საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სამთავისისა და კასპის ეპარქია

სამთავისისა და კასპის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში, ისტორიულ ზენა სოფელში მდებარეობს. ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქ – კასპსა და მის მიმდებარე სანახებს. ეპარქიის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, „რეხულას ზეით დიდ ლიახვამდე“, ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ მცხეთის მთავარეპისკოპოსის იურისდიქცია ვრცელდებოდა, რომლის საკათედრო ტაძარი სამთავროს ღვთაების ეკლესია იყო. სამღვდელმთავროს აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, რის გამოც მას ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან _ მცხეთა-თბილისის, წილკნისა და დუშეთის, ჩრდილოეთიდან _ ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან _ გორი-სამთავისის, სამხრეთიდან _ აგარაკ-წალკის და მანგლისი-თეთრიწყაროს ეპარქიები.

სამთავის-კასპის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქ კასპის ისტორიას ქართული წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ამ ტერიტორიაზე ადრეული ბრინჯაოს ხანის ქალაქური ტიპის დასახლებაა მიკვლეული. ტრადიცია კასპს ისტორიული ქართლის სამი უძველესი ქალაქის _ სარკინეს, ურბნისისა და ოძრხეს გვერდით იხსენიებს. ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნება მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთეულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა. ქალაქი განსაკუთრებით V ს-ში დაწინაურდა. დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობის გამო იგი „კასპის სასპასალაროს“ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტი, რომელიც ოსებმა სამი წლის ასაკში ტყვედ წაიყვანეს.

საეკლესიო ტრადიცია სამთავისში ეპარქიის საკათედრო ტაძრის აგებას, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ეკლესიებთან ერთად წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს მიაწერს, თუმცა, მეორე ვერსიით მისი აგება ცამეტ ასურელ მამათაგან ერთერთს _ ისიდორეს მიეწერება. სამთავნელი ეპისკოპოსი 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V ს. ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული და სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღად 472 წელია მიჩნეული.

დღემდე მოღწეული XI ს. სამთავისის ტაძრის ამშენებელი, ეპისკოპოსი ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელია. სამთავისის ეპისკოპოსი იყო „მწყემსი ქსნისა და ლეხურას ხეობისა“. სამთავისის კათედრის დიდ მნიშვნელობას მიანიშნებს მისი ჯერ ქართლის კათოლიკოსის, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის მიქაელის დაქვემდებარებაში ყოფნა (XII ს. ბოლოს), შემდეგ კი მწიგნობართუხუცეს ანტონ გლონისთავის ძის ჭყონდიდელ-სამთავნელობა.

სამთავნელი გიორგი V ბრწყინვალის ეპოქაშიც დაწინაურებული მღვდელმთავარია.

მწყემსმთავრის მამული ადრეული ხანიდანვე ძალიან დიდი იყო. და მას განსა-კუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ მეფე-მთავრები, კათოლიკოსები. სამთავისი დიდ დახმარებას იღებდა ამილახორთაგან, რომელთა საძვალედაც იყო მიჩნეული გიორგი ბრწყინვალის დროიდან.

დროთა განმავლობაში, მტერთაგან მრავალი შემოსევისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო სამთავისის სამღვდელმთავრო კათედრა ნელ-ნელა დაემცრო. მე-19 საუკუნის დამდეგს, 1803 წ. წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამთავისის ეპარქია მალევე გაუქმდა.

უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით და საეკლესიო სიწმინდეებით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ერთა-წმინდის წმიდა ესტატეს სამონასტრო კომპლექსი, რკონის სამონასტრო კომპლექსი და ქვათახევის დედათა მონასტერი, სამთავისის საკათედრო ტაძარი, სადაც განისვენებს VI ს. მოღვაწე ასურელ მამათაგანი წმიდა მამა ისიდორე სამთავნელი, ქვემო ჭალაში ამილახვრების სასახლეში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესია და სხვილოს ციხის ჯვარ-პატიოსნის სახ. ეკლესია.

სამთავისის საკათედრო ტაძარში უძველესი დროიდან ცნობილი ქართველი მწიგნობრები, მწერლები და ღვთისმსახურები მოღვაწეობდნენ, რომლებიც წმინდა დიდი მამის ისიდორე სამთავნელის გზას აგრძელებდნენ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: XV ს II ნახევარში მოღვაწე გრიგოლი, ეპისკოპოსი ზოსიმე, ილია (XVI ს.), მელიტონი (XVII ს. 70-80-იანი წლები), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს.), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს. II ნახევარი), რომანოზ ერისთავი (XVIII ს. 30-40-იანი წლები), XVIII საუკუნეში სამთავისში მოღვაწეობდნენ ანტონ ბაგრატიონი, შემდეგში ანტონ I საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი; ბენედიქტე სამთავნელი, ფილიპე (XVIII ს. 60-იანი წლები), იულიოს სამთავნელი, გერვასი მაჭავარიანი და სხვ.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა საეპისკოპოსოთა იურისდიქციაში შედიოდა. 1994 წ. რუის_ურბნისს გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისის და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, ხოლო 2013 წლიდან ეპარქიათა საზღვრების ხელახალი გადანაწილების შემდეგ ჩამოყალიბდა სამთავისისა და კასპის სახელწოდებით. უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე ეპარქიას ამჟამად განაგებს სამთავისისა და კასპის ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია).

სამთავისისა და კასპის ეპარქიაში არსებული მოქმედი ეკლესია-მონასტრების  ჩამონათვალი:
სამთავისის ამაღლების საკათედრო ტაძარი
კასპის წმიდა თეოდორე ტირონის ეკლესია
კავთისხევის წმიდა გიორგის ორი ეკლესია
ოკამის წმიდა გიორგის ეკლესია
დოესის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ახალქალაქის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ერთაწმინდას წმიდა ევსტატი პლაკიდას ეკლესია
ნიაბის წმიდა გიორგის ეკლესია
ხანდაკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
ეზატის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია.
ქვათახევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.