სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.05.2020)

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ დიდ დღესასწაულებს, - ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლის წილხვედრად აღყვანებას.

ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა?

უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს ისე, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო გავლენას იქონიებს სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი,“ რომ ამ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო.

ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ განსაცდელის, სიხარულის, გაჭირვებისა და საერთოდ, ყველაფრისათვის.

უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს.

მე მინდა ვთხოვო მეუფე შიოს, რომ წაიკითხოს ,,ქართლის ცხოვრებიდან“ ეს ადგილი.

,,და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი და რქუა: ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“.

მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: ,,შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხვიდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ“.

რქუა მას მოციქულმან: ,,ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა“.

მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა და გამოისახა ხატი ესევითარი, რომელ წიაღთა თვისთა ეტვირთა განხორციელებული ჩვილი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს.“

ეს არის უდიდესი სასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს და მადლობას შევსწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს.

განჩინება იყო დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწულს.

დალოცვლი იყავით!

გაიხარეთ. გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა!

ჩვენთან არს ღმერთი!


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია