საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

„აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“

13 ნოემბერი
კატეგორია: პუბლიკაციები,
afxazetis-istoriul-geografiuli-mimoxilva

  ა.წ. 12 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე, – „ქართულ–აფხაზური კონფლიქტი და მისი დაძლევის პერსპექტივები“.
გთავაზობთ ერთ-ერთი მომხსენებლის ტექსტს მცირედი შემოკლებით.
ეტაპობრივად გამოქვეყნდება სხვა გამომსვლელთა მოხსენებებიც.

ბეჟან ხორავა
„აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეებს _ ენგურსა და ფსოუს შორის მდებარეობს ქვეყნის ერთ-ერთი მხარე აფხაზეთი.

აფხაზეთის დღევანდელ საზღვრებში ჩამოყალიბება რთული ეთნოპოლიტიკური პროცესების შედეგია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

გვიანი ბრინჯაოს ხანაში (II-I ათასწლეული) მთელ დასავლეთ საქართველოში კოლხური კულტურა ვრცელდება. შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულს, დაახლ. ძვ.წ. XV-XIV სს. ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ქართული სახელმწიფო _ კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბდა. კოლხეთის სამეფოს საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით მდ. ყუბანის შესართავამდე აღწევდა. ძველი ბერძნული საისტორიო წყაროების მონაცემებით, ეს მხარე ქართული მოდგმის ტომებით იყო დასახლებული. ქართული საისტორიო ტრადიციითაც, რომელიც „ქართლის ცხოვრებაშია“ დაცული, ქვეყანა ლიხის მთიდან მდინარემდე ,,მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასიისა“, ე.ი. მდ. ყუბანის შესართავამდე, ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის ეგროსის სამკვიდროა, რაც ირიბი გამოძახილია იმ ფაქტისა, რომ ეს მხარე ქართული ტომებით იყო დასახლებული.

ძვ. წ. IV-III სს. მიჯნაზე აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის (იბერიის) სამეფო ჩამოყალიბდა, რომელშიც მთელი ისტორიული საქართველოს ტერიტორია, მათ შორის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაც შედიოდა.

ძვ. წ. I საუკუნეში საქართველოში რომის პოლიტიკური ბატონობა დამყარდა. ახ.წ. II საუკუნეში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე პირველად იხსენიებიან აბაზგები და ქვეყანა აბაზგია. ბერძნულ-რომაული წყაროების აბაზგიასა და აბაზგებს ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში აფხაზეთი და აფხაზები შეესატყვისება. ამავე ხანებში დასავლეთ საქართველოში ახალი ეგრისის (ლაზიკის) სამეფო ჩამოყალიბდა. ეს სახელმწიფო III-IV საუკუნეებიდან VIII საუკუნემდე მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. მის შემადგენლობაში აფხაზეთი საერისთავოს სახით შედიოდა.

VIII საუკუნის 60-70-იან წლებში აფხაზეთის ერისთავმა ლეონ I-მა, რომელიც ეგრისის მეფეთა გვერდით შტოს ეკუთვნოდა, მთელი დასავლეთ საქართველო ერთ სამთავროდ გააერთიანა. აფხაზეთის სამთავრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. მას დასავლეთით შავი ზღვა ეკრა, ჩრდილო-დასავლეთით საზღვარი მდ. ნიკოფსიამდე (ამჟამად მდ. ნეგოფსუხო) აღწევდა, ჩრდილოეთით _ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი საზღვრავდა, აღმოსავლეთით _ ლიხის ქედი, სამხრეთით – ფერსათის ანუ ღადოს ქედი; შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე საზღვარი ტრაპიზონამდე ვრცელდებოდა.

VIII საუკუნის მიწურულს ლეონ I-ის ძმისწული ლეონ II გათავისუფლდა ბიზანტიისადმი ვასალური დამოკიდებულებისაგან და თავი მეფედ გამოაცხადა. მმართველი დინასტიის მიხედვით, ამ დასავლურქართულ სახელმწიფოს „აფხაზთა” სამეფო ეწოდა, თუმცა მეზობელი ხალხები, სახელდობრ სომხები, მას „ეგრისს“, მის მცხოვრებთ კი _ „ეგრისელებს” უწოდებდნენ. სამეფოს დედაქალაქი ერთ-ერთი უძველესი ქართული ქალაქი ქუთაისი გახდა. ამ დროიდან გაფართოვდა ცნება „აფხაზეთის” მნიშვნელობა, რომელიც უკვე მთელ დასავლეთ საქართველოს აღნიშნავდა, ხოლო „აფხაზი“, როგორც საკუთრივ აფხაზს, ისე ყველა დასავლელ ქართველს ეწოდებოდა.

