საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

პატრიარქი საკვირაო ქადაგებაში ტრადიციულად საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობის თემას შეეხო

5 ოქტომბერი
360-2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებაში ტრადიციულად საქართველოს მთლიანობისა და ერთიანობის თემას შეეხო.

პატრიარქის განცხადებით, ღრმად სწამს, რომ საქართველო წარმოუდგენელია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე და ეს რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის პირებისთვისაც არა ერთხელ უთქვამს.

“ეს დროებითი განსაცდელი ჩვენ ღმერთმა მოგვივლინა მოსაქცევად და განსამტკიცებლად”, – ბრძანა პატრიარქმა. მან თავის საკვირაო ქადაგებაში გაიხსენა ის 11-წლიანი მოღვაწეობა, რომელიც აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრის მეთაურად დაჰყო. ილია მეორის განცხადებით, მას ძალიან ბევრი ნათლული ჰყავს აფხაზთა შორის, რომლებიც დღესაც ჩამოდიან პატრიარქის მოსანახულებლად და მწუხარებას გამოხატავენ მომხდართან დაკავშირებით.

“მახსოვს, ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, ქართველები ზედმიწევნით ასრულებდნენ ნათლობის, ჯვრისწერის რიტუალს, თუმცა ისინი ვერ ახერხებდნენ წირვაზე სიარულს. როცა ვეკითხებოდი, რატომ არ დადიოდნენ წირვაზე, მპასუხობდნენ, რომ აქვთ ძალიან ბევრი საქმე, დიდი პლანტაციები და ამ საქმიანობის გამო ვერ იცლიან ეკლესიაში სიარულისთვის. სამწუხაროდ, მათ ეს ყველაფერი უკვე დაკარგეს. როგორც ჩანს, ღმერთმა სასჯელი ამისთვისაც მოგვივლინა. ჩვენი უდროობის გამო, იმის გამო, რომ არ გვეცალა წირვაზე სასიარულოდ. ღვთისათვის ვერ გამოვნახეთ ვერც ერთი თავისუფალი საათი და ამისთვისაც დავისაჯეთ”, – ბრძანა პატრიარქმა.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ უფალი მისცემს ძალას ქართველ ერს, რომ დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო და ქართველები ამას მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეძლებენ.

პატრიარქმა ტრადიციულად დღესაც დალოცა ერთ-ერთი ქართული გვარი. ეს არის უშიტაშვილების გვარი. მან აღნიშნულ გვარს გამრავლება, ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს.