საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

19 თებერვალი

კიევში ამჟამად მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში. ეს მოვლენები, რომ რეალური დიდი საფრთხის შემცველია, ყველასთვის ნათელია, რადაგან ,,ევრო-მაიდანზე” უკვე ამდენი მსხვერპლი და დაზარალებულია.
ჩვენ გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას, ოჯახს და აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის. ამასთან მიგვაჩნია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შემხვედრი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადადგან, რომ მოვლენები ყველასათვის კიდევ უფრო დრამატულად არ განვითარდეს.
უკრაინასთან საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს; ამიტომ, ბუნებრივია, დიდად განვიცდით მომხდარს და შევთხოვთ უფალს, კეთილგონიერებამ და სამართლიანობამ გაიმარჯვოს და მშვიდობამ დაისადგუროს ამ ქვეყანაში.