სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2020)

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ სიონობას, მარიამობას!

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგევართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის ის, რომ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტება არის დიდი პიროვნებისათვის. მადლობა ღმერთს, ქართველი ადამიანი მოწყალეა. 

სიონი და თბილისელები არიან როგორც დედა-შვილი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, სიონისა. ამასთან თბილისი და სიონი, შეიძლება ითქვას, თანატოლები არიან. 

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორია მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ როცა ხედავთ გაჭირვებას. არ უნდა გაგიტყდეთ გული, როცა ნახავთ რაღაც უსამართლობას.

 ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვებისთვის.  ამ შემთხვევაში იქნება იგი ბედნიერი. იყავით ბედნიერნი, იყავით გახარებულნი. მაგალითი იყავით ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის.

სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ყოველთა. 

ჯვარი გეწეროთ! 

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი  სანამაშვილი ჯილდოვდება მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

აქსიოს!

დღეს ილოცებიან შვილგარდაცვლილი დედები.

დალოცვილი იყავით, გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი!



 

                      *                       *                        *

1990 წელს მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძარში ყოველ შაბათს დადგინდა წირვები შვილგარდაცვლილი დედების იმქვეყნად წასული შვილების სულის საოხად, რამაც შვილგარდაცვლილი დედები ერთ დიდ ოჯახად გააერთიანა და ასე დაფუძნდა შვილგარდაცვლილ დედათა ერთობა, რომელიც უკვე თავისი არსებობის 30 წელს ითვლის.

თავად მისმა უწმინდესობამ ბრძანა: ასეთი ერთობა შვილგარდაცვლილი დედებისა, ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთადერთია მსოფლიოში, ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე - შვილგარდაცვლილ დედათა გაერთიანების დღე,  ისტორიული დღეა.

დღეს, ღვთისმსობლის მიძინების დღესასწაულზე, – შვილისა და დედის შეხვედრის დღეს, თვითონაც ამ დღის სულმოუთქმელად მომლოდინე დედები, სიმბოლურად შეიკრიბნენ სიონის საკათედრო ტაძარში, მისი უწმინდესობისადმი მადლიერების გამოსახატავად, 30 წლის მანძილზე ფასდაუდებელი მზრუნველობისა, თანადგომისა და იმ უდიდესი ძალისხმევისათვის, რომლითაც მათი სულიერი ფერისცვალება გახდა შესაძლებელი.

თითოეული მათგანი დღეს თუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრია ყველა მის უწმინდესობას უმადლის.

 

                    *                  *                    *

შვილგარდაცვლილი დედების მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი.

   თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ

უდიდესი მოკრძალებით, ყველა შვილგარდაცვლილი დედის სახელით, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს, ღმერთმა ინებოს კიდევ მრავალი წელი, მხნედ და ჯანმრთელად უწინამძღვროთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ჩვენი ერის სულიერი ამაღლებისათვის.

ჩვენ, თქვენო უწმინდესობავ, შვილგარდაცვლილი დედები, თქვენი სამწყსოს იმ ნაწილს მივეკუთნებით, რომელთაც უსაშველოდ მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი, არ არის ადვილი შვილებთან განშორებით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილით ამქვეყნად არსებობა.

ჩვენმა ტკივილმა თქვენს სათნო გულზეც გაიარა.

გმადლობთ, იმ დიდი თანაგრძნობისთვის, იმ დიდი სიკეთისთვის, რომელსაც უფლისაკენ მიმავალ გზაზე, გზააბნეულის დაყენება ჰქვია.

მწუხარებისა და დარდისაგან დათრგუნული შვილგარდაცვლილი დედები, თქვენი ლოცვა-კურთხევით, 1990 წელს, 30 წლის წინ შევიკრიბეთ საქართველოს საპატრიარქოში.

ეს იყო თქვენთან, ჩვენი პირველი შეხვედრა, ძალიან ამაღლებული და ემოციური.

