საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

batumi

 ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ეპარქიის მმართველი

   ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული აჭარის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური და ისტორიული ქართული პროვინცია ლაზეთი. ეპარქიის საზღვარი სამხრეთის მხრიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, თუმცა თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებული ქართული პროვინცია ლაზეთი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის იურისდიქციაში ითვლება. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სხალთის, ჩრდილოეთიდან კი _ შემოქმედის ეპარქიები, ისტორიული მესხეთის ქედი, მდინარეების _ ნატანებისა და კინტრიშის წყალგამყოფები, დასავლეთიდან ეპარქიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.

   აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პროვინციაა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა.
წერილობით წყაროებში აჭარა მოხსენიებულია სხვადასხვა სახელით: „აჭარის ქვეყანა“, „აჭარის ხევი“, ან „აჭარის ხეობა“ და სხვ. ეს კუთხე მოიცავდა აჭარისწყლის ხეობას ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავამდე.

   საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას აჭარის მხრიდან, დიდ აჭარიდან მიიჩნევს. სხალთაში პირველი ქრისტიანული თემისთვის ეკლესიის დაფუძნებისა და საეკლესიო წეს-წყობილების ჩამოყალიბების შემდეგ, წმინდა მოციქული ანდრია სოსანგეთსა (აწყური) და საქართველოს შავიზღვისპირა ტერიტორიებზე აარსებს ეკლესიებს.

   წმინდა მოციქულებმა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მრავალი ტაძარი ააგეს. მდინარე სუფსის ქვემო წელზე, სრიალეთად სახელდებულ ადგილზე, აქაურმა მკვიდრმა მოსახლეობამ ამ კუთხის განმანათლებლის წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ეკლესია ააგო, რომელმაც ბოლო დრომდე მოაღწია.

   საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სხალთის მიდამოები და მთლიანად აჭარა IV საუკუნეში მეფე მირდატ III-ის შექმნილ თუხარელის სამწყსოში ერთიანდებოდა. ეპარქია V საუკუნის 60-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ კლარჯეთის ქვეყანაში დაარსებული და მომძლავრებული ახიზის ეპარქიის გავლენის ქვეშ მოექცა. ქართლის სამეფოს უძველესი პროვინცია, სხვადასხვა ეპოქაში მომხვდურთა მძლავრობისაგან ხშირად დამპყრობთა გავლენის ქვეშ ექცეოდა.

   საქართველოში, უპირველესად დასავლეთ საქართველოში, გავლენის მოპოვებისათვის იბრძოდნენ რომისა და ირანის მძლავრი იმპერიები. ხანგრძლივი ომიანობის პერიოდში ამ კუთხის მკვიდრი მოსახლეობა ხან ბრძოლით, ხან პოლიტიკური მანევრებით იცავდა თავისთავადობას, მშობლიურ ენასა და სარწმუნოებას. ერთმორწმუნე ბერძნები ძალმომრეობით ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან მორიგებით ინარჩუნებდნენ სტრატეგიულ  პუნქტებს ან აფუძნებდნენ ახალს (ახალშენებს). ამგვარ გამაგრებულ ციხე-სიმაგრეებსა და ციხე-ქალაქებში საეკლესიო ცენტრებიც ფუძნდებოდა. VI საუკუნიდან ქვეყნის საერთო დაძაბუნების დროს აჭარა ქაჯეთის ციხეში (ბერძნული წყაროებით პეტრა) არსებული ეკლესიის ირგვლივ შექმნილ ეპარქიას ეკუთვნოდა (პ. ინგოროყვა). VII-VIII საუკუნეებში ქართული და უცხოური (ანონიმი სომეხი გეოგრაფი) წყაროები აჭარას ქართლის პროვინციად მიიჩნევენ. VIII ს. იგი ბაგრა-ტიონთა სამფლობელოს, „ქართველთა სამეფოს“ ნაწილად იქცა. X საუკუნეში, კერძოდ, 941 წლიდან, აჭარის ნაწილი, ქვემო აჭარა „აფხაზთა (დას.საქ.) სამეფოში“ შევიდა. პირველად იგი ტბეთის ეპარქიაში, XI ს. დასაწყისიდან კი ქუთაისის ეპარქიაში მოექცა. ზემო აჭარა  X საუკუნიდან ანჩელის იურისდიქციაში მოიხსენება.

   XI საუკუნის II ნახევრიდან აჭარა საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაშია. XI ს. 80-იან წლებში, აჭარა სამხრეთიდან შემოჭრილმა სელჩუკებმა ააოხრეს, ხოლო XIII ს. შუა წლებიდან გაძლიერებული სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენდა.

  XVI ს. 50-იან წლებში ოსმალებმა მიიტაცეს კლარჯეთი. დაწყებული შიდა ფეოდალური დაპირისპირებით ისარგებლა ოსმალეთმა და აჭარის ტერიტორიის ეტაპობრივ დაპყრობას შეუდგა.  XVI ს. 70-იანი წლებისთვის მთელი აჭარა ოსმალებმა დაიპყრეს და იქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დააარსეს. სანჯაყებად (რაიონი) დაყოფილი აჭარა ჩილდირის (ახალციხე) ვილაიეთს მიუერთეს. ამის შემდეგ აჭარის მოსახლეობას მამაპაპეულ მიწა-წყალზე დარჩენის საშუალება ქრისტიანობის უარყოფითა და მაჰმადის აღიარების შემთხვევაში ეძლეოდა. ოს-მალთა მფლობელობაში ყოფნისას მოიშალა აჭარის საეკლესიო ორგანიზაცია და წეს-წყობილება.

