საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

მარგვეთისა და უბისის ეპარქია

argveti

მარგვეთისა და უბისის ეპარქია

ეპარქიის მმართველი

    მარგვეთისა და უბისის ეპარქია ზემო იმერეთში ისტორიული არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს მოიცავს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის და ხარაგაულის რაიონებზე. მარგვეთის ეპარქიის აღმოსავლეთით _ სურამისა და ხაშურის, დასავლეთით _ ვანისა და ბაღდათის, ჩრდილოეთით ჭიათურა-საჩხერის და ტყიბული-თერჯოლის, სამხრეთით _ ბორჯომ-ბაკურიანის და ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიები მდებარეობს.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრების დაწყებას ტრადიცია მოციქულთა მოღვაწეობას უკავშირებს. ამ კუთხეში ქრისტიანობის ადრიდანვე მტკიცედ გავრცელების მიმანიშნებელია დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტიანული ძეგლები: V-VI საუკუნეების „კაცხის სვეტის“ ეკლესია, უდერძის წმინდა გიორგის ეკლესია, VI-VII საუკუნეების ტაბაკინის წმიდა გიორგის მონასტერი და სხვ.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მძლავრ ქართულ საეკლესიო კერად ითვლებოდა. ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები „ვაკე, მარგუეთი და თაკუერი“ კვლავ მცხეთის იურისდიქციაში იმყოფებოდა დასავლეთ საქართველოში აფხაზეთის საკათოლიკოსოს ჩამოყალიბების შემდეგ. თუმცა, მოგვიანებით, გეოგრაფიული მდებარეობის გამო ეს კუთხეც დასავლეთ საქართველოს მსხვილი საეკლესიო ცენტრის _ აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში აღმოჩნდა.

უშუალოდ მარგვეთის საეპისკოპოსოს დაფუძნებაც ამავე პერიოდს, დაახლოებით IX-X საუკუნეებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს, თუმცა იმ პერიოდის მარგველი მღვდელმთავრის შესახებ წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება.

ამდენად, უძველესი დროიდან ქრისტიანული საქართველოს უმნიშვნელოვანეს კერაზე _ ზემო იმერეთის ცნობილ არგვეთის საერისთავოში არგვეთის სამღვდელმთავრო კათედრის მღვდელმთავარი _ მარგველი არ იხსენიებოდა. მარგველი მღვდელმთავრის საეკლესიო წოდება 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. მე-20 საუკუნის საეკლესიო რეპრესიების დროს მარგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო. მარგვეთის ეპარქიის სრულყოფილი აღდგენა უწმიდესისა და უნეტარე-სის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მან 70-იანი წლების ბოლოს, ფაქტობრივად, დაიწყო გაუქმებული ეპარქიების განახლება. მათ შორის იყო მარგვეთის ეპარქიაც. 1995 წლის 5 აპრილს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მარგვეთის ვრცელი ეპარქიის საფუძველზე შეიქმნა ჭიათურის ეპარქიაც.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით მარგვეთის ეპარქიას სახელწოდება შეეცვალა და მას მარგვეთისა და უბისის ეპარქია ეწოდა. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა მთავარეპისკოპოსი ვახტანგ ახვლედიანი, რომელიც ეპარქიას 2013 წლამდე განაგებდა. 2013-2015 წლებში ეპარქიას მართავდა ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე, ხოლო 2015 წლის 12 იანვრიდან  _ ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე.

ძველთაგანვე მარგვეთის ეპარქიაში უდიდეს საეკლესიო სიწმინდედ ითვლება: ჯვარი (მთა ხარაგაულის რაიონში, ზეკარის უღელტეხილზე, საიდანაც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, იმერეთში აწყურიდან გადმოვიდა წმიდა ანდრია პირველწოდებული და ამ მთაზე აღმართა ჯვარი), ასევე ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობს წმიდა გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებული უბისის მონასტერი და სხვ.

მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მოქმედი ეკლესია-მონასტრები:

ზესტაფონის წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარი
ზესტაფონის წმიდა ნინოს ეკლესია
ტაბაკინის 12 მოციქულის ეკლესია
თერჯოლის წმიდა გიორგის ეკლესია
უჩამეთის წმიდა გიორგის ეკლესია
საღვინეს წმიდა გიორგის ეკლესია
თვრინის ჯვართამაღლების ეკლესია
როდინოულის ამაღლების ეკლესია
ღორეშის წმიდა გიორგის ეკლესია
ოდილაურის წმიდა გიორგის ეკლესია
სიქთავრის ფერისცვალების ეკლესია
საქარის წმიდა გიორგის და ჯვარცმის ეკლესია
ალავერდის წმიდა გიორგის ეკლესია
ნახშირღელის წმიდა გიორგის ეკლესია
დილიკაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი
ჩხარის წმიდა გიორგის ეკლესია
გოდოგნის წმიდა გიორგის ეკლესია
ბარდუბნის წმიდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს ეკლესია
ხარაგაულის ნებოძირის ეკლესია
თერჯოლის ძევრის წმიდა გიორგის ეკლესია
ზესტაფონის და კვალიეთის წმიდა გიორგის ეკლესია
კვალითის წმიდა გიორგის ეკლესია
ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია.

მონასტრები:

უბისის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი
ტაბაკინის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი

ნუნისის ღვთისმშობლის შობის მონასტერი

რიკოთის წმინდა გიორგის მონასტერი

არგვეთას წმინდა გიორგის მონასტერი

საქარის(გულბანდიანი) წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი

საქასრიის დედათა მონასტერი

სამლოცველო სახლი:

ზესტაფონის ქრისტეშობის სამლოცველო
ზესტაფონის წმიდა ნინოს სამლოცველო
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სამლოცველო.

აღდგენითი და მშენებარე ტაძრები:
ზესტაფონში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო და წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრები
ქვედა სიმონეთში წმიდა გიორგის ტაძარი
ლახუნდარაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ხიდარში წმიდა გიორგის ტაძარი
ვერტყვიჭალაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი.

საგანმანათლებლო დაწესებულებები: 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო სწავლების ცენტრი. დირექტორი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)

ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. გიმნაზია, დაბა ხარაგაული დეკანოსიძის ქ.4ი1, რექტორი _ ეპისკოპოსი მელქისედეკი(ხაჩიძე) აღმასრულებელი დირექტორი იღუმენი ანტონი

ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ბაგა ბაღი. დირექტორი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე).