საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტერვიუ ტელეკომპანია “ბი-ბი-სი”-ს ეთერში

11 თებერვალი
611-2

“მე მალე ჩავალ აფხაზეთში, როგორც ეპარქიის ხელმძრვანელი” – ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბი-ბი-სი-ს რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ქართული ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება აფხაზეთზეც და ცხინვალზეც. ამას ცნობს რუსული ეკლესიაც. 11 წელი ვიყავი მიტროპოლიტი სოხუმისა და აფხაზეთის, ამიტომ ეს ჩემთვის ახლობელი ეპარქიაა. მე კარგად ვიცნობ აფხაზ ხალხს”,-აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს პატრიარქმა 2008 წლის ომის შემდეგ გორში ჩასვლის შესახებაც ისაუბრა.

გარდა ამისა, ილია მეორემ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრაზეც.

”რთულია იყო დიდი ქვეყნის მეზობელი, – ეს სიტყვები უთხრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ.

“ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა. მან მითხრა, რომ რთულია, იყო დიდი ქვეყნის მეზობელი. საქართველო უდიდეს პატივს სცემს მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის დედოფალს”, – აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი თქმით, ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა პატარა ქვეყნებმა შეინარჩუნონ თვითმყოფადობა, კულტურა და დიდმა სახელმწიფოებმა პატარა ქვეყნების კულტურა არ გადაყლაპონ.

ინტერვიუ დიდ ბრიტანეთში მყოფ პატრიარქთან ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა ჩაწერა. მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს, რომ რუსულ ენაზე ინტერვიუს დათანხმდა. პატრიარქმა ეს იმით ახსნა, რომ ქართულ ენაზე “ბი-ბი-სი” არ მაუწყებლობს.

იხილეთ ვიდეომასალა რომელიც ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“-ს ეთერით გადაიცა.