საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პრესრელიზი

15 იანვარი

15 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ბატონი იოჰანეს ჰანი.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ბატონი იანოშ ჰერმანი და ევროკომისრის თანმხლები პირები.
მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმრს მობრძანებისთვის და ისაუბრა იმ პროცესის მნიშვნელობის შესახებ, რაც ვითარდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და გამოთქვა მადლიერება იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს მიმართ.
შეხვედრაზე დამსწრე პირთაგან ითქვა იმ წვლილის შესახებაც, რომელიც საქართველოს ეკლესიას შეაქვს რელიგიათშორისი ურთიერთობის განმტკიცების საქმეში ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
თავის მხრივ ბატონმა იოჰანესმა ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი უწმიდესობის გამორჩეულ როლზე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში და დასძინა რომ ბრიუსელში კარგად იცნობენ საქართველოს მწყემსთავრის საქმიანობას, დიდად აფასებენ მას და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს.