერძნულში აქვს “4”, III კურსზე იგი კვლავ ფრიადოსანია. ირაკლი შიოლაშვილმა I კურსზე სწავლის დროს საკონკურსოდ წარადგინა თხზულება, რომელმაც პირველი ადგილი დაიმსახურა. გამარჯვებული დაჯილდოვდა 50 მანეთით მიტროპოლიტ ფილარეტის ფონდიდან, ხოლო ტროცკი–სერგეევის ლავრამ მას 30 მანეთი გადასცა. საპატრიარქო არქივში დაცულია მისი ჩათვლის წიგნაკი (ნიშნების ფურცლები), რომელსაც ხელს აწერენ აკადემიის ინსპექტორი ვ. სარიჩევი და მდივანი ნ. მურავიოვი. აკადემიის კურსდამთავრებულ მღვდელმონაზონ ილიას ყველა საგანში ფრიადი აქვს.

აკადემიაში სწავლის პირველსავე წელს ირაკლი შიოლაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საერო ცხოვრებაზე და ბერად აღკვეცილიყო. 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, ეპისკოპოსმა ზინობმა ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღკვეცა და სახელად ილია უწოდა. როდესაც მეუფე ზინობმა ბერადაღკვეცილი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-ს წარუდგინა, გახარებულმა პატრიარქმა ამ სიტყვებით მიმართა მას: ათი შენისთანა რომ მყავდეს, საქართველოს ეკლესიას აღარაფერი გაუჭირდებაო. 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ III-მ ხელი დაასხა მას იეროდიაკვნად. 1959 წლის 10 მაისს უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III-ის წერილობითი ნებართვით რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა ზაგორსკის წმიდა სერგის სავანის სატრაპეზოში იეროდიაკონი ილია მღვდელმონაზვნად აკურთხა.

თავად პატრიარქი ასე იხსენებს ალექსანდრე ნეველის ეკლესიას: „ეს ტაძარი განსაკუთრებულია პირადად ჩემთვის იმიტომ, რომ აქ, 1957 წელს, ღვთის განგებითა და უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ზინობიმ ბერად აღმკვეცა. ამ პერიოდის ახალგაზრდებს შორის მე ვიყავი პირველი ბერი. ასე რომ, ამ ტაძრისა და წმიდა ალექსანდრე ნეველის, მღვდელმოწამე გრიგოლის ლოცვა-კურთხევა მუდამ მიფარავს“.

სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ირაკლი შიოლაშვილს კიდევ უფრო გაუმძაფრდა დედაეკლესიისა და სამშობლოს სიყვრული. ამის დასტურია მისი წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მელქისედეკ III–სადმი. წერილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ საჭიროდ მიმაჩნია მისი სრულად წარმოდგენა: “თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ… აქ, ჩვენ წრეში, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქოს დასასრულს უახლოვდება, რადგან: 1) მთელი რიგი ეპარქიები უმოქმედოდ, მღვდელმთავრის გარეშეა და არც არსებობს სათანადო კადრი; 2) ღვთისმსახურების დროს ეკლესიებში მორწმუნეთა დასწრება ერთობ მცირეა; 3) საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიას არ აქვს სემინარია, გამომცემლობა, საეკლესიო მუზეუმი, წიგნსაცავი, ბიბლიოთეკა.

ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში არ იქნება დაშვებული ახლად ხელდასხმული ქართველი მღვდელმთავარი (საუბარია ეპისკოპოს ლეონიდე ჟვანიაზე – ს.ვ.). და რომ მღვდელმთავართა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც არაქართველთა შორისაც კი ავრცელებენ უბადრუკ აზრს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ეპარქიების გამსხვილების აუცილებლობის შესახებ.

ზემოთმოყვანილი ძირითადი პრობლემების ირგვლივ თქვენს მიერ მიღებული ზომები, საქართველოს სსრ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის ჩათვლით, ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ზოგიერთი მწარე სინამდვილის გამო ვაძლევთ თავს ნებას, რომ თქვენი ყურადღება მივაპყროთ შემდეგ გარემოებას: საბჭოთა მთავრობის სათანადო დადგენილების საფუძველზე, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში არსებობს სასულიერო სემინარია–აკადემიები, ხდება ღვთისმსახურებისათვის საჭირო ლიტერატურის გამოცემა, ხატების გამრავლება, ეკლესია–მონასტრების აღდგენა–განახლება. საქართველოს ეკლესიას თუ უპირატესობა არა აქვს, გამონაკლისს მაინც არ წარმოადგენს, მხოლოდ საჭიროა ამ იურიდიული უფლების ადგილობრივი მთავრობის მეშვეობით გამოყენება, საქართველოს სსრ ხელისუფალთ, არსებული წესის დაცვით, მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში, წარედგინოს წერილობითი სახის განაცხადი საქართველოს ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის სასიცოცხლო საკითხების შესახებ და ენერგიულად იქნას მოთხოვნილი პირველ რიგში, სემინარიის (არა კურსების) გახსნის, საჭირო ლიტერატურის გამოცემის, საეკლესიო მუზეუმის, წიგნსაცავის დაარსების, გელათის, წილკნის, ნიკორწმინდის, ყაზბეგის, ანანურის, გორის ეკლესიებში ღვთისმსახურების უფლების აღდგენა–განახლების შესახებ… საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის მტერსა და ორგულს ჩვენს პირად მტრად ვთვლით, მაგრამ განუხორციელებელი განდიდების სურვილის გამო განაწყენებულნი, პატრიარქის შორსმჭვრეტელი გონების თვალით და კეთილი ნებით, შეიძლება ჩაყენებულ იქნან საქართველოს ეკლესიის საკეთილდღეო საქმიანობაში.

ქართველი ერის სიამაყე, სიწმინდე და დიდება „სვეტიცხოველი“ არა მარტო ჩვენი ხალხის, არამედ უცხოელთა ყურადღებასაც იმსახურებს და ამის გამო მის წმიდა მიდამოებში თქვენი ლოცვა–კურთხევით საეკლესიო მუზეუმ–წიგნსაცავის გახსნა ყოველმხრივ გამართლებული იქნებოდა. თქვენი მოწოდებით, მოსახლეობაში გაბნეული ისტორიული თუ სიძველეთა დაცვის თვალსაზრისით ბევრი დიდმნიშვნელოვანი საეკლესიო დანიშნულების ნივთი, წიგნი, წმიდა ხატები, ჯვარი და სხვა აღმოჩნდებოდა ეკლესიის საკუთრებაში, ე.ი. დაცული იქნებოდა შესაძლებელი განადგურებისაგან. მზად ვართ ამ დიდი საქმისათვის გავიღოთ პირადი ბიბლიოთეკაც. სააღდგომო არდადეგებისათვის შესაძლოა ვეახლოთ თქვენს უწმიდესობას და თქვენი მითითებითა და ლოცვა–კურთხევით, არსებული წესის დაცვით, სადღესასწაულო ქადაგებებით მივმართოთ მორწმუნე საზოგადოებას. ღრმა პატივისცემით გეამბორებით და გამოვითხოვ თქვენს წმიდა ლოცვა–კურთხევას. ი. შიოლაშვილი, ზაგორსკი 1957 წლის 12 თებერვალი”.[25, 2718]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის უმძიმესი მდგომარეობა მოსვენებას უკარგავდა ახალგაზრდა სტუდენტს და ასეთი თამამი, მაგრამ სამართლიანი განცხადებით მიმართავდა იგი უწმიდესსა და უნეტარესს მელქისედეკ III–ს.

ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს მღვდელმონაზონმა ილიამ საკვალიფიკაციო თემად აირჩია „ათონის ივერთა მონასტრის ისტორია“. რუსულენოვანი მასალების მოძიებისა და დამუშავების შემდეგ იგი შეხვდა ზაგორსკის აკადემიის რექტორს დეკანოზ კ. რუჟიკცის და სთხოვა მიეცა ნებართვა, რომ რამდენიმე თვით წამოსულიყო საქართველოში ქართულენოვანი ლიტერატურის სრულად შესწავლის მიზნით. 1959 წლის 4 ივნისითაა დათარიღებული რექტორ კ. რუჟიცკის მომართვა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, ცენტრალური არქივის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელზე, რათა თავიანთი დაწესებულებების ბიბლიოთეკებში, წიგნსაცავებსა და ხელნაწერთა განყოფილებაში სამუშაოდ დაეშვათ სასულიერო აკადემიის IV კურსის სტუდენტი მღვდელმონაზონი ილია (ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი). მღვდელმონაზონმა ილიამ რამდენიმე თვე იმუშავა თბილისის ბიბლიოთეკებში, ქართველი მეცნიერებისაგან მიიღო რჩევები.

1960 წლის ივნისში ზაგორსკის აკადემიაში შედგა მისი საკვალიფიკაციო ნაშრომის საჯარო დაცვა. ოფიციალურმა ოპონენტებმა – პროფესორებმა ნ. მურავიოვმა და ა. გეორგიევსკიმ – მაღალი შეფასება მისცეს წარმოდგენილ ნაშრომს. მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიის რექტორმა საგანგებო წერილით მიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს უწმიდეს ალექსი I-ს, რათა საუკეთესო ნაშრომისათვის დაეჯილდოებინა ღვთისმეტყველების კანდიდატი, მღვდელმონაზონი ილია. საქართველოს საპატრიარქო არქივში დაცულია ზაგორსკის აკადემიის მიერ მღვდელმონაზონ ილია შიოლაშვილის სახელზე გაცემული წარჩინების დიპლომი, რომელსაც ხელს აწერენ: აკადემიის რექტორი, დეკანოზი კ. რუჟიცკი, ინსპექტორი, არქიმანდრიტი პიტირიმი, მდივანი ა. ოსტაპოვი.[27, 1264, 826]

უწმიდესი და უნეტარესი ილია II ავტობიოგრაფიაში აღიშნავს: „სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ დაადგინა, მე ვყოფილიყავი დატოვებული აკადემიაში პროფესორთა სტიპენდიატად, მაგრამ ჩემი ერის სიყვარულმა მიმატოვებინა ეს ყველაფერი და მომიყვანა საქართველოში“. იგი ეახლა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ეფრემ II–ს და ასეთი განცხადებით მიმართა: „თქვენო უწმიდესობავ! გაცნობებთ, რომ 1960 წელს დავამთავრე მოსკოვის სასულიერო აკადემია. გთხოვთ, მომცეთ სამსახური, გამგზავნოთ იქ, სადაც თქვენ სცნობთ საჭიროდ“. უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ მღვდელმონაზონი ილია ბათუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II–ის მიერ შედგენილ ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „1960 წლის 19 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის მიერ აღყვანილ ვიყავი იღუმენის ხარისხში, 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის პატივში“. 1963 წლის 23 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის – ეფრემ II-ის თავმჯდომარეობით შედგა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელმაც ბათუმის წმიდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, არქიმანდრიტი ილია, გამოარჩია შემოქმედელ ეპისკოპოსად. ახალი ეპისკოპოსის ხელდასხმა შესრულდა კვირას, 25 აგვისტოს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსად კურთხევას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II, ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე), ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია), სტეფანავანელი ეპისკოპოსი ზინობი (მაჟუგა).

მრავალმხრივ საყურადღებოა სიტყვა, რომელიც არქიმანდრიტმა ილიამ შემოქმედელ ეპისკოპოსად კურთხევის ჟამს წარმოთქვა: „თქვენო უწმიდესობავ! თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღვთივგანგრძნობილნო მწყემსმთავარნო და მოძღვარნო! ნებითა ღმრთისათა და ბრძანებითა თქვენისა უწმიდესობის და უნეტარესობის კათოლიკოსისთანაი სამღვდელო სინოდის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მოწოდებულ ვარ მღვდელმთავრობის მადლის მისაღებად სამსახურისათვის. ჩემთვის ფრიად ძნელია, გამოვთქვა შინაგანი სულიერი განცდანი და მღელვარებანი, რომლითაც ვარ ახლა გარემოცული, ამ ჩემთვის მეტად საღმრთო და საიდუმლო ჟამს. ვგრძნობ შიშსა და ძრწოლას, მაგრამ, ამავე დროს, სულიერ სიხარულს და იმედს, შიშსა და ძრწოლას განვიცდი, რადგან არ ვგრძნობ თავს საამისოდ მომზადებულად. უკეთუ ხანში შესული ხვავბარაქიანი დიდი პავლე მოციქული იტყვის: „ვიქადი მხოლოდ უძლურებითა ჩემითაო“. მე არღარა მეთქმის ამ სიჭაბუკის წლებში, რომელ წელთა სიმცირეს არ მოუცია ჩემთვის საამისო გამოცდილება, მაგრამ მძიმე განცდების დროს მანუგეშებს და მამხნევებს ის მადლი ღვთისა, რომელიც უნდა გარდამოვიდეს ჩემს უძლურებას ზედა თქვენი საღმრთო მარჯვენის ხელდასხმით. მე მწამს, რომ ის, რომელიც არის დასაბამი და დასასრული ყოვლისა არსისა, ის, რომელიც გარდამოხდა ზეცით დაცემული კაცის აღსადგენად, შემაძლებინებს კეთილად წარვმართო ეს დიდი სამსახური. თუ თავით თვისით კაცს ვერ ძალუძს მიღებად ამ პატივისა, მიენიჭება მხოლოდ ღვთის მიერ მოწოდებულ (ებრაელთა 5,4)… ღმერთი შეეწევა და გაუწევს მფარველობას იმ კაცს, რომელიც ღრმად მორწმუნეა და გული გამთბარი აქვს ღვთისა და კაცის სიყვარულით. ღმერთი მიანიჭებს სიბრძნეს და გულისხმაყოფასა მას, რომელსაც აქვს შიში ღვთისა. ამისთანა კაცზედ იტყვის ბრძენი სოლომონი: „დასაბამი სიბრძნისა შიში ღვთისა არს“, ხოლო მღვდელმთავარს მუდამ სჭირდება სიბრძნე ღვთიური, გონებით იყვეს ბრძენი და მაღალი, ხოლო ცხოვრებით – უბრალო და მდაბალი. იყვეს ერთგული დარაჯი ქრისტეს ეკლესიისა, იყვეს შემოსილი უბიწო ცხოვრებით, ვითარცა ბრძანებს მოციქული პავლე. სიტყვისამებრ ბრძენი სოლომონისა, „რომელიც ვალს უბიწოდ, იგი ვალს უშიშრად“. ვხედავ რა ყოველივე ამაში შეურყეველს ნებას ღვთისა, თავმდაბლად მოვიხრი სულიერსა და ხორციელს ქედსა ჩემსა თქვენს წინაშე.
მამამთავართა მამამთავარო! წმიდა ყოვლადსამღვდელონო და მამანო და ესრეთ ვქადაგებ: გმადლობთ, მორჩილ ვარ ბრძანებისა თქვენისა და არარას მცირესა წინააღმდგომსა ვიტყვი. გევედრებით, თქვენო უწმიდესობავ და ყოვლადსამღვდელონო, ოდეს დამდებთ ცხოველმყოფელი სულის მომნიჭებელთა ხელთა თქვენთა, მრჩობილ აღვავლენდეთ წინაშე ღვთისა ლოცვათა თქვენთა, რათა გარდამოსულმან სულმან წმიდამან აღავსოს ყოველივე ნაკლოვანებანი ჩემნი, რათა ვიქმნე სახედ მორწმუნეთა სიტყვით სვლით, სიყვარულით, სიწმიდით, რათა ჟამს მეორედ მოსვლისასა მოკრძალებით გარნა კადნიერებით წარვსდგე წინაშე მართალსა მსაჯულისა განცხადებად: „აჰა ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან“ (ებრაელთა 2.13). ამინ.“

ეპისკოპოსი ილია დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსად. მასვე დაევალა 1963 წლიდან მცხეთის სამოძღვრო კურსების ხელმძღვანელობა. ახალგაზრდა მღვდელმთავარი ენერგიულად შეუდგა მცხეთის სამოძღვრო კურსების სასულიერო სემინარიად გადაკეთებისათვის ნიადაგის მომზადებას. აკადემიაში მიღებულმა ფართო განათლებამ მას საშუალება მისცა, მაღალ დონეზე დაეყენებინა როგორც დისციპლინა, ასევე – სასწავლო პროცესი. შემოქმედელმა ეპისკოპოსმა და სასწავლებლის დირექტორმა სემინარიაში სამუშაოდ მიიწვია ცნობილი მეცნიერები, შეადგინეს სასწავლო პროგრამები, სალექციო კონსპექტები, სისტემატურად ტარდებოდა პედსაბჭოს სხდომები. იგი სასწავლებელში მომხდარ მნიშვნელოვან ღონისძიებებს უთანხმებდა უწმიდესსა და უნეტარესს ეფრემ II–ს. „თქვენო უწმიდესობავ, გვაკურთხეთ, ზეგ საშობაოთ სტუდენტებს ვუშვებთ არდადეგებზე. ხვალ, 12 საათზე, ვფიქრობ პედსაბჭოს მოწვევას. ჩვენთვის მეტად სასიამოვნო და სასარგებლო იქნება, თუ ჩამობრძანდებით და დაესწრებით. ეპისკოპოსი ილია“.

უწმიდესი ეფრემ II პედსაბჭოს ყველა სხდომას ესწრებოდა. მცხეთის სასულიერო სემინარია შემოქმედელი ეპისკოპოსის ილიას თავდადებული შრომით ღირსეულ სასწავლებლად იქცა. მან მოახერხა სასწავლებლის წინაშე არსებული უამრავი პრობლემის გადალახვა. მცხეთის სასულიერო სემინარიის ავტორიტეტზე მეტყველებდა ის ფაქტი, რომ აქაურ კურსდამთავრებულებს უგამოცდოდ იღებდნენ ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. მეუფე ილია, შემდეგში უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ყოველთვის პატივისცემით იხსენებდა ზაგორსკის აკადემიას, აკადემია კი ამაყობდა თავისი კურსდამთავრებულით. 1978 წლის 16 თებერვალს ზაგორსკის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭომ იგი თავის საპატიო წევრად აირჩია. პატრიარქი მოსკოვში ვიზიტისას აუცილებლად სტუმრობს ხოლმე ზაგორსკის აკადემიას.

patriarq-ilia-ii-mitropoliti1963–1967 წლებში მეუფე ილია მოღვაწეობდა შემოქმედის ეპარქიაში, ხოლო 1967 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ეფრემ II-ის ლოცვა–კურთხევით, ეპისკოპოსი ილია გადაყვანილ იქნა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის მმართველად.

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია ერთ–ერთი ყველაზე რთული ეპარქია იყო. XIX საუკუნეში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის ეკლესიური ინტერესების განმტკიცებას. დაიწყო ეპარქიიდან ქართველი სასულიერო პირების გამოძევება და მათი რუსებით ჩანაცვლების პროცესი. XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის გააქტიურების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ სცადა სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოდან გამოყოფა, მაგრამ აფხაზეთის ქართველობის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის რუსულმა სამრევლოებმა, რუსეთის ეკლესიის ხელშეწყობით, უარი განაცხადეს, დამორჩილებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მიერ დანიშნულ ცხუმ–აფხაზეთის ქართველ მღვდელმთავრებს. ვითარება კიდევ უფრო გართულდა XX საუკუნის 20-30_იან წლებში, როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული ტენდენციების მატარებელი პარტიული ხელმძღვანელობა, ქვეყანაში არსებული საერთო ანტირელიგიური ბრძოლის ფონზე, კიდევ უფრო ავიწროებდა ქართველ სასულიერო პირებს, ეპარქიის მღვდელმთავრებს. 1937 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (იგი 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა). ვითარება შედარებით გამოსწორდა 1943 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია. ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიის რუსულენოვანი სამღვდელოება იძულებული გახდა, შერიგებოდა შექმნილ ვითარებას.

1938–1952 წლებში ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიას განაგებდა მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი), 1957–1964 წლებში კი – ეპისკოპოსი ლეონიდე (ჟვანია). ამ დროს ეპარქიაში მოქმედი იყო 7 ეკლესია: სოხუმის წმიდა ნიკოლოზის, თავისუფლების, სასაფლაოს ეკლესია, ილორის წმიდა გიორგის, ლიხნის, უსპენსკის, გაგრის სამლოცველო სახლი. ღვთისმსახურთა უმრავლესობა არაქართველი იყო. წირვა–ლოცვა რუსულ ენაზე სრულდებოდა. მდგომარეობა არც 1965–1967 წლებში შეცვლილა, როდესაც ეპარქიას მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი) განაგებდა. ასეთი ეპარქია ჩაიბარა 1967 წელს ეპისკოპოსმა ილიამ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო გააფხაზებული ქართველი ა. ლაგვილავა, რომელიც ყველანაირად ავიწროებდა სასულიერო პირებს, მორწმუნე მრევლს. ერთ–ერთ საიდუმლო წერილში, რომელიც მან საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნა, იგი წერდა, რომ აუცილებელი იყო სოფელ კამანში მეღორეობის ან მეფრინველეობის ფერმის აშენება. „ამით დაკავდება ის ფართობი, რომელსაც წმინდა ადგილად ცნობენ და, ამავე დროს, ადგილი აღარ ექნება მორწმუნეთა მასობრივ შესვლას წყალში განსაკურნებლად“ – ატყობინებდა იგი კომისიის თავმჯდომარეს.

ცხუმ–აფხაზეთის ეპისკოპოსმა ილიამ მოახერხა მრევლის შემოკრება. თუ მის მღვდელმთავრობამდე მხოლოდ 2 ქართველი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ეპარქიაში, 1975 წელს ისინი უკვე თორმეტნი გახდნენ. ეს იყო მეუფე ილიას შორს გამიზნული პოლიტიკა, ასეთ ვითარებაში აფხაზი სეპარატისტები ვერ მოახერხებდნენ ცხუმ–აფხაზეთის ეპარქიაში თავისი მიზნების განხორციელებას.

1969 წლის 17 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ეფრემ II-მ ეპისკოპოსი ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანა. 1972 წელს საქართველოს ეკლესიის წინაშე დიდი დამსახურებისათვის მან მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიტროპოლიტი ილია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახედ იქცა.

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 390-400 წლებში.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო. ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა.

ყველა გრძნობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა. 1995 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასე გაიხსენა პატრიარქობის პირველი რთული, მაგრამ საინტერესო წლები: „დღეს მე მხოლოდ ჩვენი ეკლესიის ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხები, გავიხსენებ, რა ურთიერთობა იყო ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის, რომელიც თითქმის ისეთივე ზეწოლას განიცდიდა და ისევე იდევნებოდა, როგორც სასულიერო პირნი. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ინტელიგენციამ ქართველი კაცის სული გადაარჩინა. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო მჭიდრო კავშირი ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის. სახელმწიფო ცდილობდა, არ მომხდარიყო ეს დაახლოება. ინტელიგენციას ჰქონდა სულიერებისაკენ სწრაფვა, მაგრამ გამოცდილება აკლდა. მახსოვს, საპატრიარქოში ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსები მოვიწვიეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აკადემიური გამოცემის მოსამზადებლად, დავამუშავეთ გეგმა და გავანაწილეთ თემები, მაგრამ, როდესაც დამუშავებული ნაწილები წარმომიდგინეს, მივხვდი, რომ მათი გამოცემა არ შეიძლებოდა, რადგან ეს არაეკლესიური ადამიანების მიერ დაწერილი ისტორია იყო… მიუხედავად ამისა, სწრაფვა დაახლოებისაკენ არ შეჩერებულა. საპატრიარქოში გრძელდებოდა შეხვედრები მეცნიერებთან. ხშირად საკითხები, რომელთაც ჩვენ ამ შეხვედრებზე განვიხილავდით, იმდენად საინტერესო იყო, რომ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები მათ შესახებ სტუდენტებს ლექციებზე უყვებოდნენ… ჩვენმა მეცნიერებმა დიდი მისიონერული ღვაწლი გასწიეს და მე მადლობელი ვარ მათი მძიმე მდგომარეობაში გამოჩენილი თანადგომისათვის.“