საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

1991

13 იანვარი
კატეგორია: საშობაო,

საშობაო ეპისტოლე

საქართველოს წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ შვილებს:

„…ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი… ნუ გეშინია,
რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე,
ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ შენთან ვიქნები
და მდინარეები არ წაგიღებენ. როცა ცეცხლში შეხვალ,
არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება, რადგან მე ვარ
უფალი შენი ღმერთი… შენი მაცხოვარი“ (ესაია 43,1-3).

ღვთისმოყვარენო ღვთივკურთხეულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა, მშვიდობა თქვენდა და სიხარული ღვთისა – მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გასაოცარი სიმდაბლით წარუდგა სოფელს უფალი ჩვენი. ჩვეულებრივი ადამიანური სამყოფლის ღირსიც არ გახდა იგი. ბეთლემის გამოქვაბულმა და ბაგამ შეიკედლა და გაათბო ძე ღვთისა.

ანგელოზთა დასი მის ქვეყნად მოვლინებას შეხვდა საზეიმო გალობით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ამ დროს კი სოფელი, რომლის ხსნისთვისაც განხორციელდა იესო ქრისტე, უგრძნობი დარჩა ღვთის შობის აღსრულებული დიადი საიდუმლოს მიმართ. ოდენ ციურნი მნათობნი იყვნენ მოწმენი უცხო სასწაულისა, მხილველნი ახლადშობილი მაცხოვრისა.

და გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა და ბეთლემის გამოქვაბულთან მოიყვანა მოგვნი ბაგაში მწოლი ღვთის თაყვანისსაცემად.

სიდიადე და თავმდაბლობა – როგორი გაუგებარი და შეუთავსებელნია ისინი ჩვენი აზროვნებისათვის. არადა აუცილებელია ჩავწვდეთ ამ სიტყვების აზრს და არა მარტო გავიცნობიეროთ იგი, არამედ ვიცხოვროო ამ სულისკვეთებით, რათა შევძლოთ მივეგებოთ ჩვენსკენ მომავალ მაცხოვარს.

თქვენ იკითხავთ: მივეგებოთ, მაგრამ რით? ოქროთი, გუნდრუკითა და მურით?

სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი სასახლეები და ქალაქები, სხვათა სიკვდილისა და მწუხარების ფასად შეძენილი ჩვენი ქონება, ან ჩვენი ცოდნა, მაღალი თანამდებობა?

არა, მას მხოლოდ რწმენითა და სიყვარულით გამთბარი ჩვენი სუფთა გული სურს, რათა დაივანოს იქ და არასდროს განგვშორდეს.

ძველი რომაული გამონათქვამია: „მივედ, ვნახე, გავიმარჯვე“. ზოგს მიაჩნია, რომ ღრმა აზრით სავსე ეს სამი სიტყვა რომის იმპერატორების მიმართ იყო თქმული. ვფიქრობ, იგი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება.

ყოველი ჩვენგანი ღვთის ნებით მოვიდა ამ ქვეყნად, რათა იხილოს იგი, სარწმუნოებით სძლიოს წუთისოფლის განსაცდელით სავსე ცხოვრებას და გამარჯვებული სუფთა გულით წარუდგეს შემოქმედს.

დიახ, ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისაგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თავს – სამყაროში და სამყაროს – შენში, – აი, რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ.

თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან გვდევს და გვიბიძგებს მრაგალი ცოდვის ქმნისაკენ. ამ ცოდვით სავსენი ადვილად გავცემთ მეგობარს, ვღალატობთ სწორ იდეას, რომელსაც წლობით მივყვებოდით, ვღალატობთ ჭეშმარიტებას…

და თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.

წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: დიდია შენი ძალა მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იმავეს ვაკეთებ; შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.

– რით? – ჰკითხა წმიდანმა.

– თავმდაბლობით. შენი თავმდაბლობის გამო მე არ მაქვს ძალა შენს საწინააღმდეგოდ.

და როცა ღირსმა მამამ ხელნი აღაპყრო, დემონი უჩინარ იქმნა.

მსგავსი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დიდი სულიერი შრომით, გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა.

ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვა და სხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო… აბნევს მის ცნობიერებას.

თუ პიროვნება ჭეშმარიტი სარწმუნოებით არ ცხოვრობს, მისი ინტერესები მიწიერი და მსწრაფლწარმავალი სურვილებით განისაზღვრება, გზაც მისი არის ფართო და დამღუპველი მისი უკვდავი სულისთვის.

როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან, უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. „და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლიგი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს“ (II ნეშტთა 1,11-12).

დიახ, თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია ღვთივბოძებული სიბრძნე და გონიერება, რათა შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავი და სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, დავინახოთ, ისიც, რისი დათმობაც შესაძლებელია და ისიც, რაც უნდა დავიცვათ მტკიცედ; კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ვაკეთოთ, რას ვესწრაფოთ, როგორ გავიმარჯვოთ.

უპირველესად ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ ცხოვრებაში და განვსაზღვროთ სახე ჩვენი საქმიანობისა.

როდესაც სპეციალობას ვირჩევთ, პასუხი უნდა გვქონდეს კითხვებზე: ვისთვის იქნება საჭირო ეს საქმიანობა, მიგვიყვანს იგი ღმერთამდე, აქვს მას მარადიული ღირებულება?

დღეს, მართალია, ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვუწყით, რა გველის ხვალ. ღმერთი ჩვენგან ელოდება ჩვენი დანიშნულების აღსრულებას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ვზრუნავთ თუ არა ჩვენი სულიერი ამაღლებისათვის.

ყოველ ეპოქას თავის შეხედულება აქვს ადამიანზე. ადამიანს ხან აამაღლებდნენ, ხან დაამდაბლებდნენ, ხან აღმერთებდნენ. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი – ხატება ღვთისა – უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.

ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას.

ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებგის დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი.

ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.

ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო, კეთილშობილური ხარბ თავისთავისმოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.

ასეთი ადამიანები ვიწრო ინტერესებით ცხოვრობენ. მათთვის უცხოა ამაღლებული გრძნობები. ჭეშმარიტად, დიადი აღმოჩენების სიხარული არასოდეს ეძლევა მათ, ვინც ცდილობს იგი თავისი ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. და პირუკუ, ის, ვინც ივიწყებს თავისას და სხვებზე ზრუნავს, ზრუნავს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და საერთოდ გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის ისეთ წყალობას, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი კეთილდღეობა.

ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის. დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი – დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია, ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს.

ჩვენ ყოველ ახალ წელს ბედნიერებას ველოდებით, მაგრამ განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა და ურწმუნოებისაგან, ამპარტავნებისა და შურისაგან, ვერცხლისმოყვარების, მრუშობისა და სხვა სიბილწეთაგან და არ იქცევი ტაძრად სულისა წმიდისა, შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე.

ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას.

ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: „ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით საუკუნოდ. მე – შენ. ამაში შენ შეგიძლია იყო დარწმუნებული. შენ ჩემს გულში ხარ დატყვევებული და ვერც ვერასდროს განთავისუფლდები, რადგან გასაღები ამ გულისა კარგახანია დაიკარგა“.

რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა. დედობის, საერთოდ მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი და უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს.

ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ვფიქრობ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროში ვცხოვრობთ, როცა დგება საშიშროება დამანგრეგელი ძალადობის ბატონობისა, პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.

ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდგბგნ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის. სამწუხაროდ, პირად ინტერესებსა და შეხედულებებს საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები ეწირება. უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად ჩვენი ახალგაზრდობა თავის მსჯელობაში მეტად კატეგორიულია და მისი მოთხოვნები რეალობას მოწყვეტილი.

დავფიქრდეთ, ადრე ხომ არ არის ამდენი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის არსებობა, ადრე ხომ არ არის ჩვენი ასე დაყოფა?

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მაშინაა სასურველი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, როცა ჩვენი თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვიქნებით.

ახლა კი ყოვლად აუცილებელია გაერთიანება, ერთ ძალად შეკვრა და ქრისტიანული სიყვარულითა და ურთიერთგაგებით ჩვენს წინაშე წამოჭრილი პრობლემების დაძლევა.

ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი… ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლების გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე.

ადამიანთა ურწმუნოება და ეჭვი განქარდა მაცხოვრის მიერ მონიჭებული ღვთაებრივი სიყვარულით, რომლის სიდიადეს ჩვენი გონება ვერ მისწვდება. იგი შეიძლება მხოლოდ ვიგრძნოთ და განვიცადოთ იმ სიხარულის მადლით, რომელიც ამ სიყვარულისაგან მომდინარეობს.

როცა ჩვენ ვიწყებთ ღვთაებრივი სიყვარულის გაცნობიერებას. და ვხდებით მონაწილე მისმიერი სიხარულისა, მიწიერი ყველა გაჭირვება, შიში და განსაცდელი უფერულდება, არარად იქცევა.

უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.

ამ საშობაო ეპისტოლეში მინდა მივმართო საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას: რუსებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ბერძნებს, სომხებს, ესტონელებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ქურთებს და სხვათ. დანო და ძმანო ჩვენნო, მამაშვილური სიყვარულით შეგახსენებთ, რომ თქვენც ჩვენი ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველნი. საქართველოში არასოდეს ყოფილა ვინმეს შევიწროება ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით; თქვენ იყავით და კვლავაც იქნებით ჩვენი ძმები და ამ დამოკიდებულებას ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. გახსოვდეთ, ქართველთა ბედნიერება თქვენი ბედნიერებაცაა. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, ჩვენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის.

მიდის წელი სავსე განსაცდელითა და მღელვარებით, წელი რომელმაც ნათელი მომავლის რწმენა ჩაგვისახა. ჩვენ იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა (გამოცხ. 22,13).

ჩვენს წინაშე მომავლის კარი იღება. დე იყოს იგი მშვიდობიანი, ღვთისსათნო და ბედნიერი; ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს. „აკურთხე, უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა“.

საშობაო ეპისტოლე მეფე სოლომონის ლოცვითა და კურთხევით მინდა დავამთავრო: „იყავნ, უფალი ღმერთი ჩუენი ჩუენთანა ვითარცა იყო მამათა ჩუენთა თანა, რათა არა დაგვიტვოს ჩუენ“ (3 მეფეთა 8,57).

ქრისტეშობა, თბილისი. 1991 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.