სწორედ ამ შეხვედრაზე, თქვენი ლოცვა-კურთხევით დადგინდა, სიონის საკათედრო ტაძარში, ყოველ შაბათს აღვლენილიყო წირვები, ჩვენი იმქვეყნად წასული შვილების სულის საოხად, ეს იყო ჩვენთვის უფლისაგან დიდი წყალობა, ენით აუწერელი ნუგეში და თანადგომა, რამაც დედები ერთ დიდ ოჯახად გაგვაერთიანა და ასე შეიქმნა შვილგარდაცვლილი დედების ერთობა, რომელმაც შემდგომში მთელი საქართველო მოიცვა.

მაშინ თქვენ ასეთი რამ ბრძანეთ: ასეთი ერთობა შვილგარდაცვლილი დედებისა, ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ერთადერთია მთელ მსოფლიოში.

ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული დღე.

თქვენო უწმინდესობავ, გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ გვიჩვენეთ გზა უფლისაკენ სავალი, გვაზიარეთ ჭეშმარიტებას იმისას, რომ სული უკვდავია, გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ მის მეორედ დაბადებას და რომ იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისი და ღმერთთან შეხვედრის საწინდარია.

ჩვენი, შვილგარდაცვლილი დედების სულიერი ფერისცვალება, მხოლოდ თქვენი უდიდესი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

30 წლის განმავლობაში აღვლენილი წირვა-ლოცვები და თუ კი რამ, რაიმე სიკეთე გაგვიკეთებია, ეს ხომ თქვენი ლოცვა-კურთხევის შედეგია და რომლის აქ აღნუსხვა დღეს ყოვლადშეუძლებელია.

მაგრამ დღეს არ შემიძლია, უდიდესი მადლიერების გრძნობით არ მოვიხსენიო ის მოძღვრები, რომლებიც თქვენი ლოცვა-კურთხევით აღავლენენ წირვებს, როგორც სიონის საკათედრო ტაძარში, თბილისში მდებარე სხვადასხვა ტაძრებში და ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

განვლილი 30 წლის მანძილზე, თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით, თქვენს ფასდაუდებელ თანადგომას, სითბოს, სიყვარულს, რომლის გარეშე, მერწმუნეთ რომ გაუსაძლისი იქნებოდა ჩვენი ყოფა ამქვეყნად.

ვინ იცის თითოეული ჩვენგანი რა გზას დავადგებოდით, ან კი მოვიდოდით აქამდე?

დღეს, თუ თითოეული ჩვენგანი კვლავ დარჩა დედად სხვა შვილებისთვის, ოჯახისათვის და საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ამას ყველა თქვენ გიმადლით.

მწამს და მჯერა, ჩვენს მოკრძალებულ სამადლობელს უერთდება, ჩვენი იმქვეყნად წასული შვილების უზარმაზარი არმია – ზეციური საქართველოდან.

დღევანდელი დღესასწაული, მარტივად, რომ ავხსნათ, ხომ დედის და შვილის შეხვედრის დღეა, დღე – როდესაც შვილი – უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მიირქვამს თავის დედას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ამდენად სიმბოლურია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში,    ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ვხვდებით ჩვენს დიდ მამას და გვსურს, მუხლმოდრეკით კაბის კალთაზე მთხვევით ათასი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი გადარჩენისათვის. 

 

და ბოლოს ჩვენს სამადლობელს დავამთავრებთ იმ ქართველი სტუდენტის სიტყვებით, თქვენ რომ მოგმართათ უცხოეთში ყოფნის დროს; – ჩვენ, თქვენო უწმინდესობავ, შვილგარდაცვლილ დედებს, ისე გვიყვარხართ, – როგორც საქართველო.

ვიცით, რომ თქვენზე მთელი საქართველო ლოცულობს და ჩვენი მოკრძალებული, მაგრამ გულმხურვალე ლოცვაც შეეწიოს თქვენს სიცოცხლეს, – ამინ.

 

                           28.08.2020






























 


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია