საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

დეკანოზ ლევან მათეშვილის მოხსენება ინტერრელიგიურ კონფერენციაზე

18 ივლისი
კატეგორია:
dekanoz-levan-mateshvilis-moxseneba-interreligiur

ა.წ. 17 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ირგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენცია  სახელწოდებით – „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის – რელიგიების როლი საქართველოში – 1918-2018 წ.წ.“

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აღნიშნულ კონფერენციაზე საქართველოს ეკლესიის შესახებ სიტყვით გამოვიდა დეკანოზი ლევან მათეშვილი.

გთავაზობთ მის მოხსენებას:

საქართველო და მართლმადიდებელი ეკლესია 1918-2018 წწ.

საქართველოს მართლმადიდებელელი ეკლესია 2000 წელია სულიერად ასაზრდოებს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ. ეს ვრცელი წინააღმდეგობებით აღსავსე გზაა, მაგრამ უაღრესად საპატიო, რომელიც ყოველთვის გადაჯაჭვული იყო ქვეყნის განვითარების, წარმატების და წარუმატებლობის ხვედრთან. ყველა დროს თავისი გამოწვევები ჰქონდა, მაგრამ ბოლო 100 წელი საზოგადოებისთვისაც, ეკლესიისთვისაც ჭეშმარიტად ,,აპოკალიფსური” განსაცდელების ჟამი გამოდგა. მსგავსი დონის მასშტაბური კატაკლიზმები არც სამოციქულო პერიოდის დევნებს ახასიათებდა და არც საქართველოს დაუკარგავს იმდენი შვილი, რაც მე-20 საუკუნის ქარტეხილებმა შეიწირა.

1918-2018 წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა და მდგომარეობა პირობითად შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს: 1. 1918-1921წწ; 2. 1921-1977 წწ; 3. 1977-დღემდე.

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ერთი წლით წინ უსწრებდა და გარკვეულწილად ამზადებდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. შემდეგაც ეკლესია ყველა მის ხელთ არსებული რესურსით ეხმარებოდა ქვეყანას, განსაკუთრებით კი იდეურად. კათოლიკოს-პატრიარქები კირიონი და ლეონიდე თავის ეპისტოლეებში მოუწოდებდნენ სამწყსოს, სიღრმისეულად გაეცნობიერებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობა და მისი დაცვის აუცილებლობა.

მიუხედავად ასეთი თანადგომისა, მაშინდელი ათეისტური მთავრობა სულაც არ იყო მოსურნე კოლაბორაციის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მენშევიკური მთავრობის ინიციატივით იწყება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროვება, რომელიც ისედაც დიდად იყო დაზარალებული რუსეთის ცარისტული იმპერიის წნეხისგან და ახალი გამოსული ამ სიტუაციიდან.

საქართველოს დამოუკიდებელმა მთავრობამ ეკლესიის და რელიგიური ორგანიზაციების მიმართ სეპარაციის კურსი აიღო. 1918 წლის 26 ნოემბერს სკოლა გამოეყო ეკლესიას, 1920 წლის 19 ნოემბერს ეკლესია, – სახელმწიფოს, რაც დაადასტურა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციამაც (მ.16)

სახელმწიფომ სმე-ს ჩამოართვა მიწები და სხვა მრავალი უძრავ-მოძრავი ქონება, მოახდინა მათი ნაციონალიზაცია და კონსტიტუციაში ჩაწერა ცინიკური მუხლი, – სახელმწიფომ არ უნდა დააფინასოს ეკლესია.

 ეკლესია ფინანსური კრახის წინაშე დადგა, მაგრამ კვლავ აგრძელებდა მენშევიკური მთავრობის და ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას და სთავაზობდა სახელმწიფოს მთელ რიგ საკითხებში თანამრომლობას.

თქვენს ლოცვებში მოხსენიება სულ არ გვაინტერესებს,- ასეთი იყო მენშევიკური მთავრობის პასუხი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურთა მხრიდან საკუთარი მოსახლეობის მაინდიფიცირებელი სულიერი ცენსტრისადმი ანტაგონისტურმა პოლიტიკამ, ქვეყნის სამხედრო პოტენციალისადმი ეჭვის თვალით და პოლიტიკური ანგაჟირებულობით აღქმამ და არაეროვნულმა პოლიტიკამ თავისი ნაყოფი გამოიღო: ნოე ჟორდანიას მთავრობამ ვეღარ შეინარჩუნა მმართველობა და პარიზში გაიხიზნა. საქართველოს მოსახლეობა და მართლმადიდებელი ეკლესია კი ამჯერად ბოლშევიკური ძალადობისა და აგრესიის მსხვერპლი გახდა.

საქართველოს ეკლესია XX საუკუნის 20-30-იან წლებში ყოველი მხრიდან რეპრესირებული იყო. მის უფლებებს, რა თქმა უნდა, ზღუდავდნენ მენშევიკები, მაგრამ ბოლშევიკების ანტირელიგიურ კამპანიას პრეცედენტი არ მოეძებნება. ისინი ხურავდნენ და ანგრევდნენ ტაძრებს: 1924 წლამდე საქართველოში 1500 მდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 1600 მდე სასულიერო პირი იყო. ხოლო 30-იან წლების ბოლოს, – 20-მდე ტაძარი და 30-მდე სასულიერო პირი, აბუჩად იგდებდნენ და სცემდნენ მორწმუნეებს, მრავალმა სასულიერო და საერო პირმა სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა.

აღსანიშნავია ჩვენი სასულიერო დასის საკუთარი ხალხისადმი ერთგულება, მაგ: მეზობელი ქვეყნის ეკლესიის უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა და იქ დააფუძნა ემიგრანტული ეკლესია, საქართველოში სასულიერო პირებმა კი საკუთარი ხალხის მძიმე ხვედრი ბოლომდე გაიზიარეს და მისი უმრავლესობა შეეწირა არაადამიანურ რეჟიმს.

ასეთ პირობებში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) იძულებული გახდა, დახმარებისათვის საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის მიემართა. მან გენუის კონფერენციას (1922, 10-19.V) წერილი გაუგზავნა, სადაც დაგმო საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოება და სამართლიანობის აღდგენა მოითხოვდა. 1923 წლის იანვარში კათოლიკოს-პატრიარქი და საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრი დააპატიმრეს, გაასამართლეს (1924 წლის 10-19 მარტს) და მსჯავრი დასდეს.

პატრიარქ ამბროსის ეს თავგანწირული ნაბიჯი საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი ამას აღიქვამდა, როგორც დაუფიქრებელ და ანექსირებულ საქართველოში ეკლესიის არსებობისთვის საშიშ ფაქტად, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ უფრო გაძლიერდებოდა რეპრესიები და საერთოდ განადგურდებოდა ეკლესია.

დღეს კი თითქმის ყველა ამას ეროვნული გმირის შეწირულ ქმედებად მიიჩნევს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო რეზონანსმა სწორედაც გადაარჩინა წმ. Aანდრია პირველწოდებულისა და წმ. ნინოს მიერ დაფუძნებული ეკლესია ლიკვიდაციას. სწორედ საერთაშორისო რეზონანსის წყალობით ვეღარ გაბედეს ეკლესიის სრული განადგურება, როგორც ეს ალბანეთში მოხდა და 1925 წლის დასაწყისში პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს ყველა წევრი ამნისტიის წესით გაათავისუფლეს.

იმის გამო, რომ ეკლესია კვლავ სარგებლობდა ხალხში ნდობითა და სიყვარულით, ხელისუფლებამ, ტოტალური კონტროლის პირობებში, დაიწყო პროპაგანდისტული კამპანიები, რათა რეპუტაცია შელახვოდა საქართველოს ეკლესიას. ამისთვის განსაკუთრებით იყენებდა ხელოვნების სფეროს, კერძოდ მწერლობას და კინემატოგრაფიას, რამაც თანდათან შესაბამისი შედეგები გამოიღო.

როგორც აღვნიშნეთ, ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში განადგურდა ურიცხვი ისტორიული ეკლესია-მონასტერი, უძველესი უნიკალური ხატები და საეკლესიო ნივთები, მსოფლიო კულტურის შედევრებებს რომ წარმოადგენდნენ. შეეწირა ასობით და ათასობით სასულიერო პირი, რომელთაგან ზოგმა უდიდეს ზეწოლას ვერ გაუძლო და უარი თქვა საეკლესიო ღვაწლზე, მაგრამ სხვა ამპლუაში მაინც აგრძელებდნენ ხალხის მსახურებას, მაგალითად, განათლების სფეროში. Eეკლესიის ინტელექტუალურმა ცოდნამ სკოლებში, ინსტიტუტებში და განსაკუთრებით უნივერსიტეტში გადაინაცვლა. ამიტომაც იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა არამარტო განათლების, არამედ სულიერების ცენტრი იმ დროის საქართველოში.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საქართველოს ეკლესია განამტკიცებდა სამწყსოს და თავისი მწირი რესურსებით ახერხებდა ჰუმანიტარულ დახმარებას ფრონტის ხაზზე მყოფ როგორც 700 000 საქართველოს შვილისთვის, ისე საერთოდ მებრძოლთათვის.

1941-1945 წწ. საქართველოს ეკლესიას, სსრკ-ს სხვა რელიგიური ორგანიზაციების მსგავსად, აქტიურობის მეტი საშუალება მიეცა. საკავშირო მინისტრთა საბჭოში 1943 წელს შეიქმნა «რელიგიურ საქმეთა კომიტეტი», რომლის თავმჯდომარეს რწმუნებულები მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკებშიც ჰყავდა. ისინი ეკლესიასა (რელიგიურ ორგანიზაციებს) და სახელმწიფოს შორის შუამავლის როლს ასრულებდნენ და მათ ზოგიერთ მოთხოვნას გაჭირვებით, მაგრამ მაინც ითვალისწინებდნენ. მაგ. მართლმადიდებელი ეკლესიების რიცხვი საქართველოში 1945 წელს 39-მდე გაიზარდა, გამოიცა რამდენიმე წიგნი, მათ შორის საეკლესიო კალენდარი, ჩაისახა სასულიერო სასწავლებლის გახსნისა და პერიოდული ჟურნალის დაარსების იდეა, მაგრამ ხელისუფლების შედარებით ლოიალური კურსი XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ისევ შეჩერდა.

აღვნიშნავთ, რომ 1943 წლის 31 ოქტომებრს აღდგა ურთიერთობა რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის, რის თაობაზეც რუსეთის პატრიარქმა სერგიმ აღმოსავლეთის პატრიარქებს აუწყა. ამ ფაქტმა ჩვენს ეკლესიას მისცა საშუალება საერთაშორისო დონეზე გამოსვლისა და პირველმა გაჭრა გზა ევროპისაკენ. 1962 წლიდან დამყარდა კავშირი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან: _ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან, ქრისტიანთა სამშვიდობო კონფერენციასთან, ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან (1979 წ.), ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტთან და ბიბლიურ საზოგადოებებთან (1993 წ.). განხორციელდა ვიზიტები საზღვარგარეთ, მაგალითად, 1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II ეწვია საფრანგეთს, სადაც ქართველ ემიგრანტთა დიასპორა მოინახულა და პარიზში გრიგოლ ფერაძის მიერ გახსნილ წმ. Nნინოს ეკლესიასაც ეწვია.

ე.წ უძრაობის წლების უმნიშვნელოვანეს მოვლენად მცხეთის სასულიერო სემინარიის დაარსება უნდა ჩაითვალოს, თუმცა სასულიერო პირების რიცხვი ცოტა იყო, რადგან, მართალია კონსტიტუციით სინდისის თავისუფლება გარანტირებული იყო, მაგრამ საქმით ეკლესიური ცხოვრება იკრძალებოდა და ამაში შემჩნეულნი მკაცრად იკიცხებოდნენ. განსაკუთრებით მართლმადიდებლობის დამცველნი და მსახურნი თუმცა ერთგვარ პარადოქსსაც ჰქონდა ადგილი: კომუნისტური პარტია ქადაგებდა ათეიზმს, მაგრამ პარტიული მუშაკებიც და საზოგადოების დიდი ნაწილი შვილებს ნათლავდნენ, აღდგომას კვერცხებს ღებავდნენ და სხვა. მართალია, კატაკომბური წესით, მაგრამ მაინც.

მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის (ირაკლი შიოლაშვილი) აღსაყდრება მოხდა ( 1977, 25, XII), საქართველოში საეკლესიო-სასულიერო ცხოვრების განახლების პროცესი ერთბაშად დაიწყო.

სიონის საკათედრო ტაძარი მალე დისიდენტურად განწყობილი ახალგაზრდებისა და ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად იქცა. კათოლიკოს-პატრიარქის პიროვნება საზოგადოების დიდი ნაწილის, მათ შორის მმართველი ზედაფენის თვალში მიმზიდველობას იძენდა, რაც კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც კი, სხვადასხვა პროექტის განხორციელების წინაპირობას ქმნიდა. 1978 წელს დაარსდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი «ჯვარი ვაზისა» და 1980 წელს, – «საღვთისმეტყველო კრებული» (რომელიც შიდამოხმარეობისთვის ოყო განკუთვნილი), 1988წ. გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, ხოლო 1990წ. გელათისა. ფუნქციონირება დაიწყო რამდენიმე სემინარიამ, თანამედროვე ქართულად ითარგმნა ბიბლია, სათავე დაედო ეკლესიის მამათა შრომების თანამედროვე ქართულ ენაზე ამეტყველების პროცესი, ამოქმედდა დაკეტილი ეკლესიები, აღდგა დანგრეული ტაძრები და მონასტრები, გამოიცა ლიტურგიკული და საღვთისმეტყველო წიგნები. ეკლესიის და კათოლიკოს-პატრიარქის მეცნიერებთან ურთიერთობის შედეგია, რომ აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია.

უმნიშვნელოვანესი ფაქტია 1990 წლის 3 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების დამოწმება და 2002 წელს საქართველოს სახელმწიფოსთან კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმება.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის თავისი ხალხის გვერდით იდგა, მათ შორის უმძიმეს 90-იან წლებშიც. მარტო საპატრიარქოს კარის ეკლესიასთან არსებულ მოწყალების სახლში ყოველდღიურად მაშინ, უშუქობის პერიოდში, 3000 ადამიანი იკვებებოდა…

უმძიმეს 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველოს ეკლესიამ შეიძლება ითქვას ისტორიული როლი შეასრულა ქვეყნის ცხოვრებაში. მან არამარტო ჰუმანიტარული მისია აღასრულა და დაჭრილები და მიცვალებულები გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სახელმწიფოს ფუნქცია შეითავსა: მოსახლეობის უსაფრთხოების, გამოკვების, საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკების მხრივ. ეს დრამატული დღეები მრავალი გაცხადებული თუ დაფარული გმირობის საფუძველი გახდა. და ამის მაგალითი თავად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.

მოგეხსენებათ, კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, სახელმწიფომ საქართველოს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივი კონპენსაციის სახით დაიწყო საპატრიარქოს ყოველწლიური დაფინანსება. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გადაწყვეტილებით ეს თანხა წარიმართა არა ეკლესიის საჭიროებისთვის, არამედ ისევ საქართველოს მომავალი თაობის საგანმანათლებლო საქმიანობისა და სოციალური მსახურებისთვის. პირველიერარქის დამოკიდებულების შედეგია, რომ დღეს ფუნქციონირებს ათეულობით სკოლა, რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი და უნივერსიტეტი. სამოწყალო-საქველმოქმედო სახლები, ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, სავადმყოფოები. რადიო, ტელევიზია… თუმცა მასმედია, ჩვენის მხრიდან არაერთგზისი განმარტების მიუხედავად, როგორც აღნიშნული თანხის შესახებ, ისე სხვა საკითხებთან მიმართებაში ხშირად მიზანმიმართულ და გაყალბებულ ინფორმაციას მაინც მუდმივად აწვდის საზოგადოებას და თავისი ამგვარი პოზიციით გვაგონებს…არც თუ ისე შორეულ წარსულს.

საქართველოს ეკლესიამ დიდი ყურადღება დაუთმო ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას. მის სახელს უკავშირდება ისეათი მივიწყებული დარგების განვითარება, როგორიცაა: ქართული გალობა, მონუმენტური მხატვრობა, ხატწერა, ქსოვა, მინანქარი, ქარგვა, კალიგრაფია, ქვევრის ღვინის წარმოება, მეფუტკრეობა… ყველაფერი ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების, კერძოდ კი რელიგიური ტურიზმის აღორძინების ფაქტორიც გახდა.

მისიონერული მოღვაწეობის მიღმა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტოლერანტული გარემოს შექმნა და ინტეგრაციული პროცესებისთვის ხელის შეწყობა. საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონი ყოველგვარი ინდოქტრინიზაციის გარეშე ანხორციელებს სასწავლო პროექტს, სადაც ქრისტიანი და მუსლიმი ბავშვები იღებენ განათლებას. ეს სკოლა 2018 წელს სახალხო დამცველის ოფისის მიერ გამარჯვებულად დასახელდა საუკეთესო ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის.

საქრთველოს საპატრიარქო ასევე ანხორციელებს უპრეცედენტო პროექტს სხვადასხვა ეროვნების მოზარდი თაობისთვის. უკვე ხუთი წელია, საზაფხულო ბანაკებში ეთნიკურად ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და აფხაზი ყმაწვილები ისვენებენ, განათლებას იღებენ, ვარჯიშობენ და რაც მთავარია სწავლობენ მეგობრულ ურთიერთობებეს; ეს კი თავის მხრივ რეგიონში მშვიდობისა და ინტეგრაციული პროცესების ხელის შემწყობია.

ბოლოს მინდა აღვნიშნოთ, რომ მისმა უწმინდესობამ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თავისი ხანგრძლივი მამამთავრობის პერიოდში ეკლესია ატარა წინააღმდეგობებით აღსავსე ეპოქაში. მის დროს არა მარტო ხელისუფლებები იცვლებოდა, არამედ ფორმაციებიც. სხვა სახელმწიფოში მყოფობიდან დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში ეკლესიის წინაშე ურთულესი ამოცანები იდგა. მისი უწმინდესობის მეთაურობით უდიდესი მისიები აღსრულდა და ეკლესია და ჩვენი ხალხი აქამომდე მოვიდა.

1977 წლიდან 2018 წლამდე ეკლესია საქართველოსთვის, მართლაც, უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად იქცა; როგორც წარსულში, დღესაც იგი აგრძელებს თავის უმთავრეს მისიას,_ დაამოწმოს ჭეშმარიტება დედამიწაზე და ამავდროულად ლოცულობს და ქმედით ნაბიჯებს დგამს სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ხალხის უკეთესი მომავლისათვის.

დეკანოზი ლევან მათეშვილი
ისტორიის დოქტორი,
თეოლოგიის დოქტორი,
განათლების მეცნიერების დოქტორი