საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

16 ივლისი
563-2

როგორც ტელე-რეკლამებით გახდა ცნობილი, ბ-ნი დევიდ ჰეთევეი სამდღიანი პროგრამით აპირებს თბილისში, სპორტის სასახლეში გამოსვლას და ქადაგებას.

საზოგადოებაში მუსირებს არასწორი აზრი, თითქოს სწავლება, რომელსაც იგი ავრცელებს მართლმადიდებლობასთან კავშირშია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბატონი დევიდ ჰეთევეი არის ერთ-ერთი ქრისტიანული დენომინაციის – ევანგელისტების წარმომადგენელი. ეს მიმდინარეობა დაახლოებით ორი საუკუნეა რაც დაარსდა და თავისი არსით ყოვლად მიუღებელია როგორც მართლმადიდებელთათვის ისე მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ქრისტიანული აღმსარებლობებისათვის.

საქართველო ყოველთვის იყო და არის ტოლერანტული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიურ მიმდინარეობას აქვს შეკრების, აღმსარებლობისა და სიტყვის თავისუფლება, რასაც ისინი თავის სამლოცველოებში დაუბრკოლებლად ანხორციელებენ, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში სპორტის სასახლეშია დაგეგმილი არის აშკარა მაგალითი პროზელიტიზმის ანუ მცდელობა ადამიანების ფართო მასების თავის რწმენაზე გადაბირებისა. პროზელიტიზმი კი, საერთაშორისო რელიგიათშორისი კონვენციებითაც და ქრისტიანული ეთიკიდან გამომდინარეც დაგმობილია.

საქართველოში, ქვეყანაში სადაც ეკლესიას 20 საუკუნოვანი ისტორია აქვს მართლმადიდებლობის უარმყოფელი სწავლების წარმომადგენლის მიერ ქრისტიანობის ასეთი საჯარო ქადაგება არის ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ქმედება.

მივმართავთ ჩვენს საზოგადოებას, _ საქართველოს ეკლესიის მრევლს, თავი შეიკავონ ამ და მსგავს რელიგიურ შეხვედრებში მონაწილეობისაგან.

15.07.2010