საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე (1 ივნისი, 2001 წ.)

1 ივნისი
%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90-6

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე

სიონის საკათედრო ტაძარი, 1 ივნისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაული დაკავშირებულია
წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან. როცა წმიდა ნინო შემობრძანდა ჯავახეთში,
ფარავნის ტბასთან შეხვდა მწყემსებს, რომელთაც ჰკითხა: „სად არის საქართველო? სად
არის ის წმიდა მიწა, სადაც ბრძანდება კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრიტესი?“ წმიდა
ნინო რჩეულთაგან რჩეულია. უფალი წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველის პირით ამბობს:
„აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. უფალმან აღამაღლა იგი, როგორც რჩეული. თქვენ
იცით, რომ წმიდა ნინო კაბადოკიელია. დიდმა რწმენამ წამოიყვანა ის ამ შორეულ
ქვეყნიდან საქართველოში, რათა სახარება ექადაგა. წინ მადლი უფლისა უძღოდა მას და
ძალა უფლისა შეეწეოდა. მადლი მხოლოდ მორწმუნეთ და თავმდაბალთ ეძლევა, რამეთუ, თქვენ
იცით, ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მადლს მიანიჭებს. ამიტომ,
რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლი ებოძება მას უფლისაგან.
თავმდაბალი უნდა ვიყოთ ჩვენც და არა მხოლოდ უფროსებისა და მშობლების მიმართ, არამედ
ყოველი ადამიანისადმი. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებიც ისეთივე უკვდავი სულის
მატარებელნი არიან, როგორც ჩვენ. ღვთის მადლი, ღვთის ძალა უძღოდა წინ წმიდა ნინოს,
რამაც იგი მცხეთას მოიყვანა. უფლის შეწევნით, წმიდა ნინომ მეფე მირიანი, დედოფალი
ნანა და სრულიად საქართველო მოაქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში იყო დიდი მადლი და
დიდი ძალა. ამ მადლით ცხოვრობდა და ცხოვრობს სრულიად საქართველო და ჩვენი ერი. ამ
მადლმა ღვთისამან, რომელიც არის „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“,
გადაარჩინა ქართველი ხალხი.

მინდა მოკლედ გიამობთ ჩვენი ირანში ვიზიტის შესახებ, სადაც ირანის მთავრობის
მიწვევით ვიმყოფებოდით. ეს გახლდათ ისტორიული ვიზიტი, რადგან ჯერ საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ოფიციალურად არასოდეს ყოფილა ამ ქვეყანაში. თქვენ იცით, რომ
საქართველოსა და ირანს შორის ყოველთვის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა იყო. თუმცა,
ძალიან ხშირად მტრული დამოკიდებულებაც გახლდათ. სპარსეთს მრავალგზის აუოხრებია
ჩვენი ქვეყანა, და იმ ქვეყანაში მრავალი ქართველი წმიდანია დაკრძალული. სწორედ
ჩვენი ირანში ყოფნის პერიოდს დაემთხვა სპარსეთში წამებულ ქართველ წმიდანთა ხსენების
დღეც. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ზეციური სამყარო და ჩვენ გავერთიანდით იქ ყოფნისას.

ირანში შეხვედრა გვქონდა ოფიციალურ პირებთან, შევხვდით აგრეთვე ირანის
პრეზიდენტს და მათი ქვეყნის სულიერ წინამძღვარს. ირანი ისლამური სახელმწიფოა,ძალიან
შეზღუდული და თავისებური. მაგალითად, ქალს არა აქვს უფლება, რომ ქუჩაში
თავდაუბურავმა გაიაროს. თუკი ვინმე ამას გაბედავს, მას 60 როზგით სჯიან. აი, ასეთი
მკაცრი კანონები აქვთ. ქალები, გოგონები და ბავშვები – ყველანი შავებით არიან
შემოსილნი, გეგონება, მთელი ქვეყანა მგლოვიარეაო. ასეთია ისლამური კანონები.

ჩემთან ერთად ირანში ბრძანდებოდნენ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი,
ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე, მამა ზენონი, მამა ტარიელი, ჩვენი
მგალობლები და მრავალი სხვა.

ფერეიდნელ ქართველებთან შეხვედრის დღე ისტორიული და განუმეორებელი გახლდათ. ეს
იყო საოცრება. ის სიყვარული, ის ძველი ქართული ენა, რომელიც ჩვენ უკვე აღარ
გვახსოვს, მათ შეინარჩუნეს. და, რაც მთავარია, მათ აქვთ ისტორიული სამშობლოს ენის
აღუწერელი სიყვარული. ხალხი იძახდა: „დაგვიკოცნეთ საქართველოს მიწა! ჩვენ აქ
მარტონი ვართ, კიდევაც ჩამოდით!“ საოცარი იყო მათი გამომშვიდობება. ძალიან მომეწონა
ძველი ქართული დალოცვა, რაც ჩვენ უკვე აღარ გვახსოვს, მათ კი შეინარჩუნეს: „ღმერთს
ებარებოდე!“ საოცარი სიტყვებია! აღვადგინოთ ეს ძველი ქართული დალოცვა. დაიმახსოვრეთ
იგი და ასე დაემშვიდობეთ ხოლმე ერთმანეთს.

საოცარი სიყვარული გამოიჩინეს ფერეიდნელმა ქართველებმა, დიდმა თუ პატარამ.
იქაური მოლა ქართველია, გვარად იოსელიანი, მას ცოტა უჭირდა ქართული, სხვები
შედარებით უკეთ ლაპარაკობდნენ. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ამ ხალხის
გადარჩენა, სრულიად რომ არ მოსწყდნენ ეროვნულ ფესვებს. მე მათ ვუთხარი: „ჩვენ
სიყვარული ჩამოგიტანეთ საქართველოდან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ მარტონი არა ხართ,
მიტოვებულები არა ხართ. თქვენ გაქვთ სამშობლო, უალამაზესი საქართველო“. ტაშის
გრიალი იყო, ასე გამოხატავდნენ თავიანთ გრძნობებს. როცა ვლაპარაკობდი, სულ ჰაეროვან
კოცნას მიგზავნიდნენ. როცა ვთქვი – „მე ბევრი ვიფიქრე რა ჩამომეტანა თქვენთვის და
ქართული მიწა ჩამოგიტანეთ მეთქი“ – მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. „ეს მიწა
ჩვენს გმირებს უნდა დავაყაროთ“ – ასე მითხრეს. მე ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ
უცხოეთში, შეხვედრებიც მქონია უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან, მაგრამ ამგვარი
სიყვარული არცერთ ქვეყანაში არ მინახავს. ხშირად იმეორებდნენ: „დაგვიკოცნეთ ქართული
მიწა“. მე მოვუწოდე მათ, საქართველოში ხშირად ჩამოსულიყვნენ და ასევე ჩვენც ხშირად
ვეწვეოდით. ერთმანეთს საოცარი სიყვარულით დავშორდით.

წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დაიფაროს იქაური ქართველები.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ წმიდა ნინოს დღესასწაულს. წმიდა ნინომ მოაქცია
ჩვენი ქვეყანა და მომავალშიც კვლავ შეკრებს, გაამთლიანებს და მოაქცევს მას.

ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს,
შემოიკრიობს და გაახაროს სრულიად საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2001 წ.