საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

2009 (მოკლე ვერსია)

6 იანვარი
410-2

საშობაო ეპისტოლე

უწმიდესისა და უნეტარესის,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის
ილია II

ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი
შენს შორის აღმოცენდა დღეს~ (საშობაო საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვა და სხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: `არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა~ (დაბ. 49,10).
რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც:
`შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან~ (მიქ. 5,1).

სულიერ ზეაღსვლას კიდევ ერთი თავისებურება ახლავს; რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და, შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება (ჩაიხედეთ თქვენს გულებში, და მიხვდებით, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა).
ბევრს არ ესმის, ასე რატომ ხდება.
მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან.
მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში.
– გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, – იყო პასუხი.
– და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ?
– იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად.
– ანტიოქიაში?
– ჩვეულებრივ ადამიანად.
– კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე?
– თითქმის არაფრად.
ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, – წერს აბბა დოროთე, – რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ.

ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ.
აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება.
როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები?, – ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს.

დღეს, ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი;
დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამობრწყინვებისა.
მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2008/2009 წ.

საძობაო ეპისტოლეს სრული ვერსია