ეპარქიები
ლიტურგია პირველშეწირულისა
VI ჟამზე: ეს. LXVI, 10-24.
მწუხრზე: დაბად. XLIX, 33-L, 26. იგავ. XXXI, 8-32.
წინაჲსწარმეტყუელებაჲ ესაიაჲსი, LXVI, 10-24:
ეს. LXVI: 10 გიხაროდენ ერთბამად, იერუსალჱმ, და შეკერბით ყოველნივე მოყუარენი მას შინა, და იხარებდით მის თანა სიხარულითა ყოველნივე, რომელნი ეგლოვდით მას. 11 რაჲთა სწოვდეთ და განსძღეთ ძუძუთაგან ნუგეშისცემისა მისისათა, რაჲთა სწოვოთ და იშუებდეთ შემოსლვისაგან დიდებისა მისისა. 12 რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა-ესერა, მე მოვაქციო მათა ვითარცა მდინარჱ მშჳდობისაჲ და ვითარცა ღუარი, წარმრღუნელი დიდებასა წარმართთასა; ყრმანი მათნი მჴრითა მოაქუნდენ და მუჴლთა ზედა მათთა ნუგეშინისცემულ იყვნენ. 13 ვითარცა დედაჲ რაჲ ნუგეშინის-სცემნ, ეგრეთ ნუგეშინის-გცე თქუენ, და იერუსალჱმს ნუგეშინისცემულ იქმნნეთ. 14 და იხილოთ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და ძუალნი თქუენნი, ვითარცა მწუანვილნი, აღმოსცენდენ, და გამოეცხადოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა და უთქუმიდეს ურჩთა მათ. 15 რამეთუ, აჰა-ესერა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს და, ვითარცა ნიავქარი მძაფრი – ეტლები მისი მიგებად გულისწყრომით შურისგებაჲ მისი, და შეურაცხებაჲ მისი ალითა ცეცხლისაჲთა. 16 რამეთუ ცეცხლითა მით უფლისაჲთა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ და მახჳლითა მისითა – ყოველი ჴორციელი, რამეთუ მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ. 17 ხოლო რომელნი განმართლდებოდეს და განწმიდნებოდეს მტილებსა შინა და კართა წინაშე ჭამდეს ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი იგი და თაგჳ ერთბამად მოიჴოცნენ, – თქუა უფალმან. 18 რამეთუ მე საქმეთა მათთათჳს და ზრახვათა მათთათჳს მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა, მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი. 19 და დაუტეო მათ თანა სასწაული და განვავლინნე მათგანნი ჴსნილნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ და ლუდდ და მოსოქდ და თობელდ და ელადად და ჭალაკთა შორიელთა, რომელთა არა ასმიეს სახელი ჩემი და არცა უხილავს დიდებაჲ ჩემი, და მიუთხრობენ დიდებასა ჩემსა წარმართთა შორის. 20 და მოიყვანნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან ნათესავთა ძღუნად უფლისა ცხენებითა და ეტლებითა და კარვებითა* და ჯორებითა და საგრილობლებითა წმიდასა ქალაქსა იერუსალჱმს, – თქუა უფალმან, – ვითარცა-იგი შესწირვიდეს ძენი ისრაჱლისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო გალობით ტაძარსა შინა უფლისასა, 21 და მათგანნი მოვიყვანნე მღდელად და ლევიტელად, – იტყჳს უფალი, – 22 რამეთუ ვითარცა-იგი – ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელნი ვქმნნე მე, რაჲთა ეგოს წინაშე ჩემსა, – იტყჳს უფალი, – ეგრეთ ეგოს ნათესავი თქუენი და სახელი თქუენი. 23 და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, და მოვიდეს ყოველი ჴორციელი თაყუანისცემად წინაშე ჩემსა იერუსალჱმდ, თქუა უფალმან. 24 და განვიდენ და იხილონ ძუალები იგი კაცთაჲ მათ გარდამავალთაჲ ჩემდა მომართ, რამეთუ მატლი მათი არა მოკუდეს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ იგინი სახილველად ყოვლისა ჴორციელისა.
† † † † † † †
* შდრ. O: „კაჰრაულებითა“...
† † † † † † †
წიგნი დაბადებისაჲ [შესაქმისაჲ], XLIX, 33-L, 26.
დაბად. XLIX: 33 და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა. L: 1 და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა და ტიროდა და ამბორს-უყოფდა მას. 2 და უბრძანა იოსებ ყრმათა თჳსთა შემმურველთა შემურვაჲ მამისა თჳსისაჲ, და შემურეს შემმურველთა ისრაჱლ*. 3 და აღასრულეს მისი ორმეოცი დღჱ, რამეთუ ესრჱთ აღირაცხებიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა მას ეგჳპტე სამეოც და ათ დღე. 4 და ვითარცა წარჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ მთავართა მათ ფარაოჲსთა და ჰრქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა, ეტყოდეთ ყურთა ფარაოჲსთა და არქუთ: 5 მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: საფლავსა მას, რომელ-იგი ვქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა მას ქანაანისასა, მუნ დამფალ მე. აწ უკუე აღვიდე და დავჰფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე. 6 ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაჰფალ მამაჲ შენი, ვითარცა-იგი გაფუცა შენ. 7 და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა და მის თანა აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და ყოველნი მოხუცებულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი 8 და ყოველი სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და ყოველნივე სახლისა მამულისა მისისანი და ნათესავნი. ცხოვარი და ზროხაჲ დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა. 9 და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები. და იყო ბანაკი იგი დიდ ფრიად. 10 და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ატადისასა, რომელ არს წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერითა ფრიად. და ყო იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისაჲ შჳდ დღე. 11 და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა ქანაანისათა გლოვაჲ კალოთა მათ ატადისათა და თქუეს: ესე გლოვაჲ დიდი არს მეგჳპტელთაჲ. ამისთჳს ეწოდა ადგილსა მას „გლოვაჲ ეგჳპტისაჲ“, რომელ არს იორდანესა თანა. 12 და უყვეს მას ესრჱთ ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა-იგი ამცნო მათ. 13 და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანაანისა და დაჰფლეს იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაამ მოგებით საფლავად ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა, წინაშე მამბრჱსა. 14 მოიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი და რომელნი მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა, შემდგომად დაფლვისა მამისა მისისა. 15 ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს იოსებ ჩუენთჳს და მოგუაგოს მოსაგებელი ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რაოდენნი ვაჩუენენით** მას. 16 მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს: მამამან შენმან ჰფუცა ვიდრე აღსრულებადმდე მისა და თქუა: 17 ესრე არქუთ იოსებს: მიუტევენ სიცრუვენი და ცოდვანი მათნი, რამეთუ ბოროტნი გაჩუენნეს შენ***, და აწ თავს-იდევ**** შეცოდებაჲ მსახურთაჲ ღმრთისა მამისა შენისათაჲ. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას მათსა მისა მიმართ. 18 და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: აჰა, ჩუენ შენნი მონანი ვართ. 19 და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისაჲ ვარი მე. 20 თქუენ ჰზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რაჲთა იყოს, ვითარცა-ესე დღეს, რაჲთა გამოიზარდოს ერი მრავალი. 21 და ჰრქუა მათ: ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლნი თქუენნი. და ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა გულისაებრ მათისა. 22 და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და ყოველივე ყოვლითურთ სახლი მამისა მისისაჲ. და ცხოვნდა იოსებ ას და ათ წელ. 23 და იხილნა იოსებ ყრმანი ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე და ძენი მაქირისნი, ძისა მანასჱსნი, იშვნეს მუჴლთა ზედა იოსებისთა. 24 ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები, ხოლო მოხედვით მოხედვა-ყოს თქუენ ზედა ღმერთმან და განგიყვანნეს თქუენ ამიერ ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი მამათა ჩუენთა: აბრაამს, ისააკს და იაკობს. 25 და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით ძუალნი ჩემნი თქუენ თანა. 26 და აღესრულა იოსებ ას და ათისა წლისაჲ და დაჰფლეს იგი და დადვეს საფლავსა ეგჳპტეს შინა.
† † † † † † †
* შდრ. O: და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრისშემმოსელთა მათ შემოსად მამაჲ თჳსი. და შემოსეს მკუდრისშემმოსელთა მათ ისრაჱლ.
** O-ში გვაქვს კალკირებული ფორმა „შევაჩუენეთ“ (შდრ. Spt: ἐνεδειξάμεθα). აღნიშნული ლექსიკური ერთეული მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ „ჩვენებას“ გულისხმობს და არაფერი აქვს საერთო „შეჩვენებასთან“, ანუ ანათემასთან.
*** აქაც. შდრ. O: „ბოროტი შეგაჩუენეს შენ“.
**** შდრ. C: „მიითუალე“. (Spt: δέξαι)
† † † † † † †
იგავნი სოლომონისნი, XXXI, 8-32(?) [31(ა)].
იგავ. XXXI: 8 <შვილო,> აღაღე პირი შენი სიტყუასა ღმრთისასა და შჯიდ ყოველთა ცოცხლად. 9 აღაღე პირი შენი და ჰშჯიდ სიმართლით, განსაჯე გლახაკი და უძლური. 10 დედაკაცი მჴნჱ ვინ-მე პოვოს? რამეთუ უპატიოსნეს არს ანთრაკთა დიდადპატიოსანთა ეგევითარი იგი. 11 მოსავ არნ მის ზედა გული ქმრისა მისისაჲ. ესევითარი ნატყუენავსა* არა დააკლდეს, 12 რამეთუ შეეწევინ ქმარსა თჳსსა კეთილსა ყოველსა ცხოვრებასა ამას. 13 მოიგო მატყლი და სელი და ქმნა საჴმარი ჴელითა თჳსითა. 14 და იქმნა იგი, ვითარცა ნავი მომავალი შორით; შეიკრიბის მან ყოველივე საცხოვრებელი. 15 და აღდგის ღამე და მისცის საზრდელი სახლეულთა თჳსთა და მუშაკთა და მჴევალთა. 16 იხილა ქუეყანაჲ საქმარი და მოიყიდა. ნაყოფთაგან ჴელთა მისთაჲსა დაჰნერგა ფუძჱ**. 17 მოირტყნა ძლიერად წელნი მისნი და დაამტკიცნა მკლავნი თჳსნი საქმესა ზედა. 18 იხილა გემოჲ, რამეთუ კეთილ არს საქმჱ, და არა დაშრტებინ ღამე ყოველ სანთელი მისი. 19 მკლავნი მისნი განირთხნა უმჯობჱსსა და ჴელნი მისნი მიყვნა ტარსა***. 20 ჴელნი მისნი განუხუნა გლახაკთა და მკლავი**** მისი მიყო დავრდომილსა. 21 არას ზრუნავნ ქმარი მისი სახლსა შინა, უკუეთუ და-სადა-ყოვნის; ყოველნივე მისთანანი შემოსილ არიედ. 22 მრჩობლი ქლამინდი უქმნა ქმარსა თჳსსა, ხოლო ბისონისაგან და ძოწეულისა – თავისა თჳსისა სამოსელი. 23 სახედავ***** არნ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, რაჟამს დაჯდის კრებულსა შორის მოხუცებულთა თანა, მკჳდრთა ქუეყანისათა. 24 არდაგები ქმნა და განუყო ფინიკიელთა, და სარტყლები – ქანანელთა. 25 პირი მისი აღაღო სიბრძნით და წესი განუჩინა ენასა მისსა. 26 ძალი და შუენიერებაჲ შეიმოსა და იხარა უკუანაჲსკნელთა დღეთა. 27 მშრალ არიედ ალაგნი სახლისა მისისანი, საზრდელი სიცონილისაჲ არა ჭამა. 28 პირი მისი აღაღის ბრძნად და შჯულიერად; აღდგეს შვილნი მისნი და აქეს იგი, და ქმარმანცა მისმან აქო იგი: 29 „მრავალთა დედათა მოიგეს სიმდიდრჱ და მრავალთა ქმნეს ძლიერებაჲ, ხოლო შენ გარდაჰრიე და გარდაჰმატე უფროჲს ყოველთასა. 30 ტყუვილით სათნოებანი და ამაოებით სიკეთჱ დედათაჲ არა არს შენ თანა“. რამეთუ დედაკაცი გონიერი და კეთილადმსახური იკურთხოს, მოშიშნი უფლისანი აქებენ მას. 31 მიაგეთ მას ნაყოფთაგან ბაგეთა მისთაჲსა და იქებოდენ ბჭეთა ზედა ქმარი მისი, <რამეთუ გზანი კაცისანი წინა-უძღოდიან მას და წარემართნეს უკუნითი-უკუნისამდე>.
† † † † † † †
* ნადავლს, ალაფს. აქ: საზღაურს, მისაგებელს.
** ვენახი.
*** თითისტარს.
**** S-ში და Spt-ში გვაქვს „ნაყოფი“ (καρπὸς).
***** საჩინო, სათვალო, გამოსაჩენი, სახელოვანი (შდრ. Lect: „სასტუარ“).
† † † † † † †
შენიშვნა: წმიდა წერილის ტექსტთა რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე.
† † † † † † †