სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება კვირაცხოვლობის დღესასწაულზე (26.04.2020)

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - კვირაცხოვლობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებეული კვირაცხოვლობის სახელზე. ერთი მათგანი მთიულეთშია, კობაიძეების სამფლობელოში, ჩირიკში. ვულოცავ კობაიძეებს ტაძრის დღესასწაულს.

უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: ,,აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“ ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

დღეს იყო წაკითხული სახარება, - უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კართა ხშულთა (ე.ი კარი დაკეტილი იყო), და უთხრა: მშვიდობა თქვენთანა! მიიღეთ სული წმინდა! აი, უფალი ჩვენც მოგვმართავს, - მიიღეთ სული წმინდა! მზად უნდა ვიყოთ სული წმინდის მისაღებად.

არ იყო თომა მოციქული თავის სულიერ ძმებთან და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. თომამ კი უპასუხა: უკეთუ მეც არა ვიხილავ მას და არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალთა ზედა ხელისა მისისასა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადათ, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს, რომ მეც გამომეცხადეო და 8 დღის შემდეგ გამოეცხადა, ისევ შევიდა კართა ხშულთა, გამოეცხადა იქ მყოფთ და პირდაპირ მიმართა თომას: - აჰა, დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გწამდეს!

დიდება შენდა, უფალო! მადლობა შენდა, უფალო!

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს.

წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა ჩვენთანაა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს საშუალებას წირვა-ლოცვისა.

მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება.

კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა სიგელი, რომ ის სცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, ეკლესიას კონსტანტინეპოლისას ამ დიდი წყალობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ! ჩვენთან არს ღმერთი!


კომენტარის დასაწერად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
საქართველოს საპატრიარქო
©️ 2020 ყველა უფლება დაცულია