XI საუკუნის დასაწყისში „აფხაზთა” სამეფო საქართველოს სამეფოში გაერთიანდა. იმის გამო, რომ საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში _ „მეფე აფხაზთა და ქართველთა”… პირველად „მეფე აფხაზთა” მოიხსენიებოდა, XI-XIII სს. უცხოურ წყაროებში „აფხაზეთი” და „აფხაზები” ხშირად საქართველოსა და ქართველის მნიშვნელობით იხმარებოდა. ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთი ერთ-ერთი საერისთავოს სახით შედიოდა და ანაკოფიიდან (ახალი ათონი) ნიკოფსიამდე ტერიტორიას მოიცავდა.

XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს სამეფო დაიშალა. დასავლეთ საქართველო იმერეთის სამეფოში გაერთიანდა. აფხაზთა ერისთავები, რომლებიც შარვაშიძეთა ქართულ ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ, იმერეთის მეფეებისა და, იმავდროულად, ოდიშის ერისთავების ვასალები იყვნენ. აფხაზთა საერისთავო გაგრის ვიწროებსა და ანაკოფიის მდინარეს შორის მდებარეობდა. მას სამხრეთ-აღმოსავლეთით ოდიშის საერისთავო ესაზღვრებოდა.

XVI საუკუნის შუა ხანებში გურიისა და ოდიშის საერისთავოები სამთავროებად ჩამოყალიბდა. აფხაზეთი ოდიშის სამთავროს ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.

XVI-XVII სს. აფხაზეთში რადიკალური ეთნიკური ცვლილებები მოხდა, რაც დაკავშირებულია დასავლეთ კავკასიის მთის ტომების ჩამოსახლებასთან. ჩამოსახლებულმა მასამ წალეკა ადგილობრივი მოსახლეობა და აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი ჩამოყალიბდა. ქართველები ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს მექანიკურად აფხაზებს ეძახდნენ, ისინი კი თავს აფსუას უწოდებენ. ამ დროს ჩამოყალიბდა აფხაზთა სამთავრო, რომლის პოლიტიკური ცენტრი ზუფუ, ამჟამინდელი ლიხნი იყო. აფხაზეთისა და ოდიშის სამთავროებს შორის საზღვარი ანაკოფიის მდინარეზე (მდ. ფსირცხა) გადიოდა.

XVI საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს, ოსმალთა მხარდაჭერით, ქალაქი ცხუმი აფხაზთა მთავრების ხელში გადავიდა და ოდიშ-აფხაზეთს შორის საზღვრად მდ. კელასური იქცა. აფხაზეთის მთავრებმა, რომლებსაც ზურგს დასავლეთ კავკასიის მთიელები უმაგრებდნენ, ოდიშის სამთავროზე თავდასხმები დაიწყეს. ამ თავდასხმების აღსაკვეთად ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657) 60 კმ სიგრძის სიმაგრეთა სისტემა ააგო, რომელიც ისტორიაში „კელასურის კედლის” სახელითაა ცნობილი. XVII საუკუნის 80-იან წლებში აფხაზებმა საბოლოოდ გაარღვიეს „კელასურის კედელი” და ოდიშის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, ტერიტორია მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის დაიკავეს, ხოლო საუკუნის მიწურულს საზღვარი მდ. ენგურამდე გააფართოვეს. 1702 წელს ოდიშის მთავარმა იურისდიქცია აღადგინა მდ. ენგურიდან მდ. ღალიძგამდე ტერიტორიაზე, თუმცა ამ მხარის მმართველად აფხაზთა სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები დარჩნენ. მოგვიანებით, ამ მხარეს, მისი მმართველის, მურზაყან შარვაშიძის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა.

აფხაზთა მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის მიტაცების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე გაუქმდა დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები, ხოლო XVIII საუკუნის 70-იან წლებში ბედიის კათედრაც მოიშალა აფხაზთა ექსპანსიის გამო. ამდენად, აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ XVI-XVIII საუკუნეებში აფხაზეთში არ აგებულა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ორიგინალური არქიტექტურული ძეგლი, ზედმეტია ლაპარაკი მწიგნობრული ძეგლების შექმნაზე.

ეთნიკურმა ცვლილებებმა აფხაზეთში და აფხაზთა მიერ მიტაცებულ ოდიშის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლა გამოიწვია. ასე, მაგალითად: ანაკოფიას _ ფსირცხა ეწოდა, ცხუმს _ აყვა, სოფ. ხოფს _ ხვაფი, სოფ. ჭალას _ ჭლოუ, სოფ. ღალიძგას _ ბესლახუბა, სოფ. მარმარისკარს _ მარმალ-აბაა და ა.შ.

XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიამ ქართული პოლიტიკური ერთეულები ნაწილ-ნაწილ შეიერთა. 1810 წელს აფხაზეთის სამთავროც, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მხარე, რუსეთის იმპერიის ავტონომიური ერთეული გახდა. ის მდ. ბზიფიდან მდ. ღალიძგამდე შავიზღვისპირეთს მოიცავდა.

1864 წელს რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. 1866 წელს საკუთრივ აფხაზეთის, წებელდის საბოქაულოს (მდ. კოდორის შუა და ზემო წელი _ წებელი და დალი), და სამურზაყანოს შეერთებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა, რომელიც ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. ამდენად, სწორედ ამ დროს შევიდა აფხაზეთის შემადგენლობაში სამურზაყანო, ტერიტორია მდინარეებს ღალიძგასა და ენგურს შორის. 1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება სოხუმის ოლქად გარდაიქმნა.

რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზეთში მიმართული იყო აფხაზთა და ქართველთა წინააღმდეგ. იგი ცდილობდა არ დაეშვა აფხაზეთის ქართულ ეთნო-კულტურულ სივრცეში დაბრუნება. ცარიზმი შეუდგა ზრუნვას აფხაზეთში რუსული ორიენტაციის ინტელიგენციის ჩამოყალიბებისათვის. აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობას. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველთა და აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების საეკლესიო-სლავურზე გადაყვანა და რუსული ანბანის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შემოღება. ასე ცდილობდა ცარიზმი ქართველებისაგან აფხაზთა ჩამოცილებისა და „რუსული აფხაზეთის” შექმნის იდეის განხორციელებას.

1918 წლის 26 მაისს შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაშიც აფხაზეთი სოხუმის ოლქის სახელით შედიოდა როგორც ავტონომიური ერთეული.

1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრად შავიზღვისპირეთში მდ. ფსოუ დადგინდა.

1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო. ამ აგრესიის შედეგად საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა. საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შედიოდა. 1921-1929 წწ. საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარი მდ. მეჰადირზე გადიოდა. 1929 წელს, ტერიტორია მდ. მეჰადირსა და მდ. ფსოუს შორის საქართველოს გადმოეცა. ამ დროიდან საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარი შავიზღვისპირეთში მდ. ფსოუზე გადიოდა.

ასეთი ვითარება 1992-1993 წწ. აფხაზეთის ომამდე გაგრძელდა. ომის შედეგად სეპარატისტებმა აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოცილება შეძლეს. მასიურად შეიცვალა გეოგრაფიული სახელწოდებები: მდ. კოდორს დაერქვა კუდრ, მდ. ღალიძგას _ აალძგა, ტყვარჩელს _ ტყვარჩალ, ლიძავას _ ლძაა, მიუსერას _ მისრა, გუდავას _ გუდაა, პირველ ოტობაიას _ ხაშტა, მეორე ოტობაიას _ ბგოურა, ნაბაკევს _ ბათაიგვარა, ჭუბურხინჯს _ ხიაცხრა და ა. შ.

გეოგრაფიულ სახელწოდებებში ასახულია ამა თუ იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის ისტორია და კულტურა, მისი წარსულის დამახასიათებელი თავისებურებები. ამდენად, მათი შეცვლა ხალხის ისტორიულ-კულტურული მეხსიერების მოშლას იწვევს. ამით ცდილობენ წაშალონ ქართული კვალი აფხაზეთში.

როგორც აფხაზური მწერლობის ფუძემდებელი დიმიტრი გულია წერდა: „ჩვენ ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე გვიშენებია ჩვენი კულტურა, ერთად დაგვიცავს ჩვენი ეროვნული რაობა და ჩვენი მიწა-წყალი. ცოტაა, ვთქვათ, რომ მოძმე ერები ვართ. ჩვენ ერთი ფსიქიკის, ერთი ადათის, ერთი წესის, ერთი ფსიქოლოგიის ხალხი ვართ. არა მგონია, ქართველებს ჰყავდეთ უფრო ახლობელი ძმა, ვიდრე აფხაზებია, აფხაზებსაც ასე მიაჩნიათ ქართველები და ჩვენ ამ ძმობამ შეგვინახა, ვინც ამ ძმობას შლის, რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „იგი თავისა მტერია“.

იმედია, აფხაზი ხალხი გააცნობიერებს, რომ აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარება მხოლოდ ქართულ ეთნო-კულტურულ და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ სივრცეშია შესაძლებელი, და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ.

იხილეთ: ქეთევან პავლიაშვილი –  „ე.წ. აფხაზეთის ეკლესია – „ტროას ცხენი” – საერთაშორისო საეკლესიო პოლოტიკაში