საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საპატრიარქოს განცხადება

3 იანვარი

საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ოპოზიციას და ხელისუფლებას თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის ჩართვისგან და აცხადებს, რომ ემიჯნება ნებისმიერ ასეთ მცდელობას.
“მოვუწოდებთ ოპოზიციას ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ხელისუფლებასაც, ნუ ეცდებიან ეკლესიის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. თავის მხრივ საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის გაემიჯნება ნებისმიერ ასეც მცდელობას. საქართველოს მოქალაქე ერთნაირად ძვირფასია საქართველოს ეკლესიისათვის და იგი ყველასათვის ლოცულობს”, – აცხადებს საპატრიარქო.
“დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ბატონ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ აგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად და თითქოს ამის ძალა მას კათოლიკოს პატრიარქთან სატელეფონო საუბარმა მისცა”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, “ჩვენის მხრივ შევნიშნავთ, რომ პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა, არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 3 იანვარს ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. თუმცა პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საუბრისას “ჩვენ არ შევხებივართ არჩევნების საკითხს”.
“საქართველოს ეკლესია გამოთქვამს წუხილს, რომ კიდევ ერთხელ აქვს ადგილი რელიგიური ფაქტორის გამოყენებას პოლიტიკურ ასპექტში. ეკლესიის წარმოჩენა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად არის ყოვლად დაუშვებელი, რადგან ეკლესია იყო და არის ერის გამაერთიანებელი ძალა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საზოგადოებაში განსხვავებული პოლიტიკური მიმართულებები არსებობს”, – ნათქვამია განცხადებაში.