საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი დღეს საზეიმოდ დაიხურა

27 იანვარი
174-2

დღეს მართლმადიდებლური სამყარო მოციქულთა სწორის, წმ. ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინომ საქართველო ვაზის ჯვრით მოაქცია; სიმბოლურია, რომ ფესტივალის საზეიმო დახურვა ამ დღესასწაულს დაემთხვა.
სადეგუსტაციოდ შემოტანილ 80-მდე ღვინიდან დღეს საუკეთესოები გამოავლინეს:
ოქროს მედლის მფლობელები, აღმოსავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან წარმოებული ღვინოსათვის, გახდნენ – ღვინო საფერავი – ასლან თავდგირიძე – 18.32 ქულა; რქაწითელი – ირაკლი პაპუნიძე – 18.58 ქულა. დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან წარმოებული ღვინისთვის: ალადასტური – ზაზა კილაძე – 17.77 ქულა; ჩხავერი – მირიან პაპუნიძე – 18.33 ქულა.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან წარმოებული ღვინოები: საფერავი – იამზე ჩხარტიშვილი – 18.20 ქულა; რქაწითელი – ირინე ხიდეშელი – 18.24 ქულა. დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან წარმოებული ღვინოებიდან კი, ალადასტური – თენგიზ ბაკურიძე – 16.78 ქულა; ციცქა – ალეკო ბოლქვაძე – 17.51 ქულა.
ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: აღმოსავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან წარმოებული ღვინოები: ქინძმარაული – მიტროპოლიტი იოსები – 17.92 ქულა; რქაწითელი – ბერმონაზონი რომანოზი – 18.1 ქულა. დასავლეთ საქართველოს ყურძნის ჯიშებიდან წარმოებული ღვინოებიდან კი ღვინო საწური – ზურაბ ბერიძე – 17.03 ქულა და ცოლიკოური – რობერტ გველესიანი – 17.27 ქულა.
სპეციალური პრიზი, ღვინო ალექსანდროულისათვის, გოდერძი ნამგალაძემ მიიღო.
ამ დღისათვის ფულადი პრემიები და საჩუქრები დააწესეს: თიბისი ბანკმა, სამშენებლო ფირმა “ოქტანმა”, “ცენტრ-პოინტ აჭარამ”, სასტუმრო “რჩეულმა ვილამ”, ქალაქ ბათუმის მერიამ, “ათონელთა საძმომ” და ბატონმა ზურაბ ტყემალაძემ, ღვინის კომპანიამ “თელიანმა ველმა” და “ხარებამ”.
პრიზებთან ერთად გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები, სიგელები და საჩუქრები ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გადასცა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და სიმღერის ანსამბლმა “ბათუმმა”.