საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრება

17 დეკემბერი
gilocavt-wminda-didmowame-barbares-xsenebas

 17 დეკემბერს (ძვ.სტ. 4დეკემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია  წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენებას აღნიშნავს.

ქალწულმოწამე ბარბარე მესამე საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში (სირიის ტერიტორია) მდიდარ, წარმართულ ოჯახში დაიბადა. ბარბარეს დედა მალე გარდაეცვალა და ერთადერთ ასულს მამა დიდი რუდუნებით ზრდიდა. მან მდიდრული კოშკი აუგო და ადამიანებისგან მოშორებულს იქ აცხოვრებდა, მასთან შესვლის უფლებას კი მხოლოდ წარმართ მასწავლებლებს აძლევდა. კოშკში დამწყვდეულ ბარბარეს კერპთაყვანისცემას ჩააგონებდნენ, მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ ადამიანის ხელით გაკეთებული უსულო  კერპები სამყაროს ვერ შექმნიდნენ. ის რაც ადამიანის მიერ იყო დამზადებული, ვერ შექმნიდა სიცოცხლეს, ვერ შექმნიდა მოწესრიგებულ სამყაროს. სამყაროსა და სიცოცხლის საწყისის ძიებაში ბარბარე  დარწმუნდა რომ კერპები ვერ იქნებოდნენ სიცოცხლის მიმნიჭებლები, იგი გრძნობდა, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებოდა სიბრძნით, სიკეთით, და სათნოებით. მის ფიქრებს უფრო მეტად ამყარებდა  თვალწარმტაცი გარემო, სადაც იგი ცხოვრობდა, ულამაზესი ბუნება მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, ღამით კი მთვარისა და ვარსკვლავების ცქერა არწმუნებდა ყოვლისშემძლე, გონიერი ღმერთის არსებობაში. მართალია მას მრავალ ღმერთიანობას ასწავლიდნენ და არ ჰყავდა ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ უქადაგებდა, მაგრამ სინდისი, რომელიც ყოველ ადამიანში არის ღვთს ხმა, ჰკარნახობდა რომ წარმართობაში არ იყო მის კითხვებზე პასუხი და ის სხვაგან უნდა ეძია.

ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული – უფლის სიყვარული, და არ ფიქრობდა მიწიერ კეთილდღეობაზე. დიოსკორეს ძალიან უნდოდა ქალიშვილის გათხოვება; წმინდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა მისი ხელის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა  მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. ბარბარემ მოპოვებული თავისუფლება სათანადოდ გამოიყენა: ის დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ქრისტიან ქალწულებს, გაეცნო ქრისტიანობას და იწამა მისი ჭეშმარიტება.

ქრისტეს მაძიებლებს უფალი მარტოს არასდროს ტოვებს: ბარბარეს მონათვლის დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ წარმართულ ილიოპოლისში მღვდელმსახური არ იყო, სწორედ ამდროს, ღვთის განგებით, ქალაქში ჩამოვიდა ალექსანდრიელი ხუცესი, რომლის ხელითაც ბარბარე მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი. ნათლობიდან მოყოლებული, მისი ცხოვრება გამორჩეულია მრავალი სასწაულით. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისი ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში  მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა. წმინდა სვიმეონ მეტაფრასი ამ ადგილს მდინარე იორდანესა და სილოამის საბანელს ადარებს, რადგან აქაც ღვთის მადლითა და წყალობით მრავალი კურნება აღესრულებოდა.  დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა – მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამპიროვნება აღბეჭდილიყო. მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან დიოსკორესი ეშინოდათ, თუმცა ბარბარეს დაჟინებული თხოვნა მაინც გაითვალისწინეს და სამი სარკმელი გამოჭრეს.  როდესაც დიოსკორემ ეს იხილა, ბარბარეს ჰკითხა სამი სარკმლის გაკეთების მიზეზი. ქალწულმა მიუგო, რომ სამი სარკმელი ყოვლადწმინდა სამების განსადიდებლად გააკეთებინა და უშიშრად გააცხადა ქრისტიანობა. განრისხებულმა დიოსკორემ თავის მოკვეთა დაუპირა, მაგრამ ბარბარე გაერიდა, მთაში გაიქცა და გამოქვაბულში დაიმალა. იქვე ახლოს ორი მწყემსი იყო და ერთერთმა მათგანმა გასცა ბარბარეს ადგილსამყოფელი. დიოსკორემ შეიპყრო საკუთარი შვილი, სასტიკად გვემა და ქალაქის მმართველს მიჰგვარა. გადმოცემის თანახმად, მეცხვარე, რომელმაც ბარბარე გამძვინვარებულ მამას ჩაუგდო ხელში, მეყვსეულად დაისაჯა_  საკუთარ ცხვრის ფარასთან ერთად გაქვავდა.

ბარბარემ მმართველ მარკიანეს წინაშეც უშიშრად აღიარა ქრისტიანობა და თვით მმართველსაც უქადაგა კერპების ამაოება და ცრუღმერთობა. ქრისტეს ერთგული მხევალი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში დაამწყვდიეს. მისი სხეული იმდენად იყო დაწყლულებული, რომ ფიქრობდნენ ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ სხვაგვარი იყო ღვთის ნება.  ქალწულმოწამე ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა არ მიეტოვებინა, მოხდა სასწაული და მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, გაამხნევა და სასწაულებრივად განკურნა წყლულებისგან. მცველებმა, რომლებმაც განკურნებული ბარბარე იხილეს, მარკიანეს წინაშე ახოვნად აღიარეს ქრისტეს ჭეშმარიტი ღმერთობა,  სიკვდილით დასჯას სიხარულით შეხვდნენ და მოწამეობრივი აღსასრულით   ზეციური, საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდრეს.

ბარბარეს სასწაულებრივი განკურნება მარკიანემ კერპების ძალასა და გულმოწყალებას მიაწერა და კვლავაც მოუწოდებდა, მსხვერპლი შეეწირა მათთვის, რაზეც  ქრისტესათვის წამებული მხევალისგან თანხმობა ვერ მიიღო. გამძვინვარებულმა მარკიანემ კვლავ ბრძანა მისი წამება.  ხალხის უზარმაზარი ბრბო მშვიდად ადევნებდა თვალს ამ უმსგავსობას და არ ეწინააღმდეგებოდა მას. მხოლოდ ერთი კეთილმსახური დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ხედავდა წმინდა ბარბარეს სასტიკ წამებას, წუხდა და მწარედ ტიროდა. იგი მივიდა მმართველთან და უსამართლობასა და სისასტიკეში ამხილა. განრისხებულმა მარკიანემ ჰკითხა, თუ რომელ სარწმუნოებას აღიარებდა იგი. მე ქრისტიანი ვარ – უშიშრად უპასუხა წმინდა იულიანამ. მაშინ მარკიანემ  მისი წმინდა ბარბარესთან ერთად წამება ბრძანა.

გულმოწყალე უფალმა განამტკიცა თავის წმინდა მოწამენი და მათაც სიხარულით დაითმინეს სასტიკი სატანჯველნი.

იხილა რა მათი ვაჟკაცური მხნეობა და მოთმინება, მარკიანე მეტად განრისხდა და  წმინდა იულიანას ბნელ დილეგში ჩაგდება, ხოლო წმინდა ბარბარეს გაშიშვლება და ქალაქში ასე ჩამოტარება ბრძანა. მაგრამ უფალმა არ დაუშვა ერთგული მხევლის შერცხვენა და წარმოგზავნა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა დიდმოწამის სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა. მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო წმინდა მოწამეებს, და შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე. მან წმინდა იულიანას თავის მოკვეთა ერთ-ერთ მეომარს დაავალა, ხოლო წმინდა ბარბარეს დასასჯელად კი მამამისი დიოსკორე გამოიძახა და უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და მისთვის თავი მოეკვეთა.  წმიდა ქალწულმა სიკვდილით  დასჯის წინ შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები და თქვა: „უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ჩემი და როგორც მომეცი მოთმინება და ღირს მყავ წამებისა, ასევე შეიწყნარე ჩემი სული და დაადგინე შენს სათნომყოფელებთან ერთად. უფალო, მოხედე სიმდაბლესა ჩემსა და მადლი მიეცი ჩემი სხეულის ნაწილებს, რომ ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეხედავს ან შეეხება, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა, ხოლო თუ ვინმე გასაჭირში იყოს და მე გამიხსენოს ან მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი, და იხსენ ბოროტისა სნეულებისა და უეცარი, უზიარებელი სიკვდილისაგან”. როგორც კი ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა, რომელიც წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ჰპირდებოდა თხოვნის შესრულებას – „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“. ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰოჲ, უღმერთოო“. დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. დიოსკორემ და მარკიანემ კი მალევე მიიღეს მართლმსაჯული უფლისაგან კუთვნილი სასჯელი – მეხის დარტყმით დაიწვნენ.

305 – 311 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს წამებულ ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღმრთისმოსავმა ვალენტიანემ დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში შესაფერისი პატივით, მოგვიანებით იმ ადგილას ეკლესია აიგო. VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს;  XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა – ბარბარემ კიევის დიდ მთავართან სვიატოპოლკ II იზიასლავოვიჩთან (წმინდა ნათლისღებით მიხეილი – მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. 1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკს, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდიხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის „ჯვართამაღლების ტაძარში“.

XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდ-მოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან.

1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს. 1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულმოწამის წმიდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული.

საისტორიო წყაროებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილს და იგი სვეტიცხოველის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში იყო დასვენებული.

1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც ასევე წმინდა ბარბარეს მცირე ზომის წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

ქართველებს წმინდა ბარბარე განსაკუთრებულად გვიყვარს. ამაზე მეტყველებს მის სახელზე აშენებული მრავალი ტაძარი.  თბილისში მისი სახელობის რამდენიმე ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული.

გილოცავ ამ დიდებული წმინდანის ხსენებას! ქალწულმოწამე ბარბარე გფარავდეთ და გეწეოდეთ ქრისტესკენ სავალ გზაზე.