მოსკოვის წმინდა გიორგის ქართული ტაძრის 270 წლისთავი

წელს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმ. გიორგის ქართულმა ეკლესიამ კურთხევიდან 270 წლისთავიც აღნიშნა.

საზეიმო წირვა აღავლინა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი). წირვას ესწრებოდნენ როგორც რუსეთის ეკლესიის, ისე სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები და მრევლი.

ითქვა იმ დიდი მნიშვნელობის შესახებ, რასაც ეს ტაძარი თავისი გახსნის დღიდან ასრულებს ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. ამასთან მოიხსენიეს ვირუსით გარდაცვლილი სერბეთის პატრიარქი და მღვდელმთავრები, მათ შორის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი), რომელმაც 1992 წელს (როდესაც კომუნისტური რეჟიმის ბატონობის შემდეგ ეს სავანე გაიხსნა) განახლებულ ტაძარში, მღვდლის ხარისხში, პირველმა ჩაატარა აქ წირვა.

საზეიმო ლიტურგიის შემდეგ სასულიერო პირებმა და მღვდლებმა ხატებითა და ბაირაღებით, ნაკურთხი წყლის სხურებით მსვლელობა განახორციელეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წმ. გიორგის ქართველთა ეკლესიაში საქართველოს ეკლესიის მხრიდან დღეს მსახურობს და მრევლს ხელმძღვანელობს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი, რომელიც აქ უკვე მესამე წელია იმყოფება და რომლის ხელმძღვანელობითაც აღდგა დანგრეული სამრეკლო და ტაძარს მიეცა პირვანდელი სახე.

 


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2021 ყველა უფლება დაცულია