საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სამძიმრის წერილი ანტიოქიის პატრიარქის, უნეტარესი იგნატიოსის გარდაცვალების გამო

5 დეკემბერი
715-2

ანტიოქიის ეკლესიის წმინდა სინოდს

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო!

ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ცნობა დიდი ანტიოქიის, სირიის, კილიკიის, მესოპოტამიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქის, უნეტარესი ეგნატეს გარდაცვალების შესახებ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად მე თქვენთან ერთად ვგლოვობთ უნეტარეს ეგნატეს გარდაცვალებას. ჩვენს მწუხარებას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ანტიოქიის წმინდა ეკლესია ისტორიულად არის საქართველოს დედაეკლესია.
უნეტარესი ეგნატე ბრძანდებოდა ერთ-ერთი გამორჩეული მღვდელმთავარი თანამედროვე მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელიც 30 წლის განმავლობაში ღირსეულად და უდრტვინველად ტვირთულობდა საჭეთმპყრობლის მძიმე ჯვარს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ რთულ რეგიონში.
პატრიარქი ეგნატე ბრძანდებოდა ჭეშმარიტი მემკვიდრე იმ დიდი პატრიარქებისა, რომლებიც ოდითგანვე სათავეში ედგნენ ანტიოქიის წმინდა საყდარს. იგი იყო მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ღრმად განსწავლული და, ამავე დროს, საოცარი ქრისტიანული სიმდაბლის, უბრალოებისა და სიყვარულის მაგალითის მაჩვენებელი პიროვნება.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დაადგინოს ღირსეული მემკვიდრე ანტიოქიის საპატრიაქო ტახტისა, ხოლო პატრიარქი ეგნატე დაამკვიდროს საყოფელთა მართალთასა, ამინ!

ქრისტესმიერი, სიყვარულით,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთვარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
ილია II