  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში მოწვეული საქართველოს საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით აღდგა ბათუმის ეპარქიაც, რომელსაც ბათომ-შემოქმედის, მოგვიანებით კი, ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსო ეწოდა. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათოლიკოსო საბჭოს წევრი იყო. აღნიშნული ეპარქია შექმნისთანავე სამხრეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიას აერთიანებდა, რომლის ფარგლებშიც ათამდე საეპისკოპოსო კათედრა შედიოდა. ბათუმ-შემოქმედის ეპარქია 1995 წლის აპრილამდე არსებობდა.

ეპარქიის აღდგენის დღიდან მისი  მწყემსმთავრები იყვნენ:

მიტროპოლიტი გიორგი ალადაშვილი, 1920-1922 წწ.
ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე, 1923-1924 წწ.
ეპისკოპოსი ნესტორ ყუბანეიშვილი, 1924-1926 წწ.
მიტროპოლიტი იოანე მარგიშვილი, 1926-1928წწ.
ეპისკოპოსი ალექსი გერსამია, 1928-1930 წწ.
ეპისკოპოსი გაბრიელ ჩაჩანიძე, 1953 წ.
მიტროპოლიტი ეფრემ სიდამონიძე, 1953-1960 წწ.
ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი, 1963-1967 წწ.
მიტროპოლიტი რომანოზ პეტრიაშვილი, 1974-1978 წწ.
მთავარეპისკოპოსი დავით ჭკადუა, 1978-1986 წწ.
მიტროპოლიტი კონსტანტინე მელიქიძე, 1986-1992 წწ.
ეპისკოპოსი ქრისტეფორე წამალაიძე, 1992-1993 წწ.
ეპისკოპოსი იობი აქიაშვილი, 1993-1996 წწ.
1996 წლიდან ეპარქიის მღვდელმთავარია დიმიტრი შიოლაშვილი,.

   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, 1995 წლის 5 აპრილს, ბათუმ-შემოქმედის ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა ორი _ შემოქმედისა და ბათუმ-სხალთის ეპარქიები, 2006 წლის 21 დეკემბერს კი, ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ტერიტორიული გადანაწილების შემდეგ შეიქმნა ბათუმ-ქობულეთისა და სხალთის ეპარქიები. ბათუმ-ქობულეთის სამღვდელმთავროს მწყემსმთავრად მანამდე ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი შიოლაშვილი იქნა დადგენილი. მოგვიანებით სამღვდელმთავროს შეეცვალა სახელწოდება და მას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ეწოდა.

   ეპარქიაში 1999 წლიდან ფუნქციონირებს  ჩაქვის კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის საბავშვო ბაღი და გიმნაზია; გამოდის ჟურნალები: „სხალთის ზარები“, „ფარი სარწმუნოებისა“, „სექტანტების საფრთხე“, „მართლმადიდებლური საკითხავი“; შექმნილია ხინოს სამონასტრო კომპლექსის აღორძინების ფონდი; მიმდინარეობს ათეულობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობა.

ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიის ტერიტორიაზე ოთხ ათეულამდე ეკლესიასა და მონასტერში აღევლინება საღმრთო წირვა-ლოცვა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები

ბათუმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი
ბათუმის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
ბათუმის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია (სოფ. ფერიის სასაფლაოზე)
ბათუმის წმიდა ბარბარეს ეკლესია
ბათუმის წმიდა ნინოს ეკლესია
ბათუმის წმიდა გიორგის ეკლესია (სოფ. ფერიის დედათა მონასტერში)
ბათუმის წმიდა იოაკიმესა და ანას ეკლესია (მღვდელმთავრის რეზიდენციაში)
ბათუმის წმიდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
კეთილმორწმუნე მეფე თამარის ეკლესია (ბენზეს დასახლება)
ბათუმის წმიდა ეკატერინეს ეკლესია (სოფ. ფერიის სათნოების სავანეში)
ორთაბათუმის წმიდა პანტელეიმონის ეკლესია
ფერიის მცირე ტაძარი (სამლოცველო)
ქობულეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია
ქობულეთის წმიდა კირიონის ეკლესია
ჩაქვის მთავარანგელოზთა ეკლესია
სოფელი ზედა კვირიკეს წმიდა კონსტანტინე და ელენეს ეკლესია
სოფელი ქვედა კვირიკეს წმიდა გიორგის ეკლესია
აჭყვის წმიდა გიორგის ეკლესია
დაგვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
დაგვის ქრისტეს აღდგომის ეკლესია
ხინოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი
ცხემლვანის წმიდა გიორგის მონასტერი
ხელვაჩაურის ფერისცვალების ეკლესია (სოფლ ახალშენი)
აჭარისწყლის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
სოფელი აჭყვის პეტრე-პავლეს ეკლესია
სოფელი ზედა აჭყვის წმიდა თეოდორეს ეკლესია
მახინჯაურის ყოველთა წმიდათა ეკლესია
ჩეხადანას წმიდა გიორგის ეკლესია.

მშენებარე ტაძრები
ბათუმის ყოვლადწმიდა სამების მონასტერი (სოფ. ფერია)
ბობოყვათის წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი
საჩინოს სამთა მღვდელმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის ტაძარი
ქობულეთის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი
სოფელი ქობულეთის წმიდა ნინოს ტაძარი
გვარას ტაძარი (თეთროსანი).