საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

12 ივლისი
12-ivlisi-2004-2

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, 12 ივლისი, 2004 წელი

„სულიერ საზრდოს რომ ესწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები,

ამიტომაც ჩამოჰქონდათ უცხოეთიდან სხვადასხვა სიწმინდეები“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უფლისმიერი ძალა და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, ყოველი ერისათვის. როცა ჩვენ ძალაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას ვგულისხმობთ. სულიერი ძალა კი არის მადლი სულისა წმიდისა, _ „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. სულიერ საზრდოს რომ ესწრაფვოდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც ჩამოჰქონდათ უცხოეთიდან სხვადასხვა სიწმინდეები. აი, დღეს თქვენ ემთხვიეთ მადლის ქვას, რომელიც წმიდა დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ჩამოაბრძანა. რა თქმა უნდა, ყოველ ერს და ყოველ ადამიანს გარდა სულიერი ძალისა, ფიზიკური ძალაც ესაჭიროება. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, შეეძინათ ეს საუნჯენი.

გარდა ძალისა, როგორც ვთქვით, ადამიანს და ერს ესაჭიროება მშვიდობა. მის გარეშე ადამიანი ვერაფერს აკეთებს. მაგრამ მშვიდობა რომ გქონდეს, ამისთვის შინაგანი სიმშვიდეა აუცილებელი. ამიტომ ამბობს დავით წინასწარმეტყელი: „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი.“ ჩვენ ვცდილობთ, მოვიპოვოთ სულიერი და ფიზიკური ძალა და მოვიპოვოთ მშვიდობა, რომელიც დაიცავს ქართველ ერს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც არსებობს წმიდა ნინოს გზაზე მსვლელობის ტრადიცია. მორწმუნეთა ჯგუფი ფეხით მოდის ხოლმე იმ გზით, რომელიც განვლო წმიდა ნინომ _ ფარავნის ტბიდან მცხეთამდე. ჯგუფის წევრებს ამისათვის 40 დღე ესაჭიროებათ. წელს ეს წმიდა გზა 93 ადამიანმა გამოიარა. 93 მორწმუნე ლოცულობდა, რათა საქართველოს ჰქონდეს ძალა და მშვიდობა. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მათთვის და მათი კეთილდღეობისათვის.

აღსანიშნავია, რომ წელს ქართველების გარდა, მსვლელობაში მონაწილეობას იღებდნენ რუსი მართლმადიდებლებიც. ეს ძალიან მნიშვენლოვანია. თქვენ იცით, დღეს როგორი რთული ურთიერთობებია რუსეთსა და საქართველოს შორის. შევთხოვთ უფალს, მოგვანიჭოს მადლი სულისა წმიდისა! შევთხოვთ 12 მოციქულს, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოსცეს საქართველოსა და რუსეთს მშვიდობა და სულთა ჩვენთა ცხონება და დიდი წყალობა.

წმიდა ნინოს გზის მონაწილეებს დღეს, როგორც ლოცვა- კურთხევა, დაურიგდებათ სპეციალური სიგელები და წიგნები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაახაროს სრულიად საქართველო!

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი