საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

3 ივნისი

ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს მსჯელობა კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ და ამ მიზნით კომისიასაც ქმნიან.

ამასთან, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა არაერთხელ წამოაყენა წინადადება აღნიშნულ კომისიაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის ჩართვის შესახებ.

გვინდა განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საყოველთაო განხილვის შემდეგ გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება და ამ იურიდიული დოკუმენტით განსაზღვრული ეკლესიის სტატუსი ჩვენთვის არის სრულიად მისაღები და მისი რევიზია, კონსტიტუციური ცვლილებების შემთხვევაშიც (იქნება ეს ახლა თუ მოამავალში), დაუშვებლად მიგვაჩნია.
ხოლო სხვა კონსტიტუციური და იურიდიული საკითხების განხილვაში ეკლესიის ჩართვა გამართლებული არაა, რადგან ეს პროცესი ბუნებრივია, პოლიტიკური დებატების ფონზე განვითარდება ხოლო ეკლესია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, რათა შეასრულოს ერის გამაერთიანებელი ინსტიტუტის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია.

ამისთვის კი ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

2 ივნისი, 2009 წელი