საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული ჯარი, პრეზიდენტი, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ოპოზიცია დალოცა

28 ნოემბერი
584-2

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ქართული ჯარი, პრეზიდენტი, პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ოპოზიცია დალოცა.

უწმინდესმა სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ დღევანდელ წირვას სამების ტაძარში ჯარისკაცები ესწრებოდნენ. პატრიარქმა ისინი წმინდა გიორგის ხატით დაასაჩუქრა, რადგან “წმინდა გიორგი არის გამარჯვების სიმბოლო და ტყვეთა განმათავისუფლებელი”.

ასევე, უწმინდესმა თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას თხოვნით მიმართა, რომ ყოველ კვირას ჯარის გარკვეული ნაწილი მაინც დაესწროს წირვას. პატრიარქმა ასევე დალოცა მთავრობა და ოპოზიცია და აღნიშნა, რომ ორივემ უნდა იცოდეს, რომ მათ წინაშე სამშობლოა, ამიტომ უნდა დათმონ პირადი და ყველაფერი გააკეთონ, რათა საქართველო გამთლიანდეს.

უწმინდესმა დღევანდელ ქადაგებაში ასევე დალოცა მეცნიერები, მასწავლებლები, ბავშვები და ახალგაზრდები, რადგან, როგორც პატრიარქი ბრძანებს, ისინი საქართველოს მომავალი არიან.

“ღმერთმა მოგვცეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული სამშობლოსი, ადამიანების დაფასება, თავმდაბლობა, განცდა ცოდვათა ჩვენთა, სიყვარული და სასოება, იმედი ღვთისა და ადამიანისა, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები, გაამრავლოს ქართველები და გაამთლიანოს სრულიად საქართველო”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ასევე დღევანდელ ქადაგებაში განსაკუთრებულად დალოცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მეკობრეების მიერ დატყვევებულები. ილია მეორემ მათ ტყვეობიდან მალე გათავისუფლება უსურვა.
უწმინდესმა ასევე დალოცა პატიმრები და მათაც საპყრობილეების მალე დატოვება უსურვა. გარდა ამისა, ქადაგების დასასრულს, უწმინდესმა საქართველოს ყველა კუთხე ცალ-ცალკე დალოცა და ქვეყნის გამთლიანება კიდევ ერთხელ ისურვა.