საქართველოს
სამოციქულო ავტოკეფალური
მართლმადიდებელი ეკლესია

საკვირაო ქადაგება (22 ივლისი, 2001 წ.)

22 ივლისი
%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9d-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-22-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-2

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საკათედრო ტაძარი, 22 ივლისი, 2001 წ.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „გული წმიდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო
და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“ – ამ სიტყვებით უფალს იგი სულიერ
განწმენდას შესთხოვს, რამეთუ – „არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“,
ე.ი. უცოდველი არამიანი არ არსებობს. ამიტომ ყოველ ადამიანს, რომელიც მოდის ამ
სოფლად, აუცილებლად სჭირდება სულიერი განწმენდა. ეს იცოდნენ ჯერ კიდევ ქრისტეს
შობამდე. ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული ის პიროვნებები, რომლებიც მძიმე
ცოდვაში ჩავარდნენ და შემდეგ მათში არსებული წესის მიხედვით ცდილობდნენ დანაშაულის
გამოსყიდვას. წარმართებს ჰქონდათ ასეთი ჩვეულება (ამ დროს აღსარება არ არსებობდა):
გადიოდნენ ზღვის სანაპიროზე, თავის ცოდვებს ზღვის ტალღებს ეუბნებოდნენ და სწამდათ,
რომ ამ ტალღებს მათი ცოდვები მიჰქონდა. ძველი აღთქმის მიხედვით, ებრაელები
დაადედნენ ცხვარს ან ციკანს ორივე ხელს, აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, შემდეგ კი,
ცხოველს უდაბნოში უშვებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ამ გზით განიშორებდნენ როგორც
საკუთარ, ისე ერის ცოდვებს.

წმიდა მამები ამბობდნენ, რომ „აღსარება – ეს არის მეორე ნათლისღება“, რადგან ამ
დროს ხდება ცოდვებისაგან განწმენდა. მათი აზრით, აღსარება რომ არ ყოფილიყო,
ვერცერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. აი, ამიტომ არის დაწესებული ზიარების წინ
ცოდვათა აღიარება. ხშირად მორწმუნეები მოდიან და მეკითხებიან: „რამდენჯერ შეიძლება
ადამიანმა თქვას აღსარება?“ მართალია, ადამიანი არის ხატება და მსგავსება ღვთისა,
მაგრამ ადამისა და ევას ცოდვით დაცემის შემდეგ, ჩვენ, მათი მოდგმა, ძალიან ადვილად
ვვარდებით ვნებებში. ვეცემით გონებით, თვალით და მთელი ჩვენი არსებით. აი, ვდგავართ
ლოცვაზე ტაძარში და აქაც კი ცოდვა ტრიალებს ჩვენს გულსა და გონებაში. ასეთი სუსტია
ადამიანი. ამიტომ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და მივიღოთ წმიდა
ზიარება. ჩვენს დროს, თითქმის ყოველ წირვაზე, ყოველი ადამიანი ამბობდა აღსარებას და
ეზიარებოდა. შემდეგ ეს ტრადიცია შეიცვალა. უნდა გახსოვდეთ, რომ ხშირი ზიარება
აუცილებელია. წმიდა ზიარება არის ქრსიტიანის ერთობა უფალთან, უფალი შედის
ადამიანში, ადამიანი – უფალში და მორწმუნე ხდება ტაძარი ღვთისა.

ასევე ხშირად გვეკითხებიან: არის თუ არა საჭირო აღსარება ზიარების წინ. ზოგიერთი
მოძღვარი ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, რაც არასწორია. ამ აზრის დასტურად
მოჰყავთ მაგალითი, რომ ქრისტიანები ათონის მთაზე, თქვეში ან ორ თვეში ერთხელ
ამბობენ აღსარებას. ათონის მთაზე არც ტელევიზორია, არც ამდენი საცდური, არც ქალები,
არც არაფერი ისეთი, რომ კაცი ცოდვაში ჩავარდეს. მიუხედავად ამისა, მონატრებში, არა
მხოლოდ ათონზე, ჩვენშიც, იყო და დღესაც არსებობს წესი, როცა ყოველი ბერი თუ მორჩილი
აღიარებს არა მარტო ჩადენილ ცოდვებს, არამედ ნაფიქრალსაც კი, რადგან ცოდვა
გონებიდან იწყება. თქვენ ყველამ კარგად იცით, რა არის ცოდვა, ძალიან ახლობელია იგი
ჩვენთვის. ცოდვა შემოდის თვალიდან, შემდეგ ადის გონებაში, ჩადის გულში და მთელს
სულსა და სხეულს ედება. როცა ცოდვა თვალში შემოდის, თვალი უნდა მოაცილო მას, ხოლო
თუ უკვე გონებაში შეუშვი იგი, მაშინ მაინც დაუყოვნებლივ უნდა განეშორო მას, რათა
გულში არ ჩავიდეს. მაგრამ თუკი უკვე გულში შეაღწია, მერე უკვე გვიანია მასთან
ბრძოლა. აი, ასეთი რთულია ცოდვის გზა. ამიტომ, აუცილებელია ხშირი ზიარება და
აღსარება. მაგრამ არის შემთხვევა, როცა ადამიანი ამბობს აღსარებას და არ ეზიარება.
ეს შეიძლება. ე.ი. ზიარების გარეშე აღსარება შესაძლებელია, მაგრამ ზიარება
აღსარების გარეშე – არა.

ხდება ხოლმე, რომ მორწმუნე მიდის რომელიმე მოძღვართან აღსარებაზე და მერე
აცხადებს, რომ იგი მისი სულიერი მამაა. აღსარების თქმა არ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე
მიჯაჭვულნი ხართ მასზე. ჯერ კიდევ მოციქულების დროს იყო მსგავსი ცოდვა დაშვებული –
მორწმუნენი ამბობდნენ: „მე ვარ პერესი“, „მე ვარ პავლესი“, „მე ვარ აპოლოსისა“, „მე
ვარ ანდრიასი“ – ეს არაა სწორი, ჩვენ ყველანი ქრისტეი ვართ, რადგან არ ვეკუთვნით –
არც გიორგის, არც დავითს, არც ზურაბს, არც პეტრეს, არც პავლეს, არც არავის, არამედ
მხოლოდ ღმერთს.

ხშირად თავად ჩვენი სასულიერო პირებიც სცოდავენ, ისინიც ხომ ადამიანები არიან.
ხდება ხოლმე, რომ მოძღვარი აღსარებაზე მისულ სხვა რომელიმე მრევლის წევრს ეუბნება:
ჩემთან ნუ მოდიხარ, იმიტომ რომ შენ, ვთქვათ, მამა გიორგის სულიერი შვილი ხარ – ეს
არასწორია. მორწმუნე უნდა მივიდეს იმ მოძღვართან, რომლისკენაც გული მიუწევს.

არის შემთხვევა, როცა ადამიანს სურს გამოიცვალოს მოძღვარი. მეკითხებიან,
შეიძლება თუ არა ეს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ
წახვიდე სხვა მოძღვათან და მასთან შენი ყოფილი სულიერი მოძღვარი განიკითხო.
მოძღვრის განკითხვა არ შეიძლება. სასულიერო პირს გაცილებით მეტი ბრძოლა ავს, ვიდრე
ერისკაცს. უფრო მეტი იმიტომ, რომ ეშმაკი მას, როგორც ღვთისმსახურს, გარდამეტებულად
ებრძვის.

და თუ მაინც მოძღვრის შეცვლის სურვილი გაქვთ, ამისთვის არაა აუცილებელი
მღვდელმთავართან ან პატრიარქთან მისვლა ლოცვა-კურთხევისათვის. შევნიშნავ იმასაც,
რომ მაგალითად, თუ თქვენ მიხვედით მოძღვართან და აღსარებაში უთხარით, რომ ცოდვაში
ჩავარდით და ა.შ. მოძღვარი კი ჩაგეძიათ, თუ ვისთან ჩაიდინე იგი, – მისი მხრიდან,
ასეთი შეკითხვა დაუშვებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შენც განიკითხავ და მოძღვარსაც
ცოდვაში აგდებ, რადგან ისიც განიკითხავს იმ ადამიანს, მითუმეტეს, თუ იცნობს მას.
ამიტომ, როცა თქვენ აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა
სხვისი.

და მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ადამიანმა დატოვოს მოძღვარი და
გადავიდეს სხვა მრევლში? როცა თქვენ მოძღვარი გეტყვით: „მარტო მე ვარ ჭეშმარიტი
მოძღვარი და სხვა ცუდი“, აი, ამ შემთხვევაში უნდა დაემშვიდობო მას და სხვასთან
გადახვიდე. ასევე უნდა გენეშორო მას თუ გაიძულებს, რომ მხოლოდ მასთან იარო. კიდევ
ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა განიკითხო სულიერი მოძღვარი, მას თავისი ცოდვებიც ეყოფა,
ისიც ხომ ამბობს აღსარებას. აღსარება, სულიერი განწმენდა ყველას გვჭირდება:
მღველმთავარსაც და პატრიარქსაც.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! ღმერთმა ყველას მოგვცეს სულიერი
განწმენდა. უპირველეს ყოვლისა, შევთხოვ უფალს, რომ სულიერად განწმინდოს ჩვენი
სამღვდელოება, ჩვენი მოძღვრები, მღვდელმთავრები, სულიერად განგწმიდოთ თქვენ და
სრულიად საქართველო.

დღეს თევრომენიელი ეპისკოპოსის ბაგრატის ხსენებაა, და ამავე დროს, საქართველოს 8
მეფე ბაგრატის ანგელოზის დღე. ჩვენ ვულოცავთ მათ ანგელოზის დღეს. მათი ლოცვები
შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს.

დღეს ჩვენ ვლოცავთ მელიქიძეების გვარს. ეს ძალიან დიდი, ცნობილი და კურთხეული
გვარია. თუნდაც ის რას ნიშნავს, რომ ჩვენი მეუფე კონსტანტინე ამ გვარის
წარმომადგენელი იყო. გუშინ მის საფლავზე პანაშვიდი გადავიხადეთ. შევთხოვ უფალს, რომ
დალოცოს ეს გვარი. გამრავლდით, ბევრი შვილები მოგცეთ ღმერთმა და რაც მთავარია,
იყავით მტკიცენი მართლმადიდებლობაში. თქვენს გვარში მრავალი მოძღვარია, რაც ჩვენ
ძალიან გვახარებს და რაც იმის მიმანიშნებელიცაა, რომ თქვენს გვარზე ღვთის დიდი
წყალობაა. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №30, 2001 წ.