საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განცხადება
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამწყსოს

15 მაისი

მასმედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ 15 მაისს სოხუმში შედგება აფხაზი სასულიერო და საერო პირების ერთი ნაწილის შეკრება. ამ შეკრების მიზეზი, როგორც ჩანს, შიდა დაპირისპირებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთში მიმდინარე ყველა და მითუმეტეს საეკლესიო პროცესები და, ბუნებრივი, მტკივნეულია აფხაზ მართლმადიდებლებს შორის არსებული ეს შიდა განხეთქილება.

ამიტომაც მივმართავთ კრების მონაწილეთ და აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს, რომ დავდგეთ გარეშე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა (რაც არის მიზეზი არსებული დაპირისპირებებისა) და ქრისტესმიერი სიყვარულით და მშვიდობისმყოფელობით აღვადგინოთ კანონიკური ერთობა ჩვენს შორის.
ქრისტეს მისტიურ სხეულთან, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, კავშირი მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ საზღვრებშია შესაძლებელი; მის მიღმა მყოფნი კი მოწყვეტილნია უფლის წიაღს და მის მაცხოვნებელ მადლს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის მზად იყო და არის გამართოს შეხვედრები და მოლაპარაკებები თავის სამწყსოსთან, _ აფხაზეთის სასულიერო პირებთან და მრევლთან.

ღმერთმა დაგლოცოთ.

14.05.2011