საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქუთაის-გაენათის ეპარქია

ქუთაის-გაენათის ეპარქია

ეპარქიის მღვდელმთავარი

ქუთაის-გაენათის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე რიონის ქვემო დინებასა და წყალწითელას ხეობას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული და მათი მიმდებარე ტერიტორიები. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მარგვეთის და უბისის, ჭიათურისა და საჩხერის, დასავლეთიდან – ხონისა და სამტრედიის, ჩრდილოეთიდან ნიკორწმინდის, ცაგერისა და ლენტეხის, სამხრეთიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიები. სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე გამოვლენილი ადამიანის უძველესი საცხოვრისები – ჭახათი, თეთრამიწა, საკაჟია, საგვარჯილე – ამ მხარის ხანგრძლივი ისტორიული წარსულის მიმანიშნებელია.

ბიბლიური ნოეს შთამომავლის ეგროსის წილხვდომილ მამულზე, ადრეულ წერილობით წყაროთა დასტურით, არსებული უძველესი სახელმწიფოს შესახებ ძველი ასურული და ურარტული ლურსმული წარწერები გვაუწყებენ. კოლხას სახელწიფოს შემადგენლობაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია იგულისხმება. ანტიკურ სამყაროში ცნობილი კოლხეთის მძლავრი სამეფოს შესახებ ბერძენ-რომაელი მწერლებიც წერდნენ. ჰეროდოტე მას ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების – მიდიისა და აქემენდური ირანის – გვერდით ახსენებს. ამ ქვეყნის ცენტრალურ ქალაქს აპოლონიოს როდოსელი (ქრისტეს შობამდე III ს.) კუტაიას, ხოლო პროკოფი კესარიელი (VI ს.) კუტაიონს უწოდებენ. კოლხეთის სამეფოს (ქრისტეს შობამდე VI-III სს.) დაშლის შემდეგ, ამ ტერიტორიაზე მოგვიანებით ჩამოყალიბებულ ეგრისის სამეფოს მზარდ პოპულარობას მემკვიდრეობით გადმოცემული ძველი კოლხეთის დიდება და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა. ევროპა-აზიის წყალგამყოფი და საერთაშორისო მაგისტრალის ერთი მონაკვეთი – მდ. რიონი – ეპარქიის ტერიტორიას შუაზე ჰყოფდა. ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები სწორედ მდინარე ფაზისთან აკავშირებენ მოციქულთა საქართველოში მიმოსვლის მარშრუტს. ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და მატათა მოციქულის მიერ გაქრისტიანებულ „ფაზისის იბერებში“ მდინარის გასწვრივ მცხოვრებნი, მათ შორის ცენტრალური იმერეთის, თანამედროვე ქუთაის-გაენათის სამღვდელმთავრო ტერიტორიის იმჟამინდელი მოსახლეობაც იგულისხმება. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საბოლოოდ ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცეული იმერეთი საქართველოს ერთიანი საეკლესიო ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

VI ს. ორ მძლავრ სახელმწიფოს ირან-ბიზანტიის პოლიტიკური და სამხედრო კონფრონტაციის პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ხელიდან-ხელში გადადიოდა. საომარი მოქმედებებით იავარქმნილი სამეფო დაქვეითების გზას დაადგა. VI ს. 60-იან წლებში, დასავლეთ საქართველოდან ირანის განდევნის შემდეგ, ზღვისპირეთი ბიზანტიელთა ხელში გადავიდა. ამ პერიოდს უკავშირდება ბიზანტიელთა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიის საეკლესიო ექსპანსიაც, შავი ზღვის განაპირა საქართველოს ტერიტორიაზე, ორი მსხვილი ბერძნულენოვანი სამღვდელმთავრო ერთეულის – ლაზიკის სამიტროპოლიტოს და აბაზგიის საარქიეპისკოპოსოს ჩამოყალიბება. მომხვდურის მძლავრობის მიუხედავად, ეგრისი კვლავ საქართველოს სახელმწიფოებრივ შემადგენლობაში, ეკლესიურად კი მცხეთის საყდრის იურისდიქციაში ითვლებოდა. ამავე პერიოდში VII ს. დაარსებულა ქუთაისის საეპისკოპოსოც, რომელიც იმჟამინდელ დასავლეთ საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. ამ მხარეში ქრისტიანობის დაწინაურების დასტურს, VIII ს. 30-იან წლებში შემოსეულ არაბთა წინააღმდეგ ბრძოლის რელიგიურ ასპექტში წარმართვა წარმოადგენს. საეკლესიო გადმოცემით, ქუთაისის სამღვდელმთავრო ტერიტორიაზე მოწამეობრივად აღსრულებული არგვეთის მთავარნი დავით და კონსტანტინე მხეიძენი ყოველგვარ „ტანჯუასა, ცეცხლსა, წყალსა და მახვილსა და სიკუდილსა… სახელისათვის ქრისტესისა“ დაითმენდნენ.

ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის დაწინაურება, განსაკუთრებით VIII ს. ბოლო მეოთხედიდან, ლეონ II აფხაზთა მთავრის მიერ ეგრის-აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს შექმნით დაიწყო. ახალშექმნილი სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახდა, რომლის ძალაუფლება მთელ დასავლეთ საქართველოზე, მათ შორის ზღვისპირეთზეც ვრცელდებოდა. ბერძნულენოვანი ლაზიკისა და აბაზგიის სამღვდელმთავროების გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურად გაერთიანებულ დასავლეთ საქართველოს სამეფოს, საეკლესიო ერთიანობაც სჭირდებოდა. VI-VII ს-დან დაწყებული დასავლეთ საქართველოს – ეგრის-აფხაზეთის საკათალიკოსოსს ჩამოყალიბება X ს-ის დამდეგს დასრულდა და იგი მცხეთის საკათალიკოსოს შეუერთდა. გაერთიანებული ქვეყნის დაწინაურებულ კათედრად ქუთაისის სამწყსო ითვლებოდა, რომელიც გურიისა და აჭარის მნიშვნელოვან ნაწილსაც აერთიანებდა. ქუთათელი მღვდლმთავრის აღზევება აღმოსავლეთ საქართველოდან არაბთა შემოსევების გამო, VIII ს. დასავლეთ საქართველოში „მეფე“ სტეფანოზის და მთელი სამეფო ოჯახის გადასვლამ განაპირობა. მეფემ უკანასკნელი განსასვენებელი „საყდარსა ქუთაისსა“ ჰპოვა და ამის შემდეგ ქუთაისი მეფეთა საძვალედ ითვლებოდა.

X ს. ბოლო მეოთხედიდან, 978 წ. ქუთაისში გაერთიანებულ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი – საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრა 1027 წ. „აღაშენა მეფემან ბაგრატ, ყოვლად წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი… ყოვლითა შემკობილებითა სრული. და ფრიად დიდი…“. ქუთაისი 1122 წლამდე, დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც რუსუდანის, დავით ნარინისა და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. მეფის კურთხევის დროს თბილისის დედაქალაქად დაწესების მიუხედავად, ძველი ტრადიციის შესაბამისად კვლავ ქუთათელია ერთ-ერთი უპირატესი მღვდელმთავარი, – „ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გვირგვინსა თავსა სამეუფოსა“. თამარის მეფედ კურთხევისას საქართველოს ეკლესიის დაწინაურებულ მღვდელმთავართა შორის უმთავრესი სამეფო რეგალიის – მეფის გვირგვინის დადგმაში კვლავ ქუთათელმა აღასრულა.

ქუთათელი სხვა მეფეთა კურთხევის დროსაც ტრადიციულ უპირატესობას ინარჩუნებდა. დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ XV ს-მდე გასტანა. XV ს-დან კი, – „ოდეს საქართველო განიყო და სამ სამეუფოდ განსქდა… და ხუთ სამთავროდ… დიდების მოყუარებისათვის რომელთამე ახალნი ეპისკოპოსნი დასხეს…“. გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეკლესიურად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა – შემოქმედი, ჯუმათი და ნინოწმინდა – შექმნა. XVI ს. 30-იან წლებში კი აფხაზთა მეფემ ბაგრატ III (1510-1565 წწ.) უშუალოდ იმერეთის (ვაკე) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია – ხონი და გაენათი ჩამოაყალიბა. ამის შემდეგ ხონელი „გახდა ეპისკოპოზი მწყემსი ვაკისა“, გაენათელს კი გადაეცა: – „არგუეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათელის სამწყსონი“. იმავე ხანებში, კათოლიკოს ევდემონ ჩხეტიძის დროს (1557-1578 წწ.) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციამ ბიჭვინთიდან გელათის მონასტერში გადაინაცვლა… აღნიშნული ცვლილებების შემდეგ, საქუთათელოს ოდესღაც მეტად ვრცელ ტერიტორიაზე დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია განთავსდა და რამდენიმე ახალი სამღვდელმთავრო აღმოცენდა.

XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. ოსმალთა მძლავრობისაგან და ადგილობრივ მთავართა მიხდომისაგან გაპარტახებული ქუთათელის სამღვდელმთავრო კათედრა საუკუნის ბოლოს 1691 წ. დროებით გაუქმდა კიდეც – „გამოვიდნენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთაისის ეკლესია ყოვლად წმიდისა დიდ შუენიერად გებული… საქუთათლო საეპისკოპოსოსი“.

ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII ს-ის შუა წლებიდან იწყება. 1740 წ. სრულიად ახალგაზრდა – 20 წლის მიტროპოლიტი ანტონ ბაგრატიონი, მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I, ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.

ეგრის-აფხაზეთის საკათოლიკოსო კათედრისა და რეზიდენციის გელათში გადმოტანის შემდეგ, კათოლიკოსად ხშირად ქუთათელს ან გაენათელს ნიშნავდნენ. კათოლიკოსი ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის – იმერეთის, გურიის, სამეგრელოს… ტერიტორიაზე არსებულ სამღვდელმთავრო კათედრების ეპისკოპოსადაც და კათოლიკოსადაც იწოდებოდა.

დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსად გაენათელის ან ქუთათელის ხშირი აღზევება სამეფოში მათი სერიოზული მნიშვნელობისა და ტრადიციული ერთგულების მიმანიშნებელია. „ისტორიანი და აზმანის“ თანახმად, ჯერ კიდევ თამარის დროს, გიორგი რუსის გამეფების მოსურნე განდგომილ დიდებულებს არ მიემხრო ქუთათელი და „იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის“. დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის მონასტერი, რომლის წინამძღვარი – მოძღვართმოძღვარი (მოძღვართმოძღვარი განათლების საქმეს განაგებდა ქვეყნის მასშტაბით და შეუვალობის უფლებით სარგებლობდა) – სამეფო დარბაზის წევრი იყო, ბოლომდე – ეპარქიის დაარსების შემდეგაც, მეფის ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენდა. ქუთათელისა და გაენათელის სამშობლოსადმი ტრადიციულ ერთგულებასა და დიდ მამულიშვილობას ავტოკეფალიის  გაუქმებამდე აქაურ მღვდელმთავართა დოსითეოზ ქუთათელისა და ექვთიმე გაენათელის მოღვაწეობა ადასტურებს. მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, 1820 წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ დოსითეოზ წერეთელი და ექვთიმე შერვაშიძე. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო, სადაც ამიერ და იმიერ ქართველთა ჭირსა და ლხინში თანადგომის აღთქმა იყო დადებული.

იმერელ მღვდელმთავართა აქტიურობა მათ მიერვე წამოწყებული საქართველოს გაერთიანებისათვის პირველი სერიოზული მცდელობა იყო. ამით მათ საქართველო და მისი ეკლესია ერთიან, განუყოფელ ორგანიზმად და ერთ მწყემსმთავარს დაქვემდებარებულ მთლიანობად წარმოადგინეს. ქუთათელმა და გაენათელმა მღვდელმთავრებმა მოღვაწეობის ხანგრძლივი დროის მანძილზე თავიანთ სამწყსოში გაპარტახებული ადგილები აღადგინეს, იავარქმნილ-სოფლებში გლეხები ჩაასახლეს. ეკლესია-მონასტრები აღაშენეს, აქტიურად დაუპირისპირდნენ ტყვეთა სყიდვას და სხვ.

1819-20 წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. რუსეთის მიერ წამოწყებული დამპყრობლური პოლიტიკით აღშფოთებულ იმერელ მოსახლეობას მღვდელმთავრები ქრისტესმიერი სიყვარულით განსჯისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებას ამ გაუგონარი და ჩვენი ეკლესიისათვის მიუღებელი საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ. რუსმა მოხელეებმა მოხუცი მღვდელმთავრები სახელმწიფოს მტერ „ბუნტოვშიკებად“ შერაცხეს და მათ დასაპატიმრებლად, თითქოს დიდ საომარ ოპერაციას ატარებდნენ, დამატებითი შეიარაღებული რაზმები მოითხოვეს.

ნაცემი, ხიშტებით დაჩხვლეტილი და  თავზე ტომრებჩამოცმული მღვდელმთავრები  რუსეთის გზას გაუყენეს… დასუსტებული დოსითეოსი გზაში გარდაიცვალა და ანანურში დაკრძალეს, ექვთიმე კი ნოვგოროდიდან იმპერატორთან წაარსადგენად პეტერბურგში ჩაიყვანეს… „ყოველივე მოახსენა ხელმწიფესა (იმპერატორ ალექსანდრე პავლეს-ძეს), რაც რომა შეჰკითხულიყო ამა მღვდელმთავრისათვის, და შემდგომად ინება ბრძანებად და წარვლინებად მონასტერსა შინა ნოვგოროდის გუბერნიას, სვირისასა… მუნ მიიცვალა ექსორიობასა შინა…“. მოხუც მღვდელმთავარს მრავალრიცხოვან ქართველთა სისხლის დათხევის გამო იმპერატორ ალექსანდრე I-თვის „ახალი დროის ნერონი“ უწოდებია. გასახლებული და სამშობლოს მონატრული მხცოვანი მღვდელმთავარი 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა.

იმერეთის აჯანყების სასტიკად ჩახშობის შემდეგ, 1821 წ. რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შექმნა მხოლოდ ერთი _ იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ ეპისკოპოს სოფრომ წულუკიძეს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა არქიეპისკოპოსის წოდება მიანიჭა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:

 

დავით წერეთელი (1845-1853 წწ.);
ევდემონ წულუკიძე (1853-1856 წწ.);
გერმანე გოგოლაშვილი (1856-1860 წწ.);
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე (1860-1896 წწ.);
ბესარიონ დადიანი (1896-1900 წწ.)…
გიორგი ალადაშვილი (1917 წ-მდე).

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წ. სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ:

 

1. მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე (1917-1918 წწ.);
2. მიტროპოლიტი ნაზარი ლეჟავა (წმინდანად შერაცხილი) (1918-1924 წწ.);
3. მიტროპოლიტი დავით კაჭახიძე (1925-1930 წწ.);
4. მიტროპოლიტი სვიმეონ ჭელიძე (1930-1935 წწ.);
5. მიტროპოლიტი ვარლამ მახარაძე (1937-1943 წწ.);
6. მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე (1944-1953);
7. მიტროპოლიტი გაბრიელ ჩაჩანიძე (1953-1955 წწ.);
8. მიტროპოლიტი ნაომი შავიანიძე (1957-1969 წწ.);
9. მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი (1971-1974 წწ.);
10. მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1978-1981 წწ.);
11. მიტროპოლიტი ნიკოლოზ მახარაძე (1981-1983).

ქუთაის-გაენათის ეპარქიას 1983წლიდან მართავს მიტროპოლიტი კალისტრატე მარგალიტაშვილი.