საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

„ავტონომია და მისი გამოცხადების წესი“

9 აპრილი
avtonomia-da-misi-gamocxadebis-wesi

Russian (ru)English (en)Greek (gr)

  „ავტონომია და მისი გამოცხადების წესი“

V საერთომართლმადიდებლური კრებისწინა თათბირის განჩინება
შამბეზი, 10-17 ოქტომბერი 2015 წელი ქვეყნდება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების სინაქსისის განჩინების საფუძველზე, შამბეზი, 21-28 იანვარი, 2016 წელი 

V კრებისწინა საერთომართლმადიდებლურმა შეკრებამ იმუშავა რა, მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის მიერ შამბეზიში 2009 წლის 9-17 დეკემბრს მომზადებულ ტექსტზე „ავტონომია და მისი გამოცხადების გზა”, განიხილა ავტონომიის ინსტიტუტის ეკლესიოლოგიური, კანონიკური და სამოძღვრო მხარეები და გამონახა ერთიანი ფორმულირება საერთომართლმადიდებლური პოზიციისა მოცემულ საკითხზე.

საკითხები, რომლებიც განიხილა V კრებისწინა საერთომართლმადიდებლურმა შეკრებამ და რომლებიც მომდინარეობენ ზემოხსენებული მართლმადიდებელთაშორისი მოსამზადებელი კომისიის ტექსტის თემიდან, ეხებოდნენ:

ა) ავტონომიის ინსტიტუტის გაგებას, შინაარსს და მის სხვადასხვა ფორმებს;
ბ) წინაპირობებს, რომელთა საფუძველზეც ადგილობრივი ეკლესია ითხოვს ავტო­ნომიას ავტოკეფალური ეკლესიისაგან, რომელსაც იგი ექვემდებარება;
გ) ავტოკეფალური ეკლესიის ექსკლუზიურ კომპეტენციას, ინიცირება გაუწიოს და დაასრულოს თავისი კანონიკური იურისდიქციის ნაწილისთვის ავტონომიის მინიჭების პროცედურა. ამასთან, ავტონომიური ეკლესიები არ ფუძნდება მართლმადიდებლური დი­ასპორის ტერიტორიაზე, და
დ) თუ როგორ აისახება აღნიშნული საეკლესიო აქტის შედეგები ავტონომიურად გამოცხადებული ეკლესიის ურთიერთობებზე, როგორც იმ ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, ასევე სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან.   1. ავტონომიის ინსტიტუტი გამოხატავს, კანონიკური სახით, ეკლესიის ერთი კონკ­რეტული ოლქის შედარებით ან ნაწილობრივ დამოუკიდებლობას იმ ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციისაგან, რომელსაც იგი კანონიკურად მიეკუთვნება.

ა) აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენებისას, საეკლესიო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ავტონომიური ეკლესიის დამოკიდებულების განსხვავებული ხარისხები იმ ავტოკეფალურ ეკლესიაზე, რომელსაც იგი კანონიკურად მიეკუთვნება.
ბ) ავტონომიური ეკლესიის მეთაურის არჩევას ამტკიცებს ან ახორციელებს კომ­პეტენტური საეკლესიო ორგანო ავტოკეფალური ეკლესიისა, რომლის წინამძღოლსაც იგი იხსენიებს და იმყოფება მასთან კანონიკურ დამოკიდებულებაში.
გ) ავტონომიის ინსტიტუტის ფუნქციონირებისას, არსებობს საეკლესიო პრაქტი­კაში მისი გამოყენების სხვადასხვა ფორმა, რომელსაც განსაზღვრავს ავტონომიური ეკ­ლე­სიის ავტოკეფალურზე დამოკიდებულების ხარისხი.
დ) ავტონომიის ზოგიერთი სახისას, ავტონომიური ეკლესიის დამოკიდებულების ხარისხი განისაზღვრება მისი მეთაურის ავტოკეფალური ეკლესიის წმინდა სინოდში მონაწილეობითაც.   2. ეკლესიის რომელიმე ნაწილისათვის ავტონომიის მინიჭების პროცესის ინიცირება და დასრულება შედის იმ ავტოკეფალური ეკლესიის კანონიკურ იურისდიქციაში, რომელსაც მიეკუთვნება ეკლესია, რომელიც უნდა გამოცხადდეს ავტონო­მიურად. ამგვარად:

ა) თუკი ადგილობრივ ეკლესიას, რომელიც ითხოვს ავტონომიას, გააჩნია აუცი­ლებელი საეკლესიო და სამოძღვრო წინაპირობები, იგი მიმართავს ავტოკეფალურ ეკლე­სიას, რომელსაც მიეკუთვნება შესაბამისი თხოვნით, რომელშიც განმარტავს იმ სერიო­ზულ მიზეზებს, რითაც ნაკარნახევია აღნიშნული თხოვნის აღძვრა.
ბ) იღებს რა ასეთ თხოვნას, ავტოკეფალური ეკლესია სინოდზე აფასებს თხოვნის აღძვრის წინაპირობებსა და მიზეზებს და იღებს ავტონომიის მინიჭებისა ან არმინიჭების გადაწყვეტილებას. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, იგი გამოსცემს შე­სა­ბამის ტომოსს, რომელიც განსაზღვრავს ავტონომიური ეკლესიის გეოგრაფიულ საზ­ღვრებ­სა და ურთიერთობებს ავტოკეფალურ ეკლესიასთან, რომელსაც იგი მიეკუთვნება, საეკლესიო გარდამოცემით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
გ) ავტოკეფალური ეკლესიის წინამძღოლი აცნობებს მსოფლიო საპატრიარქოსა და დანარჩენ ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიებს ეკლესიის ავტონომიურად  გა­­მოცხადების თაობაზე.
დ) ავტონომიური ეკლესია მართლმადიდებელთაშორის, ქრისტიანთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებში წარმოდგენილია იმ ავტოკეფალური ეკლესიით, რომლისგანაც მიენიჭა ავტონომია.
ე) ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას მხოლოდ საკუთარი გეოგრაფიული ოლქის ფარგლებში შეუძლია ავტონომიის სტატუსის მინიჭება. მართლმადიდებლური დიასპორის ტერიტორიაზე არ ხდება ავტონომიური ეკლესიების დაარსება, გარდა საერთომართლ-მადიდებლური კონსესუსის არსებობისა, რომელსაც უზრუნველყოფს მსოფლიო პატრიარქი, არსებული საერთომართლმადიდებლური პროცედურის თანახმად.
ვ) იმ შემთხვევაში, თუკი ერთი და იმავე გეოგრაფიულ საეკლესიო ოლქს, ერთ­დროულად ორი ავტოკეფალური ეკლესია მიანიჭებს ავტონომიის სტატუსს, რაც შედე­გად წარმოშობს უთანხმოებებს აღნიშნულ ავტონომიებზე, მონაწილე მხარეები, ერთად, ან ცალ-ცალკე მიმართავენ მსოფლიო პატრიარქს, რათა მან გამონახოს საკითხის მოგვა­რების კანონიკური გზები არსებული საერთომართლმადიდებლური წესების თანახმად.   3. შედეგები, რომლებიც მოჰყვება ავტონომიის გამოცხადებას და ეხება ავტონომიური ეკლესიის ავტოკეფალურ ეკლესიასთან ურთიერთობებს, გახლავთ შემდეგი:

ა) ავტონომიური ეკლესიის მეთაური იხსენიებს მხოლოდ ავტოკეფალური ეკლე­სიის წინამძღოლს.
ბ) ავტონომიური ეკლესიის მეთაურის სახელი არ იწერება დიპტიქებში.
გ) ავტონომიური ეკლესია წმინდა მირონს ღებულობს ავტოკეფალური ეკლესიისგან.
დ) ავტონომიური ეკლესიის ეპისკოპოსების არჩევა და დადგინება ხდება მისი უფლე-ბამოსილი საეკლესიო ორგანოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ყოვლად შეუძ-ლებელია ავტონომიური ეკლესიისათვის, იგი დახმარებას ღებულობს ავტოეკფალური ეკლესიისაგან რომელსაც მიეკუთვნება.

                                                                                                               15 ოქტომბერი 2015 წელი, შამბეზი