საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ეპარქიის მმართველი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ლაზეთი. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ტაო-კლარჯეთის, ჩრდილოეთიდან კი – შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული არსიანისა და მესხეთის ქედები, მდინარეების – ნატანებისა და კინტიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა.

საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმის ეპარქიას, რომელსაც ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსო ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, რომლის ფარგლებშიც წინათ ათამდე საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1995 წ. 5 აპრილს ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა ორი – შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიები.

1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავდა მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).

2006 წლის 21 დეკემბერს წმ.სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია.

2007 წლის 21 დეკემბრის წმინდა სინოდის განჩინებით ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას დაემატა ლაზეთი და ამ დღიდან მიტროპოლიტი დიმიტრი დადგინდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველად.