საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

14 ნოემბერი

როგორც ცნობილია, ა.წ. 15 ნოემბერს ქ. თბილისში იმართება აქციაც და კონტრ-აქციაც. გარკვეულ წილად ორივე მხარე ცდილობს, ეკლესია ჩართონ ამ პროცესებში. იმ აზრსაც ავრცელებენ, თითქოს კონტრ-აქცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ტარდება.

ამიტომაც, საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი არც ერთი ღონისძიება არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და არც ზოგადად საქართველოს ეკლესიის ინიციატივით არ ხორციელდება.

ეს არის ამ თავყრილობების ორგანიზატორთა თავისუფალი ნების გამოხატულება.

ჩვენ, ჩვენის მხრივ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თავი აარიდონ პროვოკაციებსა და ურთიერთდაპირისპირებას. ქვეყნის გამთლიანება ქვეყნის შიგნიდან უნდა დაიწყოს, _ ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.

საქართველოს ეკლესია დღესაც და ყოველთვისაც ლოცულობდა და ქმედით ნაბიჯებს დგამდა საქართველოს საზღვრების აღდგენისა და ჩვენი ხალხის ერთობისათვის.

ჩვენ კვლავაც შევთხოვთ ღმერთს, რათა უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობითა და კეთილდღეობით.

14 ნოემბერი, 2014 წელი