საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

გორისა და ატენის ეპარქია

გორისა და ატენის ეპარქია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ეპარქია მოიცავს ძველ ქალაქ _ გორს და მის მიმდებარე სანახებს. სამღვდელმთავროს, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო, ქართლში არსებულ ეპარქიათა უმრავლესობა ესაზღვრება: აღმოსავლეთიდან _ სამთავისისა და კასპის, ჩრდილოეთიდან _ ნიქოზისა და ცხინვალის, დასავლეთიდან _ ურბნის-რუისისა და ბორჯომ-ბაკურიანის, სამხრეთიდან _ წალკის ეპარქიები.

გორისა და ატენის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს ქართული საისტორიო წყაროები სამართლიანად მიაკუთვნებენ შორეულ წარსულს. ამ რეგიონში ადრეული ბრინჯაოს ხანის ქალაქური ტიპის დასახლებებია მიკვლეული.

ქალაქ გორის მოხსენიება კი, სტეფანოზ ერისმთავრის შვილის, არჩილისაგან იწყება, რომელმაც მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი გორში დაფლა. გორს ადრე განძის სამალავი _ „ტონთიო“, „ოქროს მთა“ ეწოდებოდა. მას სახელი VII ს. პირველ მესამედში, 627-628 წწ. საქართველოში შემოჭრილმა „ერეკლე კეისარმან უწოდა და ჰყო საფვლელად საგანძურთა“. ქალაქს სახელი _ გორი მაღალი გორაკების გამო დარქმევია. გორში ქრისტეს შობამდე, პირველი ათასწლეულიდან არის აღმართული მძლავრი თავდაცვითი ნაგებობა _ გორის ციხე.

ამ მხარეში ქრისტეს ეკლესიის დაფუძნების ადრეული ეტაპის შესახებ არქეოლოგიური მონაცემები მიანიშნებს. აქ აღმოჩენილია პირველქრისტიანთა მოღვაწეობის დამადასტურებელი არტეფაქტები, რაც მოციქულთა მოღვაწეობის ხანას უკავშირდება. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ ეს კუთხე ერთ-ერთ უმთავრეს საქრისტიანო ცენტრად იქცა. იგი თავიდანვე მცხეთის საპატრიარქო საყდრის იურისდიქციაში შედიოდა და მსხვილ საეპარქიო ერთე-ულად ადრიდანვე ჩამოყალიბდა.

ეს მხარე ადრიდანვე გარეშე მტრის ხშირი შემოსევებისა თუ შიდა დაპირისპირების გამო მრავალჯერ დარბეულა. უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარე რეგიონის დაუფლება შიდა ქართლზე პოლიტიკური ბატონობის საფუძველი ხდებოდა.

თანამედროვე გორისა და ატენის ეპარქიის მომცველი ტერიტორია მრავალ გამორჩეულ ღვთისმსახურთა და საზოგადო მოღვაწეთა მშობლიურ მხარედ ითვლება.

აქაური წარმომავლობის იყვნენ ცნობილი მღვდელმთავრები, შემდეგში უკვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, ხოლო ეგზარქოსობის დროს ეგზარქოს ქორეპისკოპოსები: მთავარეპისკოპოსი მიქაელი (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მიქაელ VI _ 1411-1426 წწ.); მთავარეპისკოპოსი მალაქია (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1528-1538 წწ.); მთავარეპისკოპოსი იოანე ავალიშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იოანე VI _ 1610-1613 წწ.); მთავარეპისკოპოსი დომენტი ბაგრატიონი, მუხრან ბატონის ძე (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დომენტი II _ 1660-1676 წწ.); მთავარეპისკოპოსი კირილე ციციშვილი (საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1737-1739 წწ.); ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე 1898-1900 წწ. (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1918-1921 წწ.); წმიდა მღვდელმთავარი კირიონ საძაგლიშვილი 1900-1901 წწ. (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1917-1918 წწ.); ეპისკოპოსი ქრისტეფორე ციციშვილი (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1927-1932 წწ.); ეპისკოპოსი ეფრემ სიდამონიძე (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1960-1972 წწ.). ამ ეპარქიაში მოღვაწეობდნენ: მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე ნაცვლიშვილი XVII-XVIII სს.; ეპისკოპოსი დორეთეოს ფიცხელაური 1811-1814 წწ.; ეპისკოპოსი ნიკიფორე ჯორჯაძე 1842-1850 წწ.; წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე 1858-1860 წწ.; წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე 1869-1882 და 1886-1898 წწ. და სხვა მრავალი.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, ამ კუთხის მრავალრიცხოვან ეკლესიათა უმრავლესობა დაიკეტა ან დაინგრა სამაზრო აღმასკომის სპეციალური ტერლეგიონის მიერ. მღვდელმსახურები კი საყოველთაო რეპრესიების მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამ მხარეში ისე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, ღვთისმსახურთა გამრავლება მხოლოდ ბოლო პერიოდში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მწყემსმთავრობის დროს გახდა შესაძლებელი.

ტრადიციულად გორისა და ატენის ეპარქია მდიდარი იყო საეკლესიო სიწმინდეებით. გადმოცემის თანახმად გორიჯვრის წმიდა გიორგის ეკლესიაში, რომლის აშენება წმინდა მეფე თამარს მიეწერება, დაბრძანებული იყო ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605 წწ.) მიერ შეწირული „დიდრონი სასწაულმოქმედი ჯვარი“. ვახუშტის ცნობით „ჯვარსა შინა გამოსახული არის წმინდა გიორგის თავი“. წმიდა ნაწილჩატანებული დიდი ჯვარი კანკელის წინ იყო აღმართული. წმინდა გიორგის ტაძრის ზედწოდება _ „გორიჯვარიც“ აქედან მომდინარეობს. სასწაულმოქმედი ჯვარი 1920 წ. ექვთიმე თაყაიშვილმა შეიძინა, ამჟამად იგი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია.

უძველესი ეპარქია ოდითგანვე ცნობილი იყო ეკლესია-მონასტერთა სიმრავლით, ბერ-მონაზონთა მოსაგრე და თავდადებული მოღვაწეობით. ტაძართაგან განსაკუთრებით გამორჩეულია ატენის სიონი, ხოლო სიონის პირისპირ, არის მონასტერი ნათლისმცემლისა; არბოს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია; კარალეთის (ძველად ნაჭარმაგევი, რომელიც დავით აღმაშენებლის დროს ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო), ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია; მეღვრეკისში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია: „დიდ-ლიახვზედ, არის მეღვრეკისს მონასტერი უგუმბათო, უზის წინამძღვარი“. ეკლესიის აგება წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. გადმოცემით ტაძარი პალესტინის ერთ-ერთი ქართული მონასტრის მე-ტოქად არის მიჩნეული.

დროის მდინარების კვალად, მტერთა შემოსევებით თუ ბუნებრივი კატაკლიზმებით (XIX-XX სს. მიჯნაზე) მრავალგზის იავარქმნილ უძველეს საქრისტიანო კერაზე საეკლესიო შენობა-ნაგებობათა ღვთისმსახურებისთვის აღდგენა მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ეს მხარე ხან წილკნის, ხანაც რუის-ურბნისისა და სხვა საეპის-კოპოსთა იურისდიქციაში შედიოდა. 1994 წ. რუის-ურბნისს გამოეყო კასპისა და გორის რაიონების ტერიტორია და სამთავისის და გორის ეპარქიის სახელწოდებით აღდგა ამ კუთხის უძველესი საეკლესიო სამწყსო, ხოლო 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ეპარქიათა საზღვრების რეორგანიზაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სამღვდელმთავროები.

სამთავისისა და გორის ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა:

ა) გორისა და ატენის ეპარქია,
ბ) სამთავისისა და კასპის ეპარქია.

უძველესი და მდიდარი კულტურული ისტორიის მქონე გორისა და ატენის ეპარქიას ამჟამად განაგებს მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა.

გორისა და ატენის ეპარქიაში მოქმედი  ეკლესია-მონასტრების ჩამონათვალი:

გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
გორის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
გორის ხარების ეკლესია
გორის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
გორის წმიდა გიორგი მთაწმინდელის ეკლესია
კარალეთის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია
ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია
ზერტის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია
არბოს წმიდა გიორგის ეკლესია
გორიჯვრის წმიდა გიორგის ეკლესია
ფხვენისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ფხვენისის წმიდა გიორგის ეკლესია
ყელქცეულის წმიდა გიორგის ეკლესია
ხვითის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
მეღვრეკისის წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის ეკლესია
ერგნეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
უფლისციხის წმიდა გიორგის ეკლესია
არაშენდას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესია
ფლავის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
დოესის ყოვლადწმიდა სამების ეკლესია

მონასტრები:
ატენის